აგვისტო 06, 2019
5 დღე, რომელიც მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე 27 მოზარდთან ერთად გავატარე, დაუვიწყარი დღეების სიას დაემატა.
ამ ბიჭებს შეკრება - „რაგბი აქაურობას“ აერთიანებს. ბანაკი უკვე მეშვიდედ ეწყობა. ჩემი ამოცანა მათგან ერთი გუნდის შეკვრაა. ამ დროის მანძილზე ისინი სწავლობენ გუნდურობას, ერთმანეთისა და წესების პატივისცემას, საკუთარი შეცდომის აღიარებასა და პატიებას; იმას, რომ ძალა ერთობაშია.
შეკრების დღეები ძალიან სწრაფად გარბის, 5 დღის შემდეგ ჩემს წინ 27 მოზარდი დგას, რომელსაც ამ გამოცდილებიდან ბევრი დაუვიწყარი მოგონება გაჰყვება. უფრო ძლიერები, უფრო თავდაჯერებულები და ბენდიერები არიან.
და ახლა ყველაზე რთულად სათქმელი სიტყვების დროა - შეკრება დასრულებულია. თუმცა, მათგან წამოსული ენერგიის გამო, არ გაქვს უფლება გაჩერდე და პირობასაც ვდებ - კიდევ შევხვდებით.
ლევან ანწუხელიძე
ჩვენს შეკრებებზე 2018-ში მოხვდა. ეროვნული გმირის შვილი მწკრივში ბოლო დგას. პირველ, 8 კილომეტრიან გარბენზე რაზმმა დაღლილობის გამო ტემპი დააგდო და უცებ ბიჭმა, რომელიც ბევრს არასოდეს ლაპარაკობს, მაგრამ გულიანად იცინის, ასაკისთვის შეუსაბამო ხმით შემოსძახა: „მოუმატეთ ძმებო! შეგვიძლია!“ - და რაზმმაც მოუმატა...
საბა ქირია
შეკრებაზე მისი არსებობის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ყველა დავალებას ზედმიწევნით კარგად ასრულებს, კარგად ვარჯიშობს და რაგბისაც მაგრად თამაშობს. შეკრების დასრულების შემდეგ, ბაზის ადმინისტრატორისგან მადლობასაც კი იმსახურებს იმ წესრიგის გამო, რაც საბას უკვე ყოფილ ნომერში ხვდება.
ლუკა პაჭკორია
პირველ დღეს, ვახშამზე ძალიან შეწუხებული დგას წყლის აპარატთან და გუნდელს ჩაის მომზადებას სთხოვს.
-რა ხდება, პაჭკო?
-მაას, ჩაის გაკეთება არ ვიცი.
-მოდი, ერთად ვცადოთ. აბა ჩამოთვალე, რა სჭირდება ჩაის?
უკვირს, თუმცა ეტყობა, რომ ფიქრობს.
-ჭიქა, კოვზი, წყალი და ჩაი, მას.
-შაქარი?
-შაქარი გემოვნებით, მას.
იცინის და ჩაის მომზადებას იწყებს.
მიშიკო ჩალაბაშვილი
2017 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი ექსპედიცია მოვაწყეთ და 9 რეგიონში 300-ზე მეტ ბავშვს შევხვდით. კარალეთში, ვარჯიშზე ერთი ქერა, ცისფერთვალება ბიჭი თამაშზე მთელი ემოციით აენთო. კარგი მოძრაობებით გამოირჩეოდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დავემშვიდობეთ ბავშვებს და წავედით. მგზავრობის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ მოედნის სანიშნები და წყლის ბოთლები დაგვრჩა. მივბრუნდით. მოედანზე აღარავინ იყო და იქვე ეზოდან ქალბატონმა დაგვიძახა: აი ესენი დაგრჩენიათ და ჩემმა ბიჭმა შემანახინა, აუცილებლად მოაკითხავენო.
ასე გაუფრთხილდა ჩალაბა ჩვენს ინვენტარს. იმ წელსვე მოხვდა ჩვენს შეკრებაზე და უკვე თიბისის სტიპენდიანტია. ძიუდოთია გატაცებული და მგონია, რომ მის სახელსა და გვარს რამდენიმე წელიწადში სპორტული მიმხილვებისას ხშირად გავიგებ.
ლუკა ჩერქეზია
რაგბის თამაში ჩვენს მიერ დაფუძნებულ კლუბში - „სოხუმში“ დაიწყო. ეს მისი მეორე შეკრება იყო, თუმცა შეკრებებზე ხშირად იწყებს ნერვიულობას - სახლი ენატრება და წასვლაც კი მთხოვა. ზედიზედ ორი საღამო ლუკასთან ერთად ვსეირნობდი ბაზაზე, ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ მჯეროდა მისი და ვიცოდი, რომ ამ შეკრებიდან არ წავიდოდა.
ერთ-ერთი თამაშის დროს, მესამე ტაიმზე ლუკა ცეკვა-ცეკვით მომიახლოვდა და საკუთარი თავის შარჟი შემოგვთავაზა ტირილის იმიტაციით: აუუ, მაას, სახლში მინდა.
ასე იხუმრა ბედნიერებით სავსე 11 წლის ბიჭმა საკუთარ თავზე. არადა, 24 საათის წინ სახლში წასვლა უნდოდა.
ავტორი: ლევან ჯობავა
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე