სიახლეები

კოსმოსური ჰაკათონი, ანუ როგორ გადავსახლდეთ მარსზე?

- აუ, ფეხბურთის თამაში მეც მინდა, კარში ჩავდგები რა!

ოქტომბერი 23, 2017

Hello Blog

- აუ, ფეხბურთის თამაში მეც მინდა, კარში ჩავდგები რა!

- მთვარეზე კოოპერატივი არ გინდა?   

ეს დიალოგი ჩემსა და მეზობელ ბიჭებს შორის 90-იანი წლების დასაწყისში, ერთი თბილისური უბნის ეზოში შედგა. მეორე უბანთან სათამაშოდ გუნდს კრებდნენ, მნიშვნელოვანი თამაში იყო და 8 წლის გოგოსთვის კარის ნდობა ისეთივე მიუღწეველ ამოცანად ეჩვენებოდათ, როგორც მთვარეზე კოოპერატივის გახსნა.

დღეს ჩემი და კიდევ 5 გოგოს მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია კოსმოსურ ჰაკათონს ატარებს, რომლის საპატიო სტუმარი ნასას ასტრონავტი ქალია. დედამიწელი გოგოები და ბიჭები კი მთვარეზე კოოპერატივის გახსნისთვის კი არა მარსის კოლონიზაციისთვის ემზადებიან სრული სერიოზულობით.

არადა იმ ამბიდან სულ 27 წელი გავიდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ნასასთვის კოსმოსში არაერთი მისიის გასაგზავნად, მეცნიერებისთვის გრავიტაციული ტალღების არსებობის დასამტკიცებლად, დედამიწელი გოგოებისთვის კი იმის დასაჯერებლად, რომ კარგად გამოგვდის ინჟინერიაც, კოდის წერაც და კოსმოსის დაპყრობაც.

ამის ცოცხალი მაგალითი კოსმოსური ჰაკათონის სტუმარი ჰაიდი ფაიფერია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მაგისტრი ინჟინერიაში, ამერიკის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ასტრონავტი 1996-2009 წლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში - Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

1-3 დეკემბერს ჰაიდი ფაიფერი კოსმოსური ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ჰაკათონის მონაწილეებმა უნდა დაწერონ აპლიკაცია, მოიფიქრონ ტექნიკური/საინჟინრო გადაწყვეტა, შექმნან დიზაინი - ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ადამიანს მარსზე გადასახლებამდე, გადასახლებისას ან გადასახლების შემდეგ გამოადგება, გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას, შეუქმნის კომფორტს და თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. გუნდი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე: http://bit.ly/SpaceHakhaton 

გამარჯვებულ გუნდს ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად თიბისი გაამგზავრებს. უვიზოდ. კიდევ ერთი რამ, რაც ამ 27 წელიწადში მოვასწარით.

მაშინ იმ 8 წლის გოგოსთვის ეს ყველაფერი ვინმეს რომ მოეყოლა, ვერაფრით დაიჯერებდა. დღეს დაუჯერებელი უკვე ის არის, როცა ვინმეს ამ პროგრესის შეუქცევადობის არ სჯერა.

ჰოდა, 27 წლის შემდეგ რომელიმე 8 წლის გოგოს ბიჭებთან ერთად თამაში რომ მოუნდება და ეტყვის:

„აუ ფეხბურთის თამაში მეც მინდა, კარში ჩავდგები რა“

მეორე მხრიდან ვეღარაფერს უპასუხებენ. იმიტომ, რომ ზუსტად ეცოდინებათ - გოგოებისთვის, ბიჭებისთვის, ადამიანებისთვის შეუძლებელი არაფერია.

ავტორი: ქეთი ბოჯგუა