დეკემბერი 08, 2023
ნათია სართანია, იგივე sTia დღეს ქართული მუსიკალური სცენისთვის შეუცვლელი ფიგურაა და ეს წლებთან ერთად უფრო მეტად გამოჩნდება. 12 წლის წინ თბილისში
Creative Education Studio დაარსა და მას შემდეგ ადგილობრივი მუსიკალური სივრცე ყველასთვის დადებითად შეიცვალა. სწორედ ამ სტუდიაში, ამ დროის განმავლობაში დათესილ მარცვალზე მოდის დღეს იმ ნამუშევრების უმეტესობა, რომელსაც განურჩევლად ჟანრისა და მუსიკალური პრეფერენციებისა, ქართველი არტისტებისგან მოსავლის სახით ვიღებთ - ამ ყველფრის უკან კი, მუსიკოსების შრომასთან და ნიჭიერებასთან ერთად, sTia-ს მიერ გაკვალული გზა და მათთვის მიცემული შესაძლებლობები დგას.
ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც კლასიკური ფორტეპიანოს განხრით, ლონდონში სასწავლებლად წასული ნასტიას გონება თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობამ უფრო მეტად დაიპყრო. ამ დროს, საქართველოში პერიოდულად ჩამოსული, ერთ-ერთი პირველი ქალი რადიო DJ იყო, რომელმაც ბევრ სხვას ჟღერადობასთან ერთად, მისთვის უპირატესი Drum’N’Bass კულტურა საქართველოში სწორედ FM სივრცის დახმარებით, 90-იანი წლების მეორე ნახევარში შემოიტანა და დღემდე DnB Queen-ად იწოდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ნასტია მაგარი მასტია!
ლონდონში ყოფნის პერიოდში, ცხოვრებისეულმა გარდატეხებმა ნათია აიძულა კლასიკური ფორტეპიანოს განხრა, ანუ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიეტოვებინა. თუმცა ცხოვრების ცნობილი კანონზომიერებით 2004 წელს ამ კარის დაკეტვას, სხვა კარის გაღება მოჰყვა, როდესაც Cubase-ის მუსიკალური პროგრამული უზრუნველყოფა აღმოაჩინა. სწორედ აქ იწყება sTia-ს ისტორიაც.
2000-იანების მეორე ნახევარში მუსიკოსმა უცაბედი გადაწყვეტილება მიიღო და ოჯახთან ერთად დალაგებული ლონდონიდან ჯერ კიდევ შეუმდგარ სამშობლოში დაბრუნდა. მალევე მისი სადებიუტო ჩანაწერების კრებული კაფე Bell De Jour-მა ლიმიტირებულად CD-ზე გამოსცა - ელექტრონიკისა და ფორტეპიანოს, ასევე ნარჩევი რიტმული ელემენტების საინტერესო, უპრეტენზიო სინთეზი. სწორედ ამ ჩანაწერმა მიიქცია ჩემი პირვანდელი ყურადღებაც.
სწორედ ამ პერიოდში ჩნდება CES-ის დაფუძნების იდეაც და რამდენადაც მნიშვნელოვანი გამოდგა მისი დაარსება ქართული სცენისთვის, იმდენად გამოსტაცა sTia-ს ხელიდან ის დრო, რაც საკუთარი შემოქმედებისთვის უნდა დაეთმო. მისი მუსიკა პერიოდულად თავს იყრიდა მოგვიანებით დაარსებულ CES Records-ზე, საერთო კომპილაციების თუ პერსონალური სინგლების ფორმატში, თუმცა ეს ალბათ მინიმალური იყო იმ პოტენციალისგან, რასაც მისგან ველოდით. თუმცა ერთი კი ფაქტია, ნასტიამ საკუთარი მუსიკალური კარიერის დიდი ნაწილი სხვების წინ წამოსაწევად და დასახმარებლად დათმო - იმის გააზრება, თუ ქართულ კონტექსტში ეს რას ნიშნავს, მკითხველისთვის მომინდვია.
8 დეკემბერს, sTia-ს სადებიუტო ალბომი Home როგორც ციფრულ, ასევე ფირფიტის ფორმატში გამოიცა. ეს 7 კომპოზიციისგან შემდგარი გამოცემა მუსიკოსის უკვე რამდენიმე წლის არჩეულ მუსიკალურ ხაზს აგრძელებს, მისი არანჟირების არჩევანიც მინიმალური - ფორტეპიანოსთვის დაწერილი რბილი კომპოზიციებია, რომლებიც Harrold Budd-სა და რუიჩი საკამოტოს გაგახსენებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებითი პერსონალური ელემენტით ხასიათდება.
Home - ეს კონცეპტუალური ალბომია, რომელიც ადგილზე მეტად დროს აღნიშნავს, დროს სილაღისა და სიმშვიდის, გაოცებებისა და შთაბეჭდილებების - ანუ ბავშვობას.
ალბომი, რა თქმა უნდა, მუსიკოსის პირად გამოცდილებებს აღწერს, თუმცა ვფიქრობ მასთან მიერთება ყველა მსურველს შეუძლია. ყოველშემთხვევაში ალბომის თბილი, მელოდიური ტექსტურა ამის საშუალებას იძლევა.
ხშირად გვავიწყდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკაში სივრცის შეგრძნება და მსმენელისთვის თუნდაც მცირედი პაუზებით ადგილის დატოვება. მსგავსი ჩანაწერები ხშირად როგორც „განწყობის მუსიკა“ ისე ითარგმენა თუ ითაგება ხოლმე, თუმცა Home, ვფიქრობ, მაინც გამორჩეული შემთხვევაა - ალბომის იდეის წინასწარი ცოდნით მალევე გადადიხარ ბავშვობის წლებში და ფანტაზიებში საოჯახო ალბომსაც გადაავლებ თვალს. მუსიკას აქვს ის შესაძლებლობა, რასაც ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ვერ ვახერხებთ ხოლმე, როდესაც მთელი მეხსიერების მობილიზაციით ვცდილობთ გავიხსენოთ წარსულის ესა თუ ის მოგონება, მაგრამ მცდელობების მიუხედავად, არაფერი გამოგვდის ხოლმე. სწორედ ამ დროს გვევლინება „მადლის“ სახით მუსიკა, რომლის რამდენიმე წამიან ფრაგმენტსაც კი შეუძლია ჩვენს უფერულ მცდელობებს ფორმა შესძინოს და თითქმის „დავიწყებული“ ფრაგმენტები ცნობიერების ზედაპირზე ამოატივტივოს.
სწორედ ასეთი მუსიკაა Home-შიც. ალბომის კომპოზიციების უმეტესობა ბოლო 2 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ქვეყნდებოდა. Where Do I Go From Here-ზე ნიკა მაჩაიძის ანიმაციური ვიზუალიზაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა - ეს ერთი მხრივ მელანქოლიური, თუმცა ამავდროულად ბავშვური სილაღით სავსე კომპოზიციაა. Out Of My System-ში პიანო უფრო პერსონალურია, რამდენიმე აკორდი ახერხებს და მომნუსხავ ეფექტს სძენს. „Safe & Sound” ალბომში ჩემი პირადი ფავორიტია - უპრეტენზიო, განმეორებადი მელოდია, რომელსაც ბევრის თქმა უნდა მსმენელისთვის - და თუკი მეორე მხარეც საკუთარ თავში შესაბამის ექვივალენტს იპოვის, აუცილებლად იქნება გამოხმაურებაც. პირველი ნაწილი LunaFlowers-ისა და Sabana-ს სიმღერის, FlowerWild-ის sTia-სეული ქავერით სრულდება. სიმღერას, რომელიც გასულ წელს Luna Flowers-ის ალბომიდან საკმაოდ პოპულარული გახდა, sTia-ს რბილი ტონი, დამატებით ბრწყინვალებას იძენს. თუ ველური ბავშვებისთვის განკუთვნილი იავნანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ეს ქავერი აუცილებლად სიის პირველ რიგებში უნდა მივათვალოთ.
Home და Floating - ალბომის მინიმალისტურ ჟღერადობას აგრძელებენ, ემოციური დატვირთულობით, შეჩერებით, სიმარტივით და მისგან გამოწვეული შთაბეჭდილებებით, ბავშვობაში ეს კონკრეტული მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება. ალბომის საბოლოო კომპოზიცია Home-ის ქავერია, ქართველი მუსიკოსისა და პროდიუსერისგან Nikala. Lo-fi ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალში, რომელიც ტრეკს თან გასდევს, რიტმი თითქმის შეუმჩნეველია და მთლიანი აქცენტი სწორედ მელოდიის მომხიბლავ და ჩამთრევ ელემენტზეა გაკეთებული.
ჯამში ეს ალბომი ლამაზი მოსასმენია, რა თქმა უნდა, მუსიკალურად სიახლე ნაკლებია, თუმცა ვინც მუსიკის ემოციურ მხარეს უფრო მეტად წყალობს, ვიდრე ტექნიკურ დეტალებს (და ვფიქრობ უმეტესობა სწორედ აქ ვართ) მაშინ, თქვენთვის წლის მიწურულს ამ ალბომის სახით ნოსტალგიური და ამავე დროს ფერადი მოგონებებით სავსე სკივრი გელოდებათ.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი