ედუფინი

რას ჰყვება პერსონალური მონაცემები შენზე და რატომ უნდა დაიცვა ის

დაბადებისას მშობლები სახელს გვარქმევენ, სახელმწიფო კი პირად ნომერს გვანიჭებს; შემდეგ ვიზრდებით და ვქმნით ელექტრონულ ფოსტას, ვხსნით ბანკში ანგარიშს და ვიყენებთ ბარათებს, სოციალურ ქსელში მეგობრებს ვუკავშირდებით, დავდივართ ტაქსით, ვიძახებთ კერძებს და ვსტუმრობთ ვებსაიტებს — ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვქმნით და ვაგროვებთ საკუთარ თავზე მონაცემებს. ამ ყველაფრით კი ჩვენი იდენტიფიცირება შეიძლება.

მარტი 15, 2021

monsterstudio / Freepik

რა არის პერსონალური მონაცემები?


პერსონალური მონაცემების ცნება საკმაოდ ფართოა. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენზე რაღაცას ამბობს: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიმოწერა, პირადი ნომერი, ფოტო, აუდიო ან ვიდეოჩანაწერი, საბანკო ანგარიშის ნომერი ან ინფორმაცია ჯანმრთელობაზე. პერსონალურ მონაცემებში ერთიანდება ისიც, თუ სად ვსწავლობთ ან ვმუშაობთ, რა ქონებას ვფლობთ, რა შემოსავლები გვაქვს, როგორია ჩვენი ოჯახური მდგომარეობა და სხვა.

 

ეს სია კიდევ უფრო გრძელია და ისეთ ინფორმაციასაც იტევს, რომელსაც ჩვენ, როგორც წესი, საიდუმლოდ არ ვინახავთ. მაგალითად, პერსონალურ მონაცემებად შეიძლება ჩაითვალოს სამსახურეობრივი ელ.ფოსტა ან ნომერი, მოსაზრებები, რომელსაც საქმიანობიდან გამომდინარე გამოვთქვამთ და ისიც კი, ვართ თუ არა რაიმე ნაშრომის ან კვლევის ავტორი.

Freepik

ვის შეიძლება ჰქონდეს ჩვენი პერსონალური მონაცემები?


შეგიძლია, დაასახელო, რამდენ კომპანიას ან დაწესებულებას აქვს შენი პერსონალური მონაცემები? ერთს, ათს, იქნებ ასზე მეტს? — რიცხვის დასახელება ნამდვილად ყველას გაგვიჭირდება, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს შეიძლება ფლობდეს სკოლა ან უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობთ, დამსაქმებელი, ბანკი, ინტერნეტის მომწოდებელი კომპანია, საავადმყოფო და სხვა მრავალი დაწესებულება.

 

ალბათ ამის გააზრებისას აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა: რამდენად უსაფრთხოდ ვართ, თუ ამდენ ადამიანს მიუწვდება ხელი ჩვენს პირად მონაცემებზე? მაგალითად, ბანკმა შეიძლება იცოდეს ჩვენი პირადი ნომერი, საკრედიტო ისტორია, შემოსავლის წყარო ან ის, თუ რა პროდუქტებით ვსარგებლობთ, თუმცა ამ ყველაფერს ის ჩვენზე მორგებული სერვისების შესაქმნელად იყენებს, ინფორმაციის დამუშავებისას კი სამართლიანობა, მიზანთან შესაბამისობა და მათი შენახვის ვადები კანონითაა დაცული.

 

ერთი სიტყვით, მონაცემების მიმოცვლა სანდო ორგანიზაციებთან ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს, თუმცა ზოგჯერ უსიამოვნებები მაინც ხდება — ჩვენივე დაუდევრობის გამო პირადი მონაცემები თაღლითების ხელში ხვდება და მათ ბოროტად იყენებენ: ანგარიშიდან იპარავენ თანხას, ჩვენ სახელზე იღებენ სესხს, პოულობენ ინფორმაციას ჩვენს ფინანსებზე, უძრავ ქონებასა თუ მანქანაზე და ჩვენ ნაცვლად სარგებლობენ სხვადასხვა სერვისით. 

როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები?


სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი მონაცემების დახმარებით ფუნქციონირებს, უსაფრთხოების შენარჩუნება უფრო და უფრო რთულდება. მიუხედავად ამისა, უამრავი ხერხი არსებობს იმისათვის, რომ მონაცემები დაიცვა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ:

 

 

Negative Space / Pexels

როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები ონლაინ?


პირველ რიგში გახსოვდეს, ვის და რატომ უზიარებ შენს პერსონალურ მონაცემებს ონლაინ და არ გადასცე ის ვინმეს ტელეფონზე ან ელექტრონული ფოსტით.

 

● თუკი კონკრეტული კომპანიის სახელით გიკავშირდებიან და პერსონალურ მონაცემებს გთხოვენ, პირველ რიგში მოძებნე ამ კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი და დაუკავშირდი ჩატში ან ტელეფონზე, გაარკვიე, ნამდვილად ისინი დაგიკავშირდნენ თუ არა და რაში სჭირდებათ ინფორმაცია შენ შესახებ.

● დააყენე ძლიერი პაროლები და არავის გაუზირო ის.

● მანამ, სანამ ტელეფონის ან კომპიუტერის გასხვისებას ან გადაგდებას დააპირებ, საფუძვლიანად წაშალე ყველა სახის ინფორმაცია: აპლიკაციები, ზარები და მიმოწერა, ფაილები, ბრაუზერების ისტორია თუ ფოტოები. ყველაზე კარგი გზა ე.წ. დარესეტებაა (Reset), რომელიც, როგორც წესი, ყველა სახის მონაცემს ანადგურებს.

● არ გააზიარო ბევრი მონაცემი ინტერნეტში შენ შესახებ. იდენტობის მითვისება არცთუ იშვიათია და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდი თაღლიღებს შენი ცხოვრების შესახებ, მით უფრო გაუადვილდებათ წვდომა შენს ფინანსებსა თუ სხვადასხვა ანგარიშზე.

● როგორი მიმზიდველი შემოთავაზებითაც არ უნდა დაგიკავშირდნენ, ნუ გაუზიარებ საბანკო მონაცემებს უცხო ადამიანს ელფოსტით ან ტელეფონზე.

● არ შეიყვანო საბანკო ბარათის მონაცემები საეჭვო ვებგვერდზე.

● მოერიდე საჯარო WiFi-ს.

● დააყენე პასვორდი მობილურსა და ლეპტოპზე.

Markus Spiske / Unpslash

რა გავაკეთოთ, თუ პერსონალური მონაცემები უცხო პირის ხელში აღმოჩნდა?


პერსონალური მონაცემების გაჟონვისგან დაცული არავინაა. მაგალითად, ისეთი გიგანტური კომპანიებიც კი გამხდარან თავდასხმის სამიზნეები, როგორებიცაა Facebook, eBay, LinkedIn, Adobe და სხვები. სხვადასხვა დროს მათი ასობით ათასი მომხმარებლის ინფორმაციამ გაჟონა, ეს კი როგორც ბიზნესს, ისე მის მომხმარებლებს ფულსა და დროს აკარგვინებს, ამასთან, რეპუტაციასაც ზიანსაც აყენებს.

 

ეს სამი მთავარი რჩევა კი მაშინ უნდა გაითვალისწინო, თუ გაიგე, რომ კომპანიას, რომლის სერვისითა თუ პროდუქტით სარგებლობ, თავს დაესხნენ და მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა გაჟონა:

 

გაიგე, დაზარალდი თუ არა თავდასხმის გამო

 

პირველი ნაბიჯია გაიგო, გაჟონა თუ არა შენმა ინფორმაციამ. ამის ყველაზე მოსახერხებელი გზაა, შეიყვანო შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ვებგვერდზე haveibeenpwned. ვებგვერდი რამდენიმე წამში გიჩვენებს, რამდენჯერ დარღვეულა შენი ელფოსტის უსაფრთხოება. ამასთან, ვებგვერდი ანგარიშის დასაცავად რჩევებსაც გაძლევს. ესენია: რამდენიმენაბიჯიანი ავტორიზაცია, მობილურზე განგაშის შეტყობინების დაყენება და სხვა.

 

გარდა ამისა, დაუკავშირდი თავად კომპანიას, გაიგე, რა სახის ინფორმაციამ გაჟონა და რისი გაკეთება შეგიძლია.

 

დაუყოვნებლივ დაუკავშირდი ბანკს

 

როგორც კი გაიგებ, რომ შენი პირადი მონაცემები საფრთხეშია, დაუკავშირდი ფინანსურ ინსტიტუტებს, გაარკვიე, ხომ არ მოიპოვეს წვდომა შენს საბანკო ანგარიშზე ან ბარათებზე და საჭიროების შემთხვევაში, დაბლოკე ის. თუ შენი სახელით ყალბი ტრანზაქცია განხორციელდა, ესეც აუცილებლად უნდა აცნობო ბანკს და შეძლებისდაგვარად, ტრანზაქციაც შეჩერდება.

 

და რაც მთავარია, დაიცავი შენი მონაცემები

Simplilearn

პირველ რიგში დაუსვი შენს თავს სამი მთავარი შეკითხვა: ვის და რატომ ვუზიარებ ინფორმაციას? რამდენად უსაფრთხოდაა შენახული ჩემი პირადი მონაცემები? რამდენად ძლიერია ჩემი პაროლები?


თუ გიჭირს პაროლების დამახსოვრება, ე.წ. პაროლების მენეჯერი ყველაფერს გაგიმარტივებს. ამასთან, თუ შენს ანგარიშებზე რამდენიმესაფეხურიანი ავტორიზაციისა და დაცვის სისტემას გამოიყენებ, თაღლითებს მათში შეღწევა გაუჭირდებათ; რაც მთავარია, თუ არავის გაუზიარებ პაროლსა და სხვა სენსიტიურ მონაცემს, თაღლითები ვერც შენს იდენტობას მიითვისებენ და ვერც — ფულს.