კულტურა

#მეტიკინო | ექსპერიმენტები დროზე

როგორც ერთხელ ჟან ლუკ გოდარმა თქვა, აუცილებელია ფილმს ჰქონდეს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული, მაგრამ არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით. დღევანდელი ჩვენი სია დაკომპლექტებულია ისეთი ფილმებით, რომლებშიც შემქმნელები დროის ტრადიციული დინების წინააღმდეგ მიდიან ან მის მოცემულობას უჩველოდ გარდაქმნიან ესთეტიური ფორმით და არატრადიციული ნარატივებით. 

დეკემბერი 10, 2017

Hello Blog

როგორც ერთხელ ჟან ლუკ გოდარმა თქვა, აუცილებელია ფილმს ჰქონდეს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული, მაგრამ არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით. დღევანდელი ჩვენი სია დაკომპლექტებულია ისეთი ფილმებით, რომლებშიც შემქმნელები დროის ტრადიციული დინების წინააღმდეგ მიდიან ან მის მოცემულობას უჩველოდ გარდაქმნიან ესთეტიური ფორმით და არატრადიციული ნარატივებით. 

Before Trilogy

რიჩარდ ლინკლეიტერისთვის დროის ცნებასთან ექსპერიმენტირება მისი შემოქმედების არსებითი ნაწილია. მის ფილმოგრაფიას ეკუთვნის ნაკლებ ცნობილი ინდი ფილმი Tape, სადაც მოქმედება თითქოს რეალურ დროში, ერთადერთი საათნახევრიანი საუბრის ირგვლივ ვითარდება. მის აქტივშია, აგრეთვე, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი Boyhood, რომელსაც 12 წლის მანძილზე იღებდა მსახიობების ზრდასა და გარემოს ცვლილებებთან ადაპტირებით. თუმცა ჩვენი მარადიული სიყვარული ლინკლეიტერის ფილმებიდან ეკუთვნის იდეალურ ტრილოგიას Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight-ს, რომლებიც 7 წლიანი შუალედებითაა გადაღებული და ნარატიულადაც სიუჟეტში შვიდი წელი გადის მას შემდეგ, რაც მთავარ პერსონაჟებს პირველად, შემდეგ კი მეორედ ვნახულობთ. და ამ წლებს შორის არსებული სივრცე მთავარი გმირების, ჯესის და სელინის, საუბრებით ივსება და ეს საუკეთესო სამსერიანი კინოდიალოგია, რომელიც შეიძლება ოდესმე იხილოთ.

Jeanne Dielman, 23 Commerce Quay, 1080 Brussels

შანტალ აკერმანის ფილმი აღსაწერად, შეიძლება, ყველაზე მოსაწყენი სურათად მოგეჩვენოთ. ის ასახავს მარტოხელა ქვრივი დიასახლისის ყოველდღიურობას, სადაც, ერთი შეხედვით, არაფერი ამაღელვებელი არ ხდება. მთავარი გმირი ჟან დილმანი იღვიძებს, იცვამს, სახლს ალაგებს, საჭმელს ამზადებს, კედელს აშტერდება, შვილზე ზრუნავს, ხუთი წუთი ჩუმად თლის კარტოფილს... რეჟისორი გვიჩვენებს ქალის არაღიარებული შრომის სიმძიმეს და ამას აკეთებს ძალიან დახვეწილი მინიმალიზმით. ფილმის ყურებისას მთავარ პერსონაჟში აუცილებლად დაინახავთ ნაცნობ ადამიანს, რადგანის ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური პერსონაჟია, რაც კინოობიექტივს აღუბეჭდავს.

Memento

კრისტოფერ ნოლანის ფილმებში სწორხაზოვანი თხრობა თითქმის არ არსებობს. რეჟისორი გამუდმებით დახტის დროის სხვადასხვა მონაკვეთზე. თუმცა ჩვენი აზრით ამას საუკეთესოდ „მემენტოში“ აკეთებს, როდესაც ისტორიის დასასრულით იწყებს თხრობას და დასაწყისით ასრულებს. მთავარი გმირი ლეონარდ შელბი ამნეზიის იშვიათი ფორმით იტანჯება და რამდენიმე წუთში ერთხელ ავიწყდება მიმდინარე მოვლენები. ამ დეტალს იდეალურ ინსტრუმენტად იყენებს ნოლანი, რათა მაქსიმალურად დაინტერესებული და გზააბნეული დატოვოს მაყურებელი და ორი მიმდინარე სიუჟეტური ხაზი მესამე აქტში შეკრას, მოზაიკა ბოლომდე ააწყოს და მაქსიმალურად განცვიფრებული დაგვტოვოს.

The Fountain

„შადრევანში“ ერთბაშად სამი საუკუნის პერიპეტიებს ვაწყდებით. ერთი მოქმედება მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთში ვითარდება, მეორე ოცდამეერთე საუკუნის ამერიკაში, მესამე კი ოცდამეექვსე საუკუნის კოსმოსში. სამივე პერიოდში მეორდება ერთიდაიგივე მოტივები, როგორც ვიზუალურად, ისე- შინაარსობრივად. დერენ არონოფსკის ფილმი მშვენიერი მედიტაციაა სიყვარულის და მოკვდავობასთან შეგუების თემებზე, რომელიც მოთხრობილია საკმაოდ შთამბეჭდავი ქრონოლოგიური წესრიგით. 

Synecdoche, New York

ჩარლი კაუფმანის პოსტ-მოდერნულ შედევრში დროის მსვლელობა არანაირ წესებს არ ემორჩილება. უფრო სწორად, აქ არაფერი ემორჩილება წესებს. დრო ისევე სწრაფად და მოულოდნელად გადის, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში. პერსონაჟებიც ჟამთასვლის პარალელურად რადიკალურად იცვლებიან, როგორც ფიზიკურად, ისე- მენტალურად. ფილმში თავმოყრილია კაცობრიობისათვის მუდმივად თანმდევი ყველა უარყოფითი ემოცია, დაწყებული მცირე ფობიებით, სექსუალობასთან გაუცხოებით, სიკვდილის გაუნელებელი შიშით, ეგზისტენციალური კრიზისებით, სიცოცხლის საზრისის ძიებით და ა.შ. კაუფმანის ფილმი ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ძეგლია, რომლის ყურებასაც დაუყოვნებლივ გირჩევთ.

Solaris

დიდხანს ვიფიქრეთ სიაში ტარკოვსკის „სარკე“ შეგვეყვანა თავის სიზმრისეული, არაცნობიერი დინების მსგავსი სტრუქტურის გამო თუ „სოლარისი“ დროსა და სივრცეში რითმულად ლევიტაციისათვის და საბოლოოდ არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ. „სოლარისი“, გარდა იმისა, რომ ტრადიციული დროის მსვლელობის ტრაექტორიას არაფრად აგდებს, ამასთან ახდენს ფარული შიშების და სურვილების მატერიალიზებას, რომლებიც დროსთან ერთად სივრცულობის შეგრძნებასაც გაკარგინებენ და მაყურებელი მთლიანად მოგონებების, წარმოსახვის და ილუზიების სამყაროში გადაჰყავთ.  

2001: A Space Odyssey

ალბათ მთელი კინემატოგრაფი რომ განადგურდეს და ერთი ფილმის არჩევა გახდეს საჭირო, რომელიც ამ ხელოვნების მედიუმის მთელ გრანდიოზულობას დაიტევდა, არჩევანს სტენლი კუბრიკის „კოსმოსურ ოდისეაზე“ გავაკეთებდით. აქ აღწერილია შეცნობილი და ჯერ კიდევ შეუცნობელი ისტორიის განვითარების ეტაპები, კაცობრიობის გენიალური მიღწევები და შეცოდებები, ერთ სიბრტყეზეა მოთავსებული კრეაციონიზმი და ევოლუცია, პირველყოფილი ინსტინქტები და ჰუმანიზმი, პირველყოფილობა, ტექნოლოგიური განვითარება, კოსმოსის გამოკვლევა, მეტაფიზიკა, სიკვდილის შემეცნება და რეგენეზისი. „კოსმოსური ოდისეა“ ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური ფილოსოფიური ტრაქტატია, რომელსაც შეგვიძლია ვიზუალური ფორმით გავეცნოთ.

Pulp Fiction

ხომ გითამაშიათ რუბიკის კუბით? მრავალი ამაღელვებელი გზა არსებობს მის ასაწყობად, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთიდაიგივე გვხვდება. დაახლოებით ამ პრინციპით შეუდგა ალბათ „კრიმინალური საკითხავის“ გადაღებას კვენტინ ტარანტინო, რომელმაც სწორხაზოვანი სიუჟტი დაჭრა, აურია და ძალიან სტილურად და გემოვნებით დაალაგა ურთიერთსაწინააღმდეგო სიბრტყეებზე ისე, რომ საბოლოოდ მაინც დასრულებული ისტორია შემოეთავაზებინა. ფილმის ყველა სეგმენტი ცალკეულ, დასამახსოვრებელ და საინტერესო ისტორიას ჰყვება, მაგრამ ქრონომეტრაჟის სვლასთან ერთად ყველა პერსონაჟის გზები იკვეთება და ქაოტური განლაგების თვალისმომჭრელი მანევრებით კონსტრუირების შემდეგ, ბოლომდე აწყობილი რუბიკის კუბი გვხვდება ხელთ.

Schizopolis

სტივენ სოდერბერგის ფილმში არ არსებობს სტანდარტული სტრუქტურა, პრინციპში, არც არაფერი რაც სტანდარტულთანაა ახლოს, აქ არ დაგხვდებათ. სურათი სარტრისეული ფილოსოფიის რეფლექსიაა, სადაც ყველაფერი უცნაური და იდუმალია, საგნები კი ლოგიკას არ ექვემდებარება. რეჟისორი სატირისტულად აღწერს სამყაროს აბსურდულობას და, სარტრის მსგავსად, აცლის ნორმატივებს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიტუაციებს, როგორიც მაგალითად ცოლ-ქმრის ინტერაქციაა. ფილმი მაქსიმალურად ცდილობს ცხოვრების არსის შეცნობას, თუმცა წინასწარ იცის, რომ ეს აბსურდული და უსარგებლოა, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად გამოიყვანოს მაყურებელი კომფორტის ზონიდან და სამსჯელო მისცეს ისეთ მარტივ საკითხებზე, რომლის განხილვაც აზრადაც არ მოგვსვლია, რადგან გვეგონა, რომ ყველაფერი ისედაც ცხადი იყო.  

Last Year at Marienbad

“გასულ წელს მერიენბადში“ ერთ-ერთი ყველაზე ენიგმატური ფილმია, რაც კი ოდესმე გადაღებულა. აქ უკვე აღარაა საუბარი დროით განზომილებაზე, ფილმში ყველაფერი დამოუკიდებელი ლოგიკით ვითარდება და წარმოადგენს მრავალშრიან მოგზაურობას ადამიანის ფსიქიკაში. ალან რენეს ფილმი გიგანტური ლაბირინთია, სადაც ნამდვილად ვერ გაიკვლევთ გზას გასასვლელისკენ, მაგრამ მის სივრცეში ყოფნა საოცარ ემოციურ და ონტოლოგიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ავტორი: Digital Culture