განათლება თაობა

სტიპენდიატების ბლოგი

იანვარი 08, 2024

თიბისი, 30 წლიანი არსებობის მანძილზე, მრავალი ისეთი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია, რომელიც ახალი თაობის განვითარებას, გაძლიერებასა და მათი განათლების ხელშეწყობას ემსახურება.

ასეთი პროექტების მეშვეობით, ახალგაზრდებსს მიეცათ საშუალება, აღმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები და გაეღრმავებინათ ცოდნა სხვდასხვა მიმართულებით.

გაეცანით ახალი თაობის წარმატებულ წარმომადგენლებს, რომლებმაც თიბისის მხარდაჭერით, განათლების მიღება საერთაშორისო, წამყვან სასწავლებლებში გააგრძელეს:

სოფო ჩიქოვანი


სოფომ განათლება, ერთ-ერთ წამყვან, კულინარიულ სკოლაში - “ჰოფმანში” მიიღო, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს. მისი საქმიანობის სფერო კონდიტერიაა და საკუთარ მცირე ბიზნესსაც ფლობს.


"განჯინას საკონდიტრო" სოფოს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მისი დილა 06:00 საათზე იწყება და საკონდიტროს სრულყოფილად გახსნისთვის მომზადებას ეთმობა. დღის პირველ ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რათა სტუმრებს გემრიელი ტკბილეულობით გაუმასპინძლდეს. მეორე ნახევარს კი მენეჯმენტის მიმართულებას უთმობს.


საკმაოდ დატვირთული ყოველდღიურობის პატრონი კონდიტერი, მაინც ახერხებს, რომ დრო განათლებას დაუთმოს. სოფო პოლიგლოტია, უკვე 5 ენას ფლობს და ენების შესწავლა მის ჰობად იქცა.

"განათლება გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ თავისუფლები, სულ წინ და წინ მივდიოდეთ, ვაკეთოთ ლოგიკური დასკვნები და ვიცხოვროთ ბედნიერად.

თიბისიმ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში და სწორედ იმ მომენტში დამიდგა, გვერდში როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა"

სოფო ჩიქოვანი, კონდიტერი

ნიკოლოზ სვანიძე


დაამთავრა კომაროვის სკოლა, ახლა სწავლობს ფინეთში, აალტოს უნივერსიტეტის, გამოთვლითი ინჟინერიის ფაკულტეტზე.


ინჟინერიის შესწავლას დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება, ამიტომ ნიკოლოზის სრული დღე სწავლას ეთმობა. ყოველ დილით უნივერსიტეტის გზას მიუყვება. ლექციების შემდეგ კი, საღამომდე, კამპუსშივე, მეცადინეობს.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გართობას, კომპიუტერზე თამაშს ან ქალაქიდან მოშორებით, სუფთა ჰაერზე გასერინებას უთმობს.

"განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანისთვის. განსაკუთრებით დღესდღეობით, უმაღლესი განათლების გარეშე, წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. თიბისის სტიპენდიანტის სტატუსი უპირატესობას მანიჭებს, როდესაც კონკურენციაში შევდივარ და სხვადსახვა პროექტში მონაწილებას მიღებას ვცდილობ."

ნიკოლოზ სვანიძე

ლერი ხუფენია 


ლერი კოლუმბიის უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრია.

მისი საქმიანობის სფერო გეოპოლიტიკური რისკებისა და სტრატეგიის ანალიტიკაა.


ლერის ინტერესები მრავალმხრივია. ჰობის სახით ეცნობა სპორტს, კულტურასა და ხელოვნებას. ცდილობს შეიმეცნოს რელიგია, ტექნოლოგიები და მეცნიერება.


პოლიტიკური კონსულტანტის ყოვლდღიურობა, როგორც თავად გვიხასიათებს, დინამიური, წინაამღდეგობრივი, ცვალებადი და ოპტიმისტურია.


ლერი თვლის, რომ განათლება თითოეული ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა. ის ეყრდნობა კაცობრიობის ისტორიას, რომელიც ცხადჰყოფს, რომ მთელ რიგ ერებში, განთლება არის გამყოფი ხაზი სიბნელესა და სინათლეს, მონობასა და თავისუფლებას შორის.

"გზა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტობამდე არც თუ ისე მარტივი გახლდათ, მთელი რიგი ფინანსური და ბიუროკრატიული ბარიერების გამო. თიბისის უპირობო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, არამხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც. თიბისის გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემი მიზნის რეალიზებაში"

ლერი ხუფენია

დათა ჩალათაშვილი

 

ესპანეთის კალათბურთის, ერთ-ერთი საუკეთესო, აკადემიის მოსწავლე დათამ

სწავლა საგარეჯოს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში დაიწყო.


საქართველოში 10 კლასის გავლის შემდეგ, მე-11 ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულა. ამჟამად ესპანეთში იმყოფება და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი კალაბურთს უკავია. შეიძლება ითქვას, რომ მისი ჰობიცა და პროფესიაც ესაა. შესაბამისად, წარმატებულ მომავალში, თავს პროფესიონალ კალათბურთელად ხედავს.

"განათლება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დასაქმდეს მაღალ ანაზღაურებადი სამსახური. თიბისიმ მომცა საშუალება, ამესრულებინა ჩემი ოცნება და დიდი წვლილი შეიტანა ამაში. როდესაც რამე მჭირდება, ყოველთვის გვერდში მიდგანან და ძალიან დიდი მადლობა და პატივისცემა თიბისი ამისთვის"

დათა ჩალათაშვილი

ნინო ჩიხელიძე - პიანისტი


ახალგაზრდა პიანისტი, ნინო ჩიხელიძე, ამჟამად შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის, მალმოს მუსიკის აკადემიის, საშემსრულებლო ფაკულტეტზე სწავლობს.


ნინოს დღე, ინსტრუმენტებთან ერთად, დილის 8 საათზე იწყება. ინდივიდუალური გაკვეთილები, რეპეტიციები, სემინარები, რამდენიმე საათიანი მეცადინეობა და კონცერტები მის ყოველდღიურ ციკლს ქმნის. როგორც თვითონ გვიზიარებს, ეს ყველაფერი შეიძლება მოსაწყენად ჟღერდეს, თუმცა როდესაც მუსიკასთან გაქვს შეხება, იმთავითვე ბევრი ფერი ურევია შენს ცხოვრებას.

"ამბობენ, რომ განათლების მიღებისთვის სწრაფვა, გიღებს ყველა იმ კარს, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად მიგაჩნდა. ჩემს შემთხვევაში, ეს ნამდვილად ასეა - სწორედ ამ კარის გაღებაში დამეხმარა თიბისი. ყველა სტუდენტმა, რომელიც სწავლას უცხოეთში აგრძელებს, იცის თუ რამდენ სირთულესთანაა დაკავშირებული ეს საკითხი და ამ გზაზე, თითოეული დახმარება ფასდაუდებელია. თიბისის დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს იმ უნივერსიტეტში ვსწავლობ, რომელიც მსოფლიოს ასეულშია შესული!"

ნინო ჩიხელიძე

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიაღწიონ წარმატების მწვერვალებს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.