კულტურა

კანის 70-ე საიუბილეო კინოფესტვალის ფაზლი

მაისში კანის კინოფესტივალის ვებმისამართის ნახვის რაოდენობას, კანის ამინდის პროგნოზის მაუწყებელი ვებმისამართების ნახვა უსწრებს.

ივნისი 14, 2017

Hello Blog

მაისში კანის კინოფესტივალის ვებმისამართის ნახვის რაოდენობას, კანის ამინდის პროგნოზის მაუწყებელი ვებმისამართების ნახვა უსწრებს.

ასეა სულ და ასე იყო წელსაც, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან, გავლენიან და საინტერესო კინოფესტივალს, რომელსაც სრულყოფილებისთვის მზე და კარგი ფილმები ჭირდება, წელს 70 წელი შეუსრულდა. 

ერთ დროს მეთევზეების ქალაქი, დღეს კლაუდია კარდინალეს პოსტერებით და ბანერებით იყო დაფარული. წითელი დომინანტი ფერი მხოლოდ ამ პოსტერის გამო არ ყოფილა - საიუბილეო ფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის თავმჯდომარეობა პედრო ალმოდოვარს დაევალა. ასე დაიწყო “კორიდა”, განსაკუთრებულად გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით. ფრანგული ჯარის, საჰაერო თავდაცვის, გაწვრთნილი ძაღლების მაქსიმალური ჩართულობით. ფესტივალის დარბაზებში შესვლისთვის, დაცვის სამსახური დღეში რამდენჯერმე 4 ათასზე მეტი კინომცოდნის და ჟურნალისტის ჩანთას საგულდაგულოდ ათვალიერებდა და დამატებით, სპეციალური დეტექტორებით ამოწმებდა.

 წლევანდელი ფესტივალის ლანდშაფტი, ისე, როგორც სხვა დროს, - მრავალფეროვანი გახლდათ: სექსის ქორეოგრაფია, ანიმაციური ექსპერიმენტები, ნანო-ტექნოლოგიებში გაზავებული კინოფირი. ეკრანიზაციები, კრიმინალური ქრონიკის ანარეკლი, ტერორიზმი და საკუთარ თავში გასარკვევი იგავ-არაკები.

რობინ კამპილოს სურათი “წუთში 120 დარტყმა”, 1990 წლის პარიზიში ვითარდება, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩართული ახალგაზრდების სევდიანი თავგადასავალი, ევროპაში გარდამტეხი პერიოდის ერთგვარი დაგეროტიპია. 

ცენტრალურ ევროპას ვხედავთ ფატი აკინის ფილმშიც. “In the fade“ბერლინში გათამაშებული დღევანდელი ამბავია. დაიან კრიუგერის გმირი -კატია, აფეთქების შედეგად ქმარს და მცირეწლოვან შვილს კარგავს. ფატი აკინისთვის დამახასიათებელი სითამამით, სტილის შეგრძნებით, კრიუგერის შესანისნავი პერფორმანი ხაზგასასმელი სიზუსტით ასახავს ადამიანის სასოწარკვეთილ მდგომარეობას.

ფატი აკინის ჩვენებას ორი დღით ადრე, წინ უსწრებდა მანჩესტერში მომხდარი ტერაქტი. რამდენიმე დღის წინ, კი ფესტივალის მიმდინარეობისას, დებიუსის კინოდარბაზის შესასვლელიდან სამრთალდამცავებმა ჩვენი ევაკუაცია მოახდნეს - დარბაზში ბომბს ეძებდნენ. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ეს განგაში დროებით უყურადღებოდ დატოვებული ჩანთის შემთხვევას მოჰყვა. ასეა, ჩვენ ისე ახლოს აღმოვჩნდით ყველაზე დიდ ბოროტებასთან, თითქოს სუნთქვაც კი გვესმის მისი.

 მიჰაელ ჰანეკემ კი ამასობაში, ყველა თანამედროვე ტექნოლოგური გამოგონება გამოსცადა. ის ვინც 5 წლის წინ კინობიბლია გადაუშალა მაყურებელს და “სიყვარულით” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე რეჟისორია, - წელს “ჰეფი ენდით” ეწვია საიუბილეო ფესტივალს.

ჰანეკე,თითქოს, ბავშვივით გაერთო. გაჯეტებით აღფრთვანებული, ბურჟუა ევროპული ოჯახის ამბავს, ხან აიფედის, ხანაც ტელეფონის ფორმატით გვაწვდის. ამ საინტერესო გამოსახულებაში, იზაბელ იუპერის და ჟან ლუი ტრენტინიანის მონაწილეობის მიუხედავად, ფილმი ჰანეკეს ხუმრობას უფრო გავდა, - ხვდები, რომ ამ ხუმრობის უკან გენიოსი დგას, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე - ზოგჯერ არ ეცინებათ შენ ხუმრობაზე.

კარგი რეჟისორების სუსტი ნამუშევრების რიგშია სერგეი ლოზნიცაც. სასტიკი თანამედროვე ყოფის რუსეთის, როგორც ეროზირებული მიწის შესახებ რეჟისორმა ის “პლაკატები” გამოიყენა, რომელიც ყველგან ნანახი გვაქვს. 

ფრანსუა ოზონმა საუცხოოდ საინტერესო ინტერიერებში, მომხიბვლელი ჰლოეს (მარინ ვაჩი) ამბავი მოყვა. ოზონმა თითქოს გადაამეორებინა მაყურებელს მთავარი ეგზისტენციალური განცდები, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს მონსტრი, მეორე მე, თუ გნებავთ, ჰიპოთეტურად ტყუპის ცალი. ოზონის კინოსურათი კრიტიკის მოწონების მიღმა დარჩა.

სოფია კოპოლას ტრიუმფი კანის კინოფესტივალზე მის “მოტყუებულებს” მოჰყვა. ტომას კულინანის 1966 წელს დაწერილის რომანის, ეკრანიზაცია და 1971 წელს გადაღებული ვერსიის რიმეიკი. კოლინ ფარელი კლინტ ისტვუდის ნაცვლად და ასევე ნიკოლ კიდმანის, კრისტენ დანსტის და ელე ფენინგის შესანიშნავი წარმოდგენები.

კოპოლა 1864 წლის ვირჯინიას შტატის სამოქალაქო ომის შესახებ ბრძოლის სცენების გარეშე ყვება. ქალთა პანსიონში გათამაშებული შთამბეჭდავი ამბავი, შეგვიძლია რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრებს თამამად მივაკუთვნოთ.

სხვადასხვა სექციაში უამრავი კინოსურათი გახლდათ ჩართული, ერთ დარბაზში Twin Peaks-ის სერიებს უჩვენებდნენ, კანის კლასიკოსებში - ბუნუელის “ბელ დეჟურს”. სანაპირო კინოთეატრში, ხან ფერადი, ხანაც შავთეთრი იყო გამოსახულება. “განსაკუთრებული ხედვის” სექციაში მექსიკელ მიშელ ფრანკოს გამოვარჩევდი, ორიგინალური პერსონაჟები არაორდინალურ მოცემულობაში. 

საქართველოს მოყვარულმა ჰაზანავიჩუსმა, თითქოს საიუბილეო წლისთვის გადაიღო ფილმი ჟან ლუკ გოდარის შესახებ. ვხედავთ მშვენიერ 1960-იან წლებს პარიზში. გვახსენდება კინო ხულიგნების ცნობილი ამბები, მაგრამ სუსტი დრამატურგია და რეჟისურა საშუალებას არც ტკბობისთვის გაძლევს. გოდარის შესახებ გადაღებული ფილმის ყურებისას, არ უნდა მოიწყინო. არ უნდა დაგრჩეს განცდა, რომ ეპოქა რომელმაც ტოტალურად შეცვალა სამყაროს გულისცემა - ასეთი კარიკატურული და არადამაჯერებელია. 

ცხადია, ქართველი აუდტორიისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ უნგრელი კინორეჟისორის კორნელ მუნდრუცოს “იუპიტერის მთვარე”, რადგან ამ ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. კანის კინოფესტივალის ეკრანზე მერაბ ნინიძე აუდიტორიამ პირველად 1987 წელს ნახა. ამ წელს “მონანიებამ” ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. თანამედროვე უნგრეთში გათამაშებულ სცენარში, სადაც სირიდან გამოქცეული ბიჭის და უნგრელი ექიმის ამბავი, ზოგისთვის პოლიტიკური განაცხადი, ზოგისთვის კი რელიგიური კონტექსტის ამსახველი აღმოჩნდა, ნინიძემ საინტერესო პერსონაჟი შექმნა. მონანიების ჩვენებიდან 30 წლის შემდეგ ის ახლა თავად ეწვია კანს. 

კანის წითელი ხალიჩა, ამ ფესტივალის სხვა კუნძულია. რომელიც ფილმების ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს. 

წითელი ხალიჩაზე გავლა, წელს ყველაზე ბევრჯერ, ნიკოლ კიდმანს მოუწია, რადგან აქ წარდგენილ ოთხ პროექტში მონაწილეობდა.

დატვირთული წელი ჰქონდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ 90-იანი წლების ყველაზე ეგზოტიკური და მომხიბვლელი ნაომი ქემფბელი, ტრადიციულად, ყურადღების ცენტრში აღმოჩდა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტილდა სუინტონი გახლდათ. სტილის შეგრძნებით გამორჩეული, შანელის შავ კომბინიზონში, არაორდინალური ვარცხნილობით.

იზაბელ იუპერი ლუი ვიტონის გრძელი კაბით მოგვევლინა. ჟიურის წევრი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი არმანის სტაფილოსფერი კაბით პოზირებდა.

 ფესტივალის შედეგები კი ასე გამოიყურება: 

საუკეთესო ფილმისათვის შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის ფილმი „მოედანი“ დაჯილდოვდა. კინოფესტივალის 70-ე საიუბილეო სპეციალური ჯილდო ნიკოლ კიდმანს გადაეცა. კანის კინოფესტივალის გრანპრი რობინ კამპილოს ერგო ფილმისათვის „120 დარტყმა წუთში“. საუკეთესო რესჟისორის ჯილდო სოფია კოპოლას - ფილმისათვის „ მოტყუებული“. დაიან კრუგერი დაჯილდოვდა, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ფატი აკინის ფილმში In The Fade. მამკაცის როლის საუკეთესო შეკრულებისთვის ოქროს პალმა ჰოაკინ ფენიქსს ერგო ლინ რამსაის ფილმში „შენ აქ არასდროს ყოფილხარ“ . იგივე ფილმი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს. ხოლო ჟურის პრიზი ანდრეი ზიაგინცევის ფილმს „უსიყვარულო“ შეხვდა.  

 

*** 

სანამ ათასობით ადამიანის სურვილი ოდესმე მოხვდეს კინოს ნამდვილ დღესასწაულზე ისევ სურვილად რჩება, თიბისი სტატუსის მომხმარებლები ზურაბ მარგველაშვილი და გიორგი ლომსაძე, ის იღბლიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ეს შანსი თიბისი სტატუსმა და ფესტივალის ოფიციალურმა სპონსორმა მასტერქარდმა მისცეს. იმედია, ორი ქართველისთვის ფესტივალის თანამონაწილეობა სრულიად დაუვიწყარი თავგადასავლის და ახალი აღმოჩენების დასაწყისი იქნება.