აპრილი 05, 2021
ყულაბა, როგორც საიმედო მეგობარი
საქართველოში ფულის დაზოგვის ჩვევას არც თუ ისე მაღალი ნაჩვენებელი აქვს. მიუხედავად ამისა, ბევრი ოჯახი მაინც ახერხებს შემოსავლის გარკვეული ნაწილის გადადებას იმისთვის, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციას ან წინასწარ დაგეგმილ ხარჯებს მშვიდად გაუმკლავდეს.
თანხის დაზოგვა მნიშვნელოვანი უნარია და ის ბავშვობიდანვე ყალიბდება, მათ შორის, ყულაბების გამოყენებით. დაზოგვის ჩვევა ზრდასრულებშიც ძალიან გამოსადეგია, მით უმეტეს პლასტიკური ბარათების და ვირტუალური გადახდების ეპოქაში მცხოვრები ადამიანებისთვის.
აგროვე ხალისით
ფულის დაზოგვის მცდელობის ისტორია წარმოუდგენლად ხანდაზმულია - ერთ-ერთი უძველესი კერამიკული ყულაბა, რომელიც ახლანდელი ტუნისის ტერიტორიაზე იპოვეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულით თარიღდება.
თანხის ყულაბით შეგროვების მეთოდი არც მომდევნო საუკუნეებში გაფერმკრთალებულა. ციფრული ალტერნატივების მიუხედავად, ნივთიერი ყულაბა დღესაც თანხის დაგროვების შესანიშნავ ინსტრუმენტად რჩება. და მართლაც, განა სად უნდა მივუჩინოთ უკეთესი ადგილი სარეცხ მანქანაში შემთხვევით ჩარჩენილ ან საწოლქვეშ შეგორებულ მოუხელთებელ მონეტებს, თუ არა ყულაბაში, რომლებსაც საუკეთესოდ გადაგვინახავს?! სწორედ ყულაბის დამსახურებით „წვრილფეხა“ მონეტების დანაზოგი წლის ბოლოს შესაძლოა ჩვენი გულის გასახარ სოლიდურ თანხად დამრგვალდეს.
ჩემი ბოლო გამოცდილებაც ასეთი იყო: ერთი წლის წინ საპატიმროში დამზადებული ხელნაკეთი თიხის ყულაბა მაჩუქეს. თავიდან ამრეზით შევხედე, მაგრამ წლის ბოლოს მისი დამსახურებით იმდენი ორლარიანი მოვაგროვე, რომ პანდემიის პერიოდში კურიერთა ცოცხალ მექად ვიქეცი - ონლაინშეკვეთების დროს მათ ჩემთვის ხურდის დაბრუნება აღარ უწევდათ, რადგან რკინის ფული ყოველთვის მქონდა.
სხვათა შორის, მსოფლიოში ყველაზე დიდმა, შვიდტონიანმა ყულაბამ ქალაქ ლუდვიგსბურგში დაიდო ბინა. ის სიგრძეში 8,03 მეტრია, სიმაღლეში - 5,58 მეტრი. ყულაბაში ფულს ამწით ყრიან, მისი შიდა სივრცე კი ორსართულიან საგამფენო სივრცედ იყოფა.
ყულაბა და ბავშვები
სასურველია, ბავშვებმა პატარაობიდანვე იცოდნენ, რა არის ფული, როგორ იშოვება და გონივრულად როგორ უნდა დაიხარჯოს. სხვადასხვა ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც მშობლებმა ბავშვობაში ფულის დაზოგვაასწავლეს, დიდობაშიც გონივრულად ზოგავდნენ ფულს, ვიდრე ისინი, ვისაც ოჯახში ასეთი ტრადიცია არ ჰქონდა.
თუ ყულაბა გამჭვირვალე იქნება, ბავშვი დაინახავს რამდენი მოაგროვა და ეს მეტ მოტივაციას შესძენს.
ყულაბით დაზოგილი ფული კონკრეტულ და რეალურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მოაგროვებს ველოსიპედის ფულს, ამიტომ, კარგი იქნება, ღირებულების მესამედის დაგროვება დაისახოს მიზნად, დანარჩენში კი თქვენ შეეშველეთ.
ყულაბის ელექტრონული ვერსია
ელექტრონული ყულაბა ფულის დაგროვების მარტივი და კომფორტული მეთოდია.
ის პერსონალური სარგებლობის ფულის დასაგროვებლად ელექტრონული საფულის მსგავსი ანგარიშია. ყულაბის გააქტიურება შესაძლებელია ბანკების ფილიალებში, სატელეფონო სერვისცენტრით, ინტერნეტით და სხვ...
ციფრული ყულაბის გააქტიურების დროს თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხა ზუსტად იმდენჯერ ჩაჩხრიალდება მასში, რამდენჯერაც ბარათს გამოიყენებთ, თანაც, თითქმის ყველა საფინანსო ოპერაციის განხორციელებისას.
ელექტრონული ყულაბა ფულის დაგროვების სწორედ ის საშუალებაა, როდესაც თქვენ არ გიწევთ ზრუნვა თანხის გადადებაზე, ბარათი ამას ავტომატურად და თქვენთვის შეუმჩნევლად აგვარებს.
ელექტრონულ ყულაბაში ძალიან მომწონს ის, რომ თავად შეგიძლია შეარჩიო ნებისმიერი ოდენობის თანხა (ზოგჯერ სხვადასხვა ვალუტაშიც კი), რომელიც ტრანზაქციის დროს ყულაბაში ჩაჩხრიალდება. ეს შეიძლება იყოს 50 თეთრი ან რამდენიმე ლარი.
ყულაბაში თანხის დაგროვება ხდება ბარათით შესრულებული ოპერაციებისას: ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში, ინტერნეტში, ბანკომატიდან განაღდებისას. თანხის დაგროვება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ანაბრებზე. ზოგჯერ დაგროვილ თანხას არჩეული დეპოზიტის საპროცენტო სარგებელიც ერიცხება.
დაბოლოს, რამდენიმე რჩევა, რომელიც ფულის ეფექტურად დაზოგვაში დაგეხმარებათ:
განსაზღვრეთ მიზანი
დანაზოგი ისე უნდა შეგროვდეს, რომ არც თავი დაიზარალოთ და არც ხარჯი და შემოსავალი დაგრჩეთ კონტროლს მიღმა. რადგანაც უმიზნოდ ფულის დაზოგვა რთული ამოცანაა, ამისათვის ჯერ დანაზოგის მიზანი განვსაზღვროთ, შემდეგ გადასადები თანხის კონკრეტული ოდენობა და დედლაინის თარიღი. მოკლედ, თქვენი მიზნის მისაღწევად შეადგინეთ გეგმა და დაიცავით ის.
უბრალოდ დაფიქრდით
დაფიქრდით და აღმოაჩინეთ თქვენში „ფულის მფლანგველი“. დაფიქრდით, რაში ყრით ფულს, რას არ მოაქვს თქვენთვის ხელშესახები სარგებელი - იმპულსურ შოპინგს თუ მავნე ჩვევებს, ბიუჯეტის მართვისადმი უყურადღებობას თუ ზედმეტ ხელგაშლილობას?
გადადეთ შემოსავლის ფიქსირებული პროცენტი
ამისათვის შექმენით ცალკე ანგარიში ან სადებეტო ბარათი, სადაც შეგიძლიათ გადაიტანოთ პროცენტები თქვენი ხელფასიდან თუ სხვა შემოსავლებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვევად იქცეს. ამიტომ, შეეცადეთ ყოველ ჯერზე სისტემურად დაზოგოთ თქვენ მიერ განსაზღვრული თანხა, არ გამოტოვოთ და არ გადაიტანოთ გადახდები.
გამოიყენეთ ავტომატური გადარიცხვები
ელექტრონული ყულაბის სიკეთეზე უკვე გესაუბრეთ. გამოიყენეთ მისი შესაძლებლობები - ის თქვენთვის შეუმჩნევლად დააგროვებს დანაზოგს. თუმცა შეგიძლიათ თქვენი მიზნისთვის სპეციალურად გახსნათ ანაბარი ბანკში, საიდანაც თანხის გატანა შეუძლებელი იქნება, ვიდრე მისი ვადა არ ამოიწურება.
მზარდი დანაზოგის პრინციპი
ყოველდღიურად გადადეთ თანხა, რომელიც თვის კონკრეტულ რიცხვს უტოლდება, ანუ 1 მარტს გადადეთ 1 ლარი, 2 მარტს - 2 ლარი, 3 მარტს - 3 ლარი და ასე, თვის ბოლომდე. პირველ დღეებში ფინანსურ ტვირთს ვერ იგრძნობთ, სამაგიეროდ, თვის ბოლოს გადადებული თანხა, ერთი წლის შემდეგ, შესანიშნავ დანაზოგს მოგცემთ.
დაგეგმეთ საყიდლები
შეადგინეთ სიები - ერთი თვის, ერთი კვირის, თითოეული ინდივიდუალური შოპინგისთვის. ეს დაგეხმარებათ დარჩეთ სამიზნე თანხის ფარგლებში და შეიძინოთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
დაიცავით ბალანსი
ნუ დაითრგუნავთ თავს ზედმეტი ეკონომიით და დროდადრო ისიამოვნეთ საყიდლებით. ფულის დაგროვება არა მხოლოდ საბოლოო მიზანია, არამედ მუდმივი ჩვევა, რომლის მიღწევა მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება.
ავტორი: ირმა კახურაშვილი