კულტურა

საკუთარი ოთახი და სრული სამზარეულო

რა შეიცვალა მას მერე, რაც ერთმა ქალმა, ბარბარე ერისთავმა, ძალიან ადრე რომ წამოჰკიდეს ოჯახის ტვირთი და სხვა ყველაფერთან ერთად მეურნეობის ორგანიზებაც დაევალა, ლექსებთან, პიესებთან, მოთხრობებთან, კრიტიკულ და პუბლიცისტურ, ქალთა უფლებების თემაზე დაწერილ ტექსტებთან ერთად, სხვა ჟანრის, საოცარი წიგნი შექმნა, „სრული სამზარეულო“ დაარქვა და მართლაც, სრულზე უფრო სრული კულინარიული ენციკლოპედია დაუტოვა მომავალ თაობებს? ბევრი რამ შეიცვალა, ხილული თუ უხილავი.

თებერვალი 20, 2018

Hello Blog

რა შეიცვალა მას მერე, რაც ერთმა ქალმა, ბარბარე ერისთავმა, ძალიან ადრე რომ წამოჰკიდეს ოჯახის ტვირთი და სხვა ყველაფერთან ერთად მეურნეობის ორგანიზებაც დაევალა, ლექსებთან, პიესებთან, მოთხრობებთან, კრიტიკულ და პუბლიცისტურ, ქალთა უფლებების თემაზე დაწერილ ტექსტებთან ერთად, სხვა ჟანრის, საოცარი წიგნი შექმნა, „სრული სამზარეულო“ დაარქვა და მართლაც, სრულზე უფრო სრული კულინარიული ენციკლოპედია დაუტოვა მომავალ თაობებს? ბევრი რამ შეიცვალა, ხილული თუ უხილავი.

ენციკლოპედია ტყუილად არ მიხსენებია, ეს წიგნი მთელ იმ ეპოქის გასტრონომიულ ცოდნას იტევს, იშვიათი, დღეს დავიწყებული კუთხური კერძებიდან დაწყებული, ტფილისური, მულტინაციონალური კულინარიით გაგრძელებული და ევროპული გემოვნებით დამთავრებული. დიდი ხნის შრომაა, ნაწილი მასალისა მოგროვებულია, ნაწილი-ჩაწერილი, ნაწილიც საკუთარი გამოცდილებით შექმნილი, მაგრამ წარმოუდგენლად მასშტაბური პროცესია- დაგეგმო და შექმნა ასეთი კულინარიული სახელმძღვანელო.

ბარბარეს გასტრონომიული მუშაობის შესახებ ბევრმა იცოდა, იცოდნენ ქალებმა, რომელთა გასაძლიერებლად გამოსცა კნეინამ ეს წიგნი და რეცეპტებსაც უგზავნიდნენ თხოვნით, რომ წიგნში შეეტანა. 

ბარბარემ  გასტრონომიას ახალი მიმართულება მისცა საქართველოში, ახალი მნიშვნელობა შესძინა, კულინარიული ხელოვნება მრავალი კუთხით წარმოიდგინა და სხვასაც წარმოადგენინა, ეს მისი თვითგამოხატვა იყო, მისი კულინარიული რომანი, მისი რომანი კულინარიასთან...

მან პირველმა მიაქცია ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებს - გამასპინძლების კულტურას, ჭურჭელს, წესსა და მიმდევრობას, დაგეგმა პროცესი, ბარბარე ამ კულინარიულ წიგნში არანაკლები დრამატურგია, ვიდრე თავის პიესებში, ის აქ ანაწილებს როლებს, რეპლიკებს, სცენებს და თავად წყვეტს, როდის ჩამოაფაროს ფარდა.

მან პირველად გაბედა მრავალფეროვანი სტრუქტურა და შემადგენლობა - სხვადასხვაგვარი მუსები თუ კრემები, ნაყინი, ხრაშუნა თუ სრიალა, დაბრაწული თუ მოთუთქული საკვები გარნირით, „მისადევნებელით“ თუ მის გარეშე.

ის დღეს კიდევ უფრო ცვლის ჩვენს გემოვნებას, უფრო მეტს გვაბედინებს, გვასწავლის, გვქონდეს ჩვენი წესები, ჩვენი გატაცება, ჩვენი, მხოლოდ ჩვენი სურვილით შედგენილი კერძებისა და გემოების, მოვლენებისა და შთაბეჭდილებების ჩამონათვალი. მივაქციოთ ყურადღება დეტალებს, არ დაგვენანოს ემოცია, არ შეგვეშინდეს და ხელისგულზე გასინჯული ცხარე საწებელივით ყოველდღიურად გავსინჯოთ სულ ახალ-ახალი სამყარო.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

დღეს, როდესაც ქართული კულინარიის რენესანსზე ვსაუბრობთ და კნეინა ბარბარეს კულინარიულ თუ ლიტერატურული შემოქმედებას ახლებურად ვუყურებთ და განვიხილავთ, კიდევ ერთ კარს ვხსნით მისთვის, როგორც შემოქმედისთვის. ბარბარე, დღევანდელი გადმოსახედიდან, სხვა ყველაფერთან ერთად გასტრონომიული კულტურის მკვლევარია, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს თავისი და ჩვენი თანამედროვეების კულინარიული მსოფლმხედველობა შეცვალა.

ბარბარე ჯორჯაძის პირველი კულინარიული წიგნი 1874 წელს გამოიცა და მთელი ტირაჟი სრულად გაიყიდა.

მეორედ იგი "სრული სამზარეულოს" სახელწოდებით ტფილისელმა მწერალმა და მთარგმნელმა მიხეილ ახპატელოვმა , მესამედ კი,  უკვე 1914 წელს თავად ბარბარეს ქალიშვილმა, მანანა ჯორჯაძემ გამოსცა.

ავტორი: დიანა ანფიმიადი

ფოტოები: სერა ძნელაძე