მუსიკა | ცა

საზეპიროები მუსიკაში

აგვისტო 16, 2019

"აჯეეეეესკონ to say I love you" - მღერიან კასეტიან მაგნიტოფონს აყოლილი მოზარდები, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთი ინგლისური სიტყვების და სიმღერის ტექსტების ცოდნაში დაჯაბნონ. ის დროა, როცა ეგრეთწოდებულ ჩამორჩენილობასა და "პრადვინუტობას" შორის წყალგამყოფი არის არა სექსუალურ უმცირესობებზე ან მონოგამურ ოჯახზე შენი აზრი, არამედ ის, რამდენად სწორად შეგიძლია წაიკითხო ქვეყანაში ახლადშემოსულ პროდუქტებზე არსებული წარწერები: Made in USA და Made in China. 


სახლში "ბიტლსების" ფირფიტა გვაქვს, რომელსაც სიმღერის ტექსტები აქვს თანდართული. ეს დიდი განძია რადგან ჯერ არც youtube არსებობს, არც სხვა სოციალური ქსელი და რომც არსებობდეს, შუქი ძირითადად არ არის, ასე რომ ხშირად საყვარელი სიმღერების ტექსტების გაშიფვრა მოსმენით გიწევს. ხანდახან შეიძლება კამათიც მოგივიდეს იმის თაობაზე, თუ რას მღერიან რობერტ პლანტი, ფრედი მერკური, სნუპ დოგი-დოგი და სხვები. მოკლედ ეს საშინელი ოთხმოცდაათიანების დასაწყისია, როცა მუსიკას ცენზურა აღარ ადევს, მაგრამ ტექსტის დონეზე კვლავ დიდი შიმშილია. შიმშილი თუ არა მასთან ძალიან მიახლოებული, პირდაპირი მნიშვნელობითაც არის, ასე რომ მუსიკის ვერ გაგება ან დამახინჯება მაინც მეორე პლანზეა გადასული, თუმცა ჩვენთვის, თინეიჯერობის ასაკში შემავალი მოზარდებისთვის თვითდამკვიდრების მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.  

ალბომის - Abbey Road - ქავერი

ეს დიდი ხნის წინ იყო. ბევრი დრო გავიდა, შეიცვალა მუსიკის მოსმენის ფორმები, მოწყობილობები, გაჩნდა ახალი მიმდინარეობები, შუქი მოვიდა. თითქმის ყველამ გაიგო, რომ made in usa არ იკითხება - "მადე ინ უსა", ნელ-ნელა ინგლისური და კომპიუტერიც თავის მოწონების საშუალებიდან საბაზისო მოთხოვნამდე ჩამოვიდა, ნებისმიერი სიმღერის ტექსტი ინტერნეტშია მოძებნადი, ქვეყანამ კარაოკე ბარების აღზევება-დაცემის პერიოდიც გამოიარა და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სიმღერის ტექსტის ცოდნაში შეჯიბრმა აზრი დაკარგა. 


საერთოდ ის კარგი და ჭკვიანი ხალხი, ვინც ადამიანის ტვინს შეისწავლის და ქცევას აკვირდება, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ჩვენ მედია სივრცეში ცნობილი კრებითი სახელით "ბრიტანელი მეცნიერები", ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად ვუსმენთ ერთსა და იმავე სიმღერას, მით ნაკლებად ვაკვირდებით ტექსტს, ხოლო თუ ვაკვირდებით, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას სიტყვების შინაარსს და მეტად გვაინტერესებს სიტყვათა შეთანხმების და ასევე თითოეულ სიტყვაში ბგერათა შეთანნხმების მელოდიურობა. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს I just called-ს მღეროდა სტივ ვადერი თუ აჯესკონს, მითუმეტეს, რომ ტექსტი ძალიან ბანალური და სიყვარულზე დაწერილ სხვა მრავალი სიმღერის ტექსტთან აღრევამდე მსგავსია, აქ უფრო მნიშვნელოვანი მისი თავის აქეთ-იქით რხევა და ის ემოციაა, რომელსაც სიმღერისას გადმოგვცემს. 

მუსიკალური ვიდეოს ქავერი

ბევრ თანამედროვე პოპულარულ სიმღერას საკმაოდ პრიმიტიული ტექსტი თუმცა არაპრიმიტიული და ემოციური ჟღერადობა აქვს, მაგალითისთვის, რედიოჰედის Creep შეიძლება გავიხსენოთ, რომლის ტექსტი ინტერნეტში წაკითხვამდე ბევრად უფრო საინტერესო მეჩვენებოდა მელოდიის გავლენით, არადა ცუდი მოსწრების მქონე მეხუთე კლასელის თავისუფალ თემას გავს.


თუმცა, არსებობს ლეგენრადული სიმღერები, რომელთა ტექსტი მელოდიის დონის მნიშვნელობას ატარებს. 

მაგალითად, ჯონ ლენონის imagine, რომელიც 2015 წელს თბილისშიც შეასრულეს ბარსელონა - სევილიას სუპერთასის წინ და დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა, რადგან შესრულებისას, ნებსით თუ უნებლიედ, ამოიღეს აბზაცი, სადაც ლენონი რელიგიის გარეშე არსებულ სამყაროზე გვიყვება. ამან კიდევ ერთხელ დააპირისპირა სოციალურ ქსელებში გამაგრებული ტრადიციის და პროგრესის დამცველი ბანაკები. გარდა ამისა, არსებობს განსაკუთრებული დანიშნულების სიმღერები, მაგალითად, ჰიმნები, მარშები და აშ. რომელთა ტექსტებს პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს და მელოდიაზე დიდ როლსაც კი თამაშობს ხოლმე. ასე რომ სიმღერაში ტექსტის შინაარსის მნიშვნელობის უგუვებელყოფა, რა თქმა უნდა, ასე ცალსახად არ შეიძლება.

ტექსტი გარდა, შინაარსი სიმღერის განმეორებადი ელემენტების შექმნაშიც მონაწილეობს, ანუ სიმღერის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელი და ატაცებადია. მუსიკის მკვლევარი და ფსიქოლოგი, ელიზაბეტ მარგულისი, ამბობს, რომ განმეორებადი ტექსტი, ისევე როგორც რითმა, ყოველთვის იყო მუსიკალური ნაწარმოების წარმატების საწინდარი. 


ბევჯერ მოსმენილი მუსიკის განმეორებადი ტექსტები, იმდენად ნაცნობი ხდება ადამიანისთვის, რომ მორიგი მოსმენისას მან წინასწარ იცის თუ რა ტაქტი და ტექსტი შემოვა მის ყურთსასმენებში მომდევნო წამს, შეუძლია აყვეს მუსიკს და გახდეს მისი თანაშემსრულებელი - ანუ ექმნება შთაბეჭდილება რომ პასიურად კი არ უსმენს მუსიკას, არამედ მუსიკა მისი ჩართულობით სრულდება. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს ის მუსიკა, რომელშიც ადვილად დასამახსოვრებელი, განმეორებადი ნაწილებია, რომლის ატაცებაც მიუხედავად მუსიკალური მონაცემებისა, ყველა ადამიანს ადვილად შეუძლია. 

გაიხსენეთ ფილმი Bohemian Rhapsody - სადაც ბრაიან მეი უხსნის ფრედი მერკურის, რომ მათ სჭირდებათ სიმღერა, რომელშიც აუდიოტორიას მონაწილეობის საშუალება ექნება. შედეგი ყველასთვის კარგად არის ცნობილი: we will rock you უკვე ათწლეულებია სრულდება სტადიონებსა და სხვა თავშეყრის ადგილებზე, სადაც ადამიანებს ერთიანობის და რაიმე გრანდიოზულში მონაწილეობის სურვილი იპყრობთ. ამ მხრივ, განმეორებად მუსიკას რელიგიურ რიტუალებზე წარმოთქმული ლოცვების ეფექტი აქვს, როცა ადამიანების ჯგუფი ერთად ხვდება კოლექტიური ტრანსის ან თუ გნებავთ ჰიპნოზის ეფექტის ქვეშ.


აღსანიშნავია, რომ განმეორებადობა კლასიკური მუსიკის მოსმენასაც უფრო სასიამოვნოს ხდის, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ მოდიფიცირებული კლასიკური ნაწარმოებები, სადაც ერთნაერი რიტმი კომპიუტერული პროგრამით იყო დამატებული, ორიგინალურ ვერსიაზე უფრო დიდ მოწონებას იღებდა მსენელებში.

ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული სიმღერების ტექსტები სულ უფრო და უფრო განმეორებადი, ასე ვთქვათ, ღარიბი ლექსიკონის მქონე ხდებიან. 

ამერიკული Billboards - ის რეიტინგებში მოხვედრილი სიმღერები, საშუალოდ 45% - მდე განმეორებადი ტექსტებისგან შედგებოდა, დღეს ეს რიცხვი 55%- მდე გაიზარდა, ხოლო თუ მხოლოდ პირველ ათეულს შევხედავთ, მაშინ ზრდა 60%-მდეა. ზოგადად, ყველაზე პოპულარულ ათეულში მყოფი სიმღერები ყოველთვის უფრო განმეორებადი ტექსტებით გამოირჩეოდნენ ვიდრე სხვა დანარჩენი.

ყველაზე განმეორებადი სიმღერა, რომელიც ამ რეიტინგში ოდესმე მომხვდარა Daft Punk-ის around the world, რომლის სრული ტექსტის წერაც ამწამს მოვრჩი და ის მხოლოდ მოცემულ სამ სიტყვას მოიცავს. ( წარმომიდგენია, მხოლოდ ასეთი სიმღერებით რომ შემოჭრილიყო ჩვენ ცხოვრებაში დასავლური მუსიკა, რამდენად მარტივი იქნებოდა ტექსტების გაშიფვრა, კასეტის უკან გადახვევის რამდენ ჯერს დავზოგავდით !). 

აშკარაა, რომ მუსიკალური ინდუსტრია სულ უფრო უკეთესად ერკვევა ადამიანის ფიზიოლოგიაში და იმ პროდუქტს აწვდის, რაც ყველაზე უფრო მარტივად "დასაღეჭი" და გაყიდვადია. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მუსიკის ინდუსტრიაში არსებული ეს ტენდენცია საერთო ტენდენციის ნაწილია: მივცეთ ადამიანს ადვილად აღსაქმელი, სწრაფი დაკმაყოფილების მიმნიჭებელი პროდუქტები, რომელთა განმეორებით მოხმარებაც მალე მოუნდებათ. 


ასეთი მაგალითები ყველგან გვხვდება: თანამედროვე ანიმაციური ფილმები, პრიმიტიული, ფაქტიურად არარსებული სიუჟეტით და მაქსიმალურად მკვეთრი ფერებით, ფასთფუდის ინდუსტრია გადაჭარბებული შაქრის და ცხიმის დოზებით, სოციალური მედია და სმარტფონი, რომელსაც მუდმივად და უაზროდ ვსქროლავთ ლაიქების მოლოდინში. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ამ მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ რომ around the world-ის მსგავსი სიმღერების პოპულარობა, ოლდუს ჰაქსლის ცნობილი brave new world-ის დარი სამყაროს მოახლოების ნიშანია, სადაც ადამიანების გაკონტროლება სულ უფრო ადვილი გახდება. თუმცა მოდით ასეთ საგანგაშო ნოტაზე ნუ განვეწყობით, მითუმეტეს რომ საგანგაშო ქვეყანაში ისედაც საკმარისი გვაქვს და როგორც დავიწყე იმავე სტილში, ძველი ამბის გახსენებით დავამთავრებ, რომელიც უფროსებისგან მაქვს მოსმენილი:

თავის დროზე თბილისში საღეჭი რეზინი იყიდებოდა, რომელსაც 4 ბიჭის სურათი ქონდა ხოლმე თანდართული. ეს ბიჭები ხან მანქანაში ისხდნენ, ხან გიტარები ეჭირათ. ბავშვებმა არ იცოდნენ, თუ ვინ იყვნენ ისინი, თუმცა საღეჭი რეზინი „ბიტლზი“ ძალიან პოპულარული იყო. ცოტა დრო გავიდა, ბავშვები მუსიკით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს თურმე „ვის ღეჭავდნენ“. შემდეგ დაიწყო ცენზურის და შეზღუდული ინფორმაციის პირობებში ტექსტებზე ნადირობა და ცნობილ მელოდიას Come Together ცდილობდნენ რომ ასე აყოლოდნენ: „ შუპ დრრ დდ, შუპ დრრ დდ ...დდდ...“


როგორ გამარტივდა ცხოვრება !?

ავტორი: საშა მაყაშვილი