სექტემბერი 17, 2024
ამ ბლოგში იმ წიგნებს გაგიზიარებთ, რომელიც ბოლო წლებში გამოიცა. ისინი ჟანრობრივად და სტილისტურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, მაგრამ შეიძლება თითოეული მათგანი თქვენს საუკეთესო მეგზურად იქცეს.
სალი რუნი, ”ჩვეულებრივი ადამიანები“
”ჩვეულებრივი ადამიანები“ თანამედროვე ირლანდიელი მწერლის მეორე რომანია (მისი სადებიუტო ტექსტია ”საუბრები მეგობრებთან“). ეს ორი არაფრით გამორჩეული ახალგაზრდის - მარიანის და კონელის სასკოლო ურთიერთობაა. მათ საიდუმლო რომანი აქვთ, საიდუმლო იმიტომ რომ მარიანი კლასიდან გარიყული, რთული ხასიათის გოგონაა, კონელი კი ყველასთვის საყვარელი ბიჭი და ფეხბურთის ვარსკვლავი.
სალი რუნი დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ირლანდიელი მწერალია, თუმცა მას ხშირად საყვედურობენ რომ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებს ასევე წერს, მე კი მგონია რომ ეს მისი, როგორც მწერლის, დიდი უპირატესობაა. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი თანაგანცდით წასაკითხი, ვიდრე რთული სასიყვარულო ურთიერთობა, ერთგული მეგობრობა, დიდი განშორებები და უფრო დიდი შეხვედრები? დამერწმუნეთ, ბევრი არაფერი. მას შემდეგ, რაც ამ რომანს წაიკითხავთ, შეგიძლიათ ნახოთ ამავე სახელწოდების სერიალი, რომელიც BBC Three-მ და Hulu-მ 2020 წელს გამოუშვა და რომელმაც სალი რუნის უზარმაზარი აღიარება და საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.
წაიკითხეთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/16690
ემილი ბრონტე, ”ქარიშხლიანი უღელტეხილი“
ბრონტეებიდან ყველაზე ცნობილი მთელ მსოფლიოში შარლოტა ბრონტე და მისი თინეიჯერობის განუყოფელი რომანი “ჯეინ ეარია”, თუმცა არსებობს მეორე, ჩემთვის კი პირველი - ემილი ბრონტე. ”ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მან 1847 წელს დაწერა და ელის ბელის ფსევდონიმით გამოსცა. ეს დიდი სიყვარულის ამბავია, თუმცა არა ისეთის, რომელიც მხოლოდ გულს აგვიჩქარებს და სილაღით აგვავსებს, არამედ ისეთის, რომელშიც მუდმივად რთულ და დრამატულ წინაღობებს ვხვდებით. პირდაპირი და ირიბი გაგებით ქარიშხლებით სავსე ვიქტორიანული ეპოქის ეს ტექსტი ერთდროულად არის ოდა სიძულვილს და სიყვარულს, თავისუფლებას და აკრძალვებს, პატიებას და არდავიწყებას.
თუ ემილის ან რომელიმე ბრონტეს წაკითხვას გადაწყვეტთ, იქამდე ამ პატარა და შესანიშნავ ბლოგს გაეცანით, რომელიც აკა მორჩილაძემ წლების დაწერა და რომელიც ფილიგრანულად გაგაცნობთ დებ ბრონტეებს. კითხვისას არც ქეით ბუშის მოსმენა დაგავიწყდეთ: Wuthering Heights
წაიკითხეთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/16058
დავით ჯიშკარიანი, ”ბუცები და ტყავის ჩექმა“
ფეხბურთი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის მუდმივად ირეკლავდა იმ გარდამტეხ საზოაგადოებრივ და პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც თანამედროვე საქართველოს ფორმირების წინაპირობა გახდა.
დავით ჯიშკარიანი მრავალწლიანი კვლევის - საარქივო მასალების და პირადი ინტერვიუების საფუძველზე - დაწერილ წიგნში ”ბუცები და ტყავის ჩექმა “ დაგაბრუნებთ ქართული ფეხბურთის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან, როგორიცაა საფეხბურთო კლუბ ”დინამოს“ დაარსება, მისი ფუნქციონირება საბჭოთა კავშირის პირობებში, მისი ფეხბურთელების ცხოვრება მოედანზე და მის მიღმა. დღეს როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ხოლო ფეხბურთი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა გზა გაიარა სპორტის ამ სახეობამ, რამდენად რთული იყო მისი მოთამაშეების და გულშემატკივრის სვლა ახალ დამოუკიდებელ საქართველომდე.
წაიკითხეთ საბაზე: https://saba.com.ge/books/details/17087
ბიძინა ხერხეულიძე, ”უსაფრთხოების მოსაპოვებლად“
”უსაფრთხოების მოსაპოვებლად“ ბიძინა ხერხეულიძის სადებიუტო წიგნია. ამ პოეტურ კრებულში ფაქიზ რომანტიკულ განცდებს, მუდმივად მძიმე საზოგადოებრივი მოვლენები ცვლის. ავტორს მკითხველი ამ ქვეყნის და მისი მოქალაქის ცხოვრების ყოველდღიურ დინებებში ფრთხილად, მაგრამ ოსტატურად შეჰყავს, ეს ძალიან მოკლე და დაწრეტილი ლექსები კი მკითხველს მრავალშრიან შეგრძნებებს, ფიქრებს და მოგონებებს უღვიძებს. კრებულის წაკითხვის შემდეგ ეს ლექსები აუცილებლად დაგჩემდებათ - ხან გონებაში გაგიელვებთ, ხან მათ წასაკითხად დაუბრუნდებით, ზოგი ზეპირად დაგამახსოვრდებათ, მე ეს დამამახსოვრდა:
* * *
ქუჩის
დაგვისას
მეეზოვე
გულში
გაივლებს:
- ამ წითელ ფოთლებს
როგორც ყვავილებს
ჩემს ცოლს წავუღებ.
ლეო ვარდიაშვილი, ”ერთი დიდი ტყის მახლობლად“
ლეო ვარდიაშვილი მისი წიგნის მთავარ პერსონაჟს ჰგავს. ის საქართველოდან 12 წლის ასაკში წავიდა ლონდონში საცხოვრებლად და სამშობლოს სადებიუტო რომანით დაუბრუნდა. ეს წიგნი წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში, ისეთმა გამომცემლებმა გამოსცეს, როგორიცაა Bloomsbury და Penguin Random House, წიგნის საავტორო უფლებები 20-მდე ქვეყანაში მალევე გაიყიდა და წელსვე გამოიცა საქართველოშიც.
ამ რომანის მთავარი გმირი სამშობლოში დაბრუნებულ მამას ეძებს და ამ გზაზე დიდი ლიტერატურული წინამორბედების, ოდისევსის თუ ვირგილიუსის მსგავსად, ფათერაკებით სავსე გზას გადის. ქართველი მკითხველი ამ მოგზაურობაში მისთვის ნაცნობ არაერთ ამბავს თუ ადგილს გადაეყრება, რაც მას ამ ქვეყნის უახლოეს წარსულზე ახლებურად დაკვირვების საშუალებას მისცემს.
მართალია, ეს წიგნები ერთმანეთს არაფრით ჰგავს, თუმცა თქვენთვის მიმზიდველ ამბებს და ადამიანებს თითოეულ მათგანში იპოვით.
დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!
ავტორი: მაშო სამადაშვილი