მუსიკა | ცა

რუსუდან მეიფარიანი – გოგონა ქარის ტალღაზე

Tsa.Music

იანვარი 25, 2021

გერმანიაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორის, პიანისტის და მომღერლის, რუსუდან მეიფარიანის მუსიკას შეუძლია შთაგვაგონოს და გვამოგზაუროს ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. მისი შემოქმედება მეტად ავთენტური, თვითმყოფადი და ორიგინალურია. ამ შედეგის მისაღწევად კი, მუსიკოსი სხვადასხვა საშუალებას იყენებს – კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, ავანგარდს, ფოლკლორს, ფორტეპიანოს, ელექტრონულ, აკადემიურ თუ თანამედროვე ინსტრუმენტებს და, რა თქმა უნდა, საკუთარ ხმას.

მეიფარიანის მრავალფეროვანი მუსიკა ქართული ხასიათისაა, თუმცა ქართველ მუსიკოსებს შორის მისი შემოქმედება ორიგინალური შესრულების სტილით, მანერითა და ხასიათით გამოირჩევა. ის სიმღერის დროს გლოსოლალიებსაც მიმართავს, თავისი ნამუშევრების დიდ ნაწილში კი ტექსტებად გალაკტიონ ტაბიძის ლექსები აქვს გამოყენებული. მუსიკოსს საკუთარი შემოქმედების წარმოსაჩენად რამდენიმე პროექტი აქვს. მოდით, ტრადიციულად მივყვეთ:

ფოტო: Sven Falk

რუსუდან მეიფარიანი 1975 წლის 12 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. ბავშვობისას მუსიკას ფორტეპიანოსთან წერდა, მერე გიტარაზე დაკვრა და წერა დაიწყო. სერიოზულად კი, კონსერვატორიის მეორე კურსიდან მოჰკიდა ხელი საყვარელ საქმიანობას. გერმანიაში წასვლის შემდეგ კარლსრუეს კონსერვატორიაში მოხვდა ვოლფგანგ გრინთან. ერთი წელი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საკომპოზიციოს ეუფლებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ რუსუდანმა, მისმა დამ, ნატალია მეიფარიანმა და გიგა ხელაიამ, უკვე ტრიო ჩამოაყალიბეს მანჰაიმის კონსერვატორიაში კამერული მუსიკის ფაკულტეტზე. მუსიკოსი 11 წლის განმავლობაში სწავლობდა, თან საქმიანობდა – კონცერტებს მართავდა და ასწავლიდა კიდეც. ამჯერად რუსუდანი შტუტგარტის კონსერვატორიაში სიმებიანების ფაკულტეტზე პიანისტის ამპლუაში მუშაობს – აკეთებს მუსიკალურ აკომპანიმეტსა და კამერულ მუსიკას.

Daphioni (2006)

რუსუდანის შემოქმადებაზე გავლენა ბავშვობაში მამის მიერ აჟღერებულმა მუსიკმა იქონია: „ბითლზი“, „პინკ ფლოიდი“, ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერები და ჯაზი. კლასიკურ და ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად ეს იყო კიდევ ერთი სამყარო, რომელიც ბავშვობიდან თან ახლდა. როცა უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მუსიკის მოსმენა, ამჯერად მამამისისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად აღმოაჩინა ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: ბიორკი, კეიტ ბუში, ლორი ანდერსონი, ტორი ეიმოსი, შინედ ო’კონორი, Nirvana, Depeche Mode, The Cure, U2, Cocteau Twins და სხვები, რომელთა შემოქმადებამაც, ერთგვარად, განსზაღვრა რუსუდანის მომავალი საქმიანობაც. სწორედ მისთვის საყვარელი არტისტების ნაწარმოებებს ასრულებდა რუსუდანი გერმანიაში წასვლამდე ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაიას) ქუჩის ერთ-ერთ კლუბში თავის მეგობარ, ზურა ძაგნიძესთან ერთად, რომელიც ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფის, Afternoon Version-ის წევრი იყო. 

ფოტო: Martin Zentner

1999 წელს, როცა რუსუდანმა კონსერვატორია დაამთავრა, კარიერის გაგრძელება, მძიმე გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანიაში გააგრძელე, თუმცა არასდროს გაუწყვიტავს კავშირი საქართველოსთან თავისი შემოქმედებით. მის პროექტებს შორისაა: ანსამბლი „დაფიონი“, რომლის წევრებიც მისი ოჯახის წევრები არიან; ზურა ძაგნიძესთან ერთად გაკეთებული ფრიკ-ფოლკ დუეტი „ველი ულევი“; ქორეოგრაფიული პროექტი „ხმა დაირისა“; ნატალია მეიფარიანთან ერთად დუეტი „ბაროკო და თანამედროვეობა“; ნორვეგიულ-ქართული ტრიო „ნორგეო“; საბალეტო პროექტი „საზღვრებს მიღმა“, რომელშიც გამოიყენა პოეტ რატი ამაღლობელის ლექსები და მასში მონაწილეობა მიიღო გიორგი ალექსიძის საბალეტო დასმა.

რაც შეეხება დისკოგრაფიას, რუსუდან მეიფარიანის პირველი ალბომი 2006 წელს გამოვიდა „დაფიონის“ სახელით, სადაც საოჯახო ტრიო ჰაიდნის, შუმანისა და რუსუდანის ნაწარმოებებს ასრულებს. 2007 წელს გამოვიდა რუსუდანის პირველი სოლო ალბომი Lieder Aus Einer Insel („სიმღერები კუნძულიდან“), რომლის ჩაწერაშიც ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. 2018 წელს მისი მეორე სოლო ალბომი გამოიცა - Night Songs From An Old City („ღამის სიმღერები ძველი ქალაქიდან“), რომელიც მუსიკოსმა თბილისს მიუძღვნა. ამ ალბომის 5 სიმღერაში გალაკტიონ ტაბიძის ლექსებია გამოყენებული.

Lieder Aus Einer Insel (2007)

2020 წელს რუსუდანმა სამი ნამუშევარი გამოსცა. ერთი მცირე ალბომი (მინიონი) „არ მინახავს შენი არე“ გაზაფხულზე გამოვიდა. მასში რუსუდანის 4 სიმღერას ანსამბლი „ანჩისხატი“ ასრულებს. მეორე ქართულენოვანი ერთსიმღერიანი სინგლი „ნაზი მიწა“ მან გერმანელ ვეტერან კრაუტ-როკ მუსიკოს Hans-Joachim Irmler-თან ერთად გამოუშვა. მესამე, უკვე სრულყოფილი ალბომი-ოპერა შემოდგომაზე გამოიცა და მას Orphea's Journey („ორფეას მოგზაურობა“) ეწოდება. მეიფარიანმა იგი დიდი ხნის წინ დაწერა და კონცერტებზე ასრულებდა, როგორც ნაწარმოებს Das Mädchen auf der Windwelle „გოგონა ქარის ტალღაზე“. მის ჩაწერაში ოჯახის წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღო David Stützel-მა, რომელმაც ოვერტონებით იმღერა.

რუსუდან მეიფარიანთან საუბარი ახალ ალბომზე დავიწყე:

რუსუდან, ბოლო ალბომი-ოპერა „ორფეას მოგზაურობა“ თქვენივე ანსამბლთან ერთად როდის ჩაიწერა და ზოგადად, რაზეა ეს ალბომი?

პირველ ლოქდაუნამდე ჩავწერეთ, მაგრამ მე და ჩემს დას კარანტინი კარგად დაგვეხმარა, სტუდიაში რეგულარულად მივსულიყავით და მიქსირებასა და მასტერირებაში მიგვეღო მონაწილეობა. ალბომისთვის მუსიკა კარგა ხნის წინ დავწერე, რომელიც წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ადრე ძალიან ბევრს ვუსმენდი მონტევერდის ოპერა „ორფეოსს“. მაშინ მომინდა პატარა კამერული ოპერა დამეწერა. დავიწყე მუსიკისა და ისტორიის, ზღაპრის წერა, რომლის სიუჟეტიც მუსიკასთან ერთად ვითარდებოდა.

ესაა ზღაპარი მოგზაურობაზე, რომელიც უფრო შინაგანი მოგზაურობა და იდენტობის ძებნაა.

„ორფეოსისგან“ განსხვავებით, ჩემთან გოგონაა გმირი, რომელსაც ორფეა დავარქვი. იგი მთებში მამასთან ერთად იზრდება. გაიცნობს მწყემსს, რომელიც მას სხვადასხვა ისტორიას უყვება შორეული სამყაროების შესახებ. ორფეაში გაიღვიძებს სურვილი, სამყაროს გასაცნობად სამოგზაუროდ წავიდეს. თუმცა მას საღორეში ჩაკეტავენ, სადაც იგი თავის საწყის სახეს კარგავს და ცნობიერ სამყაროში, ანუ დღისით ღორად გადაიქცევა ხოლმე, ღამით კი, მის არაცნობიერ სამყაროში ისევ იბრუნებს გოგოს სახეს. ღორად გადაქცევის შემდეგ მოგზაურობას იწყებს, ეძებს, როგორ დაიბრუნოს თავისი იდენტობა. ამისთვის მას რამდენიმე გამოცდის ჩაბარება უწევს. ერთ-ერთი გამოცდისას ჩავარდება ორმოში, სადაც ხვდება ჩრდილებს, რისიც ძალიან ეშინია, თუმცა ითმენს და იცდის. სწორედ ეს ლოდინის უნარი აღვიძებს მასში ახალ ძალებს და ავითარებს იმ სიყვარულს, რაც ეხმარება სასურველი ადგილის პოვნაში. ორფეა იპოვის იმ ადგილს, სადაც შეძლებს დაწვას ღორის ტყავი და საყვარელ ადამიანებთან ერთად გააგრძელოს თავისი გზა.

Orphea's Journey (2020)

თქვენი ალბომის გმირი, ორფეა ბუნებაში იზრდება. თქვენ სად უფრო ისურვებდით ცხოვრებას – დიდ ქალაქში, თუ სოფლად?

ჩემთვის აქტუალური თემაა, რადგან ჩემს ქმარს ძალიან უნდა ქალაქგარეთ ცხოვრება, ეს ბავშვებისთვისაც კარგი იქნება. მე ფეხს ვითრევ, რადგან დიდ ქალაქში ცხოვრებას უკვე მივეჩვიე და მეშინია სხვაგან გადასვლის. ისე, გერმანიაში რომ არ წავსულიყავი, მქონდა ალტერნატიული გეგმა – კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იმერეთში, ხარაგაულის რაიონის ერთ სოფელში გადავსულიყავი. კონსერვატორიაში სწავლის დროს მამასთან ერთად ზაფხულობით იქ ხშირად დავდიოდი. თავიდან ქალაქიდან რომ ჩავდიოდი, თითქოს ვითრგუნებოდი ამ სიჩუმესა და მთების სიდიადეში. მერე თანდათან შემიყვარდა იქ ყოფნა, რომელიც მამშვიდებდა. იქაურ ხმებს ვუსმენდი, მაგალითად, მეზობელი სოფლის ძაღლების ყეფას. მსიამოვნებდა, ერთი გორაკიდან მეორეს ყურება... თუმცა ვიცოდი, რომ ამ გორაკების მიღმა არის ქალაქი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს.

ფოტო: Martin Zentner

მუსიკის წერისას ყველაზე დიდი შთამაგონებელი რა ან ვინ არის?

ბევრი შთამაგონებელი მყოლია – შუბერტით დაწყებული, მონტევერდით, ლორი ანდერსონით თუ ბიორკით დამთავრებული. ხშირად მახსენდება ჯონ ქეიჯის ციტატა: „როგორი მოსაწყენია იდეა, როდესაც მუსიკას წერ იმისთვის, რომ შენი გრძნობები გამოხატო“. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა.

ყველაზე ძალიან მიყვარს ამ პროცესის დროს ჩემს მიკროკოსმოსში შესვლა, იქ ბოდიალი, ძიება და ისეთი გრძნობის ქონა, რომ თითქოს ჩემი მუსიკის საშუალებით ვტოვებ ამ მიკროკოსმოსს და ვუერთდები რაღაცას უფრო დიდს.

მუსიკის წერისას ჩემს გამოცდილებებს და მოგონებებს ერთგვარ კონცენტრირებას ვუკეთებ. ეს ყველაფერი თან განცდილია, თან საკმარისი აბსტრაქციაც აქვს. შემდეგ მსმენელსაც აქვს საშუალება, რომ ამ მუსიკალურ სივრცეში შევიდეს, თავისი საკუთარი გამოცდილებები და მოგონებები მასში აღმოაჩინოს, აღიქვას, გაიგოს... ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

რუსუდან, მსმენელი რომ იყოთ, თქვენ მუსიკას რომელ ჟანრს ან სტილს მიაკუთვნებდით?

როგორც მსმენელს, ძალიან გამიჭირდებოდა, რაღაც ერთი სტილი მიმესადაგებინა ამ მუსიკისთვის. ისე, ბოლო დროს ამაზე ხშირად მიფიქრია, რადგან რადიოში მასალებს რომ ვაგზავნი, იქ საჭიროა ამის მითითება. მივხვდი, რომ ეს მაინც უფრო ნეო კლასიკაა, რაც შეიძლება ბოლომდე არ ახასიათებდეს ამ მუსიკას, მაგრამ მაინც უფრო კომფორტულია ჩემთვის. ამ სტილს საკუთარ თავს მიაკუთვნებენ მუსიკოსები: გერმანელი ნილს ფრამი და დანიელი აგნეს ობელი. 

ნეო კლასიკა, რომლის ნაწილიც არის თქვენი შემოქმედებაც, 21-ე საუკუნის ათიანი წლებიდან განსაკუთრებით დაუკავშირდა ელექტრონულ მუსიკას. თქვენ ხომ არ მოგისინჯავთ ძალები ელექტრონულ მუსიკაში?

პირდაპირ ელექტრონული მუსიკის კეთება არასდროს მიცდია. თუმცა ელექტრონულ სინთეზატორს ვიყენებ, რაღაც ხმებს ვეძებ ხოლმე. თავად ელექტრონული მუსიკის კეთების მოთხოვნილება არასდროს გამჩენია. თუმცა, 2020-ის პირველ და მეორე ლოქდაუნებს შორის მოვასწარი პოპ და ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის ჩატარება.

შტუტგარტი მანქანათმშენებლობის ცენტრია გერმანიაში. თუნდაც, „მერსედესი“ ამ ქალაქიდანაა. მუსიკის მხრივ როგორი სიტუაციაა? 

შტუტგარტს, რა თქმა უნდა, დღემდე შემორჩა მსხვილი მანქანათმშენებელი ქალაქის იმიჯი. ისე, ბოლო წლებში მანქანათმშენებელ ინდუსტრიას არც ისე კარგად აქვს საქმე, თუნდაც ელექტრომანქანების წარმოების თვალსაზრისით. მუსიკის მხრივ კი, ბოლო წლებში განსაკუთრებით სუბკულტურა გამოცოცხლდა ქალაქში. ზოგადად კლასიკური მუსიკის კულტურა ძალიან იგრძნობა, რადგან ეს ტრადიციაა. სიმფონიურ კონცერტზე, ოპერის ან ბალეტის სპექტაკლზე რომ მოხვდე, დიდი ხნით ადრე უნდა შეიძინო ბილეთი. საფეხბურთო სტადიონზე დიდი როკ კონცერტები ტარდება. არიან უბრალო შლაგერის მსმენელებიც. კლუბური ცხოვრება ბოლო წლებში ძალიან გააქტიურდა. სხვადასხვა ადგილებში აითვისეს, მაგალითად, ძველი სადგური გადაკეთდა ისე, როგორც თბილისში „ფაბრიკა“. მანდ ძალიან იაფად შეიძლება სახელოსნო იქირავო, ტარდება ჰიპ-ჰოპ, ელექტრონული და კლასიკური კონცერტები. ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, არის კლუბი, სადაც ანდერგრაუნდ მუსიკოსები გამოდიან ხოლმე. 

რუსუდან, ქართულ სცენას, ქართველ შემსრულებლებს თუ ადევნებთ თვალყურს და ვინმე თუ მოგწონთ გამორჩეულად?

ყველაზე მეტად ქართველი ელექტრონისტები მომწონს. მაგალითად, ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. ცოტა ხნის წინ რეპერ დროს „კოკა-კოლა“ მოვასმენინე ჩემს შვილებს და ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო გია ყანჩელი. მისი მუსიკა არა მარტო ინსპირატორი, არამედ ჩემი ბავშვობის უძვირფასესი ნაწილია. დიდი პატივი იყო ჩემთვის, როდესაც მან ჩემს ორხმიან აკაპელა ნაწარმოებს რადიო „მუზაში“ მოუსმინა და ამის შემდეგ მის ნაწარმოებთან ერთად რობერტ სტურუას სპექტაკლში გამოიყენეს. მინდა დავასახელო რეზო კიკნაძე, რომელმაც თავისუფალი ჯაზის სცენა ძალიან გაამდიდრა. ასევე მინდა, ორი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ვახსენო, რომელთა კონცერტსაც დავესწარი შტუტგარტში. ესენი არიან კორძი და ცაგარელი, ანუ ალექსანდრე კორძაია და გიორგი ცაგარელი. მათ საოცრად უშუალო, ბუნებრივი დაკვრის მანერა აქვთ და მათი მუსიკიდან პოზიტიური ენერგია მოდის. ქართულ მუსიკაში ჩემთვის ყველაზე ფასეული ქართული მრავალხმიანობაა. შემსრულებლებიდან „ანჩისხატის გუნდი“ მომწონს ძალიან. მიხარია, რომ ანსამბლი „ანჩისხატი“ გერმანიაში იყო ჩამოსული და ვითანამშრომლეთ. მათ კონცერტებზე თავიანთი რეპერტუარის გარდა, ჩემი სიმღერებიც იმღერეს, რაც მე მათ მივუძღვენი. 

მოგწონთ თუ არა 21-ე საუკუნეში აღმოცენებული მუსიკა და მუსიკოსები?

ბევრი მომწონს. ბოლო წლებში საინტერესო მუსიკალური ძვრები მოხდა. სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს შორის საზღვრები აღარაა მკაფიო და გაცილებით უფრო გახსნილი ატმოსფეროა – ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრი ძალიან საინტერესო მუსიკა იქმნება.

რომელ ლეიბლთან გაქვთ ურთიერთობა?

მიუხედავად იმისა, რომ პირველი დისკი ლეიბლმა გამოსცა, სიმართლე გითხრათ, ყველაფრის ორგანიზება ისევ მე გავაკეთე, თუნდაც კონცერტების დაგეგმვა და სხვა. თვითონ ინტერნეტით დისკის გაყიდვა აიღეს საკუთარ თავზე. საბოლოოდ, მაინც ვერ მივხვდი, რაში დამჭირდნენ. ალბომ „ღამის სიმღერები ძველ ქალაქში“ გამოცემა რომ დავაპირე, ავსტრიული ლეიბლი დაინტერესდა, რომელიც თანამედროვე კლასიკურ და ექსპერიმენტულ მუსიკაზე მუშაობს, მაგრამ ლეიბლისთვისაც იმდენი ფულია გადასახდელი, რომ გააფორმონ, დაბეჭდონ და ა.შ., არ ვიცოდი, რა სარგებელი უნდა მოეტანა ჩემთვის. გარდა ამისა, დისკის გაფორმებაც და ყველაფერი საკუთარი ძალებით გვქონდა გაკეთებული და გადავწყვიტეთ, ლეიბლის გარეშე გამოგვეშვა. არის ერთი კარგი პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარა ყველაფრის ორგანიზებაში და დისტრიბუციაში. თან არაფერს ართულებს, ლეიბლის კოდსაც გვანიჭებს, რასაც რადიოები ითხოვენ, თან წილი არ მიაქვთ, როგორც მსხვილ ლეიბლებს და რაც მთავარია, ყველა უფლება მუსიკაზე მხოლოდ ჩემია. მხოლოდ ერთჯერადად ვიხდი გარკვეულ თანხას და მორჩა. ძალიან კომფორტულია.

აქვს თუ არა პანდემიას რაიმე დადებითი თქვენი შემოქმედების მხრივ?

პირველი ლოქდაუნი მართლაც ძალიან დადებითი აღმოჩნდა ჩემთვის. სემესტრი რომ დაიწყო, კონსერვატორიაში ძალიან ბევრი სამუშაო გველოდებოდა, კონკურსი იყო დაგეგმილი, რომლისთვისაც ბეთჰოვენის ჩელოს ყველა სონატა უნდა მესწავლა... ამ ეპიდემიის შემდეგ ყველაფერი ჩაიშალა. თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, სახლში ყოფნა რომ მიწევდა – არც კონცერტები, არც სამსახური. ჩემმა ქმარმაც ოფისი სახლში მოაწყო, ბავშვებსაც ონლაინ გაკვეთილები უტარდებოდათ და ცოტა გამიჭირდა. თუმცა, კარგი ამინდების გამო, ყოველდღე გარეთ გავდიოდით სასეირნოდ, საღამოობით კი წყნარად, მშვიდად შემეძლო ჩემთვის მუსიკა მეწერა. რაღაცების ორგანიზება ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდოდა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებდი. ბავშვებსაც უხაროდათ, სახლში რომ ვიყავი. ახლა ახალ ალბომს ვამზადებ ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად.

ფოტო: Sven Falk

საქართველოში რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

თავდაპირველად უფრო ძლიერი ნოსტალგია მქონდა. ახლაც იგივეა, უბრალოდ, ყოველდღიურად რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ვერ ვგრძნობ. სამაგიეროდ, მეტად ვგრძნობ, როდესაც ჩამოვდივარ. ძალიან მენატრება ჩემი მშობლები, ჩვენი ბინა მთაწმინდაზე, სოლოლაკი, იქ ქუჩებში სიარული...

ავტორი: ლაშა გაბუნია