მაისი 23, 2019
Sevda
Sevda იგივე ლადუკა ნინუა — ქართველი დიჯეი, პროდუსერი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია.
მუსიკას ლადუკას ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა. ბავშვობიდან სხვადასხვა ბენდში ბას-გიტარაზე უკრავდა. ამბობს, რომ მუსიკის კეთება 15 წლის ასაკში, მეგობრებთან ერთად დაიწყო, 2014 წელს კი პირველად მოსინჯა ძალები ელექტრონულ მუსიკაში პროექტით — Oimactta. ამ სახელით ლადუკამ ორი გახანგრძლივებული ჩანაწერი გამოსცა — Bad Trips და Tractarent. ბენდში დაკვრის გამოცდილება უფრო მეტადაა თვალში საცემი მის მეორე ჩანაწერში, რომელიც ლადუკამ ცოცხალი მუსიკალური ინსტრუმენების გამოყენებით შექმნა.
ამჟამად ლადუკა რამდენიმე სხვადასხვა სახელით განსხვავებული ჟანრის მუსიკას აკეთებს. OTHR მისი ტექნო მეტსახელია, რომლითაც მას კლუბ ხიდზე ცნობილი რეზიდენცია აქვს. NVRC შედარებით ახალი პროექტია, რომელიც უფრო ინდი-როკ, ბლექგეიზ მუსიკაზე ფოკუსირდება. პროექტი სევდა კი ჰაუს და საცეკვაო მუსიკაზე ორიენტირდება, სწორედ Sevda-ს ერთ საათიან ლაივს მოვისმენთ 4GB-ზე 25 მაისს.
„სევდა“ თავიდან ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ლადუკას თქმით, პირველი ჩანაწერი ინტერნეტში 2016 წელს, ანონიმურად დადო — აინტერესებდა, როგორ შეაფასებდნენ მას მეგობრები ისე, რომ მისი ვინაობა არ ცოდნოდათ. პირველი 4-5 ტრეკის მერე კი გადავწყვიტა უფრო სერიოზულად ჩართულიყო ამ პროექტში, თუმცა მუსიკის გამოქვეყნებისგან მაინც თავს იკავებდა.
ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი