სიახლეები

თბილისი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს

21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს დაეთმობა.

ივნისი 01, 2017

Hello Blog

21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს დაეთმობა.

ფესტივალი წელს დაფუძნდა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია.

21 ივნისს ფესტივალი ა.კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. პირველ საპრემიერო სპექტაკლს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსიას“ ნახვა მაყურებელს 23 და 25 ივნისსაც შეეძლება.

საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გასტროლი იქნება. თბილისში NDT 2 პირველად ჩამოდის.

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 მსოფლიოს ერთერთი წამყვანი თანამედროვე დასია, რომელსაც ქორეოგრაფი პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს.

ჰოლანდიური დასის წარმოდგენებს ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი მაყურებელი ჰყავს მთელს ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში. დაარსებიდან (1959 წ.) დღემდე ამ მეამბოხე დასმა, რომელიც მუდამ სიახლეებისკენ ისწრაფვის, მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომელიც 600-ზე მეტი სპექტაკლისგან შედგება. მათი ავტორები არიან ლეგენდარული ირჟი კილიანი, ჰანს ვან მანენი, ასევე ქორეოგრაფები სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი.

NDT 2 თბილისში ორ სპექტაკლს გამართავს და 28 და 29 ივნისს სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს ქართველ მაყურებელს.

30 ივნისს წარმოდგენილი იქნება ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები (რუსეთი) ეკატერინა კრისანოვა (ჩელიტა) და ვლადისლავ ლანტრატოვი (ბაზილი). 

1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც ქართველ სოლისტებთან ერთად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას : ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, მოსკოვი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალია ტანიკპაიევა, გერგელი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური თეატრი). გალა კონცერტზე ასევე, იცეკვებს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.