კულტურა ლიტერატურა

რატომ დავდივართ AD BLACK SEA-ზე?

სექტემბერი 24, 2019

ედბლექსის მესამე და დამაგვირგვინებელ დღეს მაიკლ კონრადმა აუდიტორიას ერთი საინტერესო კითხვა დაუსვა - რატომ ხარ კრეატიული?


“because it's fun” - უპასუხა ერთმა და მერე მიყოლებით მეორე ადამიანმაც აუდიტორიიდან.


არადა, ამ კითხვას, როგორც აღმოჩნდა, ბევრად საინტერესო პასუხების პოტენციალი ჰქონდა. ჰერმან ვასკეს ფილმმა ”რატომ ვართ კრეატიულები”, რომელსაც მოგვიანებით ყველამ ერთად ვუყურეთ ეს საკმაოდ კარგად აჩვენა.


იმის თქმა არ მინდა, რომ კრეატიულობა სახალისო არაა, ძალიანაც სახალისოა, ოღონდ მათთვის, ვინც კრეატიულია. მათთვის, ვინც ასე აზროვნებას არაა შეჩვეული, პირიქით, მტანჯველი პროცესია. თქმა კრეატიული ვარ, იმიტომ რომ კრეატიულობა სახალისოა, იგივეა, რომ თქვა კრეატიული ვარ, იმიტომ რომ კრეატიული ვარ. I think therefore I am creative, თუ როგორცაა.


ხოდა, რატომ გაგვიჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? 


ალბათ იმიტომ, რომ deceptively მარტივი კითხვაა. ერთი შეხედვით ეს ელემენტარულია (ვატსონ), მეორეს მხრივ კი რთული.


რატომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ? ნახე, უცებ დასერიოზულდა.



მაგალითად მე ისკეიპისტი ვარ, რეალობა არ მომწონს, გამოგონილი სამყაროები მირჩევნია. რაც არ უნდა კარგი იყოს ის, რაც არის, ის, რაც შეიძლება იყოს, ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენება. 90-იანებში, როცა ვიზრდებოდი და ადამიანად ვყალიბდებოდი, ლამფის შუქზე წიგნების გარდა, არანაირი ქონთენთი არ მომეძევებოდა, რომელშიც გაქცევას მოვახერხებდი, ამიტომ ჩემი სამყაროების გამოგონება მე თვითონ მიხდებოდა. დავიწყე წერა, ხატვა… წერისა და ხატვის გამო დავიწყე ხალხზე დაკვირვება, პერსონაჟების ამოცნობა, სახასიათო შტრიხების შემჩნევა. საბოლოო ჯამში ჩემგან დიდი არც მწერალი გამოვიდა და არც მხატვარი, მაგრამ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ კრეატიული ვარ. 



იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს პასუხი ჩემს თავში ამ კითხვის დასვამდე არ არსებობდა, დასმული კითხვის შედეგად ფორმულირდა და ალბათ კიდევ იმიტომ , რომ დრო მქონდა მეფიქრა, პასუხი მომეძებნა, ჩემი თავთან რაღაცეები მეღიარებინა და სასარგებლო დასკვნები გამეკეთებინა.


ამიტომ მიყვარს ასეთი მოულოდნელი კითხვები, ერთი შეხედვით რომ ძალიან მარტივია, სასაცილოდაც რომ შეიძლება არ გეყოს მაგრამ პასუხის გაცემას რომ ეცდები “it’s fun”-ზე უკეთესს ვერაფერს იფიქრებ, სანამ კარგად, გულიანად არ დაფიქრდები, და როცა დაფიქრდები, როგორც წესი, რაღაც ახალს გაიგებ შენს თავზე.  


კითხვა, რატომ დავდივართ ედბლექსიზე - ამ შემთხვევამდე 3 დღით ადრე გამიჩნდა. მატარებლიდან ახალი გადმოსული, ახლად შეძენილი სკამის ფორმისა და ფეხზე დგომის გამოწვევებს ვისიგრძეგანებდი რეგისტრაციის რიგში, როცა ორი ფერადწინდებიანი გოგოს საუბარს მოვკარი ყური:


-“პირველად ვარ” - თქვა პირველმა ცოტა დამნაშავე ხმით.

-“პირველად AD BLACK SEA-ზე?? “ -შეიცხადა მეორემ.


5 წელია ფესტივალი ტარდება, ბუნებრივია რომ უკვე “რეზიდენტები” არსებობენ, არ ვიცი რატომ გამიკვირდა ასე მეორე ფერადწინდებიანი გოგოს “რას აკეთებდი ამდენი ხანი რომ AD BLACK SEA-ზე პირველად ხარ?” თვალები.


უფრო სრული და ამომწურავი პასუხი რომ გავცეთ, ალბათ უფრო სიღრმისეულად უნდა მიმოვიხილოთ რა არის ეს ფესტივალი, ვინ ვართ ჩვენ, რა ხდებოდა ჩვენს თავს ბოლო სამი დღის განმავლობაში და რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს ყველაფერი.



AD BLACK SEA ხუთი წლის წინ დაიწყო ძალიან ჯიუტი ადამიანების ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც ნამდვილი ქართველი მედმენი, ვატო ქავთარაძე ედგა სათავეში.


გეგმა ასეთი იყო: განვავითაროთ ინდუსტრია, წავახალისოთ ადგილობრივი სააგენტოები, გავხადოთ საქართველო ერთგვარი ჰაბი რეგიონში, გავაცნოთ ქვეყანა მსოფლიოს და გავზარდოთ ტურიზმი.

მოკლედ, ძალიან ამბიციური გეგმა იყო.


ისეთი ამბიციური, რომ ცოდვა გამხელილი ჯობია, მე პირადად არ მეგონა რომ გამოვიდოდა.


ვატოს თავდადებაში და ქვეყნის პოტენციალში არ მეპარებოდა ეჭვი, ბევრი სხვა ფაქტორიც იყო: სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც ხან იყო, ხან არა, სპონსორები, რომლებიც ხან ჩნდებოდნენ, ხან კი ქრებოდნენ. ფესტივალი ჩატარდებოდა თუ არა, დიდწილად ორგანიზატორი გუნდის დაუჯერებელ თავგამოდებაზე იყო დამოკიდებული.  


არადა, გამოვიდა.

გამოხდა ხუთი წელი და ფესტივალი ტარდება, წლიდან წლამდე იზრდება და საქართველოც ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს ამ სფეროში რეგიონის ლიდერის პოზიციაზე. 


რომ არა ამ გუნდის სიჯიუტე და მუხლჩაუხრელი შრომა, ის ფერადწინდებიანი გოგო ვერაფრით ვერ შეიცხადებდა რეგისტრაციის რიგში: “პირველად AD BLACK SEA-ზე?”


ასე რომ, პირველი მიზეზი, რის გამოც AD BLACK SEA-ზე დავდივართ, არის ხალხი რომელიც კულისებს მიღმა ცდილობს მთელი წელი და ცდილობს ძალიან, რომ ეს ფესტივალი არსებობდეს, ყავდეს საინტერესო სპიკერები, ძალიან მაგარი პროგრამა და ჩვენ ყველას ხელი მიგვიწვდებოდეს ამაზე, რისთვისაც დიდი მადლობა! 



და მაინც, რატომ გვჭირდება ეს ფესტივალი ბაზრის განსავითარებლად? 



რეკლამა უცნაური სფეროა, რაღაცნაირად შუაში გამორჭობილი.


აქეთ არის ბიზნესი, ბიუჯეტებით, KPI-ებით, კონვერსიებით და ასე შემდეგ.

იქეთ არის ხელოვნება, ფერების პალიტრებით, მხატვრებით, მწერლებით მუსიკოსებით.

ჩვენ ვართ შუაში, ორივე მხარეს ვეპოტინებით და ორივე მხარე ეჭვის თვალით გვიყურებს. ბიზნესის მხარე თვლის რომ უცნაურ ვარცხნილობებიანი, საეჭვო სამუშაო ეთიკის მქონე ხალხი ვართ, რომლებსაც სულ “კრეატივები" და ცაში გაფრენები ელანდებათ და მათი ბიზნეს პრობლემების გაგება არ უნდათ. ხელოვნების მხარე თვლის რომ სულ-ფულზე გაყიდული ხალხი ვართ, ამას იმიტო ვაკეთებთ რომ ნამდვილი ხელოვნება არ გამოგვივიდა და ჩვენი ხელოვნება ხელოვნებაში მისათვლელი საერთოდ არაა.

 


როგორც მოცემულობა (გამონაკლისები რათქმაუნდა არსებობს), არავის ჩვენი არ ჯერა, ყველაფერზე ბრძოლა გვიწევს ყველასთან.


ჩვენც ვიბრძვით, იმიტომ რომ მაგრად მოგვწონს ჩვენი საქმე. კი, შუაშია, არც აქეთ და არც იქეთ, მაგრამ მთელი მუღამიც მაგაშია. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ შეიძლება იყოს ბიზნეს პრობლემის მოგვარება საკაიფო არტი. 

ამ საქმეს იმდენ დროს, ენერგიას და სასიცოცხლო ძალას ვუთმობთ, მთელი ჩვენი თავის ინვესტიციას ვახდენთ, რომ ჩვენი საქმე და ჩვენ, რაღაც ერთი სისხლ-ხორცი ვხდებით. თითოეული პროექტი, ცუდად ჟღერს, მაგრამ თითქოს შვილივითაა.. თავზე ვეფოფინებით, ცივ ნიავს არ ვაკარებთ სანამ დღის სინათლეს არ ნახავს და რომ ნახავს, მერე კომენტარებს ვარეფრეშებთ, გვაინტერესებს, ამდენი წვალების მერე, ნეტა რას ფიქრობს ხალხი, მოგვესწრო შვილი თუ არა :) 


შენ გაკეთებულ რეკლამას რიგითი ადამიანი შეხედავს, მოეწონება ან არ მოეწონება, ზემოქმედებას იქონიებს მის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ შენი ნამუშევრის თითოეული კომპონენტის სისწორის, სიმარტივის და სიმშვენიერის შეფასება ბოლომდე მხოლოდ ამ დარგის სხვა მოღვაწეებს შეუძლიათ, მარკეტერებს და “რეკლამშიკებს”. 

სწორედ ამიტომ, ძალიან საჭიროა სივრცე, სადაც შენ ნამუშევრებს სწორედ ასეთი ხალხი შეაფასებს. ისინი, ვისაც ესმის და აფასებს რას აკეთებ, ვისთვისაც ამ ორი ნახევრის სიერთიანია მთელი მუღამი. ისინი გეტყვიან, თუ კარგად გამოგივიდა ყველაფერი, თავზე უჩინარ ხელს გადაგისვამენ და მოტივაციას მოგცემენ რომ შემდეგ წელსაც ეცადო, დედამიწის ზურგზე არავის შენი რომ არ ჯეროდეს, მაინც გააკეთო კარგი რაღაცეები.


ეს, თვითონ ფესტივალი და ფესტივალის სემინარების პროგრამა საერთოდ ცალკე თემაა. 

უკვე ვახსენე, რომ წელს მარსელო სერპა ყავდათ?


პროცესში, ჩემ ბრაზილიელ მეგობარს მივწერე, ვერ დაიჯერებ ახლა ვის ვუსმენთქო და როცა გაიგო, რომ მარსელო სერპას, 5 წუთი მწერდა მარტო “aaaaaaaaaaaaaa! aaaaaaaaaa!! aaaaaa!!!” მესიჯებს.


წელს რომ პროგრამაში მარტო 1 საათი მარსელო სერპა ყოფილიყო და მეტი არაფერი, ჩავთვლიდი რომ ფესტივალის სემინარების პროგრამამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. 


კი, მისი პრეზენტაციის მთავარი მესიჯი "იფიქრე მარტივად, მაგრამ მოულოდნელი რაღაცეები”, შეიძლებოდა ბევრ სხვა ადამიანს ეთქვა და უთქვამს კიდეც. გამორიცხული არაა მეც მეთქვა, როცა რომელიმე ახალბედა თანამშრომელს ვმოძღვრავდი. 

ამ შემთხვევაში, სათქმელი უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მთქმელის გამო. ამ ადამიანმა გვაჩვენა, თვითონ როგორ ფიქრობდა მარტივად მოულოდნელ რაღაცეებს და გვიხსნიდა მის ლოგიკას, ისეთი კამპანიების უკან, რომელიც ყველას გვინახავს, იმიტომ რომ თითოეული მათგანი საერთაშორისო viral სენსაციაა. 


ლაპარაკობდა და გრძნობდი, როგორი ტიპია, როგორი იუმორის გრძნობა აქვს, როგორ ფიქრობს და მერე ხედავდი ამ ყველაფერს გაცოცხლებულს მის ძალიან ინდვიდუალურ ნამუშევრებში. 

პრეზენტაციის ბოლოს მეორედ აჩვენა მისი ძველი პოსტერი სერფერზე, რომელსაც იღლიაში ბორდის ნაცვლად, ჩეკი აქვს ამოჩრილი და თქვა, ჩემი ცხოვრების მოკლე ისტორიაც ესაა, წავედი, ვიმუშავე, გადამიხადეს და ახლა ვსერფერობო. დამავიწყდა მეთქვა, დამსახურებულ ადრეულ პენსიას ჰავაიზე ატარებს, ყველაფერი რისი გაკეთება და დამტკიცებაც შეიძლებოდა უკვე გააკეთა და დაამტკიცა.


რაღაცნაირი კომფორტია, რომ სამყაროში მარსელო სერპასნაირი ადამიანები არსებობენ, გააკეთეს რასაც შენ აკეთებ, ისე როგორც შენ გინდა რომ აკეთებდე და დამსახურებული happy end-იც მიიღეს.

შენც თუ მოინდომებ და იფიქრებ მარტივად მოულონდელ რაღაცეებს, შეიძლება 20 წლის მერე შენ იყო ახალი მარსელო სერპა. იქნებ, ეს პროექტი რაზეც ახლა მუშაობ, აჩვენო სადმე, სარეკლამო ფესტივალზე და თქვა, ჩემი ცხოვრების ისტორიაც ასეთია, წავედი, ვიმუშავე, გადამიხადეს და X ვქენიო. ნეტა, ჩემი X რა იქნებოდა და რომელი პროექტიდან, ცოტა საშიში ფიქრია :)) 


ასევე დიდი ჰაილაითი იყო კენტარო კიმურა, რომელიც გვესაუბრა კრეატიულ ალქიმიაზე და იდეის გენერირების 5 ძირითად პრინციპზე. მისი პრეზენტაცია სავსე იყო კარგი პრაქტიკული რჩევებით, რაც ქაოტური კრეატიული პროცესისთვის რაღაც ფრეიმვორქის მიცემაში დაეხმარება ახალბედა “კრეატივშიკებს”.



ყველასთვის და განსაკუთრებით არტზე მომუშავე ხალხისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო ვასილის მარმატაკისის პრეზენტაცია, რომელმაც მისი იკონური ფილმების პოსტერების მზადების შიდა სამზარეულოში შეგვახედა. წარმატებული პროფესიონალების შიდა სამზარეულოში შეხედვის იმედით ხალხი თვეობით გადის სტაჟირებას ცნობილ სტუდიებში.



პირადად ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ალექსას დროზდოვსკისის პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო ლიდერშიფზე, როგორ ვმართოთ კრეატიული გუნდები და გამოვამჟღავნოთ მათი სრული პოტენციალი. დამაფიქრა იმაზე, მე როგორი ლიდერი ვარ და რისი გაკეთება შემიძლია უკეთ, რომ ჩემი დეპარტამენტი უფრო “ორკესტრივით” მუშაობდეს, ვიდრე ახლა :)




მაიკლ კონრადმა ისაუბრა იმაზე თუ რა მნიშვნელოვანია ბრენდი თავის მიზანსა და ფუნქციას აანალიზებდეს და უკეთებდეს არტიკულაციას კომუნიკაციას ყველა ეტაპზე, რაც საინტერესო უნდა ყოფილიყო მარკეტერებისთვის ისევე, როგორც რეკლამაში მომუშავე ხალხისთვის. 



სხვათაშორის ის, რომ ეს ფესტივალი თანაბრად პოპულარულია მარკეტერებს და “რეკლამშიკებს” შორის, განსაკუთრებით სასიამოვნოა. ნეთვორქინგის გარდა, რაც ასევე სასიამოვნოა, მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვუყურებთ ძალიან მაგარ ქეისებს და ერთი ენერგიით ვიმუხტებით, ერთნაირი ამბიციები გვიჩდება და შემდეგზე როცა მითინგ რუმში მაგიდის საპირისპირო მხარეს ვხვდებით, საერთო ენის გამონახვა გვიადვილდება.


კარგია, რომ “რეკლამშიკების" და მარკეტერების გარდა, ბევრია ისინიც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს ეს სფერო და კარიერის აქ გაგრძელებაზე ფიქრობს. წლიდან წლამდე, “შიდა წრე" ფართოვდება და მეტი ხალხი გებულობს რას ვაკეთებთ და რატომ გვიყვარს ამის კეთება.





Fast forward სამი დღის შემდეგ, ორშაბათს, როცა ბოლოს და ბოლოს გამოვიძინე და სამსახურში მოვედი, ჩვენი კოპირაიტერი სანდრო შემეგება თხოვნით, რამე ბრიფი მომეცი, რაღაცა მოხოდილი ვარ “AD BLACK SEA”-ს მერე, მუშაობა მინდაო. მაშინვე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ამ “ნაკვესში” ფინალური და დასკვნითი მიზეზი.  


წელიწადში ერთხელ მივდივართ AD BLACK SEA-ზე რომ ხელახლა შეგვიყვარდეს რეკლამა, მარკეტინგი და კარგი რაღაცეების კეთება მოგვინდეს. ყველა ურთიერთობას ჭირდება maintanance, მათ შორის ჩვენსაც.


ხოდა, ამ ყველაფრისთვის ღირს წელიწადში სამი დღის გამოყოფა, რომ ყველანი ერთად წავიდეთ AD BLACK SEA-ზე, დავესწროთ სემინარებს, შევუერთდეთ პანელ დისკუსიებს, მონაწილეობა მივიღოთ ვორკშოპებში, გაგვიხარდეს ქართული სააგენტოების წარმატებები და ვინეთვორქინგოთ after party-ებზე. ერთად ავღნიშნოთ, რა საინტერესო საქმეს ვაკეთებთ, რა საინტერესო ხალხთან ერთად და კიდევ რამდენი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, because It’s fun! 

ავტორი: გვანცა დათუნაშვილი - Saatchi & Saatchi -ის კრეატიული დირექტორი

ფოტოები: თორნიკე შენგელია