მუსიკა | ცა

მწვანე ოთახი და Uma J

რა გახსენდება “მწვანე ოთახი”-დან? იქნებ, “მისები”? ან “ჩემთან აღარ ხარ”? “ყვითელი მდინარე”, თუ “Love Story”? “მწვანე ოთახი” ბრუნდება! 22 ივნისს, ამ ყველაფერს ისევ გაგვახსენებენ და ახალ ისტორიებსაც მოგვიყვებიან Tbilisi Open Air-ის მთავარი სცენიდან.

ივნისი 19, 2019

ჯგუფის წევრებს - ბექა ჯაფარიძეს, აჩიკო გულედანსა და Uma J-ს [გვანცა ჯაფარიძე] ლისის ველზე ვხვდები. ცხელი ივნისის შუადღე კიდევ უფრო გახურებულია მომავალი “საოცრებების” მზადების პროცესში. სულ ცოტა დრო რჩება წლის მთავარი დღესასწაულის დაწყებამდე, თან - Tbilisi Open Air, წელს, მთელ დეკადას ჩაითვლის. ჩემი რამდენიმეწლიანი დაკვირვებით, ამ ოჯახში, სადაც არ უნდა იყვნენ, ლისის “საოცრებათა ქვეყანაში”, თუ “მწვანე ოთახში”, მაშინ გამოდის ყველაფერი, თუ სიყვარულით კეთდება... რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, პროექტი “მწვანე ოთახი” სიყვარულითვე ბრუნდება - ახალი ჟღერადობით და ახალი ოჯახის წევრით. სულ ცოტა ხნის წინ შეუღლებულების - აჩიკოსა და უმას “ქიმიაც” სახეზეა.

საუბარს მოთელვით ვიწყებთ. სამივეს ვთხოვ, რომ მათი ჯგუფის შესახებ ასოციაციური სიტყვები ჩამოთვალონ, რომლებსაც შემდეგ ერთ, მთავარ სიტყვამდე “დავწურავთ”: კარაბადინი, დოდეკაფონია [მოწესრიგებული ატონალობა], ოთახი, სიმშვიდე, თავისუფლება, ურთიერთგაგება, სივრცე, სიამოვნება, თივა, ჰარმონია, სიმარტივე, ღიმილაკები, გრუვი, შენ, ცეკვა... სიტყვები ნელ-ნელა იწრიტება - მუსიკა, ლუ და ბოლოს - სიყვარული!


ესეც იყო:

აჩიკო - “ცეკვა და ვიპოვე? უმაა!”

ბექა - “რა გენაღვლება!”

რამ გაამწვანა ოთახი?

პროფესიულ წრეებში მწვანე ოთახს არტისტების ოთახსაც უწოდებენ, ერთგვარი განტვირთვის ადგილია. თუმცა, ამ მნიშვნელობის შესახებ ბიჭებმა მოგვიანებით გაიგეს. მათი “გამწვანების” ისტორია კი ჯაზ-აკადემიიდან დაიწყო, 90-ების ბოლოს, როცა აჩიკო შეხვდა ბექას.


აჩიკო - “გამართლებაა, ყველაზე დიდი, რომ შეგიძლია შენს თანამოაზრეს გადაეყარო... პირველი ტრეკის, ‘Summertime’-ის მეორე აკორდიდან წამოვიდა ყველაფერი... გერშვინი კი არა, ეს უკვე ბექას აკორდი იყო. Summertime-ს ბოლომდე მივყევით. ამას მოყვა სხვა სიმღერებიც. შედეგად მოწვევები ტელევიზიაში და რადიოში. როცა კურიერის სპეციალურ გამოშვებაში ლაივი უნდა დაგვეკრა, ჯერ კიდევ არ გვქონდა ბენდის სახელი... გამახსენდა ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და ახლო სიტყვები - მწვანე ოთახი... იმ ოთახს ერქვა, სადაც მე ვბუდობდი; ჩვენს სახლში, ყველა ოთახს თავისი სახელი ჰქონდა. ამ მწვანე ოთახში დაიწყო ჩემი მუსიკალური მოღვაწეობაც. აქ იყო ფირსაკრავი, გიტარები, პლაკატები... ვიკრიბებოდით სხვადასხვა ბენდები, სამეგობროები... ბენდსაც ეს სახელი შერჩა.”

გავლენა

აჩიკო - “გავლენას იმ ადამიანებისგან ვიღებთ, ვინც ეს, ოდესღაც, სადღაც, მაგრად გააკეთა. მე პირადად, მუსიკოსი რომ ვარ არის ერთადერთი ალბომის დამსახურება - “Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band- საეტაპე ალბომია მთელ მუსიკალურ ინდუსტრიაში... ძალიან დიდი მუხტი მომცა... იყო სხვა მუსიკოსებიც, რომლებისგანაც, მაშინ, ვსწავლობდით სამყაროს სწორად აღქმას, სწორ მიდგომებს, საკაცობრიოდ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელიც მუსიკალურ ინფორმაციასთან ერთად მოდის. ამ ფასეულობებით შეიქმნა ეს ფესტივალიც: თანასწორობა და ადამიანების მრავალფეროვნება, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა.”

გზა

“მწვანე ოთახმა” სულ ორი ალბომი გამოუშვა. პირველი, იგივე სახელწოდებით - “მწვანე ოთახი” 2001 წელს გამოვიდა. აქ შევიდა ისეთი ჰიტები, როგორიცაა ‘მისები’ და ‘ჩემთან აღარ ხარ’. მეორე ალბომი ჩაიწერა 2003 წელს. სახელი ‘Shut Down’ [გამოთიშვა, დახურვა] სიმბოლური გამოდგა... “რატომღაც ეგრე დავარქვით და მერე მართლა “დავაშათდაუნეთ” პროექტი”. აქ შევიდა ‘ყვითელი მდინარე’ და ‘Love Story’. “მახსოვს, ერთ-ერთ ლაივზე ვუკრავდით Love Story-ს, სცენიდან გამოვიხედე და მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ამის დაკვრა. უკვე სხვა ეტაპზე ვიყავით”...

შემდეგი წარმატებული პროექტი უკვე “Green Room”- ის სახელით, ‘Last Minutes of Terrorist’ ჩაწერეს - ალბომი, როგორიც ჯერ არასდროს არ გამოსულა ამ სივრცეში. ალბომი სამი წელი იწერებოდა. მანამდე, იყო კიდევ ერთი ალბომი, რომელიც მოსმენისთანავე წაშალეს (იმიტომ რომ ფრანკენშტეინი გამოვიდაო).


“გვინდოდა სულ სხვა მუსიკა გაგვეკეთებინა, რომ ჩამოვშორებოდით ჩვენზე შექმნილ სტერეოტიპებს... ვერაფერს ვუზამთ ამ ამბავს და ამიტომ, უნდა მოვდუნდეთ და მივიღოთ სიამოვნება!”


პირველი ორი ალბომის ჯაზ-ფანკ-პოპ მუხტს, ელექტრონული და ინდი ელემენტები დაემატა უხვად და სრულიად ახალი ჟღერადობა მიიღეს. თვითმიზანიც ეს იყო; 2007 წლის საქართველოსთვის კი საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი. იმავე წელს წავიდნენ გასტროლებზე ევროპის გარშემო, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდა. ომი დაიწყო...

სულის მოთქმის შემდეგ, გადაერთნენ საპროდიუსერო საქმიანობას და მათ შორის, თანამოაზრეებთან ერთად, ისეთ ამბიციურ პროექტსაც შეეჭიდნენ, რომელიც Tbilisi Open Air ფესტივალად გადმოითარმგნა. “მაგრამ ყოველთვის ვაკეთებდით მუსიკას. გვიგვროვდებოდა რაღაცეები და კონცერტებზეც ვუკრავდით. მაშინ გავაკეთეთ პროექტი დათო ლომიძესთან ერთად... 2017-1018-დან კი დავიწყეთ ‘მწვანე ოთახის’ გაცოცხლება, რომელსაც მოვარგეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტებიდან მიღებული გამოცდილება.”

აჩიკო, დათო, ბექა და მენეჯერი კოკა - "Green Room" არქივიდან

Uma J

გვანცა - “მუსიკით დაიწყო ყველაფერი, როგორც პროდიუსერისა და არტისტის ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა. “ჩარკვიანის” პროექტზე ვიმუშავეთ Black Sea Arena-ზე, მე ვიყავი მიწვეული არტისტი... შემდეგ, წარმოუდგენლად და მოულოდნელად განვითარდა ჩვენი ამბავი... ‘მწვანე ოთახი’ ერთი წლის მერე, ძალიან სპონტანურად გავაცოცხლეთ, ამას აჩიკოც ვერ წარმოიდგენდა. პირველი სიმღერიდანვე მივხვდით, რომ აშკარად უნდა გაგვეგრძელებინა...”


აჩიკო - “ბოლო 20 წელი, რაც თავი დავანებეთ “მწვანე ოთახის” შესრულებას, ყოველთვის გვთხოვდნენ, რომ რამე დაგვეკრა. რა პროექტიც არ უნდა გაგვეკეთებინა მე და ბექას, ყოველთვის იყო მწვანე ოთახთან დაკავშირებული კითხვა, მათ შორის ჩვენი მენეჯერის მხრიდანაც... მაგრამ სულ ვამბობდი, რომ ამის დრო ჯერ არ იყო... ეს არ იყო მხოლოდ პროდიუსერული გადაწყვეტილება, ვატყობდით, რომ პირვონულად არ ვიყავით მზად და ხალისიც არ იყო.

ხალისი სწორედ უმას გამოჩენამ შექმნა. ჩვენი ისტორია რომ დაიწყო, სადაც არ წავიდოდით, სულ ვმღეროდით... ერთხელ “ყვითელი მდინარე” ჩავწერეთ და ისეთი რაღაცეები დაამატა, რომ ჩვენი ხმები ტემბრალურად, ემოციურად და ყველანაირად გააერთიანა. ამით დაიწყო გაცოცხლება. როგორც კი ჩავწერეთ, ეგრევე ვანახეთ ბექას და კოკას [მენეჯერი]... უმა შემოვიდა თუ არა სტუდიაში, მაშინვე ის გააკეთა რაც გვინდოდა და ეს, პრინციპში ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მომენტი გახდა. ერთია არტისტთან მუშაობა და მეორე იმ ადამიანთან, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია. როგორც სანერვიულოა მეტი, იმდენად - ემოციური კავშირიც. ამ სიმღერებმა ახლა მიიღეს ნამდვილი სახე. უმა ჩემი გაცოცხლებაცაა თავიდან...”

პირველი, რაც თქვენს წყვილზე მახსენდება, გინსბურგი და ბირკინია, რომლებიც თითქოს, ასევე ავსებდნენ ერთმანეთს...

“ვიცნობთ ჯეინ ბირკინს. შევხვდით ერთმანეთს და მოულოდნელი მომენტი იყო ის, რომ სრულიად ოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც როგორც პრომოუტერი ისე ვმუშაობდი, უცებ, ოფიციალური სადილის შემდეგ დამშვიდობებისას, ხელზე მაკოცა... მეუცნაურა ჯერ, მაგრამ მისი და გინსბურგის ურთიერთობა რომ გახსენდება, ყველაფერი თავის ადგილას დგება.

ჩვენთვის უფრო მეტი ინსპირაცია მაინც მორისონისა და პემის დუეტია - “Love Street” ჩვენი ურთიერთობის ჰიმნია, ასე ვთქვათ... ალბომში გვექნება ქავერიც, რომელსაც უმა მღერის."

ძირითადად, “მწვანე ოთახის” ძველ სიმღერებს ასრულებენ ახლებურად, თუმცა არის ახალი სიმღერაც - “L for Love”, რომელიც უკვე ზემოთ მოისმინე და შეიძლება ამ დროისთვის, მე პირადად, ავიკვიატე კიდეც.


“დილის 4 საათზე მივედი სტუდიაში და პირველივე ცდით არის ჩაწერილი ზუსტად ისე, როგორიც უნდა იყოს. ზუსტად ისე მღერის როგორც მე მინდა, ზუსტად ისე ჟღერს... დაბალანსებულია, მთლიანად”...

ლუ

“ლუ”, ჩვენი “სიტყვაობის” პირველივე წუთიდან გაჟღერდა, განსაკუთრებულად თბილად. თურმე, პერსონაჟია, რომელიც ოდესღაც აჩიკოს ნაწერებში გაჩნდა, გამოგონილი გმირი, რომელიც ძალიან უყვარდა. მერე გვანცამაც იმღერა ლუზე... და ერთხელაც, პრაღის ქუჩებში სეირნობისას იპოვეს კიდეც. “მაშინვე ლუ დავარქვით და იმის შემდეგ სულ ჩვენთან არის. სადაც არ უნდა წავიყვანოთ, ყველგან ყურადღებას იქცევს, სურათებსაც უღებენ... მხოლოდ, დღემდე ვერ გავარკვიეთ, საიდან რა არის... Tbilisi Open Air-ზეც, ალბათ ბექსთეიჯში იქნება.”

"Lu's sitting between Miles and Jaco. ჩვენც იქვე ვართ" - გვანცა ჯაფარიძე

გვანცა - “მე ვაკეთებ ელექტრონულ მუსიკას. TAF-ზე მივიღე მონაწილეობა და ლუსთვის შევქმენი ცალკე ‘საუნდი’ და პატარა სივრცეში ოთახიც მოვუწყე. ვერ ვიპოვეთ ვისი გაკეთებულია ან რა არის საერთოდ... შეიძლება რაღაც უფრო მასშტაბურის პატარა ვერსიაა... საბოლოო ჯამში, მაინც თვითონ გვიპოვა.”

Tbilisi Open Air

აჩიკო - “გუშინ გვქონდა რეპეტიცია და ძალიან კმაყოფილები ვართ... ერთი მიზეზი, რატომაც აღარ ვუკრავდით ამას, აღარ მოგვწონდა. თუ არ არის გრუვი და დრაივი, ვერ მოიტყუები...”


ფესტივალის მთავარ სცენაზე “მწვანე ოთახი” პირველად გამოვა თითქმის ერთ-საათიანი პროგრამით. ადრე, სხვა ფორმატით მონაწილეობდნენ, მათ შორის დათო ლომიძესთან ერთად.


“Open Air უკვე გასცდა ჩემს, ჩვენს აღქმას. თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარი მოთხოვნები და სტანდარტები აქვს. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა იაზრებ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა საქართველოში.”


ჯგუფის ახალი წევრებისთვის ალბათ ერთვარი ნათლობა იქნება

გამოცდილია ყველა წევრი, მაგრამ როგორც ახალი შემადგენლობისთვის, ყველაზე მთავარი გამოსვლა იქნება დაბრუნების შემდეგ.


ზაფხულში კიდევ სხვა “ლაივებიც” ელით. შემოდგომაზე კი ახალ ალბომს გამოუშვებენ.

რა სჭირდება ისეთი მუსიკის შექმნას, რომ მოგინდეს მისი სხვებთან გაზიარებაც?

“ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქმნის რაღაცას - მუსიკა იქნება ეს, თუ ელოვნების სხვა სფერო, რაღაც სათქმელი უნდა ჰქონდეს, რომლის გამოხატვაც სჭირდება... ამ ოცი წლის განმავლობაში, გამოცდილება შევიძინეთ და სათქმელიც უფრო დაგროვდა. არტისტებიც ვიყავით, პროდიუსერებიც, და ბევრი სხვა რამ...

ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს საკუთარი თავის (და არა მარტო) სხვა წერტილიდან დანახვა.

ვერასდროს ვერ იტყვის ვერავინ, რომ მიაღწია სრულყოფილებას და აღარ სჭირდება სიახლე. როგორც კი ამას ჩათვლი, იქვე მთავრდება ყველაფერი. ამ თვალსაზრისით, ყოველთვის დამწყებები ვართ...”


სიმღერაში “ჩემთან აღარ ხარ” არის ესეთი ტექსტი, თავიდან ალბათ, დაკარგული სიყვარულით შთაგონებული, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად “მანიფესტირებული”: “თავიდან ვიხსენებ ყველაფერს, რაც დამავიწყდა გუშინ, თავიდან შევაღებ ყველას კარს, ვინც არ გამიღებს ხვალ, ხმამაღლა ვიმღერებ შენზე ბევრს, რომ არ ვიფიქრო გუშინ, იმ დღიდან აქამდე რაც მოხდა, რაღაც კინოს ჰგავს.”


“ხანდახან არის ხოლმე, რომ ამბობს რაღაცას ისეთს, რაც დროის გასვლასთან ერთად სულ სხვა აზრს იძენს, აღმოაჩენ, რომ ოდესღაც ნათქვამით, მომავალში ისევ საკუთარ თავს ეხმიანები. ამასთან ერთად იზრდები და ყველაფერს სხვანაირად აფასებ”...


"რაღაც კინოს ჰგავს..." როგორ კინოს ჰგავს ეს ყველაფერი და რას დაარქმევდი?

კინო ადამიანებზე და სიყვარულზეა... როგორც ყველა, პრინციპში...

და სახელი?

ალბათ, გზა!


ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: ანა ყაჭეიშვილი