კულტურა

პეტრე ოცხელი თანამედროვე ხელოვნებაში

”პეტრე ოცხელის ნამუშევრების დანახვა და შეფასება დღეს ბევრად უკეთ შეგვიძლია, ვიდრე მისი ეპოქის ადამიანებს შეეძლოთ. სამყაროს კიდევ უფრო ინტენსიურად აღსაქმელად იმდენი ახალი ვიზუალური მეთოდი არსებობს, რომ ეს ყველაფერი ოცხელის მოდელირებულ გარემოს უფრო ახლობელს, გასაგებს ხდის. ამიტომ მგონია, რომ პეტრე ოცხელი კიდევ დიდხანს დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობის არტისტებისთვის” - მარიამ საშა

თებერვალი 14, 2018

Hello Blog

”პეტრე ოცხელის ნამუშევრების დანახვა და შეფასება დღეს ბევრად უკეთ შეგვიძლია, ვიდრე მისი ეპოქის ადამიანებს შეეძლოთ. სამყაროს კიდევ უფრო ინტენსიურად აღსაქმელად იმდენი ახალი ვიზუალური მეთოდი არსებობს, რომ ეს ყველაფერი ოცხელის მოდელირებულ გარემოს უფრო ახლობელს, გასაგებს ხდის. ამიტომ მგონია, რომ პეტრე ოცხელი კიდევ დიდხანს დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობის არტისტებისთვის” - მარიამ საშა

მარიამ საშა - გრაფიკული დიზაინერი 

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

იმ პერიოდში, როცა პროექტ 12-ში ჩართვა და პეტრე ოცხელის პერსონაჟების საკუთარი ინტერპრეტაციით გაცოცხლება შემომთავაზეს, ჟან ბოდრიარის წიგნს – „სიმულაკრები და სიმულაციები“ – ვკითხულობდი. მღებავი, სიმულაცია, ბოდრიარი, თანამედროვე სამყარო და ოცხელი, რომელიც მუდმივად „დღევანდელია“ – ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ თანამედროვე არსებაში, რომელიც ციფრულ სამყაროში იმდენად ხელახლა ქმნის თავის თავს, რომ საკუთარ თავსაც თვითონ ღებავს, ოღონდ, არა – ფუნჯით. ჩემი თანამედროვე მღებავი ფერებით დამუხტული RGB თოფით „ისვრის“ პიქსელებს, რითაც საკუთარი გამოსახულების გვერდით თავის ახალ ვერსიას ქმნის. „მფრინავი მღებავი“ ახლა უკვე ყოველი ადამიანი შეიძლება იყოს – ნებისმიერი, ვინც თავს ინტერნეტსივრცეში ინტენსიურად ავლენს.

გურამ ქვარცხალაია,შალვა ცხოვრებაძე, ოთო ლეჟავა - არტისტული კოლაბორაცია

პეტრე ოცხელის საიუბილეო ანიმაციისთვის, რომელიც stop motion-ის ტექნიკით შევასრულეთ, ძირითადად გამოვიყენეთ ოცხელის ის სცენოგრაფია, რომელიც მან მბრუნავი სცენისთვის შექმნა. სწორედ ეს ნამუშევარი გადავიტანეთ მოდელირებულ სივრცეში, რომელიც რეალური სცენის იმიტაციის მცდელობაა ერთი განსხვავებით – მბრუნავი სცენა ჩვენთან ორია. ისინი ერთმანეთის მიმართ მოძრაობს და მათზე განლაგებული დეკორაციები გადაკვეთის წერტილში ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნის.

თემო მაჭავარიანი - გრაფიკული დიზაინერი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ჩემი ნამუშევარი ლაით არტშია შესრულებული. ქუჩაში, დიდ კედელზე იქნება გამოსახული. ეს მფრინავი მღებავია, ოღონდ – მუზარადიანი ვერსია. ნახატის შესაბამისად, განათებაც ოქროსფერშია გადაწყვეტილი. მიფიქრია, თვითონ ცოცხალი რომ იყოს, ალბათ ძალიან გაუხარდებოდა, საკუთარი ნამუშევრები სადმე, ქალაქში, ნეონის ფერებში განათებული რომ ენახა. დარწმუნებული ვარ, ბედნიერი იქნებოდა, რომ ამდენი წლის მერე, ისევ ძალიან აქტუალურია.

ფოტო: სერა ძნელაძე

ნიკოლოზ კაპანაძე - ვიზუალური არტისტი

პროექტ თორმეტისთვის პეტრე ოცხელის ორი სცენოგრაფიული ნამუშევარი შევარჩიე. ისინი, თავის დროზე, ჰენრიკ იბსენის პიესის, „მშენებელი სოლნესის“ დადგმისთვის შეიქმნა, ჩემზე კი დიდი შთაბეჭდილება ზედმიწევნით მინიმალისტური ხასიათითა და ზუსტი გეომეტრიული ფორმებით მოახდინა. გადავწყვიტე, რომ ნამუშევარი 3D-ში იქნებოდა. ამისთვის ჯერ ოცხელის ესკიზების მიხედვით შევქმენი ქაღალდის მაკეტი, რომელიც შემდეგ ამოვჭერი და ავაწყვე. ზედ მივანათე სხვადასხვა ეფექტში გატარებული, ინტერნეტში ნაპოვნი ვიდეომასალა, შემდეგ კი ამ პროექციებით გაფორმებული მაკეტი კამერით გადავიღე და მიღებული გამოსახულების 3D მოდელად გარდაქმნა ვცადე.

გაჩა ბაქრაძე - ელექტრონული მუსიკოსი და პროდიუსერი

ოცხელის შემოქმედებას საუნდზე მუშაობის პროცესში გავეცანი და შევეცადე, ვიზუალური მასალა და საერთოდ მისი ესთეტიკა თანამედროვე ჟღერადობისთვის მომერგო, უფრო კონკრეტულად კი, იმ მუსიკისთვის, რომელზეც ბოლო პერიოდში ვმუშაობ. ჩემი საუნდი ნიკოლოზ კაპანაძის ვიდეოს ახლავს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ოცხელის სცენოგრაფიული ნამუშევრების თანამედროვე სახე და ჩემი მუსიკა ერთიანდება. ეს არის ორი თანამედროვე მედიის სინთეზი, რომელიც გვაძლევს საშუალებას პეტრე ოცხელის ნამუშევრები სულ სხვაგვარად წავიკითხოთ.

გიგი შუკაკიძე - არქიტექტორი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

მინდა, რომ ამ პროექტისთვის შეიქმნას ობიექტი, რომელიც ფუნქციურად მუდმივად დარჩება, როგორც დაუსრულებელი მიძღვნა პეტრე ოცხელის სახელისადმი. ეს იქნება პეტრე ოცხელის შთაგონებით შექმნილი მულტიფუნქციური სივრცე, რომლის შესაქმნელადაც შევარჩიე ოცხელის დეკორაციის ესკიზები სპექტაკლისთვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“. ჩანაფიქრი ასეთია: პავილიონის ტიპის სტრუქტურას სამი სხვადასხვა წრიული ზედაპირი ექნება, სულ სხვადასხვა ფუნქციით: სასცენო და საგამოფენო სივრცეებით, კინოთეატრით, ბელვედერით, სავარჯიშო და სადღესასწაულო ზონებით.

გიორგი მიქიაშვილი - გრაფიკოსი და ვიდეომემონტაჟე

პროექტისთვის ავირჩიე მფრინავი მღებავის ესკიზი და ჩემი შექმნილი პერსონაჟების სტილში, 3D განზომილებაში გადავიყვანე. ვფიქრობ, იმ მედიუმს, რომელშიც მე ვმუშაობ, ყველაზე მეტად ეს შეეფერებოდა. ოცხელის მფრინავი მღებავი ძალიან ჰგავს კომიქსის, ანიმაციური ფილმის და ვიდეოთამაშების პერსონაჟსაც კი.

თორნიკე ქარჩხაძე - მუსიკოსი

წარმოვიდგინე, რომ პეტრეს აქვს დაუდგენელი დაავადება, დროდადრო გული მისდის და მისი ცნობიერი დროში მოგზაურობს. ხედავს მომავლის სურათებს: ქალაქებს, ადამიანებს, ტექნოლოგიებს. შევეცადე, წარმომედგინა, როგორ დაინახავდა ის სიტუაციებს, რაც დღეს ჩემ გარშემოა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ავტომობილის სიგნალის ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე მეტად ყურადღების წამრთმევი მისთვის – შესაბამისად, დღევანდელი დღის ჰიმნიც (ყოველ შემთხვევაში, თბილისისთვის მაინც). ზუსტად ამ დროს, შემთხვევით, ჩემი სახლის წინ ავტომობილს სიგნალი გაუფუჭდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ვიწერდი მის გაბმულ ხმას. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო! ასე შეიქმნა ნაწარმოები „პეტრე ოცხელი – დროში მოგზაური“, სიგნალის ინტენსიური, ხანდახან შემაწუხებელი ხმით.

ქეუ მეფარიშვილი და სალომე დუმბაძე - არტისტების კოლაბორაცია (Shram)

რადგან ჩვენი ნამუშევრისთვის ოცხელის სცენის მხატვრობა ავირჩიეთ, პარალელი თანამედროვე სცენასთან გავავლეთ და ნეონის კონტურებით მუსიკის რიტმის იმიტაცია შევქმენით. ნეონის ფერები თავისი დრამატურგიით ციმციმებს.

ქეთევან საქარელი - სამკაულების დიზაინერი 

ვფიქრობ, მინანქარში გადატანით ოცხელის პერსონაჟებსა და ფორმებს სრულიად ახალი კულტურული ნიშა მოვუძებნე – ამ სამკაულით ზოგმა თავიდან გაიხსენა, ზოგმაც კი პირველად აღმოაჩინა პეტრე ოცხელი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევრომენს – რომელიც მფრინავი მღებავის ჩემებური ინტერპრეტაციაა. მფრინავი მღებავი ჩემთვის სუპერგმირია – 1930-იან წლებში შექმნილი სუპერგმირი. ის არ არის მასკულინური სუპერმენი, რომლის იმიჯიც უკვე კრიზისშია, არამედ ესაა დახვეწილი, კეთილგონიერი, ძლიერი და, ამავე დროს, ფაქიზი გრძნობათა ბუნების მქონე მამაკაცი.

WWW.12.GE

ავტორი : თამარ ბაბუაძე | ინდიგო