ნოემბერი 02, 2019
საქართველო ევრაზიის ნიუ იორკია. თბილისი ამ ქვეყნის ჰელს ქიჩენია, მისი ჯეიზი იეთიმ გურჯია, მისი ალიშა ქისი - ცინუკი დადიანი.
ეს ქვეყანა ათეულობით სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს აერთიანებს და მათ თვისებებს ისე გაისისხლხორცებს, რომ არც ეს უცნაური ქართული იდენტობა იკარგება და პირიქით, ამ ხალხის გამო უკეთესდება კიდეც. მცხოვრებისასაც იღებს და გამვლელისასაც.
აი აბრეშუმის გზამ თუ არა, ნუთუ სხვამ რამ მოიტანა საცივის არამატერიალური კულტურის ძეგლი და ჩრდილოეთის სავაჭრო გზამ თუ არა, სხვამ ნეტა რამ მოიტანა ან წაიღო ფინური “ოლუდ” და თუშეთში გახადა ალუდ. ასირიელებისგან თბილისმა ჭერების მოჩითვა მიიღო, სპარსელებისგან ჰაბანო, გერმანელებისგან მთელი იქითი სანაპირო (მე მარჯვენაზე ვარ ახლა) და ერთი დიდი კრედიტი, რომელიც ქართველებმა, განსაკუთრებით კი თბილისელებმა უნდა გასცენ სომხების მიმართ არის ასო ბგერა “ლასის” მყარი, ღრმა ჟღერადობისა და დინჯი საუბრის დამკვიდრებაში მათი უდიდესი წვლილის ამბებში.
ხოლო ჩემთვის სულ მთავარი კრედიტი რომელიც ჩვენებურ სომხებს ერგებათ, იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც 50-იან წლებში პირველმა აათამაშა თბილისელები კლასიკური რაგბი, მარსელიდან მისივე ჩამოტანილი ბურთებით.
გაიცანით, ჟაკ ჰასპეკიან, ლიონის ოდინდელი 9 ნომერი, იგივე სქრამ ჰალფ, როგორც ახლა ამ პოზიციას ოფიციალურად ჰქვია.
რაგბის გადარეულად მოყვარულმა სომეხმა ფრანგმა თერძმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერავინ მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ რაგბის სპორტსახეობა, ლელობურთი უძველესი დროიდან დღემდე ითამაშება, ხოლო კლასიკური რაგბის საჩვენებელი თამაშები ვაკის პარკში 1919 წლიდან იმართებოდა, რატომღაც სპორტმა ფეხბურთივით ფეხი ვერ მოიკიდა და ქვეყანას ვერ მოედო.
თუმცა, რაღა რატომღაც, ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს, კომუნისტური მთავრობის მიერ ფეხბურთი შეირჩა როგორც პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და მასების მიერ ყურადღების გადატანისთვის საუკეთესო საშუალება, ხოლო რაგბი ბურჟუაზიული კულტურის მავნე გადმონაშთად მოინათლა.
ამ ყველაფრის გამო რაგბის პროფესიული ან თუნდაც სამოყვარულო კლუბის ჩამოყალიბება სტალინის სიკვდილამდე ვერ მოხერხდა. კარგია რომ მარსელელი თერძის, ჟაკ ასპეკიანის აქ ყოფნაც ამ პერიოდს დაემთხვა და პირველი გუნდიც გაკეთდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე.
ზაურ ასლანიკაშვილი და ჟაკ ასპეკიანი, სსრკ. მორაგბეთა გუნდის მწვრთნელი
70-იანი წლებიდან ქართული გუნდები სტაბილურად იგებენ საბჭოთა კავშირის პირველობასა და თასს, გადიან საპრიზო ადგილებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი როცა კრიზისი და ომი იყო, რაგბის გაუჭირდა, ისევე როგორც ყველაფერს, რის განვითარებასაც ფული და სტაბილურობა სჭირდება. თუმცა აქ ერთი სასიკეთო მოვლენა მაინც მოხდა, საქართველო რაგბის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიღეს.
როგორ მოხდა ის, რომ საქართველო რაგბიში მყისიერად გაერკვა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია?
როგორც წესი, ახალი კულტურის ათვისებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, მასში წარმატების მიღწევას კიდევ უფრო მეტი. ეს ყველაფერი ისევ ზემოთ ნახსენებ თამაშს, ლელობურთს უნდა დავაბრალოთ.
ეს თამაში იდენტურია იმ ბღლარძუნისა, რომელსაც ინგლისში ფეხბურთისა და რაგბის წინაპრად მიიჩნევენ. ასევე, როგორც ბრიტანეთში, ისევე აქაც შეუზღუდავი რაოდენობის მოთამაშეები ცდილობდნენ რომ მძიმე, ტყავის ბურთი ჩათვლის მოედნამდე მიეტანათ. ხშირად ერთი სოფელი მეორეს წინააღმდეგ თამაშობდა, ან რამდენიმე რამდენიმეს წინააღმდეგ.
ეს თამაში გურიაში, სოფელ შუხუთში დღემდე ითამაშება.
დიდიან-პატარიანად ზემო და ქვემო შუხუთელები აღდგომის დღეს გაიყოფიან და რამდენიმე საათი ერთმანეთს ეჯაჯგურებიან. უკვე ათასწლეულებია რიტუალი არ იცვლება, ერთადერთი რაც ცვლილებას დაექვემდებარა მატჩის დაწყებამდე რიტუალია: ღვინით გაჟღენთილ ბურთს ადრე თუ ქურუმი ლოცავდა, ახლა იმავეს ორთოდოქსი მღვდელი აკეთებს. შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში უამრავი მაისური იხევა, უამრავი ფეხსაცმელი იკარგება, ფილტვებიც იხუთება და ათეულობით ადამიანი სისხლიანდება.
თითქოს გერნიკასეული სიუჟეტია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რამოტოლა მხიარულებით და რამსიგანე ღიმილებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი. სანამ ლელობურთს არ ნახავთ გურიაში, ვერ მიხვდებით როგორ შეიძლება იყო გაჭყლეტილი მაგრამ ბედნიერი. ქაოსში ბედნიერნი, უფრო სწორად ბრძოლაში ბედნიერნი, აი ესაა ქართველების არსი.
შეიძლება ამიტომაც საქართველოს თავისი მოსახლეობის რაოდენობასთან ყოვლად შეუსაბამო რაოდენობის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავს სხვადასხვა სახის ჭიდაობაში, მათ შორის სუმოშიც იმპერატორის თასის მფლობელი, პატივცემული ტოჩინოშინ ცუიოში, ხოლო ოფიციალურად ყველაზე ღონიერი ადამიანი მსოფლიოში, ლაშა ტალახაძე ქართველია.
ჩემი ფარული ოცნებაა, რომ ლელობურთი მსოფლიო დონის ატრაქციონი გახდეს. მსურს ძლიერები მრავალი უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდნენ შუხუთში და გუნდებს ლეგიონერებად დაემატნონ. წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნება!
საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორია თითქმის სულ ბრძოლაა. ბრძოლა მოედანსა თუ მის მიღმა.
90იან წლებში ქართული რაგბი გადარეული ენთუზიაზმის ხარჯზე ვითარდებოდა: არ იყო სავარჯიშო პირობები, თუმცა სპორტსმენები მაინც ვარჯიშობდნენ გაგიკვირდებათ და ასფალტის საფარიან მოედანზე, ვარჯიშობდნენ თვითნაკეთ ტრენაჟორზე, გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმლით, გაცვეთილი ფორმებით და თითქმის არასოდეს იღებდნენ ხელფასს.
კაცი, რომლსაც პატარა, ლამაზი ძეგლი ეკუთვნის ქართველი ერისგან, ასევე ფრანგი კლოდ სორელია.
არ გეგონოთ რომ ქართველების შრომას ვაკნინებდე, უბრალოდ როგორც უკიდურესად სენტიმენტალურ სამხრეთელს, უცხოელების მიერ ჩემი ქვეყნისთვის რაიმე კარგის გაკეთება განსაკუთრებით მახარებს. კლოდ სორელი ერთი გადარეული ფრანგი კაცია, რომელიც ასევე გადარეული ქართველი ენთუზიასტების მოპატიჟებას დათანხმდა და ნაომარ, გაჩანაგებულ ქვეყანაში გადმოვიდა საცხოვრებლად.
მსოფლიო რაგბის მიერ გადაღებულ ფილმს თუ ნახავთ, მოისმენთ როგორ იხსენებს სორელი იმ დროს, როცა ძალიან რთული იყო სპორტსმენისთვის შესაბამისი საკვებისთვის ფულის მოძიება და როგორ დაჰყვებოდა კალაშნიკოვით შეიარაღებული ბოდიგარდი.
მწვრთნელისთვის ნათელი იყო, რომ სპორტსმენებს ნორმალურ ლიგებში თამაში სჭირდებოდათ, რათა თუნდაც საკვებისა და ყოველდღიური სახარჯო ფული ჰქონოდათ.
სორელმა მოახერხა და ქართველ მორაგბეებს სარკმელი გაუჭრა საფრანგეთის ჩემპიონატის ქვედა ლიგებში. ფრანგული გუნდები, რა თქმა უნდა, უარს არ იტყოდნენ საოცრად ძლიერ პირველ და მეორე ხაზელებზე, რომლებიც საოცარი მონდომებით, მინიმალურ ხელფასზეც კი სიხარულით მიდიოდნენ სათამაშოდ.
პირველმა შედეგმა დიდხანს აღარ გვალოდინა და საქართველომ 2001 წელს ევროპის ერთა თასი მოიგო, ევროპის რეიტინგში კი მე-7 ადგილზე დადგა.
2003 წელს ჩვენმა ნაკრებმა პირველი მსოფლიო ითამაშა.
არასოდეს დამავიწყდება ის პირველი თამაში ინგლისთან, რომელშიც თეთრებმა გადაგვიარეს 84-6, მაგრამ პირველი თამაშის სიხარული მაინც ვერ გაგვიფუჭეს. შემდეგ პირველი ლელოც დაიდო სამხრეთ აფრიკასთან და აი ასე, საქართელოს ნაკრებმა ნახტომებით დაიწყო პროგრესირება. როგორც კომუნისტები იტყოდნენ სრულდებოდა სრულდებოდა “ხუთწლედი სამ წელიწადში”!
გუნდში გამოჩნდნენ მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავები: მამუკა გორგოძე და დათუნა ზირაქაშვილი, გამოჩნდნენ ახალი მწვრთნელები, გუნდმა ხელით თამაშიც დაიწყო რაც ადრე შეუძლებლად ჩანდა, ალილუია!
ზემოთ ხსენებული ევროპის ერთა თასი, რომელსაც შემდეგ რაგბი ევროპის გათამაშება დაერქვა, საქართელოსთვის “ზაზუნის დღედ” გადაიქცა, გახსოვთ ალბათ, ბილ მარი რომ ერთ დღეში გაიჭედება, შემდეგ რას აღარ აკეთებს და მაინც იგივე დღე თენდება, დღეს საქართველოს ნაკრები ბილ მარია: იგებს, აგებს, ბოლომდე იგებს, ყველას უგებს, მესამე ნაკრებითაც ყველას უგებს, თუმცა მოდის ახალი სეზონი და ისევ ამ ოხერ რაგბი ევროპაზე ვთამაშობთ, რომლის დანახვაზეც ყველა შეუძლოდ ხდება.
ამ მსოფლიო თასზეც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები რაღაც დონემდე განვითარდა და მერე დადგა, დაგუბდა, რასაც ვერაფერს ვეღარ ვუშველით, რადგან პორტუგალიასთან და რუსეთთან თამაშით ბევრს ვერაფერს ისწავლი.
ერთადერთი გამოსვალი რომელსაც ფედერაცია და ქომაგები ვხედავთ, საქართველოს 6 ერში დამატება მე7 წევრად, ან რელეგაციის წესით იტალიის ამოგდებაა.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია თავისი სიუცნაურით ხაზარების ხაკანატს შეიძლება შევადაროთ მილორად პავიჩის “ხაზარული ლექსიკონიდან”. ეს ორგანიზაცია არაფრისდიდებით არ ცდილობს რაგბის განვითარებას მსოფლიოში და მეორე და მესამეხარისხოვანი გუნდების წამოწევას.
მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ცდილობს რომ რაგბი ელიტურ და ჩაკეტილ სპორტად შეინარჩუნოს, სადაც მე-19 საუკუნიდან არაფერი იცვლება, სახელებისა და გვარების გარდა.
დღეისათვის რაგბი არის უაღრესად პოლარიზებული სპორტი, სადაც რეიტინგის სათავეში მდგომი გუნდები: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, უელსი, ინგლისი და სხვანი, დაახლოებით 60-90 ქულის სხვაობით ამარცხებენ მსოფლიო რეიტინგის მეორე ათეულში მყოფ გუნდებს.
თუ სხვა გუნდური სპორტის სახეობებში გუნდების დონეს შორის გეპი ნელ-ნელა იშლება და ფეხბურთში საფრანგეთს ლუქსემბურგი ფრეს ეთამაშება, საქართველო კი ესპანეთს უგებს, რაგბიში ელიტიზმი მძვინვარებს და საფეხურებს შორის უფსკრული ისევ ღრმავდება.
ამხელა წინასიტყვაობა იმიტომ გავაკეთე რომ მერე დამეყოლებინა, აი ამიტომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ვერ და არ აიძულებს კომერციულ ტურნირს, რომ ახლად წამოჩიტული გუნდი სახელად საქართველო ან რუმინეთი მის გათამაშებაში მიიღოს.
სამწუხაროდ ეს ტურნირი ერთადერთია, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულად ლოგიკურად ერგება. საქართველოს ყოველი განაცხადის შემდეგ, რომელიც ექვსი ერის გათამაშებაში მიღებას ეხება, ორგანიზატორი ზრდილობიანი ღიმილით გვიცილებს თავიდან და გვეუბნება რომ ჯერ მზად არ ვართ, ან ბილეთში 50-100 ფუნტს ვერ გადავიხდით, ან ამინდი არ ვარგა, ან უბრალოდ თვალის ფერი არ მოსწონს შერკინების წინა ხაზისა.
თუ საქართველოს სურს, რომ 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის პირობებში ჰყავდეს ტიერ 1 დონის ნაკრები, რომელიც უმაღლესი კატეგორიის ტურნირში ითამაშებს, მაშინ ის აუცილებლად უნდა მიჰყვეს ახალი ზელანდიის მაგალითს და ქვეყანაში რაგბი საყოველთაო სპორტად უნდა აქციოს. მიუხედავად ფეხბურთის ჰეგემონიისა, სწორი და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიით სხვადასხვა მედიაში, ამის მიღწევა შესაძლებელია.
თიბისისა და მასტერქარდის კამპანია მაისში დაიწყო. ამ ნაწილზე თიბისიმ ჰოლმს ენდ უოტსონთან ერთად იმუშავა.
თემატურ რაგბი-ბარათებზე ბორჯღალიანი სუშის როლი, ფუჯის მთა - როგორც იაპონურ გამომსახველობით
თიბისისა და მასტერქარდის კამპანია მაისში დაიწყო. ამ ნაწილზე თიბისიმ ჰოლმს ენდ უოტსონთან ერთად იმუშავა.
თემატურ რაგბი-ბარათებზე ბორჯღალიანი სუშის როლი, ფუჯის მთა - როგორც იაპონურ გამომსახველობით ხელოვნებაში ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, ერთ-ერთი შერკინების ამსახველი ფოტო და ჰოლმს ენდ უოტსონის მიერ სტილიზებული საქართველოს დროშა იყო გამოსახული.
ასევე თიბისიმ და მასტერკარდმა გამოარჩიეს ერთი გულშემატკივარი, რომელიც მსოფლიო თასის ფინალზე გაემგზავრა. მე ვიხილე ეს გულშემატკივარი, რომელიც ყოფილი მორაგბეა პრიზის გადაცემის პროცესში და სავარაუდოდ მისი სახე არასოდეს დამავიწყდება, ეს იყო ბედნიერების უდიდესი აქტი, რომელიც მე ოდესმე მიხილავს.
სტილიზებული დროშა, რომელიც ჰოლმს ენდ უოტსონმა შექმნა თავის თავში რამდენიმე დეტალს აერთიანებს: პირველი, ის რომ გამოსახულია 5 წითელი ჯვარი, მეორე ის რომ ეს ყველაფერი იაპონურ იეროგლიფს ჰგავს და მესამე ყველაზე საინტერესო, რაც მხატვრებმა მოახერხეს: ფორმის დინამიკა რაგბიში მცირედ გარკვეულ ადამიანსაც კი გაახსენებს შერკინებას, ჩვენს ყველაზე ძლიერ მხარეს თამაშში.
დროშიანი ჰუდები და მაისურები ფანშოპისა და ქართული ინსტაგრამის ჰიტი გახდა.
კამპანიის კიდევ ერთმა ძალიან ადამიანურმა ნაწილმა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მთელი ქალაქები მოიცვა.
ერთ დილას თბილისელებმა, ბათუმელებმა, ქუთაისელებმა გაიღვიძეს და ავტობუსის უამრავ გაჩერებაზე საქართველოს ნაკრების მორაგბეები, მწვრთნელები, ექიმები, მენეჯერები და ერთი სიტყვით ყველა გამოისახა, ვინც გუნდში მუშაობს.
აქციის მიზანი მსოფლიო თასის პოპულარიზაციის გარდა, მოსახლეობისთვის იმის შეხსენება იყო, რომ რაგბი ყველაზე გუნდური სპორტია და რომ აქ გუნდის ყველა წევრს თანაბარი მნიშვნელობა აქვს.
23 სექტემბერს, საქართველო-უელსის თამაშის დღეს თიბისის ყველა თანამშრომელმა რაგბის ბრენდირებული მაისურები მიიღო საჩუქრად.
დღის განმავლობაში ისინი მომხმარებელს ამ მაისურებით ემსახურებოდნენ.
ამ აქციის ამსახველმა user generated content-მა სრულიად საქართელოს ვირტუალური სოციალური სივრცე მოიცვა და გუნდურობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
რაგბის პრომო კამბანიის ყველაზე ლამაზი ნაწილი, რომლის პირველად ნახვისას ტანში ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა: მზის მოტაცება თავისებური ალუზიაა ცნობილი ქართული რომანის მთვარის მოტაცებისა და ხსენებისთანავე ყურადღებას იქცევს, შემდეგ კი გაცოცხლებული ნახატების მყისიერი სამყარო თავბრუს გახვევს და ამ მოკლე ფილმის რამდენჯერმე თავიდან ნახვას განდომებს.
ეს ანიმაცია გაცდა საქართველოს ფარგლებს და მსოფლიო რაგბის გვერდის საშუალებით რაგბის ყველა მოყვარულმა იხილა. მზის მოტაცება თიბისიმ ჰოლმს ენდ ოუტსონთან და ანიმატორი.ჯი-სთან ერთად რეკორდულად მცირე დროში შექმნა.
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი