მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორი 005 | სანდრო თავართქილაძე - Qotnis Musika

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ნოემბერი 03, 2021

თუ გაქვთ სურვილი მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც ჰაეროვანია, მაგრამ ამასთანავე სიმძიმით და შფოთვით აღსავსე, მაშინ სანდრო თავართქილაძის „ქოთნის მუსიკა“-ს უნდა მოუსმინოთ, ახლავე. 

ამ ალბომის რევიუს საკმაო დაგვიანებით ვწერ, რადგან იმდენად მომეწონა, არ მინდოდა ძალიან სუბიექტური ვყოფილიყავი.

სანდროს მუსიკას პირველად 2020 წელს მოვუსმინე, ალბომი „Introspective Rock Music“ აღსავსეა ულამაზესი ინსტრუმენტალით და კომპოზიცია Promenade დღემდე საყვარელი მელოდიების ფლეილისთში ზის ამაყად. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა ზემოთ ნახსენები ალბომის მიმართ, ის ჩემთვის მელოდიების კრებული უფრო იყო და მთლიანობა აკლდა. 

მაგრამ რა არის „ქოთნის მუსიკა“?

„ქოთნის მუსიკა“ არის Indie-ს, Folk Rock-ის და შფოთვის იდეალური მიქსი, მართლა. ალბომი არის 16 წუთი და 8 წამიანი ისტორია, აბსოლუტურად გულახდილი და ზუსტად ამ გულახდილობაში არის მისი ნამდვილი ფასი. სიმშვიდე, სიყვარული, უცებ თავს დატეხილი შფოთვა, უაზრო, შიშით სავსე დღეები და გაუფასურებული საათები, მაგრამ ამასთანავე, შვება, რომელიც ალბომის რამოდენიმე კომპოზიციაში იგრძნობა.

ალბომის A-Side - 7 კომპოზიციისგან შედგება

პირველი კომპოზიცია „Qotnis Chanakhati 1” მშვიდი, იმედიანი, ჩიტების ჭიკჭიკით სავსე დღესავით მსუბუქია, კომპოზიცია „Simghera” კი ცალმხრივი სიყვარულით გამოწვეული სევდის საუნდტრეკია, მსგავსი განწყობისაა ალბომში კომპოზიციებიც „Nichbisi” და „Qotnis chanakhati 2”.

კომპოზიცია „Vis Movukve”-თი კი ნელნელა შფოთვაში შეაბიჯებთ, დაბნეული, დაკარგული ფიქრები, გარეთ გასვლის შიში, იზოლაცია და წყურვილი წამლის, რომელიც ხანდახან სხვა ადამიანია, არანაკლები შფოთვაა კომპოზიცია „Gadatskveta”-ში, სადაც ფონად გვესმის საათის ისრის ხმა, „უსარგებლო ოცნება“-ში დაკარგული დრო და გვერდზე ოთახიდან ტელევიზორის ხმა - „ხალხი კვლავ კლავს“.

ალბომის ჩემი საყვარელი კომპოზიცია კი „Me Ushenod” შინაგანი ბრაზის და აგრესიის ამოხეთქვაა, კომპოზიცია არის ქაოტური, ისტერიული და ეს ყველაფერი ე.წ ქალაქური მუსიკის ტიპის მელოდიაზე, რომელიც თითქოს საქართველოში გაფეტიშებული ქალის კულტის სიყვარულს სარკასტულად უმღერის.

„ქოთნის მუსიკის“ (B-Side)-ზეც მოუსმენთ არა ერთ ლამაზ მელოდიას მსგავსი განწყობით და ესთეტიკით. 

ამავე სიაში წააწყდებით კომპოზიციას „4 Real", რომელიც არანაკლებ საინტერესო მუსიკოსის - დავით დათუნაშვილის კომპოზიციის გადამღერებაა.

მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია ამ ალბომს ვუსმენ, არ მბეზრდება, არ მბეზრდება რადგან ალბომი არის ზუსტად ისეთი, როგორც უნდა იყოს და როგორიც მუსიკოსს უნდა რომ იყოს. 

საყვარელი კომპოზიცია - „მე უშენოდ“, „Vis Movukve”, „Palata” „Qotnis Chanakhati 2”


უთურას სუბიექტური შეფასება - 9/10

ალბომის მოსმენა შეგიძლიათ Spotify-ზე ან bandcamp-ზე,

ფიზიკურად ალბომის (კასეტის სახით) შეძენას შეძლებთ საკმაოდ მალე, Vodkast Records-ის მაღაზიაში.