მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 002 | Buka Tolordava - ოციანი/Through the 20

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ივლისი 25, 2021

Buka Tolordava - ოციანი/Through the 20

მუსიკოსი და ამასთანავე მსახიობი ბუკა თოლორდავა, საკმაოდ თავმდაბალი მანერით წარგვიდგენს თავის ალბომს „ოციანი - Through the 20”. ალბომი პანდემიაზეა დაწერილი და სრულად ეხება არტისტის იზოლაციაში ყოფნას და მასში გამოწვეულ ცვლილებებს.

რას ველოდოთ „ოციანი - through the 20”-სგან?

Indie, ფსიქოდელიურ როკს და, რაც მთვარია - რივერბით და დილეით გადატენილ გიტარას. ალბომს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრის, Jangle Pop-ის ხასიათიც გასდევს. მოსმენისას მიხვდებით, რომ ალბომს არ აქვს პრეტენზია, იყოს საუკეთსო და არც არაფრის დამტკიცებას ცდილობს, ის უბრალოდ არის და მისი საუკეთესო თვისებაც ზუსტად ესაა. პირველივე კომპოზიცია „შესავალი აყლიოზში / Lockdown - An Introduction to Total Nonsense“ უკვე გვიქმნის წარმოდგენას ალბომი როგორი იქნება - აბსურდული, ისეთივე აბსურდული, როგორიც მსოფლიოს დღევანდელი სიტუაციაა. 

მე-2 და მე-3 კომპოზიციები „2 კვირიანი დასვენება“ და „2 თვიანი დასვენება“ მახსენებს 2020-ში, პანდემიის პირობებში სახლში ოპტიმისტურად გამოკეტილ ჩემს თავს, როცა მეგონა, რომ ეს ყველაფერი 2 თვეში დასრულდებოდა. მე-7 კომპოზიციაში, უკვე გადაღლილი ინტოქსიკაციისგან, ერთგვარ „trip”-ში გვეპატიჟება შედარებით უფრო მძიმე ბგერებით. „მამენტ მესამე ტალღა გაასწორებდა“, ჩემი აზრით, კარგად გადმოსცემს იმ სიზარმაცეს და დაღლილობას, რომელიც პანდემიის არსებობის პირობებში ჩვენი ხასიათის ნაწილი გახდა.

ჟღერადობით ალბომი საკმაოდ ჰაეროვანია და ჩემთვის პირადად საზაფხულო ხასიათი აქვს, სახლის ფანჯრიდან მზის სხივებს აკიდებული სკამიდან სკამზე გადამჯდარი რომ დასდევ მზის სხივებს და ასე, ყოველდღიურად, სანამ ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი, ოცნებობ უკეთესს მომავალზე.

ალბომი სრულიად ინსტრუმენტალურია და მოიცავს 11 კომპოზიციას. მიუხედავად პანდემიის მძიმე თემისა, უშუალოდ მელოდიებს ლაღი და სახალისო ჟღერადობა აქვს, ქმნის მშვიდ გარემოს და ცოტახანი რეალობისგან გვაშორებს.

საყვარელი კომპოზიცია - „ლოქდაუნი - შესავალი აყლეოზში“, „მუზად იქეცი“, „მამენტ მესამე ტალღა გაასწორებდა“;


ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „უსაქმურთა ვალსი“, „ე ოე“;


გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 6/10

ავტორი: გვანცა უთურა