ივნისი 11, 2021
10 რჩევა, რომლებიც ბავშვებს ფულის დაზოგვაში დაეხმარება
სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე უამრავ საგანს ვსწავლობთ, თუმცა იშვიათად იმას, რა მნიშვნელობა აქვს ფულის დაზოგვას და ჯანსაღ ფინანსურ ჩვევებს სამომავლო კეთილდღეობისთვის. არადა, ფულის გონივრულად ხარჯვა ერთ დღეში არ ისწავლება, ამიტომ ინფორმაცია ბავშვს ადრეული პერიოდიდანვე, ასაკთან შესაბამისი ფორმით უნდა მივაწოდოთ. როგორ? ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ბავშვს ფულის ყადრის სწავლასა და დანაზოგის გაკეთებაში დაეხმარება.
ასწავლეთ, განასხვაოს ერთმანეთისგან სურვილები და საჭიროებები
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ბავშვს ფულის ყადრს ასწავლის, სურვილებისა და საჭიროებების გამიჯვნაა. აუხსენით, რომ საჭიროებებში საკვებს, აუცილებელ ტანსაცმელს, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, განათლებასა და საცხოვრებელს ვგულისხმობთ. სურვილები კი სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი რამაა, მაგალითად, კინოს ბილეთი, ბრენდული ფეხსაცმელი ან ბოლო გამოშვების სმარტფონი.
საკითხის უკეთ აღსაქმელად ბავშვი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ფინანსურ თემებზე საუბრებში ჩართეთ. შეიძლება საუბრისას არ ახსენოთ ისეთი რთული ტერმინები, როგორებიცაა “ბიუჯეტი” ან “საპროცენტო განაკვეთი”, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ოჯახის ფინანსური გეგმები ბავშვმაც იცოდეს. ასე უკეთ შეძლებს, წინა პლანზე დააყენოს საჭიროებები და უარი თქვას უსარგებლო დანახარჯებზე.
ასწავლეთ ჯიბის ფულის გადანაწილება
ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ მშობლებმა ბავშვებს ჯიბის ფული მისცენ, რათა ფინანსების მართვა ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ, თუმცა, როგორც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციაში ამბობენ, ჯიბის ფული მათ ყოველდღიური საოჯახო საქმეების გაკეთების სანაცვლოდ არ უნდა შესთავაზოთ. ასე მათ თანდათან მოლოდინი გაუჩნდებათ, რომ ყველაფერზე, რასაც სახლში გააკეთებენ, ფულით უნდა დასაჩუქრდნენ.
ფინანსური ექსპერტების დიდი ნაწილი მშობლებს ურჩევს, შეიძინონ ან თავად დაამზადონ ყულაბა, რომელსაც რამდენიმე დანაყოფი ექნება. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი ჯიბის ფულს მიიღებს, წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას თითოეულ სექციაში გადაანაწილებს. ესენია:
დასახარჯად — ამ სექციაში მოხვედრილი ფულის დახარჯვა ბავშვს თავისუფლად შეეძლება;
შესანახად — დანაზოგი სამომავლო გეგმებისა და სურვილებისთვის;
სხვების დასახმარებლად — ამით ის ქველმოქმედების მნიშვნელობას გაიგებს;
საინვესტიციოდ — მას შემდეგ, რაც საინვესტიციოდ საკმარისი თანხა მოუგროვდება, შეგიძლიათ შესაბამისი ანგარიში გაუხსნათ.
დაეხმარეთ, დაისახოს მიზნები
ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს იმის თქმა, რომ ფული უნდა დააგროვოს, თუ იმასაც არ აუხსნით, რატომ უნდა გააკეთოს ეს. მოტივაციის ასამაღლებლად მას მიზნების დასახვა დაეხმარება. თუ ბავშვმა უკვე იცის, რის გამო აგროვებს ფულს, დაეხმარეთ, აღიქვას, რას მოიცავს ეს პროცესი და რისი გავლა მოუწევს. პირობითად, თუ ფულს 100-ლარიანი სათამაშოსთვის აგროვებს, ხოლო ყოველკვირეულად ჯიბის ფულის სახით 20 ლარს იღებს, გამოათვლევინეთ, სხვა ხარჯების გათვალისწინებით, რამდენ ხანში შეძლებს ამ ნივთის ყიდვას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მან ოჯახის საერთო მიზნების შესახებაც იცოდეს. იმის შეხსენება, რომ უფროსები ფულს სახლის გასარემონტებლად ან ახალი ავეჯის შესაძენად აგროვებთ, მას უფრო ფართო სურათის დანახვაში დაეხმარება და თან აგრძნობინებს, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრია.
გამოუყავით ადგილი, სადაც ფულს შეინახავს
როგორც კი დაიწყებს ფულის დაგროვებაზე ფიქრს, ბავშვს მაშინვე დასჭირდება ადგილი, სადაც შეკოწიწებულ ხურდებსა თუ კუპიურებს თავს მოუყრის. პატარა ასაკში ამ საქმისთვის გოჭის ფორმის ყულაბა გამოდგება, უფრო მოზრდილებისთვის კი ბანკში ანგარიშის გახსნა კარგი იდეაა. ორივე შემთხვევაში, ეს ნაბიჯი დაეხმარება, კარგად დაინახოს, თუ როგორ იმატებს დანაზოგი და როგორი ტემპებით მიიწევს წინ საკუთარი მიზნებისკენ.
ასწავლეთ, თვალი ადევნოს დანახარჯებს
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ბავშვს ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. თუ თქვენს შვილს პერიოდულად ფულს აძლევთ, თანვე ასწავლეთ, ჩამოწეროს, რაში ხარჯავს ყოველდღიურად თანხას, კვირის ბოლოს კი სთხოვეთ, შეაჯამოს დანახარჯები და დააკვირდეს, როგორ ანაწილებს ფულს. ასე უფრო მეტად იფიქრებს ფულის სწორად განაწილებაზე და თუ რაიმე მიზნისთვის დანაზოგს აკეთებს, გაიაზრებს, რამდენ ხანში მიაღწევს მას.
მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი თინეიჯერი გახდება, ჯიბის ფული წინასწარ შევსებული საბანკო ბარათის სახით შეგიძლიათ მისცეთ. ასე ის ყურადღებას მიაქცევს, რამდენი ფული დახარჯა და რამდენი დარჩა. ხოლო მას შემდეგ, რაც საკუთარი სახელფასო ბარათი ექნება, ფულის ელექტრონულად მართვა აღარ გაუჭირდება.
წაახალისეთ
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები საპენსიო დანაზოგს აკეთებენ ისაა, რომ მათ დამსაქმებლები თანხის გარკვეულ პროცენტს ზემოდან უმატებენ. ეს სისტემა შეგიძლიათ ბავშვების შემთხვევაშიც გამოიყენოთ, თუ მათ ფულის დაზოგვის დიდი მოტივაცია არ აქვთ. მაგალითად, თუ თქვენმა შვილმა სათამაშო კონსოლის ყიდვა გადაწყვიტა, შეგიძლიათ შესთავაზოთ, რომ რაღაც ეტაპზე მის მიერ დაგროვებულ თანხას გარკვეულ პროცენტს დაუმატებთ. ეს მას მოდუნების საშუალებას არ მისცემს და დაგროვებას უფრო მოანდომებს.
შეცდომები მოსულა
ის ფაქტი, რომ ბავშვს საკუთარი ფულის დამოუკიდებლად განკარგვის საშუალებას აძლევთ, თავის თავში იმასაც გულისხმობს, რომ ის შეცდომებსაც დაუშვებს და გაკვეთილსაც ისწავლის. ასეთ დროს მშობლებს ხშირად წასძლევთ სული და ცდილობენ, თავად აიღონ ფულის მართვის სადავეები ხელში, თუმცა უკეთესია, ბავშვს შეცდომის გაანალიზების საშუალება მიეცეს. ასე უკეთესად ისწავლის, როგორ მოეპყრას ფულს მომავალში.
მეორე მხრივ, ბავშვებს აინტერესებთ, რა შეცდომებს უშვებენ მათი მშობლები და პრინციპში, არა უშავს, თუ ეცოდინებათ, რომ იდეალურები არ ხართ. ამიტომაც შეგიძლიათ, თავადაც მოუყვეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ფულთან ურთიერთობისას დაუშვით — როგორ აიღეთ ვალი, რომლის დაბრუნება გაგიჭირდათ ან როგორ დაუფიქრებლად გაფლანგეთ დანაზოგი.
ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები
ალბათ, არაერთხელ შესწრებიხართ სიტუაციას, როცა მაღაზიაში, სალაროსთან ბავშვი მშობელს დაჟინებით სთხოვს, უყიდოს რაიმე ნივთი ან პროდუქტი. ასეთ დროს მშობლები ხშირად პასუხობენ, რომ “ამის ფული არ აქვთ”, თუმცა, ამან შესაძლოა, ბავშვი დააბნიოს. ამიტომაც აჯობებს, თუ სიმართლეს ეტყვით ასე: “ჩვენ ასე არ ვხარჯავთ ჩვენს ფულს” ან “ახლა ვერ ვიყიდით, მაგრამ დავაგროვოთ ფული შენს ყულაბაში და მოგვიანებით ვიყიდოთ”. ეს დაეხმარება, იფიქროს, რა არის მისთვის პრიორიტეტული, ისწავლოს დაცდა და დაგეგმოს ფულის ხარჯვა. ბოლო ორი რამ ფინანსური “სიჯანსაღისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ესაუბრეთ ფულზე
პირველ რიგში გააცანით მონეტები და ბანკნოტები, ასწავლეთ, რომელ მათგანს როგორი ღირებულება აქვს, დაუმზადეთ ყულაბა და თუ გსურთ, რომ მეტი ისწავლონ ფულის გონივრულად ხარჯვაზე ან დაგროვებაზე, ესაუბრეთ ამ თემაზე ხშირად. არ აქვს მნიშვნელობა, კვირაში ერთხელ გამონახავთ დროს ამ საუბრისთვის თუ ყოველდღიურ დიალოგებში ერთ-ორ სიტყვას ახსენებთ დაზოგვის მნიშვნელობაზე, მთავარია, ბავშვებთან ამ თემაზე საუბარი არ შეწყვიტოთ.
მიეცით მაგალითი
იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა ფულის დაზოგვა და დაგროვება ისწავლოს, მაგალითი თქვენგან უნდა აიღოს. მოულოდნელი შემთხვევებისთვის ცოტა ფულის გადადებით ან ანაბრის თუნდაც ძალიან მცირე თანხით გახსნის შემთხვევაშიც კი ბავშვი თქვენს ჩვევებს გადაიღებს და სამომავლოდ ფულთან ჯანსაღ დამოკიდებულებას შეინარჩუნებს.
კარგი იქნება, თუ მასთან ერთად დაიწყებთ თანხის დაგროვებას საერთო მიზნისთვის, მაგალითად, ახალი ტელევიზორისთვის, ნანატრი მოგზაურობისთვის და სხვა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხედავდეს, რას ნიშნავს რეალურად ფულის დაგროვება — აიღეთ ქილა და ყოველ კვირა თითო ლარი ჩააგდეთ ისე, რომ ბავშვმაც შეხედოს, როგორ იმატებს დანაზოგი. მას შემდეგ, რაც საკმარისი თანხა დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ ერთად დახარჯოთ ისე, რომ მას ალტერნატიული პროდუქტების შედარების საშუალება მიეცეს და თითოეული თეთრის მნიშვნელობა დააფასოს.
ბონუს რჩევა: აუხსენით ბავშვს, საიდან მოდის ფული
აუცილებელია, ბავშვმა იცოდეს, რომ ფული ციდან არ ცვივა. ბოლო დროს აქტიურად ვიყენებთ საბანკო ბარათებს, ვვაჭრობთ ონლაინ და ამა თუ იმ ტრანზაქციას ისე ვასრულებთ, რომ ნაღდი ფული არსად ჩანს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაიგოს, როგორ გამოიმუშავებთ ფულს და როგორ ხარჯავთ მას.