მუსიკა | ცა

პანდროგენული მე Breyer P-Orridge

ინდუსტრიული მუსიკა - ნაწილი 3

აპრილი 07, 2020

სიცოცხლე კომპრომისების გარეშე

ზუსტად ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდი დონაციის ლინკს , სადაც ლეიკემიით დაავადებული Neil Andrew Megson ის იგივე Genesis P-Orridge ის დასახმარებელი ანგარიში იყო მითითებული ... ბევრ ადამიანს შეიძლება უცნაურადაც მოჩვენებოდა ინდუსტრიული სუბკულტურის დამაარსებელ ბრიტანელ საკულტო ხელოვანს რატომ უნდა დაჭირვებოდა დაავადებასთან საბრძოლველად ჩვენი დახმარება , მაგრამ ვინც მის ცხოვრებას და შემოქმედებას უკეთ გაიცნობს მიხვდება რომ ფინანსური წარმატება მისი უკანასკნელი მიზანიც კი არასდროს ყოფილა.


რამდენიმე თვის წინ კი, 14 მარტს  მსოფლიოს, მისი გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა Genesse და Caresse მა შეატყობინეს „ის შეუერთდა მის მეორე ნახევარ ჟაქლინ ბრეიერს, ვინც ჩვენ 2007 წელს დაგვტოვა, სადაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან ". კარგია, რომ ქართულ ენაში გენდერი არ გვაქვს, ამიტომ ამ წინადადების დაწერისას ორმაგი ნაცვალსახელების მითითება არ დაგვჭირდა, თუმცა ინგლისურ ენოვანი გამოცემები ჯენეზისს და ჟაქლინს ყოველთვის S/he – H/er მოიხსენეიბდნენ ხოლმე, რადგან პირველი ინფორმაცია  რაც მათ შესახებ  შეგხვდებათ არის ის, რომ არ იზიარებდნენ ტრადიციულ გენდერულ დაყოფას ქალად და მამაკაცად, ისინი   „მე“ ს მოიაზრებდნენ  გონებად - გაცალკევებულს ფიზიკური ფორმისგან. 1993 წლიდან წამოიწყეს პროექტი the Pandrogeny Project, (სიტყვა „პანდროგენული“ აღნიშნავს სხვა და სხვა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული როლის, კულტურის , რელიგიური თუ სხვა დამახასიათებელი ელემენტების ერთიანობას). მან და მისმა პარტნიორმა ლედი ჯეინმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სხეულის სხვა და სხვა ნაწილების, ნიკაპი, ლოყები, მკერდი ქირურგიულ მოდიფიკაციებს, რათა ისინი დამსგავსებოდნენ ერთმანეთს და იდენტიფიცირებულები ყოფილიყვნენ როგორც ერთი პანდროგენული არსება Breyer P-Orridge.

გენესისმა მთელი თავისი შემოქმედება ტრადიციულად დამკვიდრებულ

ძალადობრივ მოცემულობებთან ბრძოლად აქცია, მისი პიროვნება სწორედ ამ ასკეტური შეუპოვარობითაა უნიკალური.


გენესის პი ორიჯი რეაქციაა, უმცირესობის რეაქცია გაბატონებული დასავლური მეინსტრიმული ხელოვნების და სოციუმის წინააღმდეგ, ხმა ანდერგრაუნდიდან, ამ სიტყვის ყველაზე წმინდა გაგებით. მისი დაპირისპირება უმრავლესობასთან სრულიად დაცლილია კოლაბორაციონიზმისგან, ის არ მიდის კომპრომისებზე არც პირად ცხოვრებაში და არც შემოქმედებაში, უპირისპირდება ყველას და ყველაფერს. 


“მე ჩართული ვარ ტოტალურ ომში კულტურის წინააღმდეგ პირველივე დღიდან რაც ეს ყველაფერი დავიწყე.“


მისი ბრძოლა არ იყო ზედაპირული იმიჯი, რომელსაც მუსიკოსი ბაზარზე სარფიანად ყიდდა, ის არ იყო უმცირესობის სნობურ ინდივიდუალიზმში გადავარდნილი ხელოვანი, ვისაც თავის ეპატაჟურობა მისი ეგოს სტიმულირებისთვის სჭირდებოდა. ისეთი ექსტრემალური სუბ კულტურაც კი როგორიც პანკია, ნეილ მეგსონისთვის არ იყო საკმარისად უკომპრომისო , მართალია მუსიკალური გამოხატვით, ფორმით, ტექსტით პანკ კულტურა აკრიტიკებდა და ლანძღავდა გაბატონებულ უმრავლესობას, თუმცა მათი ბრძოლა არ იყო ორგანიზებული და გადააზრებული წინააღმდეგობა. პანკ ბენდების ალბომები ათასობით იყიდებოდა, ისინი ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდნენ, ავსებდნენ ცნობილ საკონცერტო დარბაზებს. ისინი იყვნენ კარგად გასაყიდი პროდუქტი ბაზარზე სადაც ყველაფერი იყიდებოდა. ჯენეზისი და მისი მეგობრები ფუნდამენტურად უპირისპირდებოდნენ ამ მოცემულობას.  იმ დროს როდესაც მუსიკით სახელის მოხვეჭა და ფინანსური მოგების ნახვა შეეძლოთ, მან და მისმა ბენდმა Throbbing Gristle, თავიანთი პრინციპული შეხედულებების გამო  უმსხვილეს ლეიბლ Virgin Records ს თანამშრომლობაზე უარი უთხრეს და დაარსეს ანდერგრაუნდ ლეიბლი Industrial Records (რომელის შესახებაც წინა ბლოგებში ვისაუბრე). 

ფი ორიჯი ერთერთ ინტერვიუში იხსენებს: 


„1975 წელს დავბეჭდეთ ჟურნალი და უფასოდ დავარიგეთ, სადაც ვწერდით, რომ ალბომის ჩასაწერად მხოლოდ თეიფ რექორდერი და მიკროფონი იყო საჭირო, ჩვენ პირველი ალბომი სწორედ ასე ჩავწერეთ, დავდეთ ჩამწერი მაგიდაზე და დავუკარით."


მისი უკომპრომისობა ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაზღვრავდა ჯენეზისის მოქმედებას. მისი ბრძოლა არ იყო მხოლოდ ემოციური მნიშვნელობის მატარებელი, ეს იყო მისი გააზრებული ფილოსოფიური პოზიცია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნა. ეს დამოკიდებულება აისახა ყველაფერში, რასაც ქმნიდა: საუნდის ხარისხი, კომპოზიცია, პერფორმანსის ფორმა. ის თვლიდა, რომ არ იყო საჭირო მუსიკას ქონოდა სუფთა და მაღალი ხარისხი, ინსტრუმენტალისტები ყოფილიყვნენ კარგი შემსრულებლები, ვოკალისტს ჰქონოდა კარგი ხმა, კომპოზიცია და ლირიკა ყოფილიყო დახვეწილი...


"ჩვენ გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ შესაძლებელი იყო მუსიკის ნებისმიერი ჟღერადობრივი ცვლილება და მისი პოპულარულ კულტურასთან დაპირისპირება, ჩვენ გვსურდა როკ მუსიკის გარდაქმნა,  მასში ვახდენდით ერთგვარ რეინვესტირებას ახალი კონტენტის , მეტი ექსტრიმისა და ხმაურის შეტანით. ჩვენი და ჩვენნაირი შეუპოვარი ადამიანების ჩანაწერები იყო ერთგვარი დოკუმენტირება ჩვენი ახალი გამოცდილებებისა და დაკვირვებების."


C.O.U.M. Transmissions - ასე ერქვა მის ერთერთ პირველ პერფორმანს -გაერთიანებას, რომელიც 60 -იანი წლების ბოლოს ბრიტანეთში შეიქმნა და ცნობილი გახდა პროვოკაციული გამოსვლებით . დადაიზმითა და სიურრეალისტური ხედვებით ინსპირირებული ახალგაზრდები პროვოკაციული აქტებით მძლავრად არყევდნენ ბრიტანულ საზოგადოებას. „ყველაფერი COUM-ის შესახებ სიმართლეა, ყველაფერი COUM-ის შესახებ - ტყუილი, ყველაფერი COUM-ის შესახებ კი არაფერი."


80-იანი წლები კი დაიწყო Psychic TV-ით

სად იყვნენ შენი მეგობრები იმ ღამით,

როცა შენი სინათლე ჩაქრა

მე დავინახე შენი სხეული წყალში,

როგორც სასაკლაოსკენ მიმავალი კრავი...

უმღეროდა ჯენეზისი „ანტი პოპურ“ პოპ სიმღერაში (როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა მას უწოდეს) Godstar  როლინგ სთოუნზის ტრაგიკულად დაღუპულ გიტარისტ ბრაიან ჯონსს … ამ პროექტთან ერთად პი ორიჯიმ 40 მდე ალბომი გამოუშვა და მისი აქტიური შემოქმედების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პროექტში რეალიზდა . ჯანმრთელობის გაუარესებამდე ცოტა ხნით ადრე კი 2016 წელს გამოსცა მინი ალბომი Alienist , რომელიც ამერიკელი შემსრულებლის ჰარი ნილსონის სიმღერის ქოვერით იწყება. 

Psychic TV ის დაარსების პარალელურად ჯენეზისმა და მისმა მეგობრებმა , რომლებიც 80 იანი წლების ექსპერიმენტულ მუსიკაში მოღვაწე ცნობილი ბენდების წევრები იყვნენ (Psychic TV ,Coil , Current 93) შექმნეს სახელოვნებო ოკულტისტური კოლექტივი TOPY Thee Temple ov Psychick Youth (ფსიქიკური ახალგაზრდობის ტაძარი).

როგორც თავად აღწერენ: „დემისტიკური მაგია, თანამედროვე და პაგანური ტექნიკების ერთობა, ინდივიდუალური და კოლექტიური ექსპერიმენტები და კვლევები დოგმატური, წინასწარ განსაზღვრული ჭეშმარიტებების გარეშე".


ამ გაერთიანებამ საკმაოდ მძლავრად მოიკიდა ფეხი ბრიტანეთში, შემდგომ კი მისი მიმდევრები გაჩნდნენ შტატებსა და ავსტრალიაშიც... ბრიტანეთის კონსერვატიული საზოგადოება ამ ჯგუფისთვის სატანიზმის იარლიყის მიწებებას და  მათ სხვადასხვაგვარ დისკრედიტაციას ცდილობდა. ზოგადად ჯეზესის პი ორიჯი და მისი ცხოვრების წესი და შემოქმედება მუდმივად ხდებოდა მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის წყარო, ჯერ კიდევ  70 იან წლებში მის წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა საქმე აღძრული, მათ შორის დედოფლის გამოსახულებიანი პორნო ბარათების დაბეჭდვისთვის. 90 იან წლებში კი რამდენჯერმე მოხდა მისი სახლის ჩხრეკა , საიდანაც მისი პირადი ჩანაწერები და ვიდეო ფირები წაიღეს. პარალელურად მის წინააღმდეგ ჟურნალებში იბეჭდებოდა ბურუსში გახვეული კომპრომატები, სადაც მას სექსუალურ ძალადობასა და პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, თუ მის წარმოუდგენელი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას თვალს გადავავლებთ დავინახავთ, რომ მსგავსი წინააღმდეგობები მისთვის არაფერს ნიშნავდა.


მან შეძლო საკუთარი თავის მრავალმხრივი რეალიზება, როგორც კულტურაში ასევე მის საზღვრებს გარეთ, შეძლო მის დაუჯერებელ იდეათა სოციუმში დანერგვა. გარდა სახელოვნებო ნაწარმოებების და პერფორმანსების შექმნისა მან მოახდინა საკუთარი ცნობიერის „მე“-ს მრავალმხრივი რეპროდუცირება და, რაც მთავარია, მისი უნიკალური ხედვების გაცნობისას არასდროს შეგეპარება ეჭვი, რომ მას ბოლომდე სჯეროდა ყველაფრის, რასაც ფიქრობდა და ქმნიდა.

ავტორი: ქუჯი დავითულიანი