მუსიკა | ცა

რჩეული უცხოური მუსიკა

Tsa.Music

აპრილი 24, 2023

Tujiko Noriko  - Crépuscule I & II

პირველად ოსაკელი ტუჯიკო ნორიკოს მუსიკა ფართო საზოგადოებისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც ლეიბლზე MEGO Editions-ზე სადებიუტო ალბომი გამოაქვეყნა. დასაწყისიდანვე აცხადებდა რომ პოპ მუსიკას ქმნიდა, კლასიკური სტრუქტურით - მელოდია, ტექსტი, სიმღერა - თუმცა თუ დააკვირდებით, ამას მუდამ მისი უნიკალური ხელწერით და ექსპერიმენტების სიყვარილით აკეთებდა.

მისი ახალი ალბომი კი კინოხელოვნებითაა შთაგონებული, სადაც მუსიკალური კარიერის პარალელურად აქტიურად მოღვაწეობდა. ეს ალბომი ორი დისკისგან შედგება, ერთ სიმღერების, მეორე კი უბრალოდ მუსიკალურ ჩანახატებისაა, რომელთა შორის განსხვავება მხოლოდ პირობითია - ეს 46 წუთიანი მოგზაურობაა ემბიენთ მუსიკის ულამაზეს ხეივანში.

Oddisee - To What End

ვაშინგტონელი რეპერისა და არტისტის, Oddisee-ს შესახებ ბოლო ათწლეულში ჰიპ-ჰოპით დაინტერესებულმა ყველა მელომანმა იცის. MC რომელმაც 90-იანი წლების Native Tongues-ის კოლექტივის იდეები აქტიურად დააბრუნა ინდუსტრიაში. მისი ახალი ალბომიც სწორედ ჯაზ და სოულ სემპლებითაა გაჯერებული, თემატიკა კი ადამიანებს და საზოგადოებას ურთიერთკავშირს დაამაში ჰიპ-ჰოპის როლს ეძღვნება - რამდენად შორს შეგვიძლია გავიწიოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რისი დათმობა შეგვიძლია? რას ვაკეთებთ და რისთვის? - ეს ალბომი ძირითადი ლირიული თემაა, რომელიც 16 სიმღერის ფარგლებში პასუხსაც მოიცავს.

Kali Malone - Does Spring Hide Its Joy V1.3

ახალგაზრდა ამერიკელი კომპოზიტორის რიგით მეხუთე ალბომი. კალი მელოუნმა ელექტროაკუსტიკური მუსიკა შვედეთში ისწავლა და წლების განმავლობაში მუშაობს ორღანის, ვოკალისტთა გუნდის და და ანსამბლებისთვის. მისი მუსიკის იდეა სინთეტური თუ აკუსტიკური ინსტრუმენტაციით მდიდარი ხმოვანი ტექსტურების შექმნაა, რომელიც განმეორებითი პატერნების წყალობით დინამიურ ემოციურ ნაკადს ქმნის მსმენელისთვის.

სწორედ ასეთია მელოუნის ახალი ალბომიც, რომელიც 3 საათს გრძელდება და 2020 წელს, პანდემიის პერიოდში მეგობარ მუსიკოსებთან, სტეფან ო მალი (Sunn O)))-ს გიტარისტი) და ლუსი რაილტონთან (ჩელო) ერთად შექმნა. აღნიშნულ ჩანაწერში მუსიკოსები ცდილობენ გაბმული და უწყვეტი აკუსტიკური კომპოზიციებით ადამიანები დროის გაგებას მოწყვიტონ და შექმნან მინიმალისტური, თუმცა დამატყვევებელი მუსიკალური გამოცდილება.

Polobi & the Gwo Ka Masters - Abri Cyclonique

კარიბის ზღვის ტროპიკულ სავანეებში, მისტიკური პოლობი-ს პერსონაჟი მშოიბლიურ კლეოლურ ენაზე მისი წინაპრების ტრადიციას აგრძელებს და კარიბული მუსიკით, ამბის თხრობის უბრალო, თუმცა მრავლისმომცველი ტექნიკით მსმენელს ტრანსში აგდებს. ეს უნიკალური ხმათა სამყაროა, რომელიც გვადალუპეს მკვიდრთა ცხოვრებას ასახავს.

Khotin - Release Spirit

კანადელი პროდიუსერი Khotin, ჯერ კიდევ ადრეული 2010-იანებიდან ვანკუვერის მუსიკალური სცენისთვის კარგად ნაცნობი სახელია - პერიოდი როდესაც უფრო საცეკვაო მოედნებზე ორიენტირებულ მუსიკას აკეთებდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მისი მიმართულება შეიცვალა და უფრო მშვიდი, ტრანსცედენტული ემბიენთ მოგზაურობისკენ გადაიხარა.

მისი ახალი ალბომიც სწორედ მსგავსი ხმოვანი ველით საზრდოობს - ეს არის სიზმრისეული, რბილი ტონებითა და ვინტაჟური სინთეზატორების თამაშით გაჯერებული ბავშვობის მოგონენებების ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც მის დახვეწილ, ემოციურ სამყაროს კიდევ უკეთ აღწერს.

Andy Shauf – Norm

კანადელი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი ენდი შაუფი ბოლო წლების განმავლობაში კონცეპტუალურ ალბომებზე მუშაობდა, რის შემდეგაც  „ნორმალური“, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიმღერების კრებულზე დაიწყო მუშაობა. თუმცა ამ მხრივაც რთული აღმოჩნდა და მსმენელებს შემოგვთავაზა „Norm” - ალბომი, რომელიც ამავე სახელწოდების პერსონაჟის ცხოვრებას და მის განცდებს მიყვება - ნორმი სტალკერია, ადამიანი რომელიც შეპყრობილია მეორე, საპირისპირო სქესის მქონე პერსონაჟით და მუდამ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს მისი მიმართულებით

მუსიკოსი აღნიშნული ალბომის საშუალებით ცდილობს სიყვარული წარმოადგინოს რომანტიკისგან დაცლილ ფენომენად და ბოლოში სვამს მეტად საჭირბოროტო და ჩანაწერის მთავარ კითხვას, „რა ხდება თუ თავად ღმერთსაც სწორად არ ესმის რა არის სიყვარული?“

Kelela – Contact

ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომი, რომელიც მრავლად შექებული სადებიუტოსგან 6 წლის შემდეგ  Warp Records-ზე გამოვიდა. ალბომი რომელიც საცეკვაო მუსიკის ინდუსტრიაში, ფერადკანიანი ქალის მარტოდ ყოფნის სირთულებზე მოგვითხრობს. აქ ერთმანეთს ენაცვლება ემბიენთ ტექსტურები და გრუვიანია, RnB-სა და ბრიტანული მუსიკის ალში გახვეული საცეკვაო კომპოზიციები. საბოლოო ჯამში ალბათ ალბომის ძირითადი ნაკლი მისი ქრონომეტრაჟია, რომელიც 1 საათს ცდება, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს მის  ინტენსიურობას, რომლისთვისაც თქვენი ყურები უნდა მოამზადოთ.

JPEGMAFIA X DANNY BROWN - Scaring The Hoes

ზემოთ მოცემული ორი ჰიპ-ჰოპ არტისტის ბიოგრაფია ინდუსტრიისგან სრულიად ამოვარდნილ გამოცდილებებს მოიცავს - დენი ბრაუნი 2000-იან წლებში თითქმის 50 Cent-ის G-Unit-ის წევრი გახდა, JPEGMAFIA კი წლების განმავლობაში ამერიკის ჯარში იყო და ერაყში, ქუვეითსა და იაპონიაში მოუწია სამსახურის გავლა. ორივე 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო MC-ები არიან, რომელთა ექსტრაორდინალურმა გადმოცემის უნარმა, მუსიკალურმა თემატიკამ ახალი თაობის ყურადღება მალევე დაიმსახურა. ახალი საერთო ალბომი კი ამ ორი ექსპერიმენტალისტის მსმენელს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედებს - სათაურიდან და ვიზუალური გაფორმებიდან დაწყებული, ენერგიული და ხშირად ქაოტური ინსტრუმენტალებით გაგრძელებული, ალბომს ბომბის ეფექტი აქვს ჩართვიდან მის დასრულებამდე.

The Necks – Travel

ავსტრალიური ჯაზ ტრიო The Necks უკვე თითქმის 35 წელია მუსიკალურ სცენაზე განსხვავებულ ფორმატს გვთავაზობს, რაც ცდება ტრადიციული ჯაზ ტრიოს გაგებას და სრულიად უნიკალურ მუსიკალურ ტერიტორიაზე ინაცვლებს. ემბიენთის, პოსტ-მინიმალიზმისა და პოსტ-როკის ელემენტების ერთმანეთთან გადაკვეთამ ბენდის ჟღერადობა მსმენელთა უმატესობისთვის მომაჯადოვებელ ეფექტად აქცია. მათი ახალი ალბომიც სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა. ეს არის მუსიკა,რომელსაც ყოველდღიურად 20 წუთიანი სტუდიური იმპროვიზაციებით ქმნიდნენ და მათგან სწორედ რჩეული ჩანაწერები აღინიშნა ალბომზეც. 

Luke Vibert - Machine Funk



ბრიტანელი ელექტრონული მუსიკის გიგანტი, ლიუკ ვაიბერტი ერთი სტილის მიმდევარი არასდროს ყოფილა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში მან ფართოდ გაშალა ფრთები და ყოველი ახალი ალბომით მსმენელს განსახვავებულ ჟღერადობას სთავაზობდა, რომ არაფერი ვთქვათ მის სხვა მუსიკალურ პროექტებზეც. თუმცა ბოლო 10 წელია რაც ვაიბერტი ერთ კონკრეტულ სტილზე აკეთებს ფიქსაციას და ეს მჟავა (Acid) ჟღერადობაა, რომელსაც იგი რჩეული ინსტურმენტის, Roland TB-303-ის საშუალებით იხელთებს და მინიმალური ჩარევით, მაქსიმალურ შედეგს დებს. მის ახალ ალბომშიც, “Machine Funk” სწორედ ეს ოსტატობა ვლინდება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი