სიახლეები

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ამ რესურსების დიდი ნაწილი რამდენიმეკვირიანი კურსებით შემოიფარგლება, რომლის დასრულების შემთხვევაშიც თქვენ, როგორც წესი, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებთ.

დეკემბერი 19, 2017

Hello Blog

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. ამ რესურსების დიდი ნაწილი რამდენიმეკვირიანი კურსებით შემოიფარგლება, რომლის დასრულების შემთხვევაშიც თქვენ, როგორც წესი, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებთ.

დღესდღეობით ინტერნეტში მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული და სტაბილური ორასიოდე საგანმანათლებლო რესურსი ვრცელდება, რომლებიც შემდეგნაირად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

- დამოუკიდებელი კურსები მთლიანი ინფრასტრუქტურით - გულისხმობს მოცემულ ვებგვერდზე არა მხოლოდ ლექციების ჩანაწერების, არამედ ინტეგრირებული პროგრამების, საკითხავი მასალის, კატალოგებისა და ყველა სხვა დამხმარე სასწავლო რესურსის გაერთიანებას, ისევე როგორც კურსების მრავალფეროვან არჩევანს (Coursera, EDx).

- პროფილური კურსები - გულისხმობს ონლაინრესურსებს, რომლებიც კონკრეტული სფეროთი შემოიფარგლება, მაგალითად, პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის ან სამედიცინო კურსების სწავლებით (Lynda, Codeacademy).

- საუნივერსიტეტო კურსების ონლაინვერსიები - რომელთა ავანგარდშიც 2010 წლისთვის ჰარვარდი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები იყვნენ, თუმცა ამგვარ საგანმანათლებლო საიტებს დღეს ბევრი ცნობილი უნივერსიტეტი აკეთებს (John Hopkins open courseware, Open yale courses).

- სხვადასხვა პროფესიული ნიშნით შექმნილი მხარდაჭერის ჯგუფები - რომლებიც მომხმარებელს კონკრეტული სპეციალობების უკეთ შესწავლას ან დახმარებას კურსებისა და ონლაინფორუმის ტიპის რესურსებით ჰპირდება (Bigthink, Brightstorm).

ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ყველაზე პოპულარული დიდი და მრავალკურსიანი საგანმანათლებლო რესურსებია, რომლებიც ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობენ, თუმცა საუკეთესოთა ჩამონათვალში სხვა საიტებიც მოხვდნენ:

Coursera.org - უფასო კურსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული არჩევანი სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისგან.

Khanacademy.org  - უფასო კურსები არა მხოლოდ უფროსებისთვის, არამედ სკოლის მოსწავლეებისთვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაც კი.

Edx - სამეცნიერო კურსების დიდი არჩევანი მათთვის, ვისაც ამერიკის ელიტური უნივერსიტეტების პროგრამები აინტერესებს.

Udemy - კარგად ორგანიზებული ტექნიკური და უნარ-ჩვევების კურსები სიმბოლურ ფასად - 10 დოლარად.

Udacity - აქცენტი ტექნოლოგიურ კურსებზე - პროგრამირება, მონაცემთა მართვა, ფიზიკა, მობილური პლატფორმები.

 Lynda.com - აქცენტი კურსებზე ვიზუალურ კომუნიკაციაში, გრაფიკულ და ვებდიზაინში, ფოტოგრაფიაში, ვიდეო და ხმის ინჟინერიაში. ლინდას ონლაინკურსები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი ფასი კი 20-35 დოლარის ფარგლებში მერყეობს და არ აქვს უფასო ვერსია.

Academicearth.org - ონლაინხარისხის მოსაპოვებელი კურსების დიდი არჩევანი, რომლებისგანაც ბევრი ავტორიტეტულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

Open culture - მრავალპროფილური ონლაინკატალოგი, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმებს, ასევე საუნივერსიტეტო ონლაინკურსებსაც. ასევე, დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს - აუდიო და ელექტრონულ წიგნებს, უფასო ფილმების კატალოგს.

Alison - სასერტიფიკატო კურსები სხვადასხვა სფეროში პროფესიული ზრდისთვის, აქცენტით ბიზნესზე, ტექნოლოგიებზე, უცხო ენებსა და ჯანდაცვაზე.

Codeacademy - სპეციალიზებული კურსები პროგრამული კოდირების შესწავლის მსურველებისთვის. უფრო მეტად განკუთვნილია დამწყები პროგრამისტებისთვის.

მოცემული რესურსები საშუალებას გვაძლევს უფასოდ ავითვისოთ ესა თუ ის სპეციალობა ან საბაზისო წარმოდგენა შევიქმნათ ჩვენთვის საინტერესო სფეროზე. ხშირად ჩვენ შეგვიძლია ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც კი ავიღოთ მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტისგან. განათლებაზე ასეთი ხელმისაწვდომობა კი ინტერნეტის, როგორც ტექნოლოგიის ერთ-ერთ დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

წყარო: AT.GE