კულტურა ლიტერატურა

საიუბილეო „საბა“ 2022

„საბა“

სექტემბერი 21, 2022

გახსოვთ, რა ხდებოდა 2002 წელს? რაღაც ფაქტებს აღვიდგენთ, რაღაც დაგვავიწყდა, რაღაცას ძველი საინფორმაციო გამოშვებებით გავიხსენებთ, რაღაცას-მონათხრობიდან, რაღაცას ჩვენს მეხსიერებაში ჩავეძიებით, რაღაცას კი სულაც წიგნებში წავიკითხავთ, იმ წიგნებშიც, რომელიც პრემია „საბას“ სხვადასხვა ნომინაციებშია წარმოდგენილი.


ასეა, თუ ისე, 2002 წლიდან 20 წელი გავიდა და წელს, მთაწმინდაზე, ისევე, როგორც ოცი წლის წინ, ლიტერატურული პრემია საბას ახალი გამარჯვებულები გამოავლინეს.


ეს ოცი წლის იუბილე ყველასია, ვინც ოდესმე პრემიის გრძელ თუ მოკლე სიაში მოხვედრილა, ვისაც რამე დაუწერია, ვინც აპირებს, რამე დაწეროს, ვინც გეგმავს, კიდევ ერთი ახალი ქართული წიგნი წაიკითხოს.


მაშ, ასე, მკითხველს კიდევ ერთ „საბას“ ვულოცავთ და მოკლედ მიმოვიხილავთ წლევადელ გამარჯვებულებს:

წლის საუკეთესო რომანი

რომანი ყველაზე რთული და მოცულობითი ჟანრია, თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, გურამ დოჩანაშვილი, უფრო სწორად, მისი მოთხრობის პერსონაჟი, მწერალი ლუკა წერს, რომ ქართულ ლიტერატურას აქვს ჭეშმარიტად დიდი პოემა, მაგრამ ჯერ არ აქვს ჭეშმარიტად დიდი რომანი. საკამათო თეზაა ხომ? ყოველ წელს ჩვენ ძალიან საინტერესო რომანებს ველით რომანის ნომინაციაში, ველით და ვკითხულობთ კიდეც.

წელს რომანის ნომინაცია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ოთხი რომანიდან ჟიურიმ არჩილ ქიქოძის „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ და ირმა ტაველიძის „ბნელ წყლებში“ გამოარჩია.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

მისი უდიდებულესობა პოეზია. კიდევ ერთი წელი და კიდევ ერთი მოკლე სია, პოეზიის თარო წელსაც ფორმობრივი თუ შინაარსობრივი დეტალებით, თემატიკითა და გამოხატვის საშუალებებით, ავტორთა ესთეტიკითა და ინდივიდუალიზმით, განსხვავებული აქცენტებითაა დატვირთული.


ქართული პოეტური ტრადიციისა და ევროპული ლიტერატურის, სხვადასხვა ენობრივი და სალექსო ფორმების, სხვადასხვა თემატიკისა და კონცეფციის საინტერესო მრავალფეროვნებას, სადაც პოეზიის მოყვარული მკითხველი აუცილებლად იპოვის თავის საყვარელ პოეტურ ტექსტს.

წლევანდელი გამარჯვებული კი ლელა სამნიაშვილის „ავირეკლოთ“ გახდა, რომელიც პოეზიის ნომინანტთა შორის სხვა წლებშიც არაერთხელ გვიხილავს.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ნომინაციაში, რომელიც ხშირად უკვე ცნობილი ავტორების წიგნებითაა წარმოდგენილი, წელს შედარებით ახალი სახელებიც შეგვხვდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შედეგს, ამბების მრავალფეროვნება ამ ნომინაციისთვის არასდროს ყოფილა უცხო, ხოლო სამ ნომინანტს შორის ჟიურიმ რატი რატიანის „მკვლელობა სადგურის უბანში“ ამოარჩია.

წლის საუკეთესო პიესა

პრემია „საბას“ არსებობის ისტორიაში, ალბათ არცერთ სხვა ნომინაციას არ ჰქონია ასეთი თავგადასავალი, როგორც პიესას. ყოფილა წლები, როცა ეს ნომინაცია საერთოდ გააუქმეს, როცა ვერ გამოავლინეს გამარჯვებული, როცა მისთვის გამოყოფილი საპრემიო ფონდი სხვა ნომინაციას გადაეცა. მოკლედ, დრამატურგიას ბევრი რამ გადახდა თავს. საბედნიეროდ, წელს, საიუბილეო „საბაზე“ ნომინაცის მოკლე სია შედგა.წლის საუკეთესო პიესად კი ჟიურიმ მრავალმოქმედებიანი და მრავალგანზომილებიანი პიესა, მანანა დოიაშვილის „მეცამეტე თვე“ ამოარჩია.

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

დებიუტის ნომინაციაში წელს  პროზაული ტექსტები ჭარბობდა, თან, მხოლოდ პროზაული კი არა, ყველაზე რთული ჟანრი - რომანი. რომანებსა და პროზაულ კრებულებს რამდენიმე პოეტური კრებული და ერთიც თარგმანი უმშვენებდა გვერდს. დებიუტი წლის ყველაზე რთული არჩევანი და მთავარი ინტრიგა იყო. საინტერესო და დიდი მომავლის მქონე დებიუტანტებს შორის საუკეთესო თემო რეხვიაშვილის „კურიერის ამბები“ აღმოჩნდა, თაობის ხმა და თაობის საკითხავი.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

იმ წლიდან, რაც კრიტიკის ნომინაცია ცალკე გამოიყო, ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული მოლოდინია - აბა, წელს როგორი წიგნები იქნება წარდგენილი? იქნება თუ არა საერთოდ, როგორია წლის ლიტერატურული კრიტიკის მოსავალი? წელს ამ ნომინაციაში ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურული ტექსტების შესახებ დაწერილი მასშტაბური და კვალიფიციური ნაშრომები ვიხილეთ. ხოლო გამარჯვებული ნუგეშა გაგნიძის „ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქაძე“ არის, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიის ნიმუში.

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ქართული ლიტერატურის ბოლო ათწლეულს თუ დავაკვირდებით, ამ ჟანრში ნამდვილი შედევრები შეიქმნა, ლიტერატურისა თუ ხელოვნების, ისტორიის ხელახალი გადაკითხვისა და გააზრების გარდა, ზეპირი ისტორიისა და დოკუმენტური ტექსტის განვითარებამ მოგვცა სრულიად ფანტასტიკური ახალი წიგნები. ყოველ წელს, სულ ახალ-ახალი ამბებით მდიდრდება ქართული ესეისტიკა.


„საბას“ ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის თარო ყოველთვის გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესოა, ასეა წელსაც, სულ სხვადასხვაგვარი თემატიკა, განსხვავებული ავტორები, ერთი ეპოქის სხვადასხვაგვარი ხედვა, სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა სპეციფიკა და საოცრად საინტერესო წიგნები.


წლევანდელი პრემია კი ლანა ღოღობერიძის „ვისთვის გალობს შაშვმა“ აიღო.

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

,,საბას’’ წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქართველ მთარგმნელთა ბრწყინვალე „ამქარის“ წყალობით, ქართველ მკითხველს არაერთი გენიალური თარგმანის გაცნობის საშუალება აქვს. გამარჯვებული მთარგმნელები კი ვეებერთელა კულტუროლოგიური ველის შექმნის პრეცედენტს ქმნიან. წლევანდელი წელიც, რასაკვირველია, არ იყო გამონაკლისი. ტიტანური შრომა, ნიჭი, გემოვნება და ენის შეგრძნება, ეს ყველაფერი ამ ნომინაციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. წლევანდელი გამარჯვებული კი კატია ვოლტერსი გახდა, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობის“ თარგმანისთვის.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

ეს საბას ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ნომინაციაა, რადგან წარსულის გადამუშავების, გააზრებისა და ლიტერატურული ტექსტების საშუალებით ასახვის გარეშე ძალიან რთულია მომავლის წარმოდგენა, თავისუფლების ფასის შეგრძნება, თავისუფლებისათვის ბრძოლის აუცილებლობის გააზრება. ამ ნომინაციას წელს ორი გამარჯვებული ჰყავს: დავით ჯიშკარიანის „ბუცები და ტყავის ჩექმა“ და რუსუდან გორგილაძის „დიქტატურის გემო“

პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციის გამარჯვებული ამ საიუბილეო წელს კი საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“ გახდა, რომელმაც შეუდარებლად დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის განვითარებაში.

saba.com.ge