კულტურა

#მეტიკინო | კამეოები კინემატოგრაფიაში

დღევანდელი ჩვენი ტოპ ათეულის თემაა ყველაზე შთამბეჭდავი კამეოები კინემატოგრაფიაში. ვისაც არაფერს გეუბნებათ ეს სიტყვა, კამეო ნიშნავს ფილმში მცირე ხნით, მაყურებლისთვის მოულოდნელად, ცნობილი ადამიანის გამოჩენას. ჩვენ ვეცადეთ გაგვეხსენებინა მსგავსი, სიუჟტურად მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და მხიარული ეპიზოდები ფილმებიდან. მაშ ასე, გთავაზობთ საუკეთესო კამეოების ღირსშესანიშნავ ათეულს.

დეკემბერი 14, 2017

Hello Blog

დღევანდელი ჩვენი ტოპ ათეულის თემაა ყველაზე შთამბეჭდავი კამეოები კინემატოგრაფიაში. ვისაც არაფერს გეუბნებათ ეს სიტყვა, კამეო ნიშნავს ფილმში მცირე ხნით, მაყურებლისთვის მოულოდნელად, ცნობილი ადამიანის გამოჩენას. ჩვენ ვეცადეთ გაგვეხსენებინა მსგავსი, სიუჟტურად მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და მხიარული ეპიზოდები ფილმებიდან. მაშ ასე, გთავაზობთ საუკეთესო კამეოების ღირსშესანიშნავ ათეულს.

ფილმი: High Fidelity

კამეო: ბრიუს სპრინგსტინი

ვისი ხმა ჩაგესმით, როდესაც საკუთარ თავს ესაუბრებით ხოლმე გონებაში? ალბათ საკუთარი, უკეთეს შემთხვევაში ისევ საკუთარი, ოღონდ განსხვავებული ტემბრის. აი, ჯონ კიუსაკის პერსონაჟ რობს კი შინაგანი ხმა როდესაც რჩევებს აძლევს, მისთვის ეს აღიქმება ამერიკელი მუსიკალური ლეგენდის, ბრიუს სპრინგსტინის სახით, რომელიც ვერბალური კომუნიკაციის პარალელურად, თან გიტარაზე უკრავს და ისე ესაუბრება მთავარ გმირს.

ფილმი: ზულენდერი

კამეო: დევიდ ბოუი

ზულენდერში აურაცხელი რაოდენობის კამეოებია, წამით იქ იხილავთ უაინონა რაიდერს, ნატალი პორტმანს, ტომ ფორდს, დონალდ და მელანია ტრამპებს და შოუბიზნესის სხვა მრავალ ვარსკვლავურ სახეს. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი კამეო დევიდ ბოუის ანგარიშზეა. როდესაც მთავარი პერსონაჟები, დერეკი და ჰენსელი გადაწყვეტენ მსოფლიოში ყველაზე გლამურული დუელით გამოარკვიონ ვინ უკეთესი მოდელია და დაიწყებენ პოდიუმზე გამოსვლაში შეჯიბრებას, მათი მსაჯულის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სწორედ ბოუი წამოაყენებს.

ფილმი: Maverick

კამეო: დენი გლოვერი

ყველაზე სასაცილო კამეო ჩვენს სიაში რიჩარდ დონერის „მევერიკში“ დაფიქსირდა. ფილმში მთავარ როლს მელ გიბსონი ასრულებს, რეჟისორ დონერის ანგარიშზე კი „სასიკვდილო იარაღის“ ოთხი სერიაა, რომელშიც გიბსონი და დენი გლოვერი მეწყვილე პოლიციელებს განასახიერებენ. „მევერიკში“, ბანკში მისულ გიბსონის ტიტულოვან გმირს დაყაჩაღებას დაუპირებს მძარცველი, მაგრამ მოულოდნელად ისინი ერთმანეთს მიაშტერდებიან, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვდათ. და მაყურებელიც ხვდება, რომ გიბსონმა და გლოვერმა ერთმანეთი „სასიკვდილო იარაღიდან“ იცნეს. საკმაოდ ჭკვიანური კამეოა, ვერაფერს იტყვი.

ფილმი: ენი ჰოლი

კამეო: მარშალ მაკლუენი

„ენი ჰოლის“ სცენაში ვუდი ალენი და დაიან კიტონი კინოთეატრის რიგში დგანან, მათ უკან მდგომი მამაკაცი თავმომწონედ ესაუბრება გოგონას ჯერ ფელინიზე, შემდეგ ბეკეტზე და ბოლოს თანამედროვე მედიის შესახებ ავრცობს თეორიებს და ახსენებს მარშალ მაკლუენს, კანადელ ფილოსოფოსსა და მედიის თეორეტიკოსს. ფსევდო ინტელექტუალური საუბრით დაღლილი ალენი მეოთხე კედელს არღვევს და მაყურებელს მოგვმართავს, თუ როგორ სძულს, როდესაც მსგავსი ტიპები ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ არაკომპეტენტურ მოსაზრებებს. შემდეგ კი კადრში ნამდვილი მარშალ მაკლუენი შემოყავს, რომელიც თავმომწონე მამაკაცს პირში მიახლის, რომ მისი ნაშრომების აზრზე არაა. რასაკვირველია, არც ჩვენ ვიცოდით ვინ იყო მარშალ მაკლუენი, მაგრამ სიტუაციურად ეს ერთ-ერთი საუკეთესო კამეოა, რაც ოდესმე გვინახავს. და თან რა სჯობს იმას, თავმომწონე იდიოტს რომ უტეხი არგუმენტით დაარწმუნებ საკუთარ უმეცრებაში.

ფილმი: The Player

კამეო: ბრიუს უილისი და ჯულია რობერთსი

რობერტ ოლტმენი „მოთამაშეში“ დაუზოგავად დასცინის და აკრიტიკებს ჰოლივუდში ფილმების სტუდიური წარმოების ასპექტებს, იქაურ საქმოსნებს, ელიტის წარმომადგენლებს და ყველას, ვისაც „ოცნებების ქარხანასთან“ აქვს კვეთა. მთელი ფილმის განმავლობაში, პროდიუსერების მხრიდან მიდის საუბარი ბანალურ მელოდრამაზე, სადაც იმ დროის ორი უდიდესი ვარსკვლავი ბრიუს უილისი და ჯულია რობერთსი უნდათ, რომ ათამაშონ. რასაკვირველია, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფილმის ღირებულებები უბრალოდ არ არსებობს. თუმცა დასასრულს, ვხედავთ, რომ პროექტი მაინც განხორციელდა და ულტრასენტიმენტალური „ჰეფი ენდით“ მორიგი ჰოლივუდური ნაწარმი შეიქმნა, რომლის თვითმიზანიც კინოგაქირავებაში მაღალი შემოსავლების მიღებაა.

ფილმი: Singles

კამეო: ტიმ ბარტონი

„მარტოხელები“ 90-ანების ამერიკული რომანტიკული კომედიაა, ბრწყინვალე საუნდტრეკებით და იუმორისტული სცენებით დახუნძლული, რაც რეჟისორ კამერონ კროუს ჯანმრთელ სენტიმენტალიზმს იდეალურად ერწყმის. ერთ-ერთ სცენაში, ბრიჯიტ ფონდას პერსონაჟი პაემნების ცენტრში მიდის ვიდეოს გადასაღებად. ფონდა თავის ვარიანტებს სთავაზობს, თუ როგორი იმიჯით სურს თავი გააცნოს პოტენციურ პარტნიორებს, თუმცა კლერკი გოგონა მას ურჩევს გვერდით გადადოს ყველაფერი და უკანა დახლთან მდგომ უცნაურ მამაკაცს გადააღებინოს ათ დოლარად ვიდეო. არგუმენტად კი იმას აყოლებს, ისეთი ნიჭიერია, მომავალი მარტინ სკორსეზე იქნებაო. დახლთან ტიმ ბარტონი დგას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე გადაღებული ქონდა „ბიტლჯუსი“, „ბეტმენი“ და „ედვარდ ხელმაკრატელა“. მართალია, მომავალი სკორსეზე ვერ გახდა, მაგრამ არაერთი საინტერესო ფილმი გადაიღო და საკუთარი ინდივიდუალური სტილიც შექმნა კინემატოგრაფში.

ფილმი: Breathless

კამეო: ჟან პიერ მელვილი

ფრანგული ახალი ტალღის ორი გიგანტი რეჟისორი ერთ ფილმში. გოდარის დებიუტში, „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, ჟან პიერ მელვილი ბატონ პავილესკოს როლს ასრულებს, რომელსაც ჟურნალისტები ეხვევიან და მრავალ კითხვას უსვამენ რომანტიკულ ურთიერთობებზე, ეროტიკაზე, სიყვარულზე და ა.შ. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელ მონაკვეთს მაშინ ვაწყდებით, როდესაც მთავარი პერსონაჟი პატრისია კითხავს, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ამბიცია ცხოვრებაშიო, რაზეც მელვილი ქარიზმატულად პასუხობს: „ჯერ უკვდავება მოვიპოვო და შემდეგ მოვკვდე“.

ფილმი: Dreams

კამეო: მარტინ სკორსეზე

აკირა კუროსავას ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი, „სიზმრები“, მისი პირადი ზმანებების მიხედვითაა გადაღებული და მრავალ სურეალისტურ და ფეერიულ სცენას შეიცავს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს, როდესაც ვან გოგის ნახატების სამყაროში გადავდივართ, თავად მხატვარსაც ვეცნობით, რომლის როლშიც მარტინ სკორსეზე გვევლინება. ამ სცენის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ სამსახიობო შესრულება სკორსეზეს ძლიერი მხარე არაა, თუმცა როგორ ეტყოდა უარს კუროსავას, როდესაც ეს უკანასკნელი თავისი სიზმრების მიხედვით კონსტრუირებულ ფილმში იმპრესიონიზმის წამყვანი ფიგურის როლს შესთავაზებდა?!

ფილმი: Sunset Boulevard

კამეო: ბასტერ კიტონი

„სანსეტ ბულვარი“ ბილი უაილდერის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც მუნჯური კინოს მივიწყებულ ვარსკვლავზე მოგვითხრობს. მასში ერთდროულად ორი დიდებული კამეოა, ამერიკული კინოს ფუძემდებელი რეჟისორი, სესილ ბი დემილი თამაშობს აქ საკუთარ თავს (თუ იმაზე ფიქრობთ, რატომ არ ვახსენებთ ჯოზეფ ვან სტროჰაიმს, მისი როლი კამეოდ არ რეგისტრირდება, რადგან მეორეხარისხოვან პერსონაჟს განასახიერებს). თუმცა გაცილებით შთამბეჭდავი, დრამატული და დასამახსოვრებელი სცენა მაშინ გვხვდება, როდესაც მოულოდნელად ხმოვან კინოსთან ვერ ადაპტირებულ, მუნჯური ფილმების ვარსკვლავებს ვაწყდებით ბანქოს თამაშისას და ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ბასტერ კიტონია, 20-ანი წლების კომედიების ყველაზე თამამი, გამომგონებლური და გენიალური ფიგურა, რომელიც რეალურად მიეცა დავიწყებას ხმოვანი კინოს გამოჩენის შემდეგ.

ფილმი: Waking Life

კამეო: სტივენ სოდერბერგი

რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი „სიცოცხლის გამოღვიძება“ ეგზისტენციალური ნაწარმოებია, ფილოსოფიური მოგზაურობა მნიშვნელოვან ყოველდღიურ და გლობალურ თემებში. ერთ-ერთ სცენაში, ფონად ჩართულ ტელევიზორში სტივენ სოდერბერგი ჩნდება, რომელიც ინტევრიუს იძლევა და კლასიკოს რეჟისორებზე, ლუი მალიზე და ბილი უაილდერზე საუბრობს. სინეფილებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული იქნება ფილმის ეს კონკრეტული მონაკვეთი.

ბონუსი

შეუძლებელია საუბრებდე კამეოებზე და არ ახსენო ალფრედ ჰიჩკოკი, რომელიც თავის ყველა ფილმში წამიერად გაიელვებს ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული მომენტის ამორჩევა ვერ შევძელით, ერთბაშად გთავაზობთ თითოეულ მათგანს:

ავტორი : Digital Culture