მუსიკა | ცა

ერთი სიმღერის ორი ისტორია

Singing in The Rain

დეკემბერი 04, 2019


ისტორია


მელოდია "წვიმაში მომღერალი" ნასიო ჰერბ ბრაუნმა, ხოლო ტექსტი - არტურ ფრიდმა დაწერა. სიმღერა პირველად 1929 წელს, ერთ-ერთ პირველ ხმოვან ამერიკულ ფილმში „ჰოლივუდის რევიუში“ გაისმა, რომელსაც წვიმის ქვეშ სასაცილოდ ატუზული კლიფ ედვარდსი ასრულებდა. ყველასთვის საყვარელი მელოდია მოგვიანებით, ჯინ კელისა და სტენლი დონენის 1952 წელს გამოსული ფილმის („წვიმაში მომღერალი“) შემდეგ გახდა. 1971 წელს კი, წვიმაში მომღერალი ბედნიერი კაცის სიმღერა ისევ გაისმა ეკრანზე, ოღონდ ამჯერად, სტენლი კუბრიკის კრიმინალურ დრამაში „მექანიკური ფორთოხალი“.

 

ამერიკის კინოინსტიტუტმა 2004 წელს „მე-20 საუკუნის ამერიკული კინოს 100 საუკეთესო სიმღერის“ სია გამოაქვეყნა. ჯინ კელის ფილმში შესული ეს სცენა, მესამე ადგილზე გავიდა. 


მე პირიქით აღმოვაჩინე. ამ მელოდიას ჯერ ყველაზე სასტიკ ფილმში, ყველაზე სასტიკი სცენის ყურებისას მოვუსმინე, სადაც ნიღაბაკრული, თეთრ კომბინეზონსა და შავ ცილინდრის ქუდში გამოწყობილი ფილმის მთავარი გმირი, თავის “ბრატებთან“ ერთად, დაუნდობელი დანაშაულის ჩადენის წინ მას სიამოვნებით, აღტაცებით, დიდი კმაყოფილებით ღიღინებდა. ტექსტი ბუნდოვნად დამამახსოვრდა, ის თითქოს „წვიმაში მოცეკვავე ბედნიერი კაცის“ შესახებ იყო. მაგრამ მთელი ეს ეპიზოდი იმდენად ძლიერი და შთამბეჭდავი იყო, რომ ზუსტად იმ წამიდან, ის ჩემთვის ძალადობისა კადრებთან, შავი სამხედრო ბათინკის მუცელში ჩარტყმის ყრუ ხმასთან გადაიჯაჭვა. რამდენიმე წლის შემდეგ, ნაცნობ მელოდიას ისევ მოვკარი ყური. ხმა ტელევიზორიდან მოდიოდა. ეკრანზე, შლიაპასა და მუქ კოსტიუმში გამოწყობილი, 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობის მამაკაცი იყო. ქოლგით ხელში, ქუჩაში საშინელ წვიმაში ცეკვავდა და ბედნიერებისგან გასხივოსნებული - განათების ბოძს შემოხვეული მღეროდა. ის, ამ სამყაროში ყველაზე ბედნიერი, ყველაზე შეყვარებული და ყველაზე ლაღი ადამიანი იყო. როგორ შეიძლება ერთი და იგივე მელოდია ასე მოერგოს ძალადობისა და ბედნიერების სცენებს? დავიბენი. 


ისტორია 1


„მექანიკური ფორთოხალი“ ჯერ კიდევ სტუდენტობისას ვნახე. სტენლი კუბრიკის სტილიზებულ ძალადობას თვალებგაფართოებულმა ვუყურე. როსინის სიმფონია და ბეთჰოვენის კოპებშეკრული პორტრეტი ღრმად ჩამებეჭდა ალეკსის საძინებლის აჩქარებულ კადრებთან, ხალხის ცემა-ტყეპასთან, თვალებში გათხრილ რკინის ჯოხებთან და გადავწყვიტე - ალეკსზე (მალკოლმ მაკდაუელის გმირი) საზიზღარი და ამავე დროს მასზე მაგარი კინოგმირი, ჯერ არ მინახავსმეთქი. მახსოვს, მაშინ ამ აზრის ცოტა შემეშინდა კიდეც, ვერაფრით გადამეწყვიტა ვინ იყო სინამდვილეში ალეკსი - დაუნდობელი დამნაშავე თუ ბოროტების სისტემის მსხვერპლი? ფილმის ნახვის შემდეგ ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანი წავიკითხე. მეგონა, როგორც ყოველთვის - წიგნს დავხურავდი და კმაყოფილი სახით აგერ უკვე მერამდენედ ვიტყოდი - „ნუ რა თქმა უნდა, პირველწყარო ჯობია“. მაგრამ ასე არ მოხდა.


კუბრიკის შექმნილი კინოსახეები, თავისი წარმოუდგენელი მხატვრობითა და მუსიკალური ფონით, ისე მყარად გამაგრებულიყო ჩემს თავში, რომ ფილმიდან ვერაფრით გამოვედი. ვკითხულობდი არასრულწლოვან დამნაშავეებზე ბერჯესის ისტორიას და კუბრიკის სცენებს ვხედავდი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა „კოროვა მილქ ბარის“ ფუტურისტული, მოგრძო ოთახი, შიშველი ქალის ფორმის მაგიდებით, ალეკსის საწოლის ქვეშ მოფუთფუთე გველი და ციცქნა სამზარეულოში მოკალათებული დედამისი - ღაჟღაჟა იასამნისფერი პარიკითა და შავი ტყავის კაბით. კიდევ, მწერლის სახლი, სადაც 4 „ბრატი“ ერთ-ერთ მორიგ, სასტიკ დანაშაულს ჩაიდენს. ამ სცენას თავისი ისტორია აქვს. როგორც თავად ამბავს, ასევე გადაღებას. 

1944 წელია. უკვე 2 წელია გასული მას შემდეგ, რაც ენტონიმ ცოლად ლინი მოიყვანა. მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, ორსული ლინი სამსახურიდან სახლში ბრუნდება. გზაში მას 4 მოძალადე ესხმევა თავს. ამერიკელი ჯარისკაცები არიან, დეზერტირები. ლინი გაქურდეს, მაგრად სცემეს და საქორწინო ბეჭდის მოძრობის მიზნით, კინაღამ თითიც გაიყოლეს თან. ლინს ორსულობა უწყდება. ამბობდნენ, ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაო, რომ სმა დაიწყო, რომ რთული გახდა, რომ მერე ღვიძლის დაავადება დაემართა. ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ ქალი იმ ღამით გაუპატიურების მსხვერპლი გახდა და რომ ბერჯესმა, ზუსტად ეს სცენა აღწერა 1962 წელს გამოსულ რომანში „მექანიკური ფორთოხალი“ -  როდესაც მისი მოძალადე „ბრატები“ მწერალთან (ისევე, როგორც ბერჯესი) შედიან სახლში,  სასტიკად სცემენ და მის ცოლს, მის თვალწინ აუპატიურებენ. მართალია, თავად ბერჯესსაც და მის ბიოგრაფსაც არაერთხელ უთქვიათ, რომ ლინიზე განხორციელებული ძალადობა სექსუალური ხასიათის არ ყოფილა, თუმცა ფაქტია,  ამ სცენაზე საუბრისას ყველა და ყოველთვის, ბერჯესის ცოლს იხსენებდა. 

კუბრიკი არ იყო ის რეჟისორი, რომელიც მსახიობს დაუჯდებოდა და მის როლზე საუბარს დაუწყებდა, მასთან ერთად გამოძერწავდა ეკრანულ სახეს და ყველა კითხვაზე, გულდასმით გასცემდა პასუხს. „დაგიქირავე, არა? დაგიქირავე! მწერალი კი არ ვარ! შენი საქმეა მოიფიქრო. მიდი, ითამაშე!“ - პასუხობდა ხოლმე 27 წლის მაკდაუელს. ეს სცენაც, ისევე როგორც დანარჩენები სცენარში საკმაოდ სიტყვაძუნწად იყო აღწერილი: „ბანდა შედის სახლში, მწერალს აგორებენ კიბეებზე, რაღაცეებს ისვრიან ფანჯრიდან“. მორჩა. სინამდვილეში კი ის ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაღები ეპიზოდი აღმოჩნდა. 3 დღე იღებდნენ. კამერა მუდმივად ჩართული იყო, მაგრამ რაღაც არ გამოდიოდა, არ ვარგოდა. წინა დღეებში, ფილმის ბოლო ეპიზოდი გადაიღეს, როდესაც „განკურნებულ“ ალეკს საავადმყოფოში ჟურნალისტები აკითხავენ. 74 დუბლი ჩაწერეს. მაკდაუელი სრულიად გათანგული იყო, გადაღლილი. ამბობდა - „ფილმს გენიალური ფინალი აქვს და ახლა ეს სცენა, სტენლიმ თავად მოიფიქროსო“. კურბიკი რამდენიმე დღე ისტერიულად ცვლიდა ინტერიერში ავეჯს. ეგონა, აქ უშლიდა რაღაც ხელს, რომ მათი გადადგილებით, ეპიზოდი გამოვიდოდა. 

უცებ გონება გაუნათდა - „მალკ“, - გასძახა იატაკზე მიგდებულ მაკდაუელს, - „შეგიძლია იცეკვო?“; -„ვიცეკვო? რა თქმა უნდა კი!“, - უპასუხა თეთრ კოსტიუმსა და შავ ბათინკებში გამოწყობილმა „მოძალადემ“. – „საიდან გაგახსენდათ ეს მელოდია? ის ხომ ბედნიერებასთან ასოცირდება?“ - ჰკითხეს ფილმის გამოსვლის შემდეგ მაკდაუელს; -„ჯერ ერთი, ეს ერთადერთი სიმღერა იყო, რომლის ტექსტიც სანახევროდ ვიცოდი და მეორე, ის ხომ ჰოლივუდის საჩუქარია! საჩუქარი, რომელიც მან ამ ეიფორიულ სამყაროს მიუძღვნა. ეს კი ზუსტად ის ეიფორიაა, რასაც ჩემი გმირი, იმ წუთას გრძნობს“.

„Siiinging in the rain, Just siiinging in the rain” 

ღიღინებს თავისთვის და მძიმე ბათინკს, ენერგიულად ურტყამს ძირს დაგდებულ, გაკოჭილ, პირში ბურთჩატენილ ასაკოვან მწერალს. “Doo-doo-doo-doo-doo” - აგრძელებს ისევ და ნელი ტემპით, ქალს წითელ კომბინეზონს მაკრატლით უჭრის. 


2 საათში სტენლის სიმღერაზე უფლება ნაყიდი ჰქონდა. 10, 000 დოლარად ბედნიერების ეს ჰიმნი, ძალადობის კულმინაციად იქცა. 

„ბავშვობაში ვნახე კუბრიკის ეს სცენა და დავმუნჯდი“, - წერდა ერთ-ერთი ამერიკელი ბლოგერი, -„მე ხომ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ამას ჯინ კელი ასრულებდა, ვიცოდი რა ბედნიერი იყო ის ამ დროს და რასთან ასოცირდებოდა ეს სიმღერა. კუბრიკის ფილმის ნახვის შემდეგ კი, ერთი თვე მაინც, ამ სიმღერის ატანა აღარ შემეძლო, ეგრევე გაუპატიურების სცენა მიდგებოდა თვალწინ. არა, ეს სცენა ყველაზე საშინელია ჩემთვის კინოს ისტორიაში. საზიზღარია და მასში არაფერია „დიდებული“. საერთოდ არაფერი“. 


ისტორია 2


ეკრანზე 50-იანი წლებია. ნიუ-იორკი. ორსართულიანი აგურის სახლის კიბეებზე ორნი დგანან. ქალი (დები რეინოლდსი) და მამაკაცი (ჯინ კელი). ერთი მომღერალია და მეორე ცნობილი მსახიობი. მათი ურთიერთობა არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. წვიმის ქვეშ, ისინი პირველად კოცნიან ერთმანეთს. - „ღამე მშვიდობისა კეტი, ხვალამდე; - ღამე მშვიდობისა დონ, თავს გაუფრთხილდი. ახლა უკვე დიდი მომღერალი ხარ, ხომ არ დაგავიწყდა?“, - ეუბნება ქალი მამაკაცს და პიჯაკის საყელოს უსწორებს. თან, კალიფორნიის წვიმიან ამინდზე ამბობს რაღაცას. - „მართლა?, - პასუხობს ყურებამდე შეყვარებული მამაკაცი, - მე კიდევ მგონია, რომ ყველგან მზე ანათებს“. კიდევ ერთი ნაზი კოცნა და ქალი სახლში შედის. ეს კი, დგას. გაშეშებული და ბედნიერი. აწვიმს. კიბეებზე ნელა ეშვება და ბავშვური, გულუბრყვილოდ აღტაცებული მიმიკით მძღოლს ანიშნებს - გამეცალეო. ფეხით უნდა წავიდეს, უნდა დასველდეს, სულ უნდა გაილუმპოს ამ წვიმაში. ბედნიერია, ყველაზე ბენდიერი. Doo-doo-doo-doo-doo - იწყებს სიმღერას და სახეს ხარბად უშვერს წვიმის წვეთებს:


“Im singing in the rain, Just singing in the rain,

What a glorious feeling, Im happy again,

I'm laughing at clouds, So dark up above,

The sun's in my heart and I'm ready for love”.


ჯინ კელი ამ ფილმის „წვიმაში მომღერალი“ („Singing in the Rain”, 1952წ.) რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელია. საკმაოდ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, ქორეოგრაფი, სცენარისტი, მომღერალი და პროდიუსერი იყო. “ოსკარიც“ ჰქონდა აღებული კინოში შეტანილი წვლილისათვის. მისმა გმირმა ჰოლივუდის ამ ცნობილ მიუზიკლში  ხომ ამ წუთას მიაცილა სახლში საყვარელი ქალი და პირველი კოცნაც დაიმსახურა. გახარებული, წვიმის გუბეებში იწყებს ცეკვას. 4 წუთით ეკრანზე სრული ბედნიერება სუფევს. ბედნიერება, რომელსაც 19 წლის შემდეგ სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი „მექანიკურ ფორთოხალში“  ნაკუწებად აქცევენ. 

„მექანიკური ფორთოხალი“ დიდი  ბრიტანეთის კინოგაქირავებაში სულ რაღაც 2 წელი იყო. კუბრიკი მუქარით სავსე წერილებს იღებდა, სადაც მას და მისი ოჯახის წევრებს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ამას გარდა, ქვეყანაში ძალადობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, როდესაც მოძალადეს ალეკსისავით ეცვა და ნაცნობ მელოდიას  ღიღინებდა. სწორედ ამიტომ, რეჟისორის თხოვნით ის დიდ ბრიტანეთში გაქირავებიდან ამოიღეს და მხოლოდ სტენლის გარდაცვალების შემდეგ, 29 წლის მერე დააბრუნეს ეკრანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მალკოლმ მაკდაუელმა არაერთი საინტერესო სახე შექმნა კინოში, ის ყოველთვის და ყველასთვის, კრიკეტის ატრიბუტიკით, შავ ცილინდრიან მოძალადე ალეკსად დარჩა, რომელსაც ცალ თვალზე, ვეებერთელა ხელოვნური წამწამი ჰქონდა დაკრული. 

თავისი ფილმები მალკოლმ მაკდაუელს შვილებისთვის არასდროს უჩვენებია. „იცოდნენ, რომ მსახიობი ვიყავი, მაგრამ რატომ უნდა მეჩვენებინა ჩემი სისხლიანი ფილმები. მე ხომ მათთვის მამა ვარ, მამა”, - მითხრა რამდენიმე წლის წინ, როდესაც გადაღებებზე შევხვდი. მისი ქალიშვილი ლილი 18 წლის იყო, აღმოსავლეთ სანაპიროზე, კოლეჯში რომ გადავიდა სასწავლებლად. მამის არცერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი. ერთ დღეს კი გაოცებულმა დაურეკა – „მამ, გაგიკვირდება, შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ აქ ბავშვებს შენი პლაკატები აქვთ გაკრული“. -„აზრზე არ იყო, ვინ ჯანდაბა ვიყავი“, – მეუბნება მალკოლმი. როდესაც მისი ფილმების რეტროსპექტივა გამართეს, ლილიმ კოლეჯში პირველად ნახა მამა “მექანიკურ ფორთოხალში”. - “რა სახე ჰქონდა, უნდა გენახა, - ამატებდა თვითონაც შეშფოთებული - კუთხეში იდგა, გაფითრებული, ატუზული“.  

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი