თიბისელები

შემოქმედებითი მათემატიკოსების გუნდი

ივლისი 10, 2018

პრინცის Avalanche მისი საყვარელი სიმღერაა. ამ სიტყვის ჟღერადობა მოეწონა და ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტსაც ეს სახელი დაარქვა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ „Avalanche” ზვავს ნიშნაავს, ზვავს რომელიც თავიდან ძალიან პატარაა, შემდეგ კი ისე იზრდება, რომ უზარმაზარი ძალად იქცევა. ასე მოხდა თიბისის ბიზნესის ანალიზის განყოფილების შემთხვევაშიც, რომელიც წლების წინ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, ახლა კი უკვე დიდი განყოფილებაა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ადგილი უჭირავს.

კოტე ხოფერია ბიზნესის ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელია

2002 წელს, როცა უნივერსიტეტი დაამთავრა მაშინვე ბანკში მოხვდა. თავიდან მოლარე ოპერატორობით დაიწყო და მალევე თიბისიში იპოთეკური სესხების პროდუქტის მენეჯერად გააგრძელა მუშაობა. 

„ალბათ მაშინ მთელს კომპანიაში სულ 700 ადამიანი ვმუშაობდით. მთელი საცალო გაყიდვების განყოფილებაში 6 ადამიანი ვიყავით და ფაქტობრივად ყველა ყველაფერს ვაკეთებდით. შემდეგ ბიზნეს პროდუქტების თემიდან ეტაპობრივად გადავედი ანალიტიკის მიმართულებით. რამდენიმე თვეში მეორე ადამიანი შემომემატა, შემდეგ მესამე... კონკურენციამ და მსოფლიო ტენდენციებმა გვიბიძგა, რომ ჩვენც ავყოლოდით ტემპს. ამ დროს გზა გაუკვალავი იყო და ზუსტად ისიც არ ვიცოდით, რამდენად დიდი სარგებელი შეიძლებოდა ანალიტიკისგან მიგვეღო. შესაბამისად, ვფრთხილობდით და ნელ-ნელა ვვითარდებოდით. დღეს კომპანიაში ანალიტიკა გადაწყვეტილებების მიღების ამოსავალი წერტილი გახდა. ამ მიმართულებაში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და დავიწყეთ მუშაობა ერთი მხრივ ტექნიკურ გავითარებაზე, მეორე მხრივ კი პროფესიონალების მოზიდვაზე.“

ახლა კოტეს გუნდში 36 თანამშრომლია და გეგმაა, რომ მათი რაოდენობა 50-მდე გაზარდოს. გუნდი, რომლის საშუალო ასაკი 25 წელია, ახალგაზრდა ბედნიერი მათემატიკოსებისგან, ანალიტიკოსებისგან, პროგრამისტებისგან შედგება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. პროცესის მართვა თითოეული ადამიანის ხელშია, აქედან გამომდინარე საქმეც სწრაფად, მოქნილად და შედეგიანად კეთდება.

ნებისმიერი რამ რაც კომპანიაში კეთდება უნდა იყოს ბიზნეს პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. ანალიტიკაც ზუსტად ამ გამოწყვევას პასუხობს - ჩვენი მუშაობა უნდა აისახებოდეს უკეთესი ბიზნეს შედეგების ჩვენებაზე.

რატომ არის ანალიტიკური ტრანსფორმაციის მიმართულება ასეთი მნიშვნელოვანი? 

ბიზნესი კონკურენტულ გარემოშია და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ინოვაციურს, რა იქნება სიახლე, რით გავაოცებთ ჩვენს მომხმარებელს. თუმცა ეს მარტივი არაა, რადგან არ არსებობს ადამიანების საკმარისად დიდი ჯგუფი, რომელიც ერთი და იგივე რამით გაოცდებიან. ყველას თავისი ხედვა და შეფასების ინდივიდუალური კრიტერიუმები აქვს.

როგორ უნდა გავიგოთ ვის რა სიამოვნებს? 

„ჩვენ არ შეგვიძლია ყველასთან სათითაოდ მივიდეთ და ვკითხოთ. სხვა რა საშუალება გვქვს? - უნდა დავაკვირდეთ მათ ქცევას და ჩვენს ხელში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად განვსაზღვროთ რა საერთო მახასიათებლები აქვს მომხმარებლების კონკრეტულ ჯგუფს. დემოგრაფია, ოჯახური მდგომარეობა, შემოსავალი... რა სიხშირით, რამდენს და სად ხარჯავს არის თუ არა ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელი.. ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ვპოულობთ კონკრეტულ მიგნებებს და გავცემთ რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო სრულყოფილი წარმოდგენა გვექმნება მომხმარებლებზე. ანალიზის შედეგად შეგვიძლია პროგნოზები გავაკეთოთ მომავლის შესახებ, რის საფუძველსაც რეალურად წარსული გამოცდილებები გვაძლევს.“

კოტეს და მისი გუნდის აზრით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნეს პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს ესმოდეს ანალიტიკის მნიშვნელობა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში Avalanche აკადემია შეიქმნა. თუმცა, აკადემია მხოლოდ თიბისი ჯგუფში მუშაობით არ შემოიფარგლება და წინ დიდი გეგმები აქვს...

თურმე მათემატიკოსებიც შემოქმედებითები არიან და მათ თავისი საქმის ხელოვნებად ქცევა შეუძლიათ.


ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტო: იკა ხარგელია