კულტურა

ქართული - ა

ქართული შრიფტების კონკურსზე რეგისტრაცია სრულდება

ივლისი 10, 2019

კაცობრიობამ ხანგრძლივი გზა გამოიარა, ვიდრე დამწერლობის ყველაზე სრულყოფილ სისტემას - ანბანურ დამწერლობას შექმნიდა. რაც უფრო უკეთ ახერხებს დამწერლობა ენის თავისებურებებისა და მისი ფენომენის გადმოცემას, მით უფრო სრულყოფილია ის. 




იმისთვის, რომ საგანძური და მემკვიდრეობა, რომელსაც ქართული დამწერლობა ჰქვია, თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირდეს და მისი უნიკლაური ასომოხაზულობა და გრაფიკული სტილი მუდმივად განვითარებად, ტექნოლოგიურ მედიებში ითარგმნოს, მეორედ ტარდება ქართული შრიფტების კონკურსი - „ქართული - ა“. 



პროექტი თიბისისა და დიზაინერ - ზვიად ციკოლიას ინიციატივით პროექტის - #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა და

მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის გავრცელებას და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ

კონკურსის მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებზე მუშაობენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ 15 ივლისამდე ვებ-გვერდზე - Georgiana.ge დარეგისტრირდნენ.

გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ: 

  1. ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი )
  2. აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)
  3. მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი)
  4. გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)
  5. ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა) 
  6. ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად)
  7. ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია)
  8. რეგულარული ა. 

დარა1981

კონკურსის პირობების მიხედვით, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეუძლია, თუმცა ასევე შეუძლია ერთი ნამუშევარი სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს. მონაწილეებმა შრიფტების სახით ქართული ანბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ. 

“ეს კონკურსი ქართული შრიფტების გამრავალფეროვნებას და მის დროსთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. ნამუშევრების შეფასებისას კრეატიულობას და აგების გრამატიკას მივაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას. კონკურსანტებს ვურჩევდი ინოვაციურები და თავისუფლები იყვნენ. რაც მეტი მონაწილე ეყოლება კონკურსს, მით მეტი შრიფტი შეიქმნება, რაც საბოლოოდ ისევ ჩვენს ქვეყანას გამოადგება.“ - ზვიად ციკოლია, ჟიურის წევრი. 



ზვიად ციკოლია



„ქართული დამწერლობა უნიკალურია, მაგრამ ქართული შრიფტი თანამედროვე სამყაროს მოწყვეტილია. ხარისხიანი, ქართული ციფრული შრიფტების დეფიციტი გვაქვს, არადა შრიფტს დიდი ადგილი უკავია გრაფიკულ დიზაინში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ახალ, ხარისხიან, ტექნიკურად გამართულ შრიფტებს გააჩენს, მისასალმებელია. ტიპოგრაფია რთული და კომპლექსური სფეროა, თუმცა გამოუცდელი თვალიც კი ადვილად ხვდება, როცა შრიფტი დაუხვეწავია.

შრიფტის დახვეწილობა და კითხვადობა - ეს ორი კრიტერიუმი იქნება ჩემთვის ყველაზე მთავარი

ფონტის ავტორი - ჯუმბერ ბეჭვაია, დიზაინი - ბექა ბერიძე

ყველა გლიფს თავისი ანატომია და ხასიათი აქვს. მათი კომბინაცია სხვა გლიფებთან კიდევ ცალკე ისტორიაა. საინტერესოა, კონკურსანტები რამდენად “იგრძნობენ” თითოეული მათგანის ხასიათს და მათ “ტანდემს” და როგორ გამოხატავენ ამას ვიზუალურად. ჩემი რჩევაა, ნუ შეეცდებიან ლათინური ან სხვა წარმომავლობის შრიფტების ლოგიკის იმიტაციას (თუ ამას რაიმე კონკრეტული კარეგორია არ მოითხოვს); გაიაზრონ, რომ ქართულ შრიფტს საკუთარი, უნიკალური ლოგიკა და ანატომია აქვს. რაც მეტი იქნება კონკურსანტი, მით მეტი შანსია კონკურსი პოზიტიური შედეგით დასრულდეს და საქართველოს კიდევ ახალი, ხარისხიანი შრიფტები შეემატოს, რომელიც ასე სჭირდება სახვით, ციფრულ ინდუსტრიებს და არა მარტო." - გიორგი პოპიაშვილი, ჟიურის წევრი

გიორგი პოპიაშვილი, ფოტო: ლეკო ჭყონია

კონკურსის გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაეცემათ. კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Georgiana.ge

მხატვრული ა, ავტორი ნინო მეგრელიძე, 2017 წელი

"ნამუშევრების შეფასების დროს შემდეგი საკვანძო სიტყვებით ვიხელმძღვანელებ: თამამი, ინოვაციური, დახვეწილი. ქართული დამწერლობა ძალიან მოქნილია, საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა, ფეხს უწყობდა იმდროინდელ გამოწვევებს. ვფიქრობ დღეს, ციფრულ ერაში რაც შეიძლება მეტი სახე, მეტი მოქნილობა უნდა შეიძინოს ჩვენმა დამწერლობამ.

ლადო კობახიძე


სასურველია, რომ კონკურსანტებმა გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რასაც დღეს ქართული დამწერლობა განიცდის და თავიანთი ხედვა გაგვიზიარონ. კონკურსანტებს ვურჩევ იყვნენ გაბედულები და რაც შეიძლება ინოვაციური იდეებით გაამდიდრონ ნიშნები. ასევე გაითვალისწინონ ფუნქციონალური მხარე, თუ რამდენად ჰარმონიული, იოლად კითხვადი იქნება მათ მიერ შემუშავებული შრიფტი. თითოეულ დიზაინერს აქვს თავისი უნიკალური ხედვა, შესაბამისად ბევრი მონაწილის ჩართულობა მრავალფეროვან შედეგს მოგვცემს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ტიპოგრაფიის განვითარებას." - ლადო კობახიძე, ჟიურის წევრი


ავტორი: მარიამ ყანჩაველი