ედუფინი

რა უნდა ვიცოდეთ ანაბრების შესახებ

თებერვალი 07, 2022

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ასურეთში, ინდოეთსა და შუმერულ ცივილიზაციაში, მოგვიანებით კი - საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ბანკის ფუნქციებს ტაძრები ითავსებდნენ. ისინი გასცემდნენ სესხებს, ინახავდნენ „ანაბრებს“ და ცვლიდნენ ფულს. ტაძრები უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა და მოვაჭრეები მათ ფულს ანდობდნენ. საუკუნეების შემდეგ ჯერ სახელმწიფოზე დაქვემდებარებული, შემდეგ კი დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუტები ჩამოყალიბდნენ და ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს დაზოგილი ფულის ბანკებისთვის მინდობა.

 

თანამედროვე სამყაროში ფული უფრო და უფრო „ციფრულდება“ — რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, ნაღდი ფულის თან ტარება ან მუთაქაში შენახვა მით ნაკლებადაა საჭირო და სასურველი. ელექტრონული გადახდების ეპოქაში განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების დიდი ნაწილი გადასულია ონლაინგადახდებზე, შესაბამისად, ისინი აღარ ინახავენ ფულს სახლში, არამედ მას საბანკო ანგარიშებზე დებენ. ამას ორი მთავარი უპირატესობა აქვს – ფინანსური სარგებელი და უსაფრთხოება.

 

ჩვენ ამ ბლოგში „საზოგადოება და ბანკების“დამფუძნებელთან, გიორგი კეპულაძესთან ერთად, ფულის დაზოგვაზე მოგითხრობთ და ერთ-ერთ მთავარ საბანკო აქტივსა და პროდუქტზე — ანაბარზე გაგიზიარებთ რჩევებს.

ფოტო: Freepik

ანაბრის ტიპები

ანაბარი ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ანაბარს სხვაგვარად დეპოზიტსაც უწოდებენ. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს — ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბარი.

 

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ვადიანი ანაბარი ბანკში გარკვეული პერიოდით განთავსებული თანხაა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ფულს არც ვამატებთ და არც ვაკლებთ. სარგებლის მიღება კი ანაბრის გახსნისთანავე, დასრულების შემდეგ ან ყოველთვიურადაა შესაძლებელი. საპროცენტო განაკვეთები კი იმის მიხედვით განსხვავდება, როდის ვიღებთ სარგებელს. ამასთან, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალია, ვიდრე სხვა სახის დეპოზიტებზე. იგი, საშუალოდ, 3-დან 24 თვემდე ვადით იხსნება. 


ზრდად, იგივე შეგროვებად ანაბარს, შესაძლოა თანხა ყოველთვიურად დავამატოთ. 

„პირობითად, შეგვიძლია გავხსნათ იგი ახალი წლიდან, დავიწყოთ თუნდაც ასი ლარით, დავამატოთ თანხა ყოველთვიურად და შევაგროვოთ სასურველი ოდენობის ფული, მაგალითად, ზაფხულამდე, დასვენებისთვის. ამასთან, შეგვიძლია საგადახდო დავალება ჩავრთოთ ონლაინ ან მობაილბანკით და სასურველი თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრას, რომელიც შეგროვებად ანაბარს დაემატება“

— განმარტავს გიორგი. 


მისი თქმით, ზრდადი ანაბრის შემთხვევაში, ბანკები ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობას და პერიოდულობასაც განსაზღვრავენ ხოლმე, საპროცენტო განაკვეთი კი მოცემულ ვადაში იმის მიხედვით განისაზღვრება, რა თანხა დაგროვდება ბოლოს.


„ამ ტიპის ანაბარს მიეკუთვნება, მაგალითად, საბავშვო ანაბარი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან პოპულარული და კარგი პროდუქტია. მისი მეშვეობით შეგვიძლია, პირობითად, შვილის სრულწლოვანებამდე ან კონკრეტულ თარიღამდე შევაგროვოთ თანხა და იგი სწავლისთვის ან სხვა საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ“,

— აღნიშნავს გიორგი.


მესამე ტიპი კი - მოთხოვნამდე, იგივე შემნახველი ანაბარია, რომელიც მიმდინარე ანგარიშის მსგავსი უვადო სახის დეპოზიტია. ასეთი ანაბრის შემთხვევაში თანხა გვიდევს ანგარიშზე, შესაძლებელია სასურველ დროს მისი ნაწილის გამოტანა, ხოლო ანაბარი და მასზე სარგებლის დარიცხვა გრძელდება. თანხის გატანის შემთხვევაში ვიხდით განაღდების გარკვეულ საკომისიოს, ზოგჯერ  კი - გამოტანა უფასოა. შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია, ვიდრე სხვა ტიპის ანაბრებზე, რადგან ის მოქნილია და თანხის სასურველ დროს გამოტანის და შეტანის საშუალებას იძლევა.

ფოტო: Freepik


რა უნდა ვიცოდეთ ანაბრის გახსნამდე?


სესხებისგან განსხვავებით, დაზოგვისას ვალუტის არჩევა დამოკიდებულია იმაზე - რა მიზნით ვაგროვებთ თანხას. გიორგი გვირჩევს, თუკი ანაბარს გარკვეული მიზნით — უძრავი ქონების ან ნებისმიერი ნივთის შეძენისთვის ვხსნით, წინასწარ განვსაზღვროთ ხარჯი რა ვალუტაში გვექნება მომავალში და, ანაბარი შესაბამისად, იმავე ვალუტაში გავხსნათ.

 

„საქართველოში ფიზიკური პირები ხშირად კურსის მერყეობის გამო უცხოურ ვალუტას უფრო ენდობიან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ახლა ლარში გახსნილ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში და ის გაცილებით მაღალია, ვიდრე, პირობითად, იმ წლის ინფლაცია. ზოგადად კი ჯობს, ანაბარი იყოს დივერსიფიცირებული — გვქონდეს იგი როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში“, — განმარტავს გიორგი და დასძენს, რომ თუ დივერსიფიკაციის საშუალება არ გვაქვს, ყურადღება საპროცენტო განაკვეთებს უნდა მივაქციოთ. პირობითად კი, ერთ წელიწადში, შესაძლოა, ფული ისე არ გაუფასურდეს, რომ უკან ნაკლებად მსყიდველობითუნარიანი თანხა გამოვიტანოთ.

რა შეცდომებს ვუშვებთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ანაბრით სარგებლობისას?

ფოტო: Pexels


პირველ და ყველაზე მთავარ შეცდომას, გიორგი კეპულაძის აზრით, ვუშვებთ მაშინ, თუკი გვაქვს დანაზოგი, რომლის დახარჯვას უახლოეს მომავალში არ ვაპირებთ, თუმცა, ანაბარსაც არ ვხსნით. ეს, შესაძლოა, ფინანსური ინსტიტუტებისადმი უნდობლობას უკავშირდებოდეს.

 

„დიდი ხანია, ალბათ ოც წელზე მეტია, არ გაგვიგია შემთხვევა, რომ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან მეანაბრემ სარგებელი ვერ მიიღო, ბანკი გაექცა პასუხისმგებლობას ან გაკოტრდა და მეანაბრეებმა ვერ აიღეს დივიდენდები. რისკი, რაზეც მომხმარებელი ხშირად ნერვიულობს, ფულის დაკარგვას უკავშირდება. ვფიქრობ, დიდი ხნის წინ გავიარეთ ეტაპი, როცა ბანკში დადებული თანხების შენარჩუნებისადმი ეჭვი არსებობდა. დღეს კომერციული ბანკებისადმი ნდობის პრობლემა არ დგას”, — აღნიშნავს გიორგი.

 

ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მეანაბრეთა დაცვაა, ხოლო კომერციული ბანკებისთვის მეანაბრეებისთვის სარგებლის დარიცხვა რეპუტაციული მნიშვნელობისაა და მათ ინტერესებში შედის. შესაბამისად, კომერციულ ბანკებს შეიძლება ენდოს მომხმარებელი და გახსნას ანაბარი, რომელიც ერთგვარად გულისხმობს დაბანდებასაც და ფულის დაზოგვაც.


ანაბრის უპირატესობებზე საუბრისას გიორგი მის დაბალ რისკიანობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, ანაბარი ფულის დაბანდების საშუალებაა. მართალია, იგი ნაკლებშემოსავლიანია, ვიდრე წარმატებული ბიზნესი, თუმცა ფულის დაკარგვის რისკები, ბიზნესისგან განსხვავებით, დეპოზიტების შემთხვევაში, პრაქტიკულად, არ არსებობს.

 

გიორგის თქმით, ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა, დეპოზიტის მიზნობრიობაც უნდა გავითვალისწინოთ — რა ტიპის ანაბარი გვჭირდება და რისთვის. 

„პირობითად, თუ მსხვილ თანხაზეა საუბარი და მომავალში მისი გარკვეული მიზნით გამოყენება გვსურს, სასურველია, ის მიმდინარე ანგარიშზე არ შევინახოთ და ანაბარზე დავდოთ. ერთი მხრივ, უსაფრთხოდ შეინახება და მეორე მხრივ, მას გარკვეული სარგებელიც დაირიცხება“,

— განმარტავს ექსპერტი.

კიდევ ერთი რჩევა კი ანაბრის პირობების დარღვევას უკავშირდება — „სანამმომხმარებლები დეპოზიტიდან თანხის ვადაზე ადრე გამოტანას და ხელშეკრულების დარღვევას გადაწყვეტენ, კარგი იქნება, მანამდე პირობები მოიკითხონ. თუ ანაბარი დათქმულ ვადაში არ დასრულდება, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ დაემატება“, — ამბობს გიორგი.

 

იგი ანაბრით უზრუნველყოფილ სესხსაც განიხილავს. მისი თქმით, ამ პროდუქტის შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის, თუმცა ის კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ანაბრის ხელშეკრულება არ დავარღვიოთ მაშინ, როცა ფული გვჭირდება. „ჩვენივე ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, თუმცა აქ არ არსებობს კონკრეტული რჩევა. შესაძლებელია მომხმარებლისთვის ფინანსურად მომგებიანი იყოს ანაბრის შენარჩუნება და საჭირო თანხის სესხის სახით გამოტანა, შედეგად კი მასზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება“, — აღნიშნავს ის.

ფოტო: Pexels

რატომ უნდა დავზოგოთ ფული?


უპირველეს ყოვლისა, ფულის დაზოგვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, რადგან ფინანსური მოულოდნელობებისგან დაცულები ხართ, თავიდან იცილებთ ვალებს, ამცირებთ ფინანსურ სტრესს, ტოვებთ მემკვიდრეობას და აღწევთ უფრო მეტ თავისუფლებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ის - როგორ ზოგავენ ადამიანები ფულს, ქვეყნის ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ვითარებაზე ბევრს მეტყველებს და პირიქით. 

„ის, რომ ჩვენ შემოსავლიდან, სასარგებლო მიზნითაც და, ეგრეთ წოდებული, „შავი დღისთვისაც“, გარკვეული თანხის გადადება მოვახერხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. დაზოგვის კულტურა უფრო მეტად უნდა გამოვიმუშაოთ. ჩვენ არ ვითვლებით კარგ დამზოგველ ქვეყნად, რაც, თავის მხრივ, სიღარიბის ბრალია, თუმცა შესაბამისი უნარების გამომუშავებაც საჭიროა. ასე რომ, როცა გაიზრდება ფინანსური ინსტიტუტებისადმი ნდობა, ქვეყნის ეკონომიკა და შესაბამისად — შემოსავლები, იმედია მოსახლეობა დაზოგვას უფრო უკეთ და წარმატებით მოახერხებს“

— ამბობს გიორგი.