მაისი 06, 2025
პროლოგი
ისტორიების მოყოლა ძალიან მიყვარს და მეგობრებს ხშირად ვახალისებ ამა თუ იმ ძველი ამბით. ასევე ძალიან მიყვარს მემუარების კითხვა. ასე რომ, როდესაც ჩემმა ოჯახის წევრებმა მთხოვეს წიგნზე დამეწყო ფიქრი, გადავწყვიტე ჩემთვის ამ სრულიად ახალ ჟანრში მეცადა თავი. გასახსენებელი ნამდვილად ბევრი მაქვს.
წიგნზე მუშაობის ბიძგი კი ერთმა სატელეფონო ზარმა მომცა. 2018 წლის გაზაფხულზე გია ყანჩელმა დამირეკა. შემატყობინა, რომ ძველ საბუთებსა და ჩანაწერებს შორის ერთ კონვერტს მიაგნო. კონვერტში პეტრე გრუზინსკის წერილი და ერთი ლექსი იდო. წერილში პეტრე სთხოვდა გიას, რომ მას მუსიკა დაეწერა ამ ლექსზე, რომელიც მან მე მომიძღვნა.
გიას ამ ზარმა იმდენი მოგონება გამოაღვიძა ჩემში, რომ შვილიშვილებს დიქტოფონის მოტანა ვთხოვე და მოგონებების ჩაწერა დავიწყე. წარსულზე ფიქრს მომავალზე ფიქრი მირჩევნია, თუმცა, რთულია წინ იარო ისე, რომ უკან საერთოდ არ მიიხედო. ბედმა ისეთ დიდებულ ხალხთან ერთად მარგო ცხოვრება და პროფესიული მოღვაწეობა, რომ მათი გახსენება უდიდესს სიამოვნებას მანიჭებს.
ჩემი წიგნი თავიდანვე მხოლოდ ასე წარმომედგინა: ის იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვარ.
მე მთელი ცხოვრება რომანსებს ვმღერი და რომანსს სწორედ ეს ახასიათებს: ის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას გვიყვება, მაგრამ მასში არ არის ზედმეტი პათეტიკა, გადაჭარბებული გრძნობები; ის ჩუმი, მოკრძალებული, თუმცა, ემოციებით დატვირთული ნაწარმოებია. იმედია წიგნიც ასეთი იქნება, როგორც ერთი კარგი რომანსი, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვმღერი.
ბავშვობა-„გრძელი ნათელი დღეები“
4 წლის ასაკში, სიმღერის დაწყებამდე გამოვაცხადებდი: „მე თქვენ ახლა გიმღერებთ „ძგნობით“. ამ სიტყვას სწორადაც კი ვერ ვამბობდი, თუმცა რაღაცას უკვე მართლაც ვგრძნობდი. მთელი ბავშვობა მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე გავატარე. დღევანდელ მთაწმინდას რომ ვუყურებ დაუჯერებელია, რომ ჩემს ბავშვობაში აქ ორსართულიანი სახლები და პატარ-პატარა ეზოები იყო, პროგრესის მომხრე ადამიანად ვთვლი თავს, მაგრამ თბილისის იერსახის დაკარგვა ძალიან მაწუხებს.
ის მთაწმინდა და ის თბილისი სამუდამოდ დაიკარგა და მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში ცოცხლდება.
საერთოდ დაუჯერებელია, რომ ისეთი მორიდებული და მორცხვი ადამიანი, როგორიც მე ვარ სცენაზე აღმოჩნდა.
ახლა, რომ ვუკვირდები, გამოდის, რომ ძალიან უდარდელი ბავშვობა მქონდა. არადა ომსაც კი მოვესწარი. მამა ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ ირანში მსახურობდა 7 წელი.
ის ირანიდან გვიგზავნიდა პროდუქტებს, ტანსაცმელს, სურნელოვან საპნებს. დედა კი ამ ყველაფერს, მთელს ქუჩას უნაწილებდა. გემრიელი ქიშმიში იყო და დედა სკოლაში რომ გამატანდა, სულ მეუბნებოდა: „მარტო არ ჭამო!“
ჩემს სცენაზე გასვლაზე რომ დადგა საკითხი, ტექნიკური უნივერსიტეტის ანუ „გეპეის“ თვითშემოქმედებით ორკესტრთან ერთად, მოულოდნელად სწორედ დედამ დამიჭირა მხარი. მიუხედავად თავისი სიმკაცრისა, გამიშვა. ეტყობა გრძნობდა, რომ მე უნდა მემღერა, ალბათ დედის ინტუიცია კარნახობდა, რომ სიმღერა იყო ჩემი ბედი.
ქეთო დეიდას დამსახურებით ვისწავლე ერთი სიმღერა, რომელიც დავით თორაძემ დაწერა ფილმისთვის „ჭირვეული მეზობლები“. დეიდაჩემს მსახიობი უნდა გაეხმოვანებინა. დედამ კი ისე გააკეთა, რომ ამ სიმღერის რეპეტიციები ჩვენთან სახლში ჩატარებულიყო, რათა მეც მესწავლა სწორად სიმღერა, მუსიკალური ფრაზების სწორად დაწყობა. მართლაც, რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ სიმღერა უკვე კარგად ვიცოდი და შემდეგ სკოლაში ვასრულებდი აკორდეონის თანხლებით.
მუსიკაში იმდენი ემოცია დევს, რომ მას კიდევ დამატებით ფორსირება არ სჭირდება.
ერთხელ გენიალურმა ვიოლოჩელისტმა მსტისლავ როსტროპოვიჩმა მითხრა, რომ ძალიან მოსწონს როგორც ვმღერი „პიანოს“, ანუ ჩუმად, რადგან ეს ყველაზე რთულია სიმღერის დროს. როდესაც ამას ამ დონის მუსიკოსი გეუბნება, ნამდვილად უნდა მიაქციო ყურადღება. საერთოდ, სხვა მუსიკოსების კრიტიკა, დადებითი თუ უარყოფითი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ცოტა მეუხერხულება საკუთარ თავზე წერა, მაგრამ ერთხელ შესანიშნავმა ოპერის მომღერალმა ირინა არხიპოვამ მითხრა, რომ ის მე ხშირად მისმენდა და სწავლობდა სიმღერას, მუსიკალური ფრაზების დაწყობას, ინტონირებას... არ ვიცი ამაზე დიდი კომპლიმენტი რა შეიძლება რომ მიმეღო ცხოვრებაში.
ალბათ დედაჩემი მართალი იყო, როდესაც ერთხელ უარი მითხრა, რომ ვოკალის მასწავლებელთან მევლო: - რად გინდა მასწავლებელი, საუკეთესო მომღერლები ჩვენს სახლში მღერიანო!
ერთხელ დედამ მამის ძველი ნაქსოვი პულოვერისგან მომიქსოვა შარფი და ქუდი. დღესაც მახსოვს თეთრი და ლურჯი ზოლებით იყო და ყურადღებას იქცევდა.
ეს რომ ნაყიდი ჰქონოდა, შეიძლება დაებარებინათ კიდეც სკოლაში. ასეთი დრო იყო. გამორჩეული არ უნდა ყოფილიყავი. პირველ ქალთა გიმნაზიაში ვსწავლობდი. ძალიან მკაცრი დირექტორი გვყავდა, მაგრამ მე რატომღაც გამორჩეულად ვუყვარდი, თუმცა არ გამოვირჩეოდი კარგი სწავლით და კარგი ნიშნებით. სულ ამბობდა: „გაანებეთ ამ ბავშვს თავი, სამაგიეროდ მუსიკაშია ყველაზე კარგი“.
ლიტერატურას რაც შეეხება, თემებს ყოველთვის ბაბუა მიწერდა. ის ძალიან დახვეწილი, ინტელექტუალი, ნამდვილი ქართველი არისტოკრატი იყო.
პეტერბურგში დაამთავრა იურიდიული და მათემატიკური ფაკულტეტები. იცნობდა აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეზე ბევრ ამბებს გვიყვებოდა. ბაბუას 13 შვილიშვილი ვყავდით და სწავლაში ყველას ძალიან გვეხმარებოდა.
მუსიკალურად ნიჭიერი ვიყავი, თუმცა მუსიკალურ ათწლედში მაინც ვერ მოვხვდი. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც დედამ მიმიყვანა გამოცდაზე ნიჭიერთა ათწლედში. კომისიაში სხვებთან ერთად იჯდა მევიოლინე ... გროსმანი.
მკითხა, რამე სიმღერა თუ იციო. დავჯექი როიალთან და მხოლოდ კი არ ვიმღერე, საკუთარ თავს აკომპანემენტიც გავუწიე. როგორც ჩანს გროსმანი ძალიან განვაცვიფრე ჩემი შესრულებით, რადგან ხელში ამიტაცა, კორიდორში გავარდა, სადაც მშობლები ისხდნენ და იკითხა ეს გოგო ვისი არისო.
მიუხედავად ამისა, ჩემი ათწლედში ჩარიცხვა ასე მარტივად არ მოხდა. ჩარიცხულთა სიაში არ აღმოვჩნდი. როგორც გაირკვა, რომელიღაც მაღალჩინოსნის შვილი აბარებდა და ჩემი ადგილი აღარ დარჩა. მისაღები კომისიის წევრებმა ჩემს გამო ძალიან ინერვიულეს და მათი დახმარებით პირველ მუსიკალურ სასწავლებელში ჩამრიცხეს უგამოცდოდ.
სიმღერა, ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. რომელსაც ძალიან ვაფასებ. ჩემს ჩანაწერებს ვუსმენდი, ვაანალიზებდი, ვფიქრობდი, რისი გამოსწორება იყო საჭირო.
ემოცია აუცილებელია, მაგრამ ტვინიც მუშაობს და თანაც ძალიან ბევრს. არასოდეს არ მიმღერია მექანიკურად, თითქმის ყველა გამოსვლა ხდება გონების ჩართულობით; ამიტომ ხშირად გული მწყდება, რომ რომელიმე კონკრეტული კონცერტის ჩანაწერი არ არსებობს. მხოლოდ იქ და იმ დროს შეიძლება მემღერა რომელიმე სიმღერა ისე, როგორც არასდროს და ამას უკვე ვეღარ მოვისმენ.
ესტრადა... პირველი ნაბიჯები
მნიშვნელოვანია, რომ შენი თავის ერთგული დარჩე. მე არასოდეს არ შემიცვლია სტილი; მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და სხვა სტილის მუსიკა შემოვიდა მოდაში. არაერთხელ შემომთავაზეს უფრო საესტრადო, პოპ მუსიკის ჟანრში გადავსულიყავი. ეს უფრო მეტ შემოსავალს მომიტანდა. მაგრამ მე მაინც საკუთარი თავის ერთგული დავრჩი. არ დამიკარგავს ჩემი თავი და არც ჩემი მსმენელი.
ალბათ, ახალგაზრდა შემსრულებლები წაიკითხავენ ამ წიგნს. მათ ვურჩევ, რომ შემოქმედებაში არასოდეს უღალატონ საკუთარ თავს. ეს ეხება ყველაფერს: გარეგნობას, ჩაცმულობას, ქცევას...
უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე.
დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ.
არადა ნამდვილად უამრავი კონცერტი მქონდა. რომ მეკითხებიან, ზუსტ რაოდენობას ვერც კი ვასახელებ. შეუძლებელია ამის დათვლა. „რერო“, „ორერა“, სოლო პროგრამა მედეა გონგლიაშვილთან ერთად...
ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორი მუსიკა მიყვარს და სულ ელოდებიან რომ მე მხოლოდ მოსაწყენ აკადემიურ მუსიკაზე ვისაუბრებ. სულაც არ არის ასე. კლასიკა თავისთავად მიყვარს, ასევე ჯაზიც. მიყვარს ელა ფიცჯერალდი, ნეთ კინგ ქოული, ბინგ კროსბი, სინატრა... ძალიან მიყვარს მადონა. ჩემი აზრით მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. მომღერალზე მეტია. ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ძლიერი და ჭკვიანი ქალია. ჭკვიანი ხალხი მიყვარს საერთოდ. ბიონსეც მომწონს და უიტნი ჰიუსტონიც.
თუმცა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია ბარბრა სტრეიზანდი. სხვათა შორის, მისი კაბაც მაქვს. ერთმა მეგობარმა შეიძინა ეს კაბა ერთ დიდ აუქციონზე ნიუ იორკში და მაჩუქა.
მაშინდელ ვარსკვლავებს თვითონ გვიწევდა კაბების შეკერვა ან გადაკეთება, ან დიდი სირთულით ყიდვა ე.წ. „გადამყიდველებთან“. დედაჩემი კარგად კერავდა და ბევრჯერ გადაუკეთებია ან შეუკერია ჩემთვის სასცენო კაბა. მე ძალიან მიყვარს გარდერობის შერჩევა. ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს კარგი კაბა, დიდ პატივს ვცემ ტანსაცმლის დიზაინერებს. ზოგიერთი კაბა ხელოვნების ნიმუშია.
ერთხელ მახსოვს ბუბა კიკაბიძესთან მივედი მოსანახულებლად. მაშინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მივედი, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებული, მოწყენილი, უხასიათოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, კაბა მაინც ლამაზი მეცვა. ავადმყოფმა ბუბამაც კი აღნიშნა ეს, მე კიდევ ცრემლიანი თვალებით შევხედე და ვუპასუხე: ბუბა, შენი პანაშვიდებისთვის უფრო ლამაზი კაბები მაქვს! ვაიმე, იმდენი ვიცინეთ ორივემ!
კომპოზიტორები
ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ დიდ კომპოზიტორებთან ერთად მომიწია ერთ ეპოქაში ცხოვრება და მოღვაწეობა. ვამაყობ, რომ მათ სპეციალურად ჩემთვის არაერთი სიმღერა აქვთ დაწერილი. ერთია ძველი რომანსების და სიმღერების შესრულება და სულ სხვა განცდაა, როდესაც შენთვის დაწერილ სიმღერაზე მუშაობ, თანაც კომპოზიტორთან ერთად - რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, გურამ ბზვანელი, არჩილ კერესელიძე, შოთა მილორავა, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, ნუგზარ ვაწაძე, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი, მარიკო კვალიაშვილი, სოსო კეჭაღმაძე, ბორის ფელცმანი...
ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც ჩემთვის დაიწერა იყო „ჩავაქრე სანთელი“. ეს ძალიან ლირიკული სიმღერა გურამ ბზვანელმა დაწერა იოსებ გრიშაშვილის ლექსზე. მაშინ „რეროში“ ახალი მისული ვიყავი და აუცილებელი იყო, რომ ახალი სიმღერა მემღერა.
ზოგიერთი სიმღერა ჩემი რეპერტუარიდან შეიძლება არ იყო თავიდანვე ჩემთვის დაწერილი, მაგრამ ისე გავითავისე და იმდენად ჩემთან ასოცირდება, რომ „ნანის სიმღერას“ ეძახიან.
ასეა „თბილისოს“ შემთხვევაში. რევაზ ლაღიძეს ეს სიმღერა ნამდვილად არ შეუქმნია სპეციალურად ჩემთვის, მაგრამ ერთი პერიოდი ის ჩემი სავიზიტო ბარათი იყო საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც.
მისი შესრულება სხვადასხვანაირად შეიძლება. ასეც ვასრულებდი, გააჩნია სად და რა კონცერტი იყო. ორკესტრთან და გუნდთან ერთად, როგორც ჰიმნი ჟღერს, ამაღლებული და პათეტიკური, სოლო შესრულებისას კი უფრო ლირიკული ხასიათის ხდება, დუეტიც კარგი გამოდის.
ჩემმა მეგობარმა და კურსელმა კონსერვატორიიდან, არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თუ არ ვცდები თექვსმეტი სიმღერა დამიწერა. ეს ხომ დიდი ფუფუნებაა!
ვაჟასთან ერთად ამ სიმღერების ჩაწერა კიდევ ცალკე სკოლაა მომღერლისთვის. არ ვიცი, რომელი ერთი გამოვყო ამ მშვენიერი სიმღერებიდან... ალბათ „გზები, გზები“, რომელიც ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა. ლექსის ავტორი მორის ფოცხიშვილია. რაც წლები გადის, სულ სხვა დატვირთვა ეძლევა ამ სიმღერის სიტყვებს.
ცოტა ხნის წინ მე და სტეფანემ ვაჟას სიმღერაზე „ისევ წვიმს“ კლიპიც გადავიღეთ და ახალი სიცოცხლე მივეცით მას, კარგი ნაწარმოები კი არ ძველდება, პირიქით, ის უფრო საინტერესოც ხდება დროთა განმავლობაში.
ჩემმა კურსელმა, მარიკო კვალიაშვილმა ერთი შესანიშნავი სიმღერა მომიძღვნა „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“. პირველივე აკორდებიდან მივხვდი, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო. მარიკოს მადლობელი ვარ ამ შესანიშნავი მუსიკისათვის.
ჩემ დროს ახალგაზრდები სულ მუსიკაში ვიხარშებოდით. „გეპეის“ ორკესტრის პერიოდში კომპოზიტორებთან და მუსიკოსებთან ერთად დიდ დროს ვატარებდით. ხშირად გავდიოდით ქალაქგარეთ და იქ სეირნობაში ახალი მელოდიები იბადებოდა.
ჩემს რეპერტუარში დიდი ადგილი უკავია ბიძინა კვერნაძის სიმღერებს, დუეტებს. ჩვენი პირველი შემოქმედებითი ურთიერთობა მისი ცნობილი სიმღერის „თბილისის ღამის” ჩაწერით დაიწყო. „შემოდგომის ყვავილებს“ და მთლიანად „დათა თუთაშხია“-სთვის დაწერილი მუსიკაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ მისი შემოქმედება უკვდავი გამხდარიყო. მისი იუმორი კი ცალკე თემაა.
არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიხსენო გია ყანჩელი. გია ძალიან იშვიათი კომპოზიტორი იყო, რომელიც წერდა როგორც სიმფონიურ და აკადემიურ მუსიკას, ასევე მუსიკას კინოსათვის, თეატრისთვის და რა თქმა უნდა, სიმღერებსაც. ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნება არც ისე ბევრ კომპოზიტორს ახასიათებს. გიას სიმფონიური მუსიკა უფრო რთულია, სიმღერები ძალიან მელოდიური აქვს. ორივე ჟანრში მომენტალურად ამოიცნობ მის უნიკალურ ხელწერას. ის უსწრებდა დროს და ამიტომ თავიდან მისი სიმფონიები საკმაოდ რთული მისაღები იყო პუბლიკისათვის. ზოგი მუსიკოსიც კი ვერ ხვდებოდა მის ჩანაფიქრს. ჯანსუღ კახიძემ თავიდანვე ამოიცნო ახალგაზრდა კომპოზიტორში განსაკუთრებული ნიჭი და პირველმა დაიწყო მისი სიმფონიების შესრულება.
როდესაც ნიჭიერ ადამიანს ვხედავ, ასაკს ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. თანამედროვე მუსიკოსებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იყო ირაკლი ჩარკვიანი.
დასანანი და მოუნელებელია მისი ასე ადრე წასვლა ამ ქვეყნიდან. ძალიან დიდი ნიჭის პატრონი იყო. მისგან დიდი ენერგია მოდიოდა, დიდი ტალანტი იგრძნობოდა. ვთვლი, რომ პირველად არც ისე კარგად შევასრულე მისი სიმღერა „ისტორიას დარჩება“. მერე სულ ვფიქრობდი გამომესწორებინა ეს და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ახალი ვერსიაც გავაკეთეთ. ნამდვილად უკეთესი გამოვიდა.
ნიკოლოზ რაჭველს ძალიან ვაფასებ, მან ძალიან ბევრი საინტერესო ინტერპრეტაცია და არანჟირება მოიგონა ჩემი ძველი სიმღერებისათვის, ზოგიერთ რომანსსაც კი ახალი სიცოცხლე მისცა.
მე თვითონაც მიყვარს იმპროვიზირება. როიალთან რომ ვჯდები ხან რას ვუკრავ და ვმღერი, ხან რას; მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ სიმღერა დამეწერა. ასეთი რანგის კომპოზიტორები რომ გიწერენ მუსიკას, იქ არც კი ღირს თვითშემოქმედებით დაკავება. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე.
CHACUN SON CINEMA
ყველას აქვს თავისი კინო
იყო დრო, როცა კინოზე ვოცნებობდი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ კინოში მეთამაშა. კინო ყოველთვის ძალიან მიტაცებდა. ჩემი პირველი საყვარული მსახიობი რობერტ ტეილორი იყო. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ქუჩაში მომდევდა და მე არ ვიმჩნევდი ამას. ქართველი მსახიობებიდან ძალიან მიყვარდა რამაზ ჩხიკვაძე. პირველად „ჭრიჭინა“-ში ვნახე. როლი არ ჰქონდა დიდი, მაგრამ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, რობერტ ტეილორიც კი დამავიწყა. ბოლოს ყველა კინომსახიობს მაინც ოპერის მომღერალმა ზურაბ ანჯაფარიძემ აჯობა.
ბავშვური სიყვარული კინოსადმი დღემდე გამომყვა. მართალია კინოში აღარ დავდივარ, მაგრამ სახლში მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი ახალგაზრდობის დროს კი რუსთაველზე იყო რამდენიმე კინოთეატრი. ერთ-ერთს ერქვა „სპარტაკი“.
კინოში კი ისევ სიმღერამ მიმიყვანა. „ვერის უბნის მელოდიებში“ მიმიწვიეს სოფიკო ჭიაურელის გასახმოვანებლად. ეს იყო საოცარი გამოცდილება. მე არ ვიყავი ნანი იმ მომენტში. მე უნდა მემღერა ისე, როგორც სოფიკო თამაშობდა თავის პერსონაჟს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.
გოგი ცაბაძის ამ გენიალურ სიმღერებს დღესაც ვმღერი. „ვარდოს სიმღერა საკანში“ ძალიან სწრაფად დაიწერა: გიორგი შენგელაიას მოულოდნელად მოუნდა ამ ეპიზოდის დამატება და ფაქტობრივად იქვე შექმნა გოგიმ ეს არაჩვეულებრივი მელოდია.
ერთხელ კი პირიქით, სოფიკომ მე გამახმოვანა. თენგიზ აბულაძის ფილმში „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ სულ პატარა როლი მქონდა, თუმცა ძალიან სახასიათო. იქ სოფიკო მახმოვანებს. მეც ძალიან მომიხდა სოფიკოს ხმა. ერთხელ კახი კავსაძესთან ერთად ვითამაშე მიშა ჭიაურელის ფილმში „მე - პელეს ნათლია“. იქ მე და კახი ცოლ-ქმარს ვთამაშობთ. კახი ამბობდა, ასეთი კარგი ცოლი ეკრანზე მე ჯერ არ მყოლიაო.
ჩემი სახელიც კინოსთან არის დაკავშირებული. რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში „ნარინჯის ველი”, მამაჩემიც მონაწილეობდა. ის სიმპათიური კაცი იყო და რამდენიმე ფილმში არის გადაღებული. ფილმში ნატო ვაჩნაძე და ვერიკო ანჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ისე მოხდა, რომ დედაჩემიც, ნატო ვაჩნაძეც და ვერიკო ანჯაფარიძეც ფეხმძიმედ იყვნენ. ნიკოლოზ შენგელაიას იდეა იყო, რომ ბავშვებისთვის ფილმის გმირების სახელები დაერქვათ - ნანი და გიორგი. პირველი მე გავჩნდი და დამარქვეს ნანი. შემდეგ ბიჭი გაჩნდა - გიორგი შენგელაია. და ბოლოს გაჩნდა სოფიკო ჭიაურელი, რომელსაც ბებიის სახელი დაარქვეს, რადგან ნანი უკვე მე მერქვა. მიყვარს ჩემი სახელი.
ჩემი ცხოვრების მთავარი ფილმი კი, რა თქმა უნდა, არის „ორერა სრული სვლით“ და მინდა ნელ-ნელა ამ პერიოდს მივუახლოვდე.
ეპოქა „რეროდან“ „ორერამდე“
ჩემი ყველაზე დიდი გამართლება, მუსიკალური ნიჭის გარდა, არის ისიც, რომ ცხოვრებაში შესანიშნავ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა - დაწყებული ოჯახით და დამთავრებული მეგობრებითა და კოლეგებით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო დორიან კიტია. მართალია, ის განათლებით არქიტექტორი იყო, მაგრამ „გეპეიში“ მუსიკალური საკითხებითაც იყო დაკავებული. სწორედ მან შემამჩნია პირველად და ფაქტობრივად დიდ სცენაზეც გამიყვანა.
ჩემი ორკესტრში სიმღერა, კონსტანტინე პევზნერს უკავშირდება, უნიჭიერეს ახალგაზრდა მუსიკოსსა და კომპოზიტორს. საკმაოდ მოკლე დროში მას უკვე სახელმწიფო ორკესტრი „რერო“ ჩააბარეს და კოწიკამ, როგორც ჩვენ მას ვეძახდით, შემომთავაზა „რეროში“ გადასვლა.
პევზნერის სკოლა სულ სხვა რამ იყო. მან მასწავლა სცენაზე მოქცევა, მოძრაობა... ნელ-ნელა რეპერტუარიც დამიგროვდა. დავიწყე ძველებური რომანსების სიმღერა. იმ დროისთვის რომანსი ბურჟუაზიულ გადმონაშთად ითვლებოდა და ლამის აკრძალული იყო. მე კი ნელ-ნელა ვამატებდი კონცერტებში და დიდად არავინ აქცევდა ყურადღებას. გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებულ კონცერტზეც კი ვიმღერე ერთი ძველებური რომანსი და არავისგან მიმიღია შენიშვნა. ასე ვაბრუნებდი ამ ჟანრს სცენაზე. ვთვლი, რომ გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი რომანსის გადარჩენის საკითხში.
პევზნერის ხელში „რერო“ კიდევ უფრო განვითარდა, უფრო ჯაზური ჟღერადობა გაუჩნდა, ნამდვილი ბიგ ბენდი გახდა. „რეროს“, როგორც ორკესტრის არსებობა იმის საშუალებას იძლეოდა, რომ ახალ-ახალი სოლისტები გამოსულიყვნენ სცენაზე. არაერთი ნიჭიერი შემსრულებლის აღმოჩენა „რეროს“ დამსახურებაა. მათ შორის არიან ლილი გეგელია, ნანული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე, გიული ჩოხელი, ბუბა კიკაბიძე...
ეს ოქროს ხანა იყო ქართული ესტრადის ისტორიაში.
კონსტანტინე პევზნერმა და „რერომ“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს კარიერაში, თუმცა წინ „ორერა“ მელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ორერასთან“ ერთად ლამის ნახევარი მსოფლიო მოვიარეთ.
პირველი დიდი გასტროლი 1960-იანი წლების პარიზში და კონცერტები სახელგანთქმულ დარბაზში „ოლიმპია“ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს მოგონებებში. თან როგორი დარბაზია! იქ ხომ ედიტ პიაფი მღეროდა. იმავე 64 წელს „ოლიმპიაში“ „ბითლსებმა“ ჩაატარეს კონცერტი.
პარიზში ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჩემთან შარლ აზნავური მოვიდა, უამრავი კომპლიმენტი მითხრა. მითხრეს, ჩემზე ერთ ინტერვიუშიც ულაპარაკია, მაგრამ ის გაზეთი არ მაქვს შენახული. არადა საინტერესო იქნებოდა წაგვეკითხა, რა თქვა ჩემზე ამ დიდმა მუსიკოსმა.
„ორერას“ 1964 წელს შევუერთდი, მისი ოქროს შემადგენლობა ასეთი იყო: რობერტ ბარძიმაშვილი - ვოკალი, გიტარა, კლავიში; თეიმურაზ დავითაია - გიტარა, ვოკალი; ზურაბ იაშვილი - ვოკალი, კლავიში, ჰარმონიკა; ვახტანგ კიკაბიძე - დასარტყამი ინსტრუმენტები და ვოკალი; თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი - როიალი და ვოკალი; ალექსანდრე მანჯგალაძე - ალტ საქსოფონი, ფლეიტა; გენო ნადირაშვილი - საყვირი, კონტრაბასი, ვოკალი. როგორც ხედავთ, ყველა მულტი-ინსტრუმენტალისტი იყო. ასევე თითქმის ყველა ფლობდა უცხო ენებს; ამიტომაც მღეროდნენ ასე მშვენივრად სხვადასხვა ენაზე. რაც მთავარია, ყველა თავის საქმის შეუდარებელი პროფესიონალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორია ყველას არ ჰქონდა დამთავრებული. „ორერას“ კიდევ ერთი მონაწილე იყო „შალიკო“, ანუ ნანი ბრეგვაძე. ბიჭები, როგორც ძმაკაცს ისე მიყურებდნენ და ხუმრობით ეს სახელი შემარქვეს. თანაც როგორც დას მივლიდნენ და მიფრთხილდებოდნენ. ძალიან ვმეგობრობდით. განსაკუთრებით რობერტთან, ბუბასთან და ზურა იაშვილთან.
1964 წელს გამოვიდა რეჟისორ ზაალ კაკაბაძის ფილმი „ორერა სრული სვლით“, რომელიც ჩვენს რეალურ ტურზე არის აგებული; თუმცა ეს მხატვრული ფილმია და სცენები დადგმულია. სიუჟეტის მიხედვით ანსამბლი „ორერა“ ავსტრალიაში მიემგზავრება, მაგრამ თავიანთ ლაინერზე იგვიანებენ. ამის გამო ანსამბლის წევრებს უწევთ, რომ მეზღვაურებად დაიწყონ მუშაობა ლაინერზე „შოთა რუსთაველი“. ასე მოხვდებიან ისინი სიდნეიში. სიდნეიში მართლაც მოვხვდით. ავსტრალიის გარდა ვიყავით კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, მექსიკაში, ფინეთში, ირანში, სენეგალში, ნიკარაგუაში, მაროკოში, ევროპის ბევრ ქვეყანაში...
სიყვარული...
ჩემი მუსიკალური ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და იღბლიანი იყო, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრება. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ქალს გვერდით არ ჰყავს მამაკაცი, ეს სულაც არ არის ტრაგედია. მე შესანიშნავი ოჯახი მყავს, არაჩვეულებრივი მეგობრები, მუსიკა... არაფერი არ მაკლია ცხოვრებაში.
მეუღლესთან ერთად პირველი წელი ძალიან კარგად გავატარეთ, მალე ეკაც გაჩნდა და ძალიან დიდი ბედნიერება მოგვიტანა. მეც შევწყვიტე გასტროლებზე სიარული. ქუჩაში რომ გავდიოდი გულში სულ ვიმეორებდი „მე ეკას დედა ვარ, ეკას დედა ვარ“.
ერთი წლის შემდეგ ერთ კონცერტზე მთხოვეს მემღერა. მერე კიდევ ერთხელ. შემდეგ ისე აეწყო ყველაფერი, რომ „რეროში“ აღმოვჩნდი, ცოტა ხნის შემდეგ პარიზში, ბოლოს „ორერაში“... მერაბი ძალიან ეჭვიანობდა. თითქოს არ იმჩნევდა, მაგრამ შინაგანი ეჭვიანობა ჭამდა. ხასიათიც გაუფუჭდა და დაუმძიმდა. მერე რაღაც აკვიატებული აზრი გაუჩნდა, რომ ბევრი ფული უნდა იშოვოს და ამავსოს სიმდიდრით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მსგავსი მე არ მითხოვია. ზუსტად ამ იდეით შეპყრობილი გაეხვა რაღაც მაქინაციებში, უფრო სწორად გახვიეს და საბოლოოდ დაიჭირეს კიდეც. ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, დაინტერესდა იოგით, დამშვიდდა, დაღვინდა... მოკლედ სოლიდურ მამაკაცად გადაიქცა და ციხიდან გამოსული ოქსფორდის კურსდამთავრებულს ჰგავდა. იცით, ისე მოხდა, რომ შემიყვარდა. ისევ ერთად დავიწყეთ ცხოვრება. თუმცა, ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა ეს მეორე თაფლობის თვე.
მე 47 წლის ასაკში დავრჩი მარტო. მერაბის შემდეგ მქონდა გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ ამას ალბათ კიდევ მრავალი წლის შემდეგ დავწერ.
ამ წიგნში კი ძალიან მინდა მოგიყვეთ დედაჩემზე და ეკაზე.
დედას დაბედებისას ოლღა დაარქვეს; მაგრამ, მგონი, ცხოვრებაში არავის არ დაუძახია მისთვის ეს სახელი. ყველა ცაბუს ეძახდა ან ცაბუნიას. დედა იყო ამ დიდი ოჯახის ცენტრი. ჩემი დეიდები და დეიდაშვილები სულ ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ. ზოგიერთი დეიდაშვილი თბილისში ჩამოჰყავდა და პატრონობდა, სანამ უმაღლესებში სწავლობდნენ. ძალიან უყვარდა სტუმრების მიღება. გრიბოედოვზე 14 კვადრატულ ოთახშიც კი სულ ხალხმრავლობა იყო.
დედას ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, თუმცა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. მისი სიტყვა კანონი იყო. სულ მეშინოდა, რომ საკმარისად კარგად არ ვიქცეოდი, მის იმედებს არ ვამართლებდი.
დედა სულ მეუბნებოდა, მთავარია წესიერი ადამიანი იყოო. ოღონდ ამ წესიერების ჰიპერბოლიზირებული გაგება ჰქონდა. ბუბა რომ წავიდა „ორერადან“ და მეც უკვე ვფიქრობდი წასვლას, დედამ მითხრა - ცოტა ხანი მოითმინე, ბიჭებს ნუ დატოვებ ახლა მარტოო.
ეკა რომ გაჩნდა, მეგონა შვილიშვილზე გადაერთვებოდა. ეკას გაზრდაში კი მეხმარებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩემზე იყო კონცენტრირებული. დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიიდან გამოსვლაში ძალიან დამეხმარნენ სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე. სოფიკო ხომ ძალიან ძლიერი ქალი იყო, აქტიური და ენერგიული. ერთხელ მოვიდა ჩემთან და უბრალოდ მაიძულა რომ მოვწესრიგებულიყავი, გარეთ გავსულიყავი. ასე ნელ-ნელა დავუბრუნდი ცხოვრებას.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, იმ ერთ წელიწადში, სანამ მე ყველაფერს გამოვეთიშე, ეკას ყველაფერი თავის თავზე აუღია. დღემდე ასეა. გეგონება მე ვარ ეკას შვილი. არა და თავისი სამი შვილიც ჰყავს და შვილიშვილებიც. სახლში არაფერს მაკეთებინებს. რაც არ უნდა დამჭირდეს, ეკა აკეთებს. არანაირი ცხოვრებისეული, ყოველდღიური საკითხი არ მეხება. ამას ძალიან გულიანად და გემრიელად აკეთებს.
ჩემს შვილიშვილს ნატალიკოს რაც შეეხება, ძალიან მახარებს ის, რომ მას კლასიკური საოპერო ხმა აქვს. ძალიან ბევრი იშრომა თავისი ხმის დახვეწაზე, ჯულიარდის სამუსიკო სკოლა დაამთავრა, მიუნხენის თეატრის ახალგაზრდული დასის წევრიც იყო Bayerische Staatsoper-აში. ჯერ ალბათ ადრეა ლაპარაკი, მაგრამ ყველანაირი მონაცემი აქვს და ძალიან შრომისმოყვარეა იმისათვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს.
ეპილოგი
ახლა, ჩემი ძველი მეგობრები იშვიათად მოდიან ჩემთან. ჯერ ერთი ბევრი უკვე წავიდა ამ ცხოვრებიდან, ბევრიც უბრალოდ ვერ ამოდის მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე. მე მაინც დავდივარ ამ კიბეზე უკვე რამდენი წელია. თურმე, მსახიობი კერი გრანტი არასდროს არ სარგებლობდა ლიფტით და სულ კიბით დადიოდა. ეს იყო მისი ერთადერთი ვარჯიში და გადასარევ ფორმაში იყო სიცოცხლის ბოლომდე.
თავს ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი. ღმერთს ამისათვის სულ მადლობას ვუხდი. პირველ რიგში იმ არაჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ და არიან, იმისთვის, რომ მუსიკასთან დააკავშირა ჩემი ცხოვრება. იმედია გავამართლე და ცუდად არ ვიყენებ ამ ნიჭს. რეგალიები არაფერია, თუ შენ ღირსებას არ შეინარჩუნებ.
ყველაზე დიდი რეგალია ხალხის სიყვარულია. ჩემი ყველაზე საყვარელი მსმენელი ჩემს სამშობლოშია. ასე არსად ეყვარები და ასე არსად გაგაკრიტიკებენ.
ძალიან მინდა პატარა სახლი ავიშენო ქალაქგარეთ და პატარა ბაღი გავაშენო . მინდა კიდევ ჩავწერო სიმღერები.
მინდა ვიმღერო მანამ, სანამ მე საინტერესო ვიქნები ჩემი მსმენელისათვის და საკუთარი თავისთვის.