სიახლეები

DataFest Tbilisi 2017 -საუბარი ახალ ტექნოლოგიებზე

ხვალიდან სამი დღის განმავლობაში თბილისი მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. DataFest Tbilisi კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება და მას 400-მდე მონაწილე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი ეყოლება, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან მოწვეული სპიკერები ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მონაცემთა გამოყენებაზე ისაუბრებენ. 

ნოემბერი 14, 2017

Hello Blog

ხვალიდან სამი დღის განმავლობაში თბილისი მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. DataFest Tbilisi კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება და მას 400-მდე მონაწილე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი ეყოლება, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან მოწვეული სპიკერები ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მონაცემთა გამოყენებაზე ისაუბრებენ. 

წელს, ფესტივალის მთავარი თემები თანამედროვე ჟურნალისტიკაში ტექნოლოგიების როლი და მონაცემთა ბაზის ანალიტიკის სხვადასხვა სახის გამოყენება იქნება.

საზოგადოებაზე და განსაკუთრებით მედიაზე ახალი ტექნოლოგიების გავლენის შესახებ ფესტივალის სპიკერები, გერმანული ელექტრონული კომერციის საიტის zalando-ს მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი, ვალენტინ გოგიჩაშვილი, CNN-ის პროდუსერი, ემა ლესკი-ბორდო და პოლონელი მედიის სპეციალისტი, ჯაკუბ გორნიცკი საუბრობენ. სამივე სპეციალისტი განიხილავს თუ როგორ სწაფად იცვლება ბიზნეს და მედია გარემო ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე და როგორ ადაპტირდება საზოგადოება ამ ცვლილებებთან.

ჯაკუბ გორნიცკი

ჯაკუბ გორნიცკი პოლონთში ცხოვრობს, ის კერძო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში. მას წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაცია ePaństwo-ს ჩამოყალიბებაში, რომლის მიზანიც მონაცემთა ბაზების გასაჯაროების გზით, სახელმწიფო გამჭირვალობის და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობაა.

1. რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი ტექნოლოგიების შერწყმა ჟურნალისტიკასთან?

იმიტომ, რომ ჟურნალისტები იძულებულები არიან ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები ჩაატარონ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალი ფორმების საშუალებით ჩვენ ვუკავშირდებით მეტ ადამიანს და ვახდენთ მათ ინფორმირებას. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენს დროში ვერც კი წარმომიდგენია ჟურნალისტიკა ტექნოლოგიების გარეშე. ამ უკანასკნელმა ხელახლა შექმნა ჟურნალისტიკა. ამასთანავე, მეტი და მეტი კონტროლის საშუალება გაგვაჩნია იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწორი მიზნებისათვის.

2. როგორ ფიქრობთ, ხელს უწყობს თუ არა მედია სამყაროს გაციფრულება აუდიტორიის ჩართულობას?

ხელს უწყობს, კი? მეტი ლაიქები, გაზიარებები, კომენტარები და გარკვეულწილად დაქსაქსული საზოგადოება. ალგორითმები და ვებ გვერდები ჩვენგან მეტ ჩართულობას მოითხოვს, რომ ჩვენი ხმა ისმოდე. მაგალითად, მე არ მაქვს ხოლმე ყველაფერზე ჩემი აზრი, მაგრამ ონლაინ რეჟიმში ეს აუცილებელია. თუ აზრი არ გაქვს, ალგორითმთან ბრძოლაში მარცხდები.

3. რის საფუძველზე წყვეტთ ხოლმე ამბების გადმოცემისთვის რომელი საშუალება გამოიყენოთ?

ეს პრინციპში დამოკიდებულია ამბავზე. კვლევის ეტაპზე ვფიქრობთ ხოლმე, რომელი საშუალება გამოვიყენოთ, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ამბავს ენიჭება. ფილმებშიც ხომ ასეა. თუ კარგი სცენარი გაქვს, ფორმას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუ სიუჟეტის გადმოცემის ტექნიკა გრანდიოზულია, რასაკვირველია, ეს ძალიან შთამბეჭდავი გამოდის. მაგრამ მხოლოდ სპეცეფქტები საქმეს არ უშველის.

ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ:

- მოთხრობის შესაძლო ვიზუალი;

- სამუშაო ადგილი (შეიძლება გამოვიყენოთ დრონი ან 360 გრადუსიანი კამერა);

- არის თუ არა შერჩეული პრიორიტეტული ფორმა, მაგ. სიუჟეტის აუდიო თხრობა;

- ვისთვის არის ამბავი გამიზნული?

- რა საშუალებები გაგვაჩნია?

- შეგვიძლია თუ არა მისი გამოყენება?

4. თქვენი აზრით, მომავალი ამბის მთხრობელისთვის/ჟურნალისტისთვის რომელი უნარ-ჩვევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ამბის გადმოცემის და ფორმებისა და ახალი საშუალებების გამოყენების სითამამე. ბრძოლა სიუჟეტის გადმოსაცემად. სარისკო საშუალებების/ფორმების გამოყენების არ უნდა გვეშინოდეს.

ემა ლესი-ბორდო

CNN-ის პროდუსერი და რედაქტორია. ის ყოველთვის საუბრობს, თუ რამხელა შესაძლებლობებს იძლევა გაციფრულება ჟურნალისტებისთვის და ხალხისთვის, ვისაც ამბის თხრობა აინტერესებთ.

1. როგორ შეცვალა დიჯიტალიზაციამ ჟურნალისტის საქმიანობა? როგორ აღიქვამს ტრადიციული ჟურნალისტიკის ცვლილებას, ერთი მხრივ, ჟურნალისტი და მეორე მხრივ, მაყურებელი?

დიჯიტალიზაცია საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე მედიამომხმარებლისთვის. პროფესიული თვალსაზრისით, დიჯიტალიზაციამ ძირფესვიანად შეცვალა ის ბიზნესმოდელი, რომელსაც ბევრი მაუწყებლობის საქმიანობა ეყრდნობოდა. ასევე შეიცვალა დისტრიბუცია: ცალკეულ ჟურნალისტებს ბევრად უფრო ფართო ასპარეზი მიეცათ, ვიდრე ამას ტრადიციული პლატფორმა ითვალისწინებდა. შეიცვალა ახალი ამბების მოპოვების ტემპი და საშუალებები. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს, რეალურ დროში შევკრიბოთ მასალა აქტუალური მოვლენების შესახებ. ტრადიციული ჟურნალისტური უნარები - სკეპტიციზმი და კითხვების დასმა გადამოწმების, დაზუსტებისა თუ მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით - უმნიშვნელოვანესია ახალი ამბების მომზადებისას, რათა საგულდაგულოდ გადაისინჯოს ფართო მასებისთვის გათვლილი კონტენტი. მაყურებლის პოზიციიდან, დიჯიტალიზაცია ინფორმაციის ფრაგმენტაციის მეტ შესაძლებლობას იძლევა - მაყურებელს შეუძლია უფრო „კომფორტულად მოირგოს“ მისთვის საინტერესო მედიასივრცე და თავი აარიდოს იმ ინფორმაციას, რომელიც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

2. თქვენი აზრით, მოქმედებს თუ არა დიჯიტალიზაცია უარყოფითად ტრადიციული ჟურნალისტიკის დამაჯერებლობის ხარისხზე (მაგ. ე.წ. „დადგმული“ ახალი ამბები)? თუ, პირიქით - ეხმარება ჟურნალისტიკას?

რაც შეეხება სიუჟეტის გადმოცემის ტექნოლოგიების ექსპანსიას მობილურ და ციფრულ პლატფორმებზე - ჩემი აზრით, ეს ყოველივე საინტერესო სიუჟეტების მომზადების მეტ საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, მცირე ასაკის მაყურებლისთვის ვიყენებთ „სნეპჩეტს“. თუმცა, ამერიკის მაგალითზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ აუცილებელია საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების კულტივირება. ყველა ინფორმაცია ერთნაირი არ არის.

3. როგორ უწყობს ხელს „სი-ენ-ენი“ საკუთარი თანამშრომლების ადაპტაციას მედიის მუდმივად ცვალებად სამყაროში?

ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ახალ პლატფორმებს შესაძლებლობებიც ახლავთ და რისკებიც. ტრადიციული მედიასაშუალებებისა და ბრენდად ქცეული მედიაპერსონალიების შემთხვევაში, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ახალი შესაძლებლობების ძიებისას შეცდომები უნდა ავირიდოთ. მაგალითად, როცა Twitter-ი „ახალი ხილი“ იყო, ჟურნალისტები შეცდომების, ზოგჯერ, სამსახურის დაკარგვის ხარჯზე სწავლობდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა 140 სიმბოლოს ლიმიტის ეფექტურად გამოყენება.

4. რამდენად შეიცვალა „სი-ენ-ენის“ დამოკიდებულება არატრადიციული ჟურნალისტური ტექნოლოგიების მიმართ ბოლო წლების განმავლობაში? (მაგ. facebook live+CNN? )

ყოველი ახალი პლატფორმა განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რადგან ინტერაქცია სხვადასხვა პრინციპით ხორციელდება. ესა თუ ის პლატფორმა შეიძლება საკმაოდ პოპულარული იყოს მოცემულ რეგიონში, თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, ამერიკულმა მედიამ შეიძლება ვერ მოიკიდოს ფეხი ამ პლატფორმაზე. როცა ვგეგმავ ამა თუ იმ მედიუმის გამოყენებას ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ჯერ ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელსაც სიუჟეტი უნდა მივაწოდო. მაგალითად, როდესაც ციხიდან ვაკეთებდი რეპორტაჟს, ინსტაგრამით გადავიღე ფოტოები „კულისებს მიღმა“, რათა სიუჟეტი უფრო საინტერესო გამოსულიყო. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ციხეში კამერის შეტანის უფლებას არ მომცემდნენ, ასეთი ფრაგმენტული კადრები კი მაყურებლის მოლოდინს აღვივებს. როდესაც ამა თუ იმ მოვლენის პირდაპირ რეპორტაჟს ვაკეთებ - ანუ, რეალურ დროში მიწევს საქმიანობა - მაგალითად, ვაშუქებ საპროტესტო აქციას ან სასამართლო მოსმენას (ჩემი ერთ-ერთი რეპორტაჟი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ასახავდა), ჩემი აზრით, Twitter-ი ყველაზე მეტად მოსახერხებელია. თანამედროვე სოციალური პლატფორმები მეტ აქცენტს აკეთებენ ვიდეოზე, თუმცა ვიდეო კადრებს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვთ - ისევე, როგორც, ფოტო კადრებს, ტექსტსა და პოდკასტებს. მთავარია დავსვათ საკვანძო კითხვა: რამდენად შესაფერისია ესა თუ ის პლატფორმა თუ ტექნოლოგიური საშუალება ჩემი ამბისთვის.

5. როგორ ემზადებიან მომავალი მედია პროფესიონალები სწრაფცვალებად მედია ინდუსტრიაში სამუშაოდ?

როდესაც გადაწყვეტთ მედიაინდუსტრიაში მუშაობას, უნდა გააცნობიეროთ, რომ მედიასფეროს ერთადერთი უცვლელი წესი მუდმივი ცვალებადობაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჟურნალისტური საქმიანობის ქვაკუთხედია მოქნილობა, ინტერესი, სკეპტიციზმი და სიმტკიცე. 2013 წელს შემამცირეს - ყველა იმ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც პოდკასტებს ქმნიდნენ „სი-ენ-ენისთვის“. ახლა ისევ პოდკასტებზე ვმუშაობთ. ტექნოლოგიები იცვლება, იცვლება ბიზნესმოდელიც, თუმცა ერთადერთი, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას განსაზღვრავს და არასდროს შეიცვლება, არის სიმართლის ძიება. შეგვიძლია დავხვეწოთ სიუჟეტები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თუმცა ჟურნალისტიკის არსი იგივე რჩება. ჟურნალისტის მთავარი იარაღია შეკითხვა, ის ეძიებს პასუხს, შემდეგ კი ხალხს უყვება, თუ რა აღმოაჩინა. არასტაბილურობის შეგრძნების მიუხედავად, ჟურნალისტობა მსოფლიოში საუკეთესო პროფესიაა - ის ერთგვარი საშვია ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

დატაფესტზე ერთ-ერთი სპიკერი ქართველი ვალენტინ გოგიჩაშვილიც იქნება. ის ცნობილი ვებგვერდის Zalando-ს საინჟინრო გუნდს ხელძღვანელობს. „ზალანდოში“ ის 2010 წელს მონაცემთა ბაზის გუნდის პირველი წევრი გახდა, რის შემდეგაც ის მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1. მოგვიყევით, რას აკეთებთ ზალანდოში?

ჩემი ამჟამინდელი პოზიციიდან გამომდინარე, რომელსაც ექსპერიმენტების, კვლევისა და მომხმარებელთა მიერ საიტების გამოყენების ისტორიის ანალიტიკოსი ჰქვია, პასუხისმგებელი ვარ მონაცემთა ანალიზის, ტესტირებისა და ექსპერიმენტული მომსახურებების შექმნასა და დახვეწაზე. ეს საშუალებას აძლევს „ზალანდოს“ ბინზეს სტრუქტურებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებზე იქნება დაფუძნებული და არა ინსტინქტებზე.

2. რა არის თქვენი სამუშაოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე რთული ნაწილი?

ჩემთვის „ზალანდოში“ მუშაობის ყველაზე საინტერესო მომენტი ის არის, რომ ჩემი სამუშაო ყოველწლიურად ვითარდება და იცვლება კომპანიის საოცრად სწრაფი განვითარების პარალელურად. ყველაზე დიდი გამოწვევა ადვილად გაყიდვადი პროდუქტის პოვნა და ისეთი მახასიათებლების შექმნაა, რომლებიც დეველოპერების, პროდუქტის მენეჯერებისა და ბიზნეს ანალიტიკოსების ცხოვრებას უფრო სწრაფად გახდის მარტივს.

3. რა როლი ითამაშა და რა შეცვალა მონაცემების გამოყენებამ თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში ბოლო რამდენიმე წელიწადში?

მონაცემები და შემოქმედებითი ინტელექტი უკვე ქმნიან სამყაროს ახალ ფორმას, პერსონალური თანაშემწეებით, კვლევის პერსონიზირებული შედეგებითა და რეკომენდაციებით დაწყებული და თვითმართვადი მანქანებით დამთავრებული.

4. რა პოტენციალი აქვს და როგორი გავლენის მოხდება შეუძლია ჩვენზე მონაცემების მოპოვებას და გაგებას?

სტატისტიკური და სამანქანო სწავლების ალგორითმებისთვის საჭირო მონაცემების მოპოვების უნარი ისეთივე მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ბიზნესის განსახორციელებლად, როგორც ათი წლის წინ ინტერნეტის საშუალებით მომსახურების მიწოდების უნარს ჰქონდა. თუ მონაცემები ხელში გიჭირავს, ბიზნესის ფარგლებში ბევრად უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება.

5. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში მონაცემების ანალიტიკის სფეროს განვითარებისათვის?

პირველ რიგში, უნდა გაჩნდეს მოთხოვნა - უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მონაცემების ანალიტიკა და მონაცემების კვლევა. რასაკვირველია, მოთხოვნას თვითონ ბიზნესები ქმნიან. და შემდეგ, უნდა იყოს მიწოდება - მაღალი დონის სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაზარდონ ტალანტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან სწორედ თანამედროვე ეპოქაში საჭირო ან მომავალში გამოსაყენებელი უნარებით.

ავტორი: თეკლა დოლიძე

ვიზუალური მასალა: Datafest Tbilisi