დეკემბერი 04, 2023
კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს წარმოადგენს. თანამედროვე ყოველდღიურობა თუ ბიზნესსაქმიანობა იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ონლაინ სივრცესთან, რომ ამ ორ მიმართულებას ვერაფრით ავუვლით გვერდს. ვინაიდან ამას ადგილობრივ ბაზარზეც შესაბამისად აცნობიერებენ, უკვე წლებია, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება GITI აქტიურად ტარდება.
ამჯერად კონფერენციას 11-12 დეკემბერს აქსისი მასპინძლობს. რიგით მე-13 GITI კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს. თიბისი კი, როგორც მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ტექ კომუნისა, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას სთავაზობს აუდიტორიას.
ღონისძიებასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GITI-ის თანადამფუძნებელს, ირაკლი გვენეტაძესა და თიბისის გამოწერის ბიზნესის მიმართულების კაპიტანს, ეკატერინე სანაძეს გავესაუბრეთ.
რა არის GITI-ის ღონისძიების მიზანი?
კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ გვსურს საზოგადოებას რეალური ცვლილებების შესახებ ვუამბოთ. კერძოდ, IT გადაწყვეტებმა როგორ გააუმჯობესა ამა თუ იმ ბიზნესის საქმიანობა, მომხმარებლებისთვის გაზარდა ხელმისაწვდომობა ან რაიმე დადებითი ეფექტი შექმნა. ამასთანავე, უკვე 2012 წლიდან უფრო განვავრცეთ ღონისძიების თემატიკა და პარალელური სესია დაგვემატა კიბერუსაფრთხოების სახით.
მთლიანობაში, ღონისძიება აერთიანებს კონფერენციას, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით საუბრობენ; საგამოფენო სივრცეს, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტებს, საინფორმაციო მასალებს წარმოადგენენ — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ეძლევა, უფრო დეტალურად გაიგონ ინოვაციების შესახებ; ასევე, პარალელურად მიმდინარეობს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული ნომინაციებია გადანაწილებული.
გამოცდილების თვალსაზრისით, რას უნდა ელოდნენ მონაწილეები აღნიშნული კონფერენციისგან?
უპირველესად, ღონისძიებაზე ამ დარგში წამყვანი პროფესიონალები, კომპეტენტური პირები ერთად მოიყრიან თავს. სწორედ ისინი გამოარჩევენ 13 სხვადასხვა ნომინაციაში ყველაზე გამორჩეულ პროექტებს — 6-ს საჯარო სექტორში, 7-ს — კერძოში. მათ შესაბამისი სიგელებიც გადაეცემათ.
ამავდროულად, ზოგადად დამსწრეები მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მათ მომიჯნავე სფეროებში: მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროში, როგორია ქვეყნის პოლიტიკა და ხედვა ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით, რა ინოვაციები წარმოადგინა კომერციულმა სექტორმა და ა. შ.
ზოგადად, წლიდან წლამდე ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიების დაკვირვება — ნათლად ვხედავთ, როგორ იცვლება ტენდენციები თუ მთავარი საკითხები. თუნდაც, ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემად ციფრული ტრანსფორმაცია სახელდება. ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების მიმართაც საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი, ყველა ორგანიზაცია დიდ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დამსწრეები ზუსტად გაანალიზებენ, რა კუთხითაა საჭირო განვითარება.
როგორც ირაკლი აღნიშნავს, წლების წინ, როდესაც GITI-ის დაფუძნება გადაწყდა, IT ტექნოლოგიები ერთიანად ვითარდებოდა. რეალურად, ბევრი ინვესტიცია იდებოდა თემატურ ტექნოლოგიებში, უბრალოდ უშუალოდ პროდუქტს ვერ ხედავდა მოქალაქე. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის განყენებულ საქმიანობად აღიქმებოდა ეს „რთული ტექნიკური პროცესები“, რეალურად კი ყოველდღიურად მოხმარებადი სერვისების უკან დგას.
ბანკის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სესხის აღება-დამტკიცების საკითხიც სწორედ IT ტექნოლოგიების ხარჯზე ხდება სულ რამდენიმე წუთში. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა თავად თიბისის ჩართულობაც ღონისძიებაში.
რა არის თიბისის ინტერესი GITI-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით და რატომ გადაწყვიტეთ ამ წელსაც პარტნიორობა?
თიბისი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ კომუნის დიდი მხარდამჭერია, რიგი ციფრული ტრანსფორმაციების ფონზე კი, ღონისძიების მთავარი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლადაც მზად ვართ — გვსურს, კომპანიებს მაქსიმალურად მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცოდნა სათავისოდ გამოიყენონ.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებით — მათ შორის, საერთაშორისო წამყვან კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. წელს ასეთია Thoughtworks, ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია. დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, GITI-ის ღონისძიებაზეც არიან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები მოწვეულნი და ერთად ვისაუბრებთ თემატურ საკითხებზე.
ისე კი, ვფიქრობთ, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ხარ კონკრეტულ მიმდინარეობაში, გარკვეული პასუხისმგებლობა გენიჭება იმისა, რომ ყველას გაუზიარო შენი გამოცდილება; სხვებსაც შეუწყო ხელი განვითარებაში.
მთლიანობაში, თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.
GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
ავტორი: Marketer.ge