აპრილი 12, 2022
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტმა“ პირველი მასშტაბური Startup-მარათონი დაიწყო.
პროექტი, რომელიც უკვე ერთი თვეა წარმატებით მიმდინარეობს, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მეწარმეობის უნარების ამაღლება-დახვეწას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას და საუკეთესო ბიზნესიდეის გამოვლენა-დაჯილდოებას ისახავს მიზნად.
Startup-მარათონი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი თებერვალში დაიწყო და პროექტში განაცხადების შეტანას გულისხმობდა.
128 განაცხადიდან 15 გუნდი შეირჩა, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე, 12-დან 29 მარტის ჩათვლით, ტრენერებთან ერთად ბიზნესიდეები შემდეგი ძირითადი საკითხების მიხედვით დაამუშავეს:
- იდეიდან პროტოტიპამდე
- პრეზენტაციის/Pitch-ის მომზადება
- ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავება
- რესურსებისა და ინვესტორების მოზიდვა
„ეს ეტაპი გულისხმობდა გუნდების ექვს 3-3 საათიან შეხვედრას და მუშაობას ტრენერებთან. ამ შეხვედრებზე დაწვრილებით ვისაუბრეთ იდეებზე, პრობლემებზე, რომლებიც უნდა მოაგვარონ კონკრეტულმა ბიზნესებმა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვისაუბრეთ იდეების გენერაციაზე.
გუნდებმა დახვეწეს ბიზნეს იდეები და პოტენციური პროდუქტი საბოლოო სახემდე. განვიხილეთ ინვესტორების მოზიდვის გზები, პოტენციური მომხმარებელი და მასთან ურთიერთობის საშუალებები.
რამდენიმე საათი დაეთმო ბიზნესმოდელის დახვეწას, კომერციალიზაციას და ბოლოს გადავედით ინვესტორებთან წარდგენის ეტაპზე, სადაც გუნდებს ავუხსენით, როგორ მზადდება პრეზენტაცია, რომელიც მათ ამ პროექტის ფარგლებში ჟიურის, რეალურ ცხოვრებაში კი ინვესტორს უნდა წარუდგინონ.“ - ამბობს „ლემონდუს“ პარტნიორი, მეწარმეობისა და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი გიორგი ყანჩაველი, რომელმაც Startup-მარათონის გუნდებთან 2 კვირის განმავლობაში იმუშავა.
შემდეგ ეტაპზე პროექტის მონაწილე 15 გუნდი უკვე მენტორებთან ერთად პრეზენტაციის/Pitch-ის დახვეწაზე იმუშავებს.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენტორები ახალგაზრდა მეწარმეებისგან, პირველ რიგში, ინოვაციურ იდეებს ელოდებიან.
UX & UI დიაზინერი, ტრენერი და მენტორი, თემო ბარათაშვილი, რომელმაც Startup-მარათონის მონაწილეებთან იმუშავა, ამბობს, რომ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდების აქტიურობა, პრობლემებზე და მათ გადაჭრაზე ორიენტირებულობაა:
„უფროსი თაობისგან განსხვავებით, ვინც მუდმივად სახელმწიფოსგან ელოდება კეთილდღეობას, ამ პროექტის მონაწილეები თავად ფიქრობენ პრობლემების მოგვარებაზე. ბიზნესიდეები, ძირითადად, სწორედ აქედან მოდის.
ამ ყოველდღიური, რეალური პრობლემების მოგვარებით, ისინი რამდენიმე საქმეს აკეთებენ - ერთი მხრივ, საკუთარ განვითარებაზეც ზრუნავენ და პლუს, წვლილი შეაქვთ გარემოს გაუმჯობესებაშიც, იქნება ეს კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა თუ სამუშაო ადგილების შექმნა.
მსგავსი პროექტები სწორედ ამ მხრივაა მნიშვნელოვანი - ისინი ხელს უწყობს ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოსისტემის განვითარებაში.“
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ტრენერი და მენტორი ზურაბ პერტაიაც, რომელიც Startup-მარათონის მონაწილეებთან 1-დან 20 აპრილამდე, მენტორის ამპლუაში იმუშავებს:
„მეწარმოების უნარების განვითარება, პირველ რიგში, ახალგაზრდებს წაადგებათ საკუთარი სტარტაპის შესაქმნელად. მეორე მხრივ კი, ასეთი პროექტები ქვეყნის ეკოსისტემის მუდმივ განვითარებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, ასეთ ახალგაზრდებს დავეხმაროთ სტარტაპ-აზროვნების განვითარებაში და თავიანთი ინოვაციური იდეების რეალიზებაში, რაც მათ მოტივაციასაც აუმაღლებს.“
პრეზენტაციის და ბიზნესმოდელის დახვეწის შემდგომ, 27 აპრილს, მარათონის 15 მონაწილე გუნდი ჟიურის წინაშე წარსდგება.
თიბისი ახალი თაობისთვის და სტარტაპერი ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარიან ჯილდოს გადასცემენ საკუთარი სტარტაპ იდეის განსახორციელებლად.
ალტე უნივერსიტეტი მხარს დაუჭერს გამარჯვებულ გუნდებს, დაეხმარება მათ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობის მიღებაში, სპონსორის მოძიებაში და მისცემს მათ საშუალებას ისარგებლონ „ Start-up გარაჟის” სერვისებით საკუთარი ბიზნესიდეის გასავითარებლად.