მუსიკა | ცა

#მეტიმუსიკა | Planet A - სოფი ვილის ახალი ვიდეო

რატომ Planet A? იმიტომ რომ არ არსებობს Planet B.  “არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს საოცრად ჭირდება. არსებობს მხოლოდ ერთი პლანეტა და ეს არის სიყვარული”.

მარტი 01, 2018

Hello Blog

რატომ Planet A? იმიტომ რომ არ არსებობს Planet B.  “არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს საოცრად ჭირდება. არსებობს მხოლოდ ერთი პლანეტა და ეს არის სიყვარული”.

ფოტო: სალომე ძნელაძე

სოფი ანბანის პირველ ბგერას არ დასჯერდა და ახალ კლიპს გაზაფხულის პირველ დღეს აქვეყნებს. საწყისების ძიება, როგორც ჩანს მისთვის მომხიბვლელი აღმოჩნდა და და ეს კლიპი სიყვარულის პირველობით შთაგონებულმა გადაიღო.

სოფი არა მხოლოდ ავტორი და შემსრულებელი, არამედ კლიპის რეჟისორიცაა - „როდესაც შენი მუსიკის ვიზუალზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად შენ თვითონ იცი და გრძნობ რისი გადმოცემაც გსურდა და რა არის ამ ყველაფრის საწყისი”.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ვიდეოს გადაღება ძალიან სპონტანურად, სოფის ნიუ იორკიდან გამოფრენის წინა დღეს მოხდა. როგორც ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა ქალაქის სხვა რაკურსით გადაღება და ამჯერად კლიპში ხმაურიანი ნიუ-იორკის მშვიდი სახე წარმოაჩინა. ცათამბრჯენები და ხალხმრავალი ადგილები ვერ შექმნიდნენ ისეთ ჰაეროვან და ნათელ ატმოსფეროს, როგორიც Planet A-ს სჭირდებოდა. ამიტომ ოპერატორ დავით გოგოხიასთან ერთად სოფიმ ვიდეო თავის საყვარელ უბანში, მზიან, ნათელ და ნაკლებად ხალხმრავალ უილიამსბურგში გადაიღო.

ფოტო: სალომე ძნელაძე

„ვფიქრობ, გავაკეთეთ მაქსიმუმი, და ჩემთვის რაც მთავარია, გადმოვეცით ის ემოცია, რომელიც Planet A ორთვიანი ტურნეს შემდეგ დამეუფლა. ტურნე ნიუ იორკით დავიწყეთ და ექვსი კონცერტი ჩავატარეთ. ერთ-ერთი Sofar Sounds New York - ის სცენაზე, სადაც საქართველო პირველებმა წარვადგინეთ. ამ ტურნეში ჩემთან ერთად უკრავდნენ უნიჭიერესი მუსიკოსები: გიორგი ბერიშვილი (ხონძი), ჯონ მერიტი, ჯო სპინელი - საოცარი დრამერი, ფიმა ჩუპახინი კლავიშზე. მსმენელის დასწრებამ და შეფასებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მახსოვს, ერთხელ ცრემლებიც წამომივიდია შუა კონცერტის დროს და უდიდესი მადლიერების გრძნობა დამეუფლა. ეს მომენტები არასდროს დამავიწყდება. Planet A მოხვდა როტაციაში კალიფორნიის უდიდეს რადიოსადგურზე KCRW. აშშ-ს მერე დავუკარით ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე Atlas Weekend კიევში, სადაც ჰედლაინერები Prodigy, Royksopp, Kasabian და Submotion orchestra იყვნენ.”

ავტორი: ქეთი რაზმაძე