კულტურა

„ჯიბის კაცი“ და ნახატი ფილმები

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანა ჩუბინიძის ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთის 185 ფილმის კინოგაქირავებაში მოხვდა. ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის ავტორს, 27 წლის ანა ჩუბინიძეს სტატუს მომხმარებლები საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge საშუალებით ეხმარებოდნენ, რომ ნიუ-იორკში International Children's Film Festival -ზე საკუთარი ფილმის ჩვენებას დასწრებოდა. მას შემდეგ „ჯიბის კაცმა“ უკვე 12 ჯილდო მიიღო და კიდევ აგრძელებს ფესტივალებზე მონაწილეობას. "ჯიბის კაცი" 100-მდე საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული.    

ნოემბერი 06, 2017

Hello Blog

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანა ჩუბინიძის ფილმი „ჯიბის კაცი“ საფრანგეთის 185 ფილმის კინოგაქირავებაში მოხვდა. ეს არის პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქცია, რომლის ავტორს, 27 წლის ანა ჩუბინიძეს სტატუს მომხმარებლები საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge საშუალებით ეხმარებოდნენ, რომ ნიუ-იორკში International Children's Film Festival -ზე საკუთარი ფილმის ჩვენებას დასწრებოდა. მას შემდეგ „ჯიბის კაცმა“ უკვე 12 ჯილდო მიიღო და კიდევ აგრძელებს ფესტივალებზე მონაწილეობას. "ჯიბის კაცი" 100-მდე საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული.    

***

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაოცებდა ანიმაციური ფილმები და სერიალები. სულ ვაკვირდებოდი, როგორ იყო დახატული ესა თუ ის ფილმი. ისე მჯეროდა ანიმაციების, თითქმის ვერ ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფერს ადამიანები ქმნიდნენ. ხშირად ვხატავდი ჩემს საყვარელ პერსონაჟებს და ვოცნებობდი, რომ მეც ნახატ ფილმებში მეცხოვრა.

წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს ანიმაციურ პერსონაჟად და მაინტერესებდა, როგორი ვიქნებოდი დახატული, როგორ შეიცვლებოდა ჩემი სახე და კანი, კონტური მექნებოდა თუ არა და ასე, დაუსრულებლად. პატარა ნახატებიც ამიმოძრავებია და გადამიღია ჩემი ძველი კამერით. შემდეგ ისე მოხდა რომ, სხვა გზით წავედი და ანიმაცია არ მისწავლია.

„ჯიბის კაცის“ მოთხრობა ხუთი წლის წინ დავწერე. მაშინ წიგნებზე ვმუშაობდი და ეს იდეაც წიგნის შესაქმნელად მინდოდა. თუმცა, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ანიმაციური ფილმის შექმნის იდეა გაგვევითარებინა. ასე დავიწყეთ ფილმის ორ ქვეყანაში შექმნა: საქართველოში სტუდია „კვალი 21-ში“ და საფრანგეთში სტუდია „ფოლიმაჟში“.

მართალი გითხრათ, თავიდან საკმაოდ მეშინოდა ჩემი გამოუცდელობის, მაგრამ ამავდროულად, მჯეროდა, რომ სირთულეების მიუხედავად ყველაფერს შევძლებდი. მჯეროდა იმიტომ, რომ ბევრი ძლიერი ადამიანი მედგა გვერდში და ეს დიდ ძალას მაძლევდა.

საბედნიეროდ, გამიმართლა და ფილმის გადამღებ ჯგუფში მხიარული, ნიჭიერი, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები აღმოჩნდნენ. ისეთი რეჟისორები მუშაობდნენ ჩემს ფილმზე, რომელთა გაცნობაზეც ვოცნებობდი. ამ პროექტში ჩემი მიზანი გადაღების პროცესის სწავლა იყო, ამიტომ ვცდილობდი, არაფერი გამომპარვოდა და მუშაობის დროს ყველა დეტალს ვაკვირდებოდი.

ძალიან მიხაროდა, როცა ვხედავდი, თუ როგორი სიყვარულით და ენთუზიაზმით მუშაობდნენ ეს ადამიანები „ჯიბის კაცზე“. უზომოდ უხაროდათ, როცა აღფრთოვანებას გამოვხატავდი და ვამბობდი, რომ ზუსტად ასე მინდოდა ჩემი იდეების განხორციელება. ეს იყო საოცრება ჩემთვის. გარშემო ყველა მეხმარებოდა, ფილმი ჩემი სურვილების და ინტუიციის შესაბამისად შემექმნა და გადამეწყვიტა სცენარი, პერსონაჟები, ესა თუ ის სცენა ფილმში.

„ფოლიმაჟში“, ჩემს ფილმზე მუშაობის პარალელურად, ვაკვირდებოდი, როგორ ქმნიდნენ სხვა ფილმებს და სერიალებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი დიდი მონდომებით პასუხობდა ჩემს შეკითხვებს. მათგან გაზიარებული ყველა ინფორმაცია ჩემთვის გამოცდილების ტოლფასია და ძალიან ძვირფასია.

დაკვირვებით ვისწავლე, რომ პატარ-პატარა გუნდებთან მუშაობა უფრო ეფექტურია. ამ შემთხვევაში რეჟისორს საშუალება აქვს, დიდი დრო დაუთმოს თითოეულ წევრს, კარგად აუხსნას თავისი სურვილები და მოისმინოს მათგან რჩევები. ვფიქრობ, გუნდში მეგობრობა და ადამიანების ერთმანეთთან სიახლოვე შემდეგ პირდაპირ აისახება ფილმის ხარისხზე.

ფილმის მომავალზე იმ დროს არ ვფიქრობდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მას დასრულების შემდეგ. დღეს „ჯიბის კაცის“ ასეთი წარმატება ძალიან მახარებს, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უამრავ ადამიანს შეუყვარდა ეს ისტორია. განსაკუთრებით კი ბავშვების და ჟიურის შეფასებები მახარებს ხოლმე.

"ჯიბის კაცი" უამრავ ფესტივალზეა შერჩეული და მეც ხანდახან მასთან ერთად ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში. მიხარია, რომ ფესტივალებზე ბევრი ჩემთვის საყვარელი რეჟისორი, მხატვარი და ხელოვანი გავიცანი. ასევე ვესწრები ისეთი ანიმაციური ფილმების ჩვენებებს, რომელთა ინტერნეტში მოპოვებაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, ვისმენ მათ განხილვებს და რეჟისორების მონათხრობებს. ეს ყველაფერი პროფესიულად მზრდის და ახალი იდეების და შთაგონების წყაროა.

ჩემი დაკვირვებით დღეს ანიმაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული გულწრფელობაა - როცა რეჟისორი იმ თემაზე მუშაობს, რომელიც მისთვის მართლა მნიშვნელოვანია; ისეთ ტექნიკაში მუშაობს, რომელიც მართლა უყვარს და მოსწონს; როდესაც ახერხებს ისეთი ემოციის გაზიარებას, რაც მაყურებელს რაღაც ახალს აგრძნობინებს და გაზრდის. ვფიქრობ, არ არსებობს არანაირი ჩარჩო და ბარიერი ამ სფეროში და სრული თავისუფლების მიღწევა შეიძლება.

„ფოლიმაჟში“ მუშაობის დროს სურვილი გამიჩნდა, თბილისში შემექმნა პატარა სივრცე, სადაც მიღებული გამოცდილების და ცოდნის სხვებისთვის გაზიარების საშუალება მექნებოდა და მართლაც, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ელენე ჭიჭაშვილმა დავაარსეთ ანიმაციური ფილმების სტუდია ,რომელსაც სიმბოლურად „ჯიბის სტუდია“ დავარქვით. უკვე დავიწყეთ ახალ ფილმებზე მუშაობა, ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი საჯარო ღონისძიება ჩავატაროთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგროვილ ინფორმაციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და გავუზიარებთ სხვებს.

ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მთელი გულით მადლობელი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი ფილმის წარმატებაში. ყოველი მხარდაჭერა საყვარელ საქმეში უნიკალური შანსის გამხსნელია და ყველას დიდი მადლობა!

ავტორი: ანა ჩუბინიძე