კულტურა

ყველაფერი, რაც ხელოვნების სასახლის შესახებ უნდა იცოდეთ

ალბათ ძალიან გაუმართლა მუზეუმს, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, არქიტექტურითა და მნიშვნელობით გამორჩეულ უძველეს შენობაში, მე-19 საუკუნეში აშენებულ სასახლეშია განთავსებული. მით უფრო, როცა სასახლის ისტორია სასიყვარულო ლეგენდას უკავშირდება. ამ საოცრად რომანტიკული ამბის მიხედვით, 19-ე საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერატორის ნათესავს, წარმოშობით გერმანელ უფლისწულს, მის უდიდებულესობას, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინ ფრიდრიჰ პეტერ ფონ ოლდენბურგს, ქართველი თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე - მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანი შეჰყვარებია. წარმოსადეგი უფლისწულის მიმართ არც თავადის ქალი დარჩენილა გულგრილი, ქმარი მიუტოვებია და ფონ ოლდენბურგს ქუთაისიდან თბილისში გამოჰყოლია, სადაც უფლისწულმა, დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, მაშინ ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომის, ფრანც ტიტელის კუთვნილი მიწა შეისყიდა და ქალისთვის ულამაზესი სასახლის აგება ბრძანა.

დეკემბერი 15, 2017

Hello Blog

ალბათ ძალიან გაუმართლა მუზეუმს, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, არქიტექტურითა და მნიშვნელობით გამორჩეულ უძველეს შენობაში, მე-19 საუკუნეში აშენებულ სასახლეშია განთავსებული. მით უფრო, როცა სასახლის ისტორია სასიყვარულო ლეგენდას უკავშირდება. ამ საოცრად რომანტიკული ამბის მიხედვით, 19-ე საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერატორის ნათესავს, წარმოშობით გერმანელ უფლისწულს, მის უდიდებულესობას, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინ ფრიდრიჰ პეტერ ფონ ოლდენბურგს, ქართველი თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე - მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანი შეჰყვარებია. წარმოსადეგი უფლისწულის მიმართ არც თავადის ქალი დარჩენილა გულგრილი, ქმარი მიუტოვებია და ფონ ოლდენბურგს ქუთაისიდან თბილისში გამოჰყოლია, სადაც უფლისწულმა, დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, მაშინ ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომის, ფრანც ტიტელის კუთვნილი მიწა შეისყიდა და ქალისთვის ულამაზესი სასახლის აგება ბრძანა.

სწორედ ამ, საერთო თბილისური არქიტექტურისგან განსხვავებულ, გოთურისა და აღმოსავლური სტილის შერწყმით აგებულ შენობაში, 1989 წელს, განთავსდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, რომელსაც, უკვე წლებია, ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ. ეს არის დედაქალაქში ერთადერთი მუზეუმი, რომელიც სასახლეშია განთავსებული და მისი საუკუნოვანი ისტორიიდან და გერმანელი უფლისწულის სასიყვარულო თავგადასავლიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იზიდავს დამთვალიერებელს.

სასახლე-მუზეუმის 10 საგამოფენო დარბაზში, მის ისტორიულ მეპატრონეთა და მკვიდრთა ნივთების გარდა, განთავსებულია საქართველოს კინოს, მუსიკის, თეატრის, ლიტერატურისა თუ ქორეოგრაფიის წარმომადგენელთა ნივთები; ხელნაწერთა უნიკალური არქივი; ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექციები; ბიბლიოთეკისა და რარიტეტულ გამოცემათა ფონდი; ფოტო, ფონო თუ აუდიო ჩანაწერები; აფიშების უნიკალური კოლექცია; მემორიალურ ნიმუშთა ფონდი; სახვითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები; ქანდაკების ფონდი.

„მუზემი ამ შენობაში მოხვდა 1989 წელს, ალეკო შალუტაშვილის დიდი დამსახურებით, და ვფიქრობ რომ ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის ამბავი ჩვენი მუზეუმისთვის. მანამდე მუზეუმი ძალიან ბევრს მოგზაურობდა, არასდროს ჰქონია მუდმივი და სტაბილური შენობა გამოფენებისთვის. ის განთავსებული იყო გიორგი XII -ის სასახლეში, ნორაშენის ეკლესიაში, ასევე ეროვნული ბანკის შენობაში, მანამდე სასახლის ერთ-ერთ ძველ აუდიტორიაში და ა.შ.“, - გვიყვება მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია.

გარდა იმისა, რომ ხელოვნების სასახლე დედაქალაქის ერთადერთი სასახლე-მუზეუმია, ის, ასევე, ერთადერთი მუზეუმია საქართველოში რომელიც, უკვე წელიწადნახევარია, Google arts and culture-ის სივრცეშია განთავსებული. Google arts and culture ყველაზე დიდი კულტურული ონლაინ პლატფორმაა, რომელშიც შესაძლებელია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმებისა და გალერეების ვირტუალურად, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით დათვალიერება. მის სივრცეში თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმები, როგორებიცაა: ნიუ- იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლონდონის ეროვნული გალერეა, ვერსალის სასახლე, ფლორენციის გალერეა უფიცი, ბრიტანეთის ტეიტი, ამსტერდამის რეიკსმუზეუმი, ბერლინის პერგამონის მუზეუმი, ათენის აკროპოლისის მუზეუმი და სხვა. ხელოვნების ამ ყველაზე დიდი ვირტუალური ინსტიტუტის სივრცეში მოსახვედრად უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო. ოთხწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ამეიერკავკასიაში მეოთხე მუზეუმი აღმოჩნდა, რომელმაც ეს სტანდარტი დააკმაყოფილა და, უკვე წელიწადნახევარია, რაც Google arts and culture -ის სივრცეში უნიკალური ქართული კოლექციები გამოიფინა.

„როცა ჩვენ მსოფლიოში ამ ყველაზე დიდ კულტურულ გაერთიანებასთან დავიწყეთ მოლაპარაკება, გაჩნდა კითხვა - რა გაქვს ისეთი, რითაც შეგიძლია მსოფლიო გააოცო და იმ შედევრების ნუსხაში შეიტანო შენი მემკვიდრეობა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან იმ სივრცეში, სადაც შენ ჩაიტვრითები, ჩანს კარავაჯო, დავინჩი, მანე, შიშკინი და ა. შ. მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ძალიან დიდი სახელები. საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთ სახელებთან შერკინება ცოტა რთულია. ძალიან ბევრი რამ შევთავზეთ, და ისინი ძალიან კულტურულად ახდენდნენ გაფილტვრას და ზოგჯერ უიმედობა გვიპყრობდა. მათ არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ერთი, ან ორი ნამუშევარი, თუნდაც ეს ყოფილიყო ფიროსმანის შედევრი. მათ უნდოდათ ამბავი, და ჩვენ არ გვქონდა ნახატების იმდენი რაოდენობა, რომ ისტორია აგვეწყო. დავიწყეთ საკმაოდ ძველი, აღიარებული, მაგრამ ძველი ეპოქის მხატვრებით და, მახსოვს, სადღაც შუა მოლაპარაკებებში შევთავაზეთ პეტრე ოცხელი. არ დამავიწყდება მათი პასუხი - წერილში რომ გრძნობ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას, განსაკუთრებულ სიხარულს - სადღაც ნიუ-იორკიდან თუ დუბლინიდან გეუბნებიან, რომ დიახ, ეს არის შედევრი, ეს არის შედევრების სერია. ყველაფერი, რაც შევთავაზეთ პეტრე ოცხელის, განხილვის გარეშე მიიღეს“, - ამბობს გიორგი კალანდია.

პეტრე ოცხელის ნახატები Google arts and culture -ის სივრცეში ატვირთულია საერთო სახელწოდებით „მარად თანამედროვე“. სახელწოდება Google -ს თავად მუზეუმის თანამშრომელმა, მერი ხარაიშვილმა შესთავაზა და როგორც გიორგი კალანდია ამბობს, „Google arts and culture-ის შემქმნელებმა 21-ე საუკუნეში პეტრე ოცხელი სწორედ რომ მარად თანამედროვედ მიიჩნიეს. ეს ნიშნავს, რომ პეტრე ოცხელი არის მხატვარი, რომელიც ყველა ეპოქის მოთხოვნებს პასუხობს.“

ხელოვნების სასახლეში დაცულია პეტრე ოცხელის 362 ნამუშევარი. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ესკიზები, როგორებიცაა: „ბომბეი“, „ყაჩაღები“, „მშენებელი სოლნესი“, “ოტელო“, „ჯოი სტრიტი“, „მუნჯები ალაპარაკდნენ“. ასევე, ფილმ „მფრინავი მღებავისთვის” შექმნილი უნიკალური ესკიზები. ეს კოლექცია, სხვა ქართველი მხატვრების, ფიროსმანის, გიგო გაბაშვილისა, ქეთევან მაღალაშვილისა და ელენე ახვლედიანის ნამუშევრებთან ერთად, იმ უნიკალურ ნიმუშთა შორისაა, რომლებიც ამ მუზეუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

Google arts and cultere-ს სივრცეში ამჟამად განთავსებულია საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის 4 გამოფენა: „ეროვნული და სასცენო კოსტიუმები, „სახვითი ხელოვნება“, პეტრე ოცხელი - მუდამ თანამედროვედა „ხელოვნების სასახლე - შიდა და გარე სივრცეები“.

უახლოეს მომავალში მუზეუმს დაგეგმილი აქვს, Google arts and culture-ს შესთავაზოს მხატვარ სიმონ დადიანის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმს ახლახანს გადმოსცეს მხატვრის მემკვიდრეებმა. „სიმონ, იგივე სიმონიკა დადიანი დაახლოებით 70-იან წლებამდე მოღვაწეობდა ამერიკაში. ის ამერიკელ მხატვრად ითვლება და მისი ნამუშევრები ინახება ლოს ანჟელესში, კალიფორნიაში, პარიზში. ჩვენ დღემდე არ გვქონია მისი ნახატები და ეს კოლექცია, რომელიც მოლაპარაკებების შედეგად მივიღეთ მისი მემკვიდრეებისგან, არის ყველაზე დიდი ფერწერული კოლექცია, რაც საქართველომ მისი დამოუკიდებლობის პერიოდში მიიღო. მისმა მემკვიდრეებმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა მიხეილ ვოდე მდივანმა და ქალბატონმა ლია ვოდე მდივანმა, ქართველი მემკვიდრის, ქალბატონი მეა ღვინიაშვილის დახმარებითა და შუამდგომლობით, საქართველოს სახელმწიფოს გადმოსცა ეს კოლექცია, ამისთვის საგანგებოდ ვიყავი პარიზში, ხელი მოვაწერე შეთანხმებას, ტვირთი დაიძრა და ვფიქრობთ, რომ შემდეგი, რასაც Google-ს შევთავაზებთ, სწორედ სიმონ დადიანის ნამუშევრებია“, - ამბობს გიორგი კალანდია.

როცა მუზეუმზე ვსაუბრობთ, არც მისი საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა დაგვავიწყდეს. ხელოვნების სასახლის საგანმანათლობლო პროექტებში ყოველდღიურად 100-დან 150 მოსწავლემდე მონაწილეობს. სასახლე მოსწავლეებს სთავაზობს პროექტებს ქართული სამოსის ისტორიის, არქიტექტურის ისტორიის, ანიმაციის ისტორიის შესახებ. ყველა პროექტი ინტერაქტიულია და მიზნად ისახავს ამ სფეროებში მოსწავლეებისთვის შემეცნების ამაღლებას.

ხელოვნების სასახლეში დაცული 10 ნიმუში, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მუზეუმის სტუმრებში:

1. პეტრე ოცხელის მიერ ფილმ „მფრინავი მღებავისთვის“ შექმნილი ესკიზები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმის Google arts and culture -ის სივრცეშია განთავსებული.

2. უნიკალური ბუხარი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, კონსტანტინ ფრიდრიჰ პეტერ ფონ ოლდენბურგმა საჩუქრად მიიღო რუსეთის იმპერატორისგან და თავის მხრივ, საჩუქრად გადასცა აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანს, რომლისთვისაც ააშენებინა ულამაზესი სასახლე - ამჟამად მუზეუმის შენობა.

3. ფინიკიური ამულეტი - ანტიკურ პერიოდში დამზადებული მინიატურული ნიღაბი, აღმოჩენილი ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს, 20-ე საუკუნის 40-იან წლებში.

4. მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ძველი ბერძნული და რომაული მარმარილოს კაპიტელები.

5. სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი ოპერის ცნობილი ფარდის ესკიზი, რომლის მიხედვითაც 2015 წელს აღადგინეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფარდა.

6. თამარ მეფის კაბა, რომელსაც ამშვენებს 3600 მარგალიტის თვალი. აღდგენილია ვარძიის ფრესკის მიხედვით.

7. „ვეფხისტყაოსნის“ 1881 წლით დათარიღებული, მიხაი ზიჩისეული ილუსტრაციების ორიგინალები.

8. პირველი ქართული პროფესიული სპექტაკლის - „გაყრა“ - ხელნაწერი და აფიშა.

9. ჰიტლერის ხელნაწერი (დათარიღებული 1945 წლით), რომელშიც ის მიმართავს გერმანელ ჯარისკაცებს. ხელნაწერი ჰიტლერის არქივის სხვა მასალასთან ერთად, სტალინის ნებართვით, გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა, რომელმაც მასალა გამოიყენა ფილმისთვის „ბერლინის დაცემა“ .

10. სესილია თაყაიშვილის ანდერძი, რომელშიც ის ითხოვს, რომ დაკრძალონ არა პანთეონში, არამედ თავის მშობლებთან ერთად, ჩააცვან შავი კაბა და მისი დაკრძალვა არ აქციონ პომპეზურ მოვლენად.

ავტორი: მაია ლიპარტელიანი