კულტურა

შემოდგომის კოლექციები - სტუმრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ოქტომბერი 08, 2019

შემოდგომის დადგომისთანავე, როცა ჩვენი დღის წესრიგი ამინდთან ერთად იცვლება და ფესტივალებიდან და პარკებიდან შენობებში ვინაცვლებთ, შემეცნების და გართობის ისეთ წერტილებს ვეძებთ, რომლებიც თან ქარისგან და წვიმისგან დაგვიცავს და თან ახალ გამოცდილებას და ცოდნას მოგვცემს. ასეთ დროს სად შეიძლება წავიდეთ თუ არა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მუზეუმს აერთიანებს?


თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში გირჩევთ 5 გამოფენას, რომელიც შემოდგომაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ:


ფოტო: გელა ბედიანაშვილი

„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“


თუ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას ეწვევით, შეძლებთ გვიანი რენესანსიდან როკოკომდე, იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეში იმოგზაუროთ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებთ ტრიესტის ანტიკური ხელოვნების გალერეაში დაცული ნამუშევრები 3 თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი.  


გამოფენაზე ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევრის დათვალიერებას შეძლებთ.


ექსპოზიციაზე იხილავთ მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების - პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის - ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები.



გამოფენის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი - 20 ნოემბერი, 2019

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი,შ. რუსთაველის გამზ. 11(გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე).


დავით აღმაშენებლის მონეტა



­­­დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული და მსოფლიოში პირველად საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საელჩოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით გამოიფინა, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი წარწერა XI-XII საუკუნეების საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს - ერთ მხარეს გამოსახულია დავით აღმაშენებელი ბიზანტიურ სამოსში, მას თავზე ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა ადგას, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. 

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. მეორე მხარეს, მონეტის ცენტრში თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა."


მონეტა არც მეტი არც ნაკლები 901 წლისაა და დანახვისთანავე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ!



გამოფენის ხანგრძლივობა: 17 სექტემბერი - 15 დეკემბერი, 2019

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3 (გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე).


ვალერიან სიდამონ-ერისთავი - 130

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ნავსადგური




კახეთი წლის ამ სეზონზე ყველაზე მიმზიდველია, ამინდი შესანიშნავია, რთველიც აქტიურად მიმდინარეობს, სხვადასხვა ქალაქებში არაერთი ღონისძიება იმართება. თუ თქვენც გადაწყვეტთ ღვინის საერთო ზეიმს შეუერთდეთ, აუცილებლად ეწვიეთ სიღნაღს და მის მუზეუმს, რომელიც ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო გამოფენას მასპინძლობს.


თუ ჯერ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის და ხატწერის ნიმუშებს; მას შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმის ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურებსა და ავეჯის ესკიზებზე.

საბჭოთა საქართველოში, მისი შემოქმედების თემატიკას რეჟიმის იდეოლოგია განსაზღვრავდა, თუმცა ის სარკაზმნარევი ირონიით მაინც ახერხებდა აესახა თანამედროვეობა. ბევრი სხვა მხატვრის მსგავსად, ვალერიან სიდამონ-ერისთავს საბჭოთა კავშირში, XIX საუკუნის მიწურულის რუსული სკოლის ქართველ მიმბაძველად თვლიდნენ და მისი შემოქმედების წარდგენისას ყველაზე აკადემიურ, ტიპიურ ნამუშევრებს ირჩევდნენ, რამაც ხელი შეუწყო მისი მემკვიდრეობის ზედაპირულ გაგებას და დავიწყებას.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ძველი თბილისი

მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია ვალერიან სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები. გამოფენაზე ასევე იხილავთ საარქივო კადრებს მხატვრის მიერ გაფორმებული ფილმებიდან - „ჩემი ბებია" (1929. რეჟ. კოტე მიქაბერიძე), „სინათლე" (1922. რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი), „გოგი რატიანი" (1927. რეჟ.: კოტე მარჯანიშვილი). ფილმში „გოგი რატიანი" სცენოგრაფიასთან ერთად, თვითონ პერსონაჟებია საინტერესო - ფილმში მონაწილეობენ ტიციან ტაბიძე და დიმიტრი შევარდნაძე. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ვხედავთ თავად სიდამონ-ერისთავს, იგი საკუთარ თავს - ფერწერის მასწავლებელს განასახიერებს. გამოფენაზე კინოკადრებთან ერთად, თეატრის მხატვრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟის ნახვასაც შეძლებთ.


გამოფენის ხანგრძლივობა: 17 ივლისი - 15 დეკემბერი, 2019

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 8(მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე).


სვანეთის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი



თუ შემოდგომაზე მთიანი საქართველოს მონახულებას დაგეგმავთ და მესტიაში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, რომელიც მესტიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად 2013 წელს, განახლებული გახსნისთავე იქცა.


მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. საქართველოს ისტორიაში მოგზაურობა ძვ.წ. III ათასწლეულიდან სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაპოვრით იწყება, ეს არქეოლოგიური მასალა ადგილზე უკვე ამ პერიოდიდან არსებულ აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ექსპოზიციაზე ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი „კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.


სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს. მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული.


მუზეუმში ასევე ნახავთ უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს, მათ შორის როგორც ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშებს, ისე ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც.




ძალიან საინტერესოა მუზეუმის ხელნაწერების ექსპოზიციაც, რომელზეც წარმოდგენილია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები. აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.


წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში კომპლექსურად არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს აქაურთა საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.


სვანეთის მრავალფეროვანი, თვითმყოფადი კულტურის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად, შეგიძლიათ ეწვიოთ ტრადიციულ სვანურ საცხოვრებელ კომპლექს „მაჩუბს“ მესტიაში და მუზეუმს - უშგულში, რომელიც ასევე სვანეთის მუზეუმის ნაწილია.




მისამართი: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია. (მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე).


დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო




ვიდრე ძალიან აცივდება, აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მასზე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ ეს არის ადგილი, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია და სამყაროს შეხედულება ადამიანის ევოლუციის შესახებ.


დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდები, ცხოველთა განმარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

ფოტო: თორნიკე შენგელია

გარდა შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებისა და არქეოლოგიურ ველისა, გიდის თანხლებით შეგიძლიათ ეწვიოთ შუა საუკუნეების შესანიშნავ ციხესიმაგრეს და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის მუზეუმი იმითაცაა გამორჩეული, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ პროცესში - დააკვირდეთ მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებს და გახდეთ ახალი აღმოჩენების მონაწილე. 

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო

იმ შემთხვევაში თუ დმანისში გამგზავრებას გადაწყვეტთ, ვიზიტი დიდხანს არ გადადოთ, ვინაიდან მუზეუმი ღია სივრცეშია განთავსებული, ის სტუმრებს მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.




მისამართი: დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, დმანისი (მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 11:00-დან 17:00 საათამდე).


როგორც ხედავთ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთმანეთისგან სრულიად განსხავებულ და ერთნაირად საინტერესო გამოფენებს გვთავაზობს, თქვენ კი, ისღა დაგრჩენიათ, თქვენთვის სასურველი ტური აირჩიოთ და მუზეუმში ვიზიტი ახლავე დაგეგმოთ. 

ავტორი: ელენე ნიჟარაძე