თებერვალი 21, 2024
საბჭოთა პერიოდში დაწერილი ქართული ფანტასტიკა ერთგვარად ჰგავს ამავე დროის ფანტასტიურ ფილმებს, ანუ, ძირითადად, კაპიტალისტური მტრის კრიტიკისა და საბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ პროპაგანდისტულ ნაწილს მოვაშორებთ, მშვენიერი საკითხავი შეიძლება შეგვრჩეს. ასეთია, მაგალითად თამაზ ჭეიშვილის „სირიუსი ანუ იდუმალი სტუმარი“, რომლის პერსონაჟიც დროში მოგზაურობს , დავით აღმაშენებელს ხვდება და დიდგორის ბრძოლას ესწრება. როგორ ფიქრობთ, ასეთი მოგზაურობა წარსულში კარგი საშუალება ხომ არ იქნებოდა, რომ ახალგაზრდა მკითხველებისათვის საქართველოს ისტორია და ლიტერატურა შეგვეყვარებინა?
მოდით, ერთად გავიხსენოთ ქართველი მწერლების სამეცნიერო ფანტასტიკა, ჟანრი, რომელიც ადამიანის ფანტაზიასა და წარმოსახვას სამეცნიერო აღმოჩენებსა და იდეებს უზავებს და ცოტათი პოეზიითაც კმაზავს.
ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ სასიყვარულო რომანია პლანეტათშორის სიყვარულზე. როდესაც ეკრანზე ულამაზეს მარსელ ქალს, გედას დაინახავს, საბჭოთა მეცნიერი, წარმოსადეგი და ჭკვიანი გურგენ კამარელი სიყვარულის ტყვეობაში აღმოჩნდება. თუმცა, დღეს, დისტანციური სასიყვარულო ისტორიების ეპოქაში კიდევ ერთხელ გვაოცებს მწერლის წარმოსახვა, რომელმაც მომავლის ტექნოლოგიები საინტერესო ფორმით დაინახა.
ქართული ფანტასტიკის განსაკუთრებული ნიმუშია „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“, 1935 წელს გამოცემული რომანი, რომელიც ედიშერ ყიფიანს ეკუთვნის.
ამ წიგნში ბევრი საინტერესო და სახალისო დეტალია, აბები, რომელიც ადამიანებს საკვების მაგივრობას უწევს და სასადილო სივრცე, რომელსაც სიმფონია ჰქვია, ონკანი, რომელშიც სხვადასხვაგვარი წყალი მოედინება, ქალაქი მოძრავი ქუჩებით, ჰოლოგრამები რუსთაველსა და ჰომეროსს აცოცხლებენ, პაწია დისკებზე ჩაწერილი წიგნები ინტერაქციული ხდება.
ამონი - მომავლის პროექტია, კაცობრიობის საერთო ქვეყანა, სადაც ერთი ერია და ერთი ენა, მაგრამ კაცობრიობის წარსულს და მეხსიერებას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. (შეუძლებელი იყო, საბჭოთა მწერალს კომუნიზმის იდეებისთვის არ შეესხა ხოტბა). ამ რომანში ბევრი ისეთი იდეაა, რომელიც ადამიანებმა რეალობად აქციეს, მაგალითად, სპეციალური ფაბრიკები ამზადებენ ხელოვნურ ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის, ადამიანები ხელოვნური განაყოფიერებით იბადებიან, სამოსზე დამაგრებული ფოლაქი, საიდანაც ადამიანი გელაპარაკება, ძალიან გვაგონებს ათასგვარ სასაუბრო აპლიკაციებსა და, რაც მთავარია, ჩვენს კომფორტულ მობილურ ტელეფონებს, მსოფლიო გაზეთი - სამყარო, ფაქტობრივად, ინტერნეტია და კიდევ ერთი, ძალიან სასარგებლო რამ, რაც სწორედ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა -განათლების მიღება სკოლისა და უნივერსიტეტების მიღმა, სწორედ ამ „სამყაროს“ საშუალებით შეიძლება.
თუ თქვენი ბებიებისა და ბაბუების ბიბლიოთეკას კარგად მოჩხრეკთ, იქნებ ფანტასტიკური მოთხრობების კრებულიც აღმოაჩინოთ, სათაურით „მღვიმეში ვიღაც დააბიჯებს“. ეს 1984 წელს გამოცემული კრებული ბევრ საინტერესო ტექსტს აერთიანებს და ნამდვილად არ უნდა დატოვოთ ინტერესს მიღმა. მაგალითად, ნუგზარ აფხაზავას შავი უსასრულეთი, რომელიც საოცრად პოეტური ტექსტია და კოსმოსის შეუცნობელ სივრცეებზე მოგვითხრობს.
„საპლანეტათშორისო კოსმოსური სივრცე არც ისე დაუსახლებელი და ცარიელი აღმოჩნდა, როგორც ეს მეოცე საუკუნეში ზოგიერთ ასტრონომს ეგონა, გარდა ათასობით კომეტისა, მზის სისტემაში გუნდგუნდად დახეტიალობენ ასტეროიდები, რომლებიც ზოგჯერ ისე თამამდებიან, რომ დედამიწის ატმოსფეროშიც შემოიჭრებიან ხოლმე“...
ამავე კრებულის ერთ-ერთ მოთხრობაში თეთნულდზეც შეგიძლიათ იმოგზაუროთ, რომელიც მწვერვალი კი არა, პლანეტაა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ მანამ, სანამ საშიშროების წინაშე არ დადგებიან. აქვე შეგიძლიათ კიდევ ერთი საოცარი წინასწარმეტყველება აღმოაჩინოთ. ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ესეები და ლექსები უკვე წაიკითხეთ? შეგეშინდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტექნოლოგიები სათქმელსაც წაგართმევენ და მისი გამოხატვის საშუალებასაც? ჰოდა, აი, ინებეთ, 1984 წელს გამოცემულ წიგნში, არც მეტი, არც ნაკლები, კომპიუტერი, რომელიც ლექსებს წერს:
„ნერეიდას“ კომპიუტერს „საკმაოდ თავისუფალი მოაზროვნის“ სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ მაინც ყველა განცვიფრდა, როცა საღამოს, ჩაიზე რომ შეიკრიბნენ, კომპიუტერმა საქვეყნოდ წაიკითხა ოთხტაეპიანი ლექსი“.
ამ ტექსტებს კიდევ ერთი საინტერესო მხარე აქვთ- ეპოქისა და კონტექსტის გაცოცხლება. წარმოუდგენელია, არ გაგეღიმოს, როდესაც უკიდურესი სერიოზულობით დაწერილ ამ სტრიქონებს კითხულობ:
„ შორს, საკოლმეურნეო ხნულებს იქით, სამ მონაცრისფრო ამორტიზატორზე უცხო სამყაროს შუშხუნა იდგა და ცახცახებდა“... ( ოთარ სადრაძე, კოსმოსის მეკობრენი).
თუ პროზის რომელიმე ჟანრი ენათესავება პოეზიას, ეს ნამდვილად სამეცნიერო ფანტასტიკაა, ელგუჯა მერაბიშვილის „დაკარგული ანდრომაქე“ ამის დასტურია:
„დედამიწაზე კი, ყველას ჯიბრზე, მაინც ცოცხლობს დღემდე ყვავილთა ენა. ამ ენაზე ყველა საუკუნეში ილაპარაკებენ ადამიანები. ვარდი სიყვარულად დარჩება, მიხაკი-ვნებად, ია თავმდაბლობის ნიმუში იქნება, ღიღილო კი- ნდობის განსახიერება“.
ავტორი: "საბა"