ედუფინი

როგორ დავზოგოთ ფული?

სექტემბერი 24, 2018

თუ შენ იმ უამრავ ადამიანს შორის ხარ, ვისაც შეუძლებელი ჰგონია ფულის დაზოგვა, შენ მარტო არ ხარ.


ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით სად მიდის ფული. თვის დასაწყისში ვიხდით მნიშვნელოვან გადასახადებს - ბანკის კრედიტი, კომუნალურები, დაზღვევა და დანარჩენი თანხა... უბრალოდ ქრება.


ფიქრი იმის შესახებ, რომ დღევანდელი შემოსავლებით ფულის დაზოგვა დაიწყო, უბრალოდ ბოროტ ხუმრობად გვეჩვენება. თუმცა, უყურადღებოდ გვრჩება ისეთი დანახარჯები, როგორებიცაა არასაჭიროებისამებრ ტაქსში გადახდილი ფული, შეძენილი ტანსაცმელი, რომელიც არასდროს ჩაგვიცვამს, სახლის გარეთ კვებაზე დახარჯული თანხა. 

კარგი ამბავი ის არის, რომ თუკი დღესვე დავიწყებთ ფინანსების კონტროლს, უფრო მარტივი იქნება ჩვენი ხარჯვითი ქცევის ჩამოყალიბება. 

ჩვენს თავზე ორგვარად ვფიქრობთ - დღევანდელი და მომავალი “მე”. მომავალში იდეალურები ვართ - ვიწყებთ ვარჯიშს, ჯანსაღ ცხოვრებას, ფულის დაზოგვას და გვავიწყდება, რომ ჩვენი მომავალი თავი აწმყოს იდენტურია და გარკვეული ქცევების შეცვლა დღესვე შეგვიძლია. დანაზოგების გაკეთება, არ უნდა იყოს ადამიანებისთვის არასასურველი ვალდებულება. ის უნდა იყოს სურვილი, რომ ფულის დაზოგვით შევისრულოთ სურვილები ან თავისუფლად გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს, ვინაიდან, დაგროვებული ფული სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ:

მომავალი ინვესტიციებისთვის

უმეტესობა ჩვენგანს ხშირად გვქონია სურვილი, საკუთარი ბიზნესის წამოწყების და შემდეგ მისი განვითარების, ან საკუთარ პროფესიულ განვითარებაში ინვესტირების. ფულადი დანაზოგები ერთ-ერთი კარგი მეთოდია მსგავსი მიზნების შესრულებისთვის. 

გადაუდებელი საჭიროებისათვის

ამ თემაზე ფიქრს ხშირად თავს ვარიდებთ, მაგრამ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. გარკვეულ სიტუაციებში გადაუდებლად გვჭირდება თანხა, მაგალითად ავადმყოფობის, სამსახურის დაკარგვის დროს. ფულადი დანაზოგები საშუალებას გვაძლევს მარტივად გავუმკლავდეთ პირად ფინანსურ კრიზისს.

ნაკლებ კრედიტიანი ცხოვრებისათვის

არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დანაზოგები. ეს საშუალებას გვაძლევს, გავატაროთ საუკეთესო შვებულება საყვარელ ადგილას, შევიძინოთ სასურველი სასწავლო კურსი ან თუნდაც შევიძინოთ სახლი. 

ფულის დაზოგვა აუცილებლად არასასურველ მოქმედებად არ უნდა ვაქციოთ, ვინაიდან თანხების დაზოგვისთვის მარტივი და მამოტივირებელი საშუალებები არსებობს. 

მნიშვნელოვანია, დავისახოთ კონკრეტული მიზანი, რისთვისაც გვსურს ფულის შეგროვება. მიზნის მიღწევისათვის დაზოგვა დამატებით მოტივაციას მოგცემს, რომ ხელფასის 5% ან 10% დანაზოგში გადაიტანო. მაგალითად, თუკი სურვილი გაქვს 1 წელიწადში სასურველი მანქანა შეიძინო, ამ მიზნის მისაღწევად სასურველია დაისახო გეგმა და ყოველთვიური მიზნები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზანი ღირებული იყოს ჩვენთვის, რათა გაგვიადვილდეს გარკვეულ დანახარჯებზე უარის თქმა.  

გავაანალიზოთ ჩვენი ხარჯები. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ხარჯების კონტროლი მარტივია. ონლაინ ბანკი იძლევა იმის საშუალებას, რომ შენი ყოველთვიური დანახარჯების ფინანსური ანალიზი გაკეთო. ადვილად შეიძლება იმის აღქმა, რა ტიპის ხარჯები გაქვს და რისი შემცირება შეგიძლია იმისათვის, რომ დანაზოგი გაიზარდოს. მაგალითად, თუკი ხვდები, რომ სწრაფი კვების ობიექტებში დახარჯულმა თანხამ შეიძლება დაგიზოგოს ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი (ასევე ჯანმრთელობის), უკეთესი იქნება, რომ მსგავსი ქცევა დაარეგულირო.  

გამოვიყენოთ სხვადასხვა საბანკო ანაბრები. მაგალითად, თუკი ანაბარს გავხსნით წლიური განაკვეთით 10,50%, საწყისი თანხით 1000₾, დამატებით კი ყოველთვიურად 2 წლის განმავლობაში შევიტანთ 50₾-ს - ჯამური დანაზოგი იქნება 2,480₾, აქედან კი დარიცხული პროცენტი იქნება 330,75₾. 

გარდა ანაბრებისა, საბანკო სერვისებში შესაძლებელია, მონახვა სხვადასხვა საინტერესო საშუალების, რომლებიც თანხის შენახვას უფრო მარტივს და სახალისოს გახდის. მაგალითად „ჩემი ყულაბა“, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ბარათით ყოველი გადახდისას ან თანხის განაღდებისას, არჩეული თანხა ავტომატურად გადაირიცხოს ანაბარზე. მაგალითად, თუკი სარგებლობთ აღნიშნული სერვისით, თითოულ გადახდაზე თქვენს მიერ არჩეული თანხა (მაგალითად 50 თეთრი), მოგროვდეს ანაბარზე. 

თვის განმავლობაში დავაწესოთ განტვირთვის დღეები, როდესაც აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთების გარდა, არაფერს შეიძენ. მაგალითად, არ გაივლი მაღაზიაში და არ შეიძენ სასუსნავს, არ ივლი ტაქსით. მსგავსი დღეების არსებობა, ბევრად შეამსუბუქებს თვიურ ბიუჯეტს. 

არ არსებობს ისეთი მცირე თანხა, რომლის შენახვასაც აზრი არ აქვს. ჩვენ ხშირად უარს ვამბობთ დანაზოგის გაკეთებაზე, როდესაც ის დიდ თანხსაც არ შეადგენს. თუმცა, მცირედი თანხით გაკეთებულ დანაზოგსაც შეუძლია ჩვენი ზოგიერთი სურვილების ახდენა. თუკი გარკვეულ პერიოდში მოახერხებ, მაგალითად 2000₾-ის შეგროვებას, ეს საშუალებას მოგცემს, შეიძინო შენი სასურველი ნოუთბუქი, რომელიც შესაძლოა მუშაობაშიც გეხმარებოდეს ან უბრალოდ საღამოს ფილმების ყურების საშუალებას გაძლევდეს. აქედან გამომდინარე, “ბევრი” და “ცოტა” სუბიექტური სიდიდეებია, მცირე შეგროვებული თანხითაც შესაძლებელია სარგებლის მიღება. 

ჩვენ გვამოძრავებს სურვილი, რომ გავზარდოთ საკუთარი კეთილდღეობა და ფინანსური რესურსი. ეს მხოლოდ მაღალი შემოსავლის გამომუშავების პირობებში არ ხერხდება, არამედ ცხოვრებაში ყოველდღიურ გონივრულ გადაწყვეტილებებსაც გულისხმობს. 

ავტორი: ელენე დოლიძე