მარტი 04, 2022
პანკი როგორც კონტრრევოლუცია
Tsa.Music
პანკი, ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური ჟანრი, არც მხოლოდ სუბკულტურა, არც კონკრეტული იდეოლოგია. პანკი, შეიძლება სრულიად არათანმიმდევრული იყოს, საკუთარ თავსაც დაუპირისპირდეს, მაგრამ მაინც პანკ-იდენტობის ერთგული დარჩეს.
მთავარი პანკში მსოფლშეგრძნებაა - შინაგანი მდგომარეობა, მენტალური პოზიცია, რომელიც მარტივად შეიძლება გავშიფროთ ასე - ნებისმიერი კონიუნქტურის იგნორირება.
პანკი უფრო შორსაც მიდის და ხშირად დემონსტრაციულად აპელირებს უხამსობასა თუ ნეგატივზე და განა იმიტომ, რომ გარჩევა არ იცის, უბრალოდ „ვალდებულია“, საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებები ეჭქვეშ დააყენოს - რა არის კარგი, ან ცუდი, ხარისხიანი ან უხარისხო, ვულგარული ან გემოვნებიანი და სრულიად შეგნებულად ტრეშის ლეგიტიმაციაც კი მოახდინოს, რამეთუ პანკისთვის „სიმახინჯეც“ ისეთივე ესთეტიურია, როგორც სილამაზე.
პანკს შეიძლება უყვარდეს „პინქ ფლოიდი“, მაგრამ ჩაიცვას მაისური წარწერით, I hate Pink Floyd, პანკი ყოველთვის გამსჭვალული უნდა იყოს წინააღმდეგობის სულისკვეთებით და წავიდეს დინების საწინააღმდეგოდ, პანკისთვის ცინიზმი და ღვარძლიც იარაღია.
ის რაც სხვისთვის წარუმატებლობაა, პანკისთვის შეიძლება წარმატება იყოს, ხოლო საკუთარი ვიზუალის ან ქცევის გამო შარში მოხვედრა - შინაარსიანად გატარებულ დრო.
პანკისთვის ციხეში მოხვედრაც წარმატებული აქტია, თუ მან შეგნებულად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი ან „სულელური“ კანონი.
პანკ აქტივობა არაა თვითმიზანი, ის ყოველთვის რეაგირებს არსებულ სიტუაციაზე და შემდგომ ადგენს მოქმედების დესტრუქციულ გეგმას. სწორედ აქედან მოდის ის ეპატაჟი, პროვოკაცია და კონტრკულტურული პათოსი, რაც პანკის განუყოფელი ატრიბუტია.
ამ ყველაფრის გარეშე, რაც ზევით ჩამოვთვალე, შეუძლებელია გაიგო ის მიზეზები, თუ რატომ შეინარჩუნა პანკმა ასეთი სიცოცხლისუნარიანობა ათეული წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად, ალბათ ყველაზე სწორხაზოვანი და ველური ფორმაა პოპ მუსიკის.
ითვლება, რომ თავის ამოფრქვევისთანავე, პანკ როკმა - მოახდინა კრისტალიზაცია-რადიკალიზაცია იმ ნონკომფორმისტული ახალგაზრდული იდეის, რომელსაც გაუცნობიერებლად ატარებდა როკ ნ როლი საკუთარ თავში ჯერ კიდევ 50-იანებიდან.
თუ როკ ნ როლი მანამდე სხვა ამაღლებულ მუსიკასთან (კლასიკა, ჯაზი...) დაპირისპირებულ მუსიკად აღიქმებოდა, პანკმა ძირგამომთხრელი საქმიანობა გააჩაღა სწორედ როკ იდიომის შიგნით.
დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ პანკ ამბოხი, ვერანაირად მოხდებოდა სხვა დროს. ეს ამბოხი, იყო მძაფრი სოციალურ-აკუსტიკური რეაქცია იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობდა მუსიკალურ სამყაროში და არა მხოლოდ, 70-იანების პირველ ნახევარში.
იმ პერიოდში, როკ მუსიკა გახდა უაღრესად ამბიციური და პრეტენზიული, ერთის მხრივ მონუმენტური და მედიდური პროგ თუ ჰარდ როკი, რომლებშიც ვირტუოზობის თუ წმინდა მუსიკალური უნარების დემონსტრირება თანდათანობით თვითმიზნად იქცა, მეორეს მხრივ, თვითკმაყოფილი, ნარცისიზმით შეპყრობილი გლემ როკი, ამას პლუს ანგარებიანი მეინთრიმ პოპ-როკი, და რა თმა უნდა ფუქსავატური უკიდურესად კომერციული დისკო, რომელიც უკვე დომინირებდა მაშინ.
მუსიკალური ბიზნესი გადაიქცა მსხვილ კორპორაციულ ინდუსტრიად, ყველაფერი ეს გამოიყურებოდა პომპეზურად, კომფორმისტულად და კარიკატურულადაც.
როკ თუ პოპ ვარსკვლავები, თითქოს სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ და ნაკლებად აინტერესებდათ მიწიერი რეალური პრობლემები, ხოლო თუ ვინმე ცდილობდა შეხებოდა სიმღერაში პრობლემურ თემატიკას, მუსიკალური ხორცშეხმა იყო არადამაჯერებელი და შესბამისად ყალბი.
შეიძლება ისიც კი ითქვა, რომ როკ მუსიკა განიცდიდა იდენტობის კრიზისს, და კარგავდა საკუთარ კოზირებს , ვეღარ გრძნობდა რა დროის პულსაციას. სწორედ ამ როკ დინოზავრულ ბატონობას შეებრძოლა პანკი, როგორც იდეოლოგიურად, ასევე აკუსტიკურად. იმის თქმა, რომ ახალი პანკ სცენა თავიდანვე შეგნებულად დაუპირისპირდა როკ მონსტრებს, არ იქნება მართალი, მათ უბრალოდ განაგრძეს ის იდეები, რომელსაც ამკვიდრებდნენ ალტერნატივაში მყოფი ადრეული კოლექტივები თუ არტისტები.
Velvet Underground, The Stooges, MC-5, სწორედ ამ ბენდების შემოქმედება იყო ორიენტირი მათთვის. დამაკავშირებელი რგოლად წინაპრებს და ახლებს შორის, გადაიქცა ბენდი New York Dolls, ქაოტური, „ფეხებზე მკიდია“ რითმ ნ ბლუზით, ნიჰილისტური პათოსით და უაღრესად პროვოკაციული ტრანსვესტიტული იმიჯით.
ეს ბენდი, ინსპირაციის წყარო გახდა როგორც ამერიკელo ასევე, ბრიტანელი პანკებისთვის. საინტერესოა, რომ ბრიტანული და ამერიკული პანკი, განსსხვავდება ერთმანეთისგან მთელი რიგი პარამეტრებით.
ქრონოლოგიურად პანკი დაიბადა ნიუ იორკში, უფრო სწორედ მის ერთ-ერთ უბანში, მანჰეტენის „ქვემო აღმოსავლეთით“ რომაა ცნობილი (lower east side). ეს იყო ღვთისგან და მუნიციპალიტეტისგან მიდგებული რაიონი, სადაც სახლობდნენ ათასი ჯურის კრიმინალები, ნარკო დილერები, მეძავები და ახალბედა არტისტები, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან იაფი იყო იქ ბინის ქირაობა.ასეთი მანკიერი გარემო, თავისთავად იძლეოდა კონტროვერსიულ სოციალურ იმპულსებს, ყოველგვარი შელამაზების, დახვეწილობის და კომპრომისების გარეშე.
1974 წელს, ისტ ვილიჯში იხსნება კლუბი CBGB, კლუბის მეპატრონე, ჰილი კრისტალი, მწირი ბიუჯეტის გამო, იქ მოღვაწე ბენდებს აიძულებდა მხოლოდ საკუთარი სიმღერები შეესრულებინათ, რათა კლუბს საავტორო გადასახადები არ გადაეხადა. ახალბედა მუსკოსებიც დიდი ენთუზიაზმით ადიოდნენ სცენაზე და, ფაქტობრივად, უფასოდ ასრულებდნენ მხოლოდ საკუთარ რეპერტუარს. მათთვის მთავარი იყო სივრცე და სწორედ ეს სივრცე დაუთმო მათ კლუბმა, სადაც შეუძლებელი იყო ე.წ. მეინსთრიმ მუსიკა გაჟღერებულიყო. გარემო, სიტუაცია, აუდიტორია, იყო წმინდა წყლის „ანდერგრაუნდული“. ასეთ გარემოში აუცილებლად უნდა დაბადებულიყო რამე ახალი და სწორედ ეს ახალი გახდა ამერიკული პანკი.
კლუბის ერთ-ერთი პირველი რეზიდენტი პატი სმითი, დღემდე ითვლება პანკის ნათლიად, ალბად უფრო ესთეტიურ იდეოლოგიური პოეტური კუთხით. იგივე შეიძლება ითქვას ბენდზე Richard Hell&The Voidoids, რომლის სიმღერა Blank Generation(წაშლილი თაობა), როგორც ნიჰილისტრ-ფრუსტრაციული პანკ მანიფესიტი, ისე გაჟღერდა მაშინ.
CBGB-ს ყველა ბენდი, იქნება ეს Television, Blondie, თუ Talking Heads, დღეს უკვე აღარ მოიაზრება პანკ ბენდებად, მაგრამ მაშინდელი ამერიკული დისკურსით, სწორედ პანკ კულტურის ნაწილად მიაზრებოდა.
ნიუ იორკელი ჟურნალისტი ლეგს მაკნილი, რომელმაც დანერგა ტერმინი „პანკი“ ჟურნალისტიკაში, მოგვიანებით აღნიშნავდა: „ჩვენთვის, პანკი, ეს იყო არა კონკრეტული ჟანრი, არამედ გზა სახიფათო ზონისკენ, სადაც თვალს უსწორებ საკუთარ ფობიებს, კომპლექსებს, მანკიერებებს და კი არ ნიღბავ მათ, არამედ ზედაპირზე ამოატივტივებ და კრეატიულ იარაღადაც კი აქცევ. პანკი, ეს არის ტერიტორია, სადაც და შეიძლება იყო არაკომპეტენტური და მაინც შექმნა ისეთი ფასეული რამ, რომელიც არანაირად ჩამოუვარდება ვიღაც დახვეწილი პროფესიონალის ნამუშევარს“.
რაც შეეხება ე.წ. სუფთა პანკს, მისი ისტორიული პიონერი უდავოდ არის, ბენდი Ramones. 1974 წელს, CBGB-ში მათმა დებიუტმა, ნამდვილი სენსაცია მოახდინა-სცენაზე გამოვიდა დახეულ ჯინსებში და ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ოთხეული, 30 წუთში, უკიდურესად სწრაფ ტემპში, გადატვირთული ბინძური გიტარული საუნდით და დამცინავი მანერით შეასრულეს 20-ოდე სამ აკორდიანი სიმღერა და სცენა დატოვეს, გაოცებული პუბლიკისთვის ნათელი გახდა, რომ მუსიკა განვითარების ახლა ციკლს იწყებდა და იწყებდა პანკით.
Ramones-ის პირველივე კონცერტმა ლონდონში ნამდვილი ფურორი გამოიწვია, თუმცა ბრიტანეთში მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. თუ ამერიკელი პანკები იყვნე შედარებით ასაკოვანნი, განათლებულნი და არტისტული პრეტენზიის მქონენი, ინგლისელი პანკები იყვნენ ნორჩები, უტიფრები, აგრესიულნი ცინიკური მაქსიმალისტები და ამას ჰქონდა მაშინ ობიექტური მიზეზები.
ბრიტანეთი მაშინ განიცდიდა მძიმე ეკონომიურ კრიზისს, რაც პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებს დააწვათ მხრებზე, ყოველი მეორე რომ უმუშევარი იყო თითქმის, პლუს ეს ქუჩური, მემარცხენე-მემარჯვენე დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლა პოლიციასთან, ასეთი სოციალური ფონი იძლეოდა მძლავ იმპულსს, იწვედა მოზარდების ბრაზს და მძვინვარებას, „მძვინვრება კი ენერგიაა“(ჯონი როტენი) აი სწორედ ეს აკუმულირებული, ახალგაზრდული ენერგია დაატყდა თავს საზოგადოებას, ისტებლიშმენტს და მასობრივ მსმენელს პანკ როკის სახით.
Sex Pistols-ის „ანარქია გაერიანებულ სამეფოში“(Anarchy in U.K.) სწორედ ამ განწყობებს ადოკუმენტებს. სკანდალურ ბენდს, საზოგადოების ნომერ პირველ მტრებად შერაცხავენ კონტრაქტებს გაუუქმებენ, მაგრამ მაინც ვერ გააჩერებენ, მათი პანკ პასკვილი მონარქიაზე, God Save The Queen, როგორც ბომბი ისე აფეთქდა, აიკრძალა კიდეც, მაგრამ ჩარტებში მაინც პირველ ადგილზე გავიდა.
ამერიკისგან განსხვავებით, ბრიტანეთში პანკი იატაკქვეშეთში ვერ დაეტია, ზედაპიზე ამოვიდა და წალეკა ყველაფერი, რაც მანამდე დომინირებდა ბრიტანულ სცენაზე.
ყველაფერი არსებული, მუსიკა, საუნდი, პროდუსინგი, როკ მესიანიზმი, ჰიპური ვიზუალი და მოდაც კი, უკვე ძველ მოდურად და გოიმურად ჩანდა. პანკმა თაღლითობაშიც კი ამხილა პოპ ვარსკვლავები და იდეის მოღალატეებად შერაცხა თითქმის ყველა (სიმღერა The Great Rock n Rolls Swindel).
ამერიკისგან განსხვავებით, პანკს დიდი მხარდაჭერა ქონდა მემარცხენე ბრიტანული პრესისიგან, პანკი აღიქმებოდა როგორც ბურჟუაზიული სისტემის, რასიზმის და მიზოგენიის წინააღმდეგ უშეღავათოდ მებრძოლ ფენომენად, და ეს მართლაც ასე იყო, მარტო The Clash-ის ადუღებული შემოქმედება რად ღირს, ბოლომდე რომაა გაჟღენთილია უპოვართა და ჩაგრულთა უფლებების დაცვის პათოსით.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ პანკ რევოლუციის დროს დაიწყო ქალების მასობრივი ჩართვა როკ მუსიკაში, პანკის დაკვრას ვირტუოზობა არ სჭირდებოდა, დეკლამაცია და ვოკალური ისტერიები კი კაცებზე უკეთ გამოსდიოდათ, სწორედ პანკ მუსიკა გახდა იდეალური არტ ტერიტორია ქალთა თვითდამკვიდრება და თვითრეალიზაციისთვის.
მთავარი პრეტენზიები პანკის მიმართ იყო მუსიკალური რესურსების სიმწირე, მაგრამ საქმეც სწორედ იმაში იყო, რომ ვირტუოზობა, სირთულე და ნოტების კორიანტელი, პრინციპულად უცხო იყო პანკისთვის. Ramones-ს ერთერთ პრეს კონფერენციაზე კითხეს-“როგორ შეიძლება თქვენი მუსიკა ხარისხიანი იყოს, როცა არც ერთ სიმღერაში სამ აკორდს ვერ ცდებითო“, რაზე ბენდის წევრებმა ერთხმად მიუგეს, „სამგიეროდ ეს არის ყველაზე სწორი აკორდები“-ო.
მეორე საკითხია თუ როგორ ჟღერედა ეს სამი აკორდი, ფრენკ ზაპა ამბობდა, “პანკი, რე მაჟორია, მაგრამ ისე დაკრული რე მაჟორი, რომელიც, უკვე განსაკუთრებული თვისებებს იძენსო“. საკუთარი სათქმელის მოკლედ, ლაკონურად, ხისტად მიწოდება, არც თუ ისე ყურის საამებლად, რადგანაც სათქმელი შეიძლება იყოს უსიამოვნო და დისკომფორტის გამომწვევი, აი ესაა სამი პანკ აკორდის ძალა.
მეორეს მხრივ, სწორხაზოვანი პანკი, როგორც წმინდა მუსკალური მოვლენა, დიდი ხანს პირვანდელი ფორმით ცხადია ვერ გასტანდა, „პანკი მშვენიერი იყო თავისი ხანმოკლეობით“(კრისი ჰაინდი). იცვლებოდა განწყობები, დამოკიდებულებები, მოვლენების აღქმა, პანკ არტისტებიც იზრდებოდნენ, როგორც მუსკალურად, ასევე პიროვნულად და ეძებდნენ გამოხატვის ახალ ხერხებს, ექსპერიმენტობდნენ და ბევრმა მათგანმა შთამბეჭდავ რეზულტატებსაც მიაღწია, უკვე პოსტ პანკ ეპოქაში, თუმცა ეს სხვა ტექსტის თემაა.
რაც შეეხება ავთენტურ პანკს, თავის პირველადი ფორმით, ის უკვე 1979 წელს დაძველდა, მისი განშტოებები ინერციით კიდევ განაგრძობდა არსებობას, იქნებოდა ეს სკინჰედურ პროლეტარული Oi-Punk, ლოს ანჯელესური Roxy კლუბის პანკ ტალღა, თუ საოცრად ეფეტური ფრანგულ სოციალისტური ელეტრო პანკი, მაგრამ ჟანრის საწყისი მისია, უკვე დასრულებული იყო. ანარქო პანკ ბენდის Crass-ის სიმღერა Punk Is Dead, სწორედ ამაზე აპელირებდა.
ისე ინტელეტუალურმა ე.წ. ანარქო პანკმა, კრეატიული თვალსაზრისით ყველაზე მეტ ხანს გასტანა(ჰოლანდიური The Ex, ბრიტანული Cumbawamba)ალბათ იმიტომ, რომ ანარქიზმი, ანუ ნებისმიერი სისტემური უარყოფა, პანკ იდეოლოგიის გენეტიკური კოდია.
80-იანებში ამერიკულმა ჰარდქორ პანკმა კი დააბრუნა ლოზუნგი, Punk Is Not Dead და საკმაოდ მოულოდნელად სერიოზულ აღიარებასაც კი მიაღწია, მაგრამ ეს ცალკეული გაელვებები იყო.
მთავარი, რაც მოახდინა პანკმა, ეს იყო განხეთქილება როკ სამყაროში, რომელიც გაიყო მეინსთრიმად, ანუ მუსიკა, რომელიც აგრძელებდა კლასიკურ ხაზს, და მის ალტერნატივად, რომლიც ათვლის წერტილი სწორედ პანკ როკიდან იწყება.
ვერც ერთი ახალი როკ მიმართულება, რომელიც 80-იანებიდან მოდის, პანკს ინექციას ვერ აცდა. როკი კი არა, მის გარეშე ზოგადად მუსიკა და კულტურაც კი წარმოუდგენელია დღეს, ცოტა პანკ სულისკვეთება ყველგან საჭიროა, თუ მუსკალურად არა, იდეურად მაინც. პანკი იარსებებს მანამ, სანამ პროტესტი იარსებებს, პროტესტი კი სულ იარსებებს, რადგანაც სულ იქნება პროტესტის გამომწვევი მიზეზები, ხოლო იქ, სადაც ცხოვრება ისეთი საამურია რომ ძნელია რამის გაპროტესტება, სწორედ „ტკბილი ცხოვრება“ იქნება გასაპროტესტებელი, რათა კომფორმიზმის ჭაობში არ ჩაეშვა, აი სწორედ ამას ქადაგებდა ავსტრალიური პანკ პიონერ ბენდი The Saints.
რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა წარმოქმნა გარკვეული პანკ სტერეოტიპი, მარტო ეს 90-იანების ნეოპ პანკ აღორძინება და მისი უზარმაზარი კომერციული წარმატება რად ღირს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს უკვე პანკ კიჩია, რომელიც ავთენტური გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამ სტერეოტიპს დაანგრევს, ეს კი დღევანდელ პოლიტკორექტული კლიშეებით გადატენილ სამყაროში ძალიან ძნელია, ჟანრულად კი ბატონო, არსებობს და ალბათ კიდევ იარსებებს, როგორც ნონ კომფორმიზმის და უკომპრომისო პროტესტის აკუსტიკური გამოვლინება, მაგრამ როგორც ერთმა ჟურნალისტმა მარჯვედ შენიშნა“ –„თანამედროვე პანკ პროტესტი, ესაა პროტესტი ცუდი ამინდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ სერფინგს უშლის ხელსო„ ძნელია შეეწინააღმდეგო ამ კაცს.
ავტორი: სახელი გვარი