ლიტერატურა კულტურა

რეზო თაბუკაშვილი - 92

"საბა"

აგვისტო 02, 2019

„მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,

და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.

ქარს იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე წინ აფრას;

დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,

მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,

მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,

მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.

მე არასდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,

სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,

მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,

თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,

ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.

მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,

სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.“

მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ქართველების კვალის მაძიებელი დიდი ქართველი - რეზო თაბუკაშვილი 1927 წლის 2 აგვისტოს დაიბადა.



შესანიშნავი პოეზია, შექსპირის სონეტების კონგენიალური თარგმანები, დრამატურგია, სცენარები- ეს ყველაფერი მისი მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრების შედეგია.

მან მთელი ოცი წელი მოანდომა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე, ქართული ბატალიონის გმირული და ტრაგიკული ამბოხების შესწავლას. მისი წყალობით მოხდა ქართული გმირების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია. ეს ისტორია, გარდა მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისა, ქართული აკადემიური თეატრების სცენებზეც განხორციელდა პიესაში „დენბურგის ზარი“.

რეზო თაბუკაშვილი იტალიელ პარტიზანებთან ერთად

განუზომელია რეზო თაბუკაშვილის ღვაწლი, როგორც მწერლის, რეჟისორისა და მეცნიერ-მკვლევარისა, საქართველოს ისტორიის სრულიად ახლებურად გაგებისთვის.


რეზო თაბუკაშვილის საარქივო კოლექციიდან


მან აღმოუჩინა და დაუბრუნდა საქართველოს მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, პეტრე ხარისჭირაშვილის, გრიგოლ ფერაძის, პაპავების ოჯახის, ვიტორიო სელას და სხვების სახელები. მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავში და არქივში მოიძია უძველესი ქართული ხელნაწერები, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები და ნაწილი ჩამოიტანა კიდეც. მისი პირადი ინიციატივითა და მონაწილეობით საქართველოს ბევრი უნიკალური ნივთი დაუბრუნდა. აი, მცირე ჩამონათვალი: ვიტორიო სელას ფოტოარქივი, ფოტოფირები და უძველესი ხელნაწერები; მეფე ერეკლეს წერილები გაგზავნილი საქართველოდან 1782 წელს; პაპავების არქივები; სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, რომელიც რომის პაპმა აჩუქა პირადად; ვანო ქიქოძის იარაღების უნიკალური კოლექცია და ეკლესია-მონასტრების ორიგინალური ფოტოფირები; დედოფალ ქეთევანის მოქსოვილი ფარდაგი - სიონის საკურთხევლის გადასაფარებელი, ასევე, ნიკო ბურის რარიტეტებიც. 

რეზო თაბუკაშვილის საარქივო კოლექციიდან

რეზო თაბუკაშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, ფონდსა და არქივში, კერძო კოლექციაში აღმოაჩინა და აღნუსხა ხატები, ტიხრული მინანქრების ფრაგმენტები, უძველესი ხელნაწერები.

რეზო თაბუკაშვილის საარქივო კოლექციიდან

რეზო თაბუკაშვილის დღიურებიდან:


„ 1987 წ.

ისტორიული სვლა, უფრო სწორად, ისტორიული წინსვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იცი, ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ. ეს თუ არ იცი, მაშინ ეს სვლა კი არა, ბოდიალია მხოლოდ დროსა და სივრცეში. ყველა განსწავლული ერი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, ფაქიზად მოუაროს ყველა იმ ხილულ და უხილავ ძაფს, რომელიც აკავშირებს წარსულს არათუ აწმყოსთან, არამედ მომავალთან. წარსულისა და მომავლის უწყვეტობა არის ის დიდი მიზანი, რომელსაც ემსახურება ჩვენი კულტურაც.“

ჯანსუღ ჩარკვიანი, დოდო ჭიჭინაძე, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე

„საქმეების სია რომ ჩამოვწერე ამ დილით, შემეშინდა...


1.    თანამედროვე ქართულ-ფრანგული მოზაიკა - ეს ფილმი ფაქტიურად მზად მაქვს, დასამატებელია ზოგი რამ.


2.    ფილმი მარი ბროსესა და თეიმურაზ ბაგრატიონზე - ამ ფილმის ერთი მესამედიც მზადაა.


3.    ქართული განძის ოდისეა საფრანგეთში და ექვთიმე თაყაიშვილი - საკმაო მასალა მაქვს ამ ფილმისთვისაც გადაღებული.


4.    საბას მოგზაურობა ევროპაში - ამ ფილმს ახლა ვიწყებ აქ და ზაფხულში ლაშასთან და გენოსთან ერთად განვაგრძობ იტალიაში (ღმერთით).“

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე

„გმირობა ხომ აქტიური ფენომენია და სადაა აქ, ამ შენს ლაჩრულ სიჩუმეში აქტიურობა?! სწორედ ამ სათავეებთან იწყება ის „ფილოსოფიური კრედო“, რომლის მიხედვითაც გმირობას , თავდადებას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული აზრი, რომ შენ, შენს „ძვირადღირებულ“ სიცოცხლეს, რომელსაც ჯერ კიდევ მრავალი სასარგებლო რამ შეუძლია მოუტანოს შენს ქვეყანას, შენს ერს, ერთი „აფექტური“ – „ეფექტური“ სიმართლის „უადგილო ადგილას“, „უდროო დროს“ აღიარებით საბოლოო განაჩენი არ გამოუტანო და ამით შენივე ეროვნული „კადრების სალარო“ არ გააღარიბო!..“

რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე და ლაშა თაბუკაშვილი

„იფეთქებდა სისხლი. რამდენი გვიცინია ამაზე ყველას, როცა ბოლოს დავრწმუნებულვართ, რომ ამ უცნაურმა კაცმა ასე მარჯვედ აგვიხვია თვალი...

მივყვებოდით ჩვენ, მის ჩვეულ პიროვნებაზე შეყვარებული ათასები, მის უღმერთოდ ნაადრევ კუბოს, და გულში ყველას გვინდოდა, მისი ჭრილობებიც, მისი სისხლიც და სიკვდილიც მასვე ექცია ილუზიად...

მაგრამ ეს შეუძლებელია, და ჩვენ ამიერიდან ნუგეშად გვრჩება ერთი იმედი - მისი უკვდავების ეჭვგაურეველი რწმენა.“


ტარიელ ჭანტურიას მოგონებიდან

გია დანელია და რეზო თაბუკაშვილი იაპონიაში

„...წმინდაო, თეთრო გიორგი! შენ მომიმართე ხელი ამ ქართულ საქმეში, თუ ის მართლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც მე მგონია.“

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".


#საბკულტურა