მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 003 | Sefrei - Soul Anatomy

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

აგვისტო 06, 2021

Sefrei – Soul Anatomy

ქართველი პოეტი და მუსიკოსი, მარიამ კივილაძე Sefrei-ის სახელით გვთავაზობს მის პირველ სოლო ალბომს, სადაც Spoken Word-ის, ჰიპ-ჰოპისა და ტექნოს ნაზავს გადავაწყდებით, რაც ერთი გადმოსახედიდან საკმაოდ საინტერესო ჟანრების ნაზავია.

მარიამისთვის ეს მუსიკაში პირველი გამოცდილება არ არის, იგი აქამდე ბენდ Eratosoul-ის ვოკალისტი იყო, რომლის სახელითც 2020 წელს საკმაოდ საინტერესო, ნოყიერი ინსტრუმენტალით სავსე კომპოზიცია Instanity-ს მოვისმინეთ.

რას ველოდოთ Soul Anatomy-სგან? 

ყველაფერი რაც ამ ალბომის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ალბომის მეორე კომპოზიციაშია. Sefrei საუბრობს მის გამოცდილებაზე, იმაზე, თუ როგორ აგროვებს ფაზლის დაკარგულ ნაწილებს, როგორ დასდევს იგი თავის თავს წრეზე და ასე გაუთავებელ ლუპშია გაჭედილი; ჩემი გადმოსახედიდან, ზუსტად მისი ეს განცდა კარგად ისახება სრულიად ალბომზეც - თითქმის ყველა კომპოზიციაში წააწყდებით ლუფზე გაშვებულ მელოდიებს.

გულახდილი რომ ვიყო, როცა Bandcamp-ზე Sefrei-ის ალბომის მოსმენა დავიწყე და ჟანრების სიას ჩავხედე, Spoken Word-ის დანახვისას საკმაოდ დიდი მოლოდინები გამიჩნდა. 

რატომ?

Spoken Word ჩემთვის საყვარელი ჟანრი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის ის ჟანრი, რომელსაც მე პირადად მგონია, რომ კონკრეტული მესიჯი უნდა გააჩნდეს, რაშიც ბევრი ჩემი მეგობარი არ მეთანხმება. სანამ უშუალოდ Sefrei-ს ხმას გავიგონებდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა Spoken Word გამეგონა ქართულ ენაზე, ჩავთვალე, რომ ტექნოს და Spoken Word-ის ქართული ნაზავი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ჩემი სურვილები არ გამართლდა; Spoken Word-ს Sefrei იყენებს უმეტესად შეკითხვის ფორმით, მაგრამ თითქოს პასუხი თვითონვე არ აქვს. 

Sefrei-ს ვოკალზე რომ ვისაუბროთ, საკმაოდ მკაცრი, ინტიმური და საინტერესო ხმა აქვს, მაგრამ არ ვარ დარმწუნებული რამდენად მომაწოდა მესიჯი, რომლის მოწოდებასაც ცდილობდა.

ალბომის მესამე კომპოზიცია State of Nothingness აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, ალბომის დანარჩენ ნაწილთან შედარებით მძიმეა და ცოტა ემბიენთის ელემენტები გასდევს. კომპოზიცია Lover Unknown საყვარელი და მშვიდი მელოდიაა, თითქოს ფერიებითა და ციცინათლებით სავსე, მიუხედავად ჩემი საკმაო დიდი სიმპათიისა Sefrei-ს ვოკალისადმი, საინტერესო იქნებოდა მხოლოდ ინსტრუმენტალური ვერსიის მოსმენა. მე-7 კომპოზიცია, იზოლაციაზეა და Sefrei-სთვის დამახასიათებელ, ლუპზე გაშვებულ ტექსტს ვისმენთ  “Isolation, Danger and Silence”, რაც ლოგიკურად პანდემიის პერიოდში განცდილ ემოციებზეა დაფუძნებული.

საყვარელი კომპოზიცია - „State of Nothingness”


ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია „Where has all the magic gone”


გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 4/10

Sefrei-ს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ უფრო მეტ პროექტებსაც უნდა ველოდოთ.

ავტორი: გვანცა უთურა