სიახლეები ედუფინი

სესხი, როგორც ფულის მახე - მითი თუ რეალობა

სექტემბერი 04, 2019

სესხის აღების კულტურა ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის მასშტაბებიც ადამიანურიდან სახელმწიფოებრივ დონემდე ვრცელდება. თანამედროვე მსოფლიო „ვალში ყოფნის კულტურამ“ მოიცვა, რის მიზეზადაც სესხზე ხელმისაწვდომობასა და მომხმარებლის მხრიდან მაღალ მიმღებლობას ასახელებენ.

მაკროეკონომიკური განმარტების თანახმად, სესხი წარმოადგენს არა ინვესტირების, არამედ ფულადი მოხმარების საგანს, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირით, არამედ სოციალური ზეწოლითა და პირადი მოთხოვნილებებით. 

სამომხმარებლო სესხის აღება წარმოადგენს ორ მხარეს შორის შეთანხმების პროცესს, რომლის დროსაც მომხმარებელი ბანკთან ან რომელიმე საფინანსო დაწესებულებასთან აფორმებს ხელშეკრულებას, იღებს ფულს კრედიტის სახით და ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ იგი დააბრუნებს აღებულ თანხას, საპროცენტო განაკვეთთან ერთად. 


საპასუხოდ კი ბანკისა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციებს მხრიდან ერთი საკრედიტო მოთხოვნა დგება, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული - მომხმარებელს შეთანხმებულ ვადებში უნდა შეეძლოს აღებული კრედიტის დაფარვა. ამას კი გარანტია სჭირდება, რის როლსაც, ხშირ შემთხვევაში, უძრავი ქონება თამაშობს. 

აქედან გამომდინარე, სესხი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც მარტივი ფული პროცენტით, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

ამ მოთხოვნილებების რიცხვს, ხშირ შემთხვევაში, ისეთი საგნების ფლობა ან შეძენა მიეკუთვნება, როგორებიცაა: სახლი, მობილური, მანქანა... ადამიანის ამგვარი მისწრაფებები სოციალური ზეწოლით არის განპირობებული და იგი ორიენტირებულია საგნის ფლობის სურვილზე და არ ითვალისწინებს ფასის ხელმისაწვდომობას. რაც, ხშირად, ვალის გადაუხდელობის მიზეზი ხდება. 

ვალის გადაუხდელობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. იგი შეიძლება ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებამდე დავიყვანოთ, რასაც საფუძვლად უდევს მომხმარებლის უუნარობა, რეალურად შეაფასოს საკუთარი გადახდისუნარიანობა. თუმცა, გამოყოფენ ორ ძირითად - „პასიურსა“ და „აქტიურ“ - ფაქტორს, რომლებიც მომხმარებელში სესხის გადაუხდელობას განაპირობებენ. 

„აქტიური“ და „პასიური“ ფაქტორები

პასიური ფაქტორის მოქმედება განისაზღვრება მდგომარეობით, რომლის დროსაც ვალის გადაუხდელობასა და ფინანსურ სირთულეებს ის მოულოდნელი მოვლენები იწვევს, რომლებიც ინდივიდის კონტროლს არ ექვემდებარებიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ავადმყოფობა, მაკროეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება (მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდა ან გადასახადების მომატება).

აქტიური ფაქტორი კი მოქმედებს მაშინ, როდესაც თავად კლიენტი იღებს არასწორ გადაწყვეტილებას. ამის მაგალითად კი ისეთი ოდენობის სესხის აღება შეიძლება დავასახელოთ, რომლის დაფარვაც შეუძლებელია კლიენტის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტიური ფაქტორის მოქმედების დროს ვალის გადაუხდელობას ადამიანის უუნარობა იწვევს. უუნარობა იმისა, რომ მომხმარებელმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გრძელვადიან პერიოდში განსაზღვროს.

ფსიქოლოგიური ფაქტორები

როგორც უკვე ვახსენეთ, ვალის აღების პროცესში ფსიქოლოგიური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენს მომხმარებელზე. ადამიანთა მოთხოვნილება, მოიპოვონ სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა სხვებთან მიმართებით, ვალის აღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.


სწორედ ამ თვალსაზრისს ეხმიანება ამერიკელი ეკონომისტის, ჯეიმს დუისენბერის [1] ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც:

ინდივიდები და ოჯახები განიცდიან დანაკარგს, როდესაც ისინი საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას სხვა ოჯახებსა და ინდივიდებს ადარებენ. ამ დროს მათ შეიძლება უფრო მეტი დანახარჯი განიცადონ, უფრო დიდი კრედიტი აიღონ იმისათვის, რომ სხვებს „გაუთანაბრდნენ“.

მომხმარებლის ქცევასთან დაკავშირებულ თეორიას აყალიბებს ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობენ „გაათანაბრონ“ მოხმარებისა და ხარჯვის დონე.


რაც გულისხმობს იმას, რომ დროის რაღაც მონაკვეთში, როდესაც შემოსავალი დანახარჯზე ნაკლებია, მომხმარებელი იღებს სესხს. ხოლო მაშინ, როდესაც მისი შემოსავალი დანახარჯს აღემატება, ის იწყებს დაგროვებასა და ვალის გადახდას.

ამის მაგალითია სტუდენტების სწავლის საფასურის გადასახადი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პრაქტიკის თანახმად, სტუდენტები საკუთარი სწავლის გადასახადს ბანკის დახმარებით, ანუ სესხის აღების შედეგად, იხდიან. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა მუშაობას იწყებენ და, შესაბამისად, მათი შემოსავალი იზრდება, ისინი ვალს ისტუმრებენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახის სესხი წარმოადგენს „ინვესტიციას მომავალში“. 

სესხის ფსიქოლოგია

სესხი ორი დამოუკიდებელი კომპონენტისგან - სესხის სარგებელისა და სესხის შიშისგან - შედგება.


სესხის სარგებელი შეიძლება განვსაზღვროთ იმ სიკეთით, რომელსაც ადამიანი აღებული კრედიტის დახმარებით ქმნის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მომხმარებელი სესხს იღებს საჭიროებიდან გამომდინარე და შემდეგ იგი ფარავს მას საპროცენტო განაკვეთთან ერთად. ეს ქმედება დადებით კონტექსტში განიხილება.


რაც შეეხება სესხის შიშს, იგი უარყოფით კონტექსტში განიხილება. ამ დროს ადამიანი ნერვიულობს სესხის არსებობაზე. იღებს მას არა იმიტომ, რომ შეთავაზებული პირობები მისთვის ხელსაყრელია, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ეს კრედიტი ხარჯების დასაფარად ერთადერთი საშუალებაა.


თუმცა, სესხის განხილვა მხოლოდ დადებით ან უარყოფით მოვლენად არასწორია. 

სესხის არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისათვის. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც კრედიტორები მომხმარებელს სთავაზობენ კრედიტს სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქტის შესაძენად, რაც აუცილებელია სხვადასხვა მწარმოებლისათვის წარმოების გასაზრდელად, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური სიკეთის შესაქმნელად. თუმცა, მომხმარებლის მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედება, ვალის გადაუხდელობა და გადახდის ვადის გადაცილება თავად კრედიტორ დაწესებულებას უქმნის პრობლემებს. 

სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ცვლადები კი დამოუკიდებლად უკავშირდება სესხს. აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი თუ ხელსაყრელი ეკონომიკური ფაქტორების გარდა, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ვალის კულტურის“ ჩამოყალიბების პროცესში.


ავტორი: ნინი თურქია

გამოყენებული ლიტერატურა:


W. Fred van Raaij, Consumer Financial Behavior, 2014. თავი 4

Gargi Chugh, Veena Tewari, A study on behavioral factors influencing consumer debt in the sultanate of Oman, International Journal of Knowledge and Research in Management & E-Commerce Vol.4, Issue 1, January, 2014.

Stephen E.G. Lea, Paul Webley and R. Mark Levine, The economic psychology of consumer debt, Journal of Economic Psychology 14 (1993) 85-119