სიახლეები თიბისი შენთვის

მოგზაურობა მიტოვებულ წარსულში

ადგილები წარსული ისტორიით.

სექტემბერი 06, 2021

მოგზაურობისას ყველაზე საინტერესო უცნობი ადგილების აღმოჩენაა, და თუ უცნობთან ერთად ეს ადგილები გარკვეული ისტორიის მქონეცაა, მათი მნიშვნელობა და მიმზიდველობა ერთიორად იზრდება. 

თავის დროზე სიცოცხლით სავსე, დღეს კი უკვე დაცარიელებული და მიტოვებული შენობების მისტიკა ხშირად ექცევა ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში. ასეთი ნაგებობები მრავლად შემორჩა საქართველოს ამა თუ იმ რეგიონს. თავად კი ჯერ კიდევ შემორჩათ ადგილობრივი კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პოტენციალი.

გთავაზობთ უფუნქციოდ დარჩენილ ადგილებს წარსული ისტორიებით, რომლებიც მომავალში ახალ სიცოცხლეს ელოდებიან.

სოფელ შრომის კულტურის სახლი

თეონა ხმალაძის ფოტომოგზაურობა

ოზურგეთის რაიონში ზღვიდან 6 კილომეტრში სოფელ შრომაში მოხვდებით. აქ კი თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ისტორიული შენობა, რომელიც XX საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ეს შრომის ადმინისტრაციული შენობა და კულტურის სახლია, რომელიც 800 მაყურებელზეა გათვლილი.

ერთი პერიოდი შენობაში განთავსებული იყო სოფლის გამგეობაც. ერთი სართული კი “შრომისა და დიდების” მუზეუმისთვის დაუთმიათ, რომელიც უკრაინულ სოფელ რივნოესთან დაძმობილების აღსანიშნავად გაიხსნა. შენობაში სწორედ უკრაინასთან მეგობრობის ამსახველი ფოტომასალა და ნაჩუქარი ნივთები ინახება.

დღეს შრომის კულტურის ცენტრი უფუნქციოა.

კულტურის ცენტრი სოფელ მარანში

ლიკა ჭკუასელის ფოტომოგზაურობა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის კულტურის ცენტრი 150 წელზე მეტს ითვლის და აშენებულია იტალიელი არქიტექტორების მიერ. მასში განთავსებულია სცენა და 200 ადამიანზე გათვლილი დარბაზი. სხვადასხვა დროს შენობას ასევე იყენებდნენ პროფესიული განათლების კურსებისა და ახალგაზრდული სახელოვნებო წრეებისთვის. 

შენობას რეაბილიტაცია 80-იან წლებში ჩაუტარდა. სწორედ ამ დროს მოიხატა მისი კედლებიც იმ სახით, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

მარნის კულტურის ცენტრი 90-იან წლებში განადგურდა და დღემდე მიტოვებულია. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

კურორტი მენჯი

ლიკა ჭკუასელის ფოტომოგზაურობა

“მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ სამეგრელოში სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე. ამბობენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბელნეოლოგიურ კურორტსაც ამიტომ ეწოდა მენჯი. ხალხმა კი მას, სასწაულმოქმედი თვისებების გამო, მეორე სახელიც შეარქვა - “ყავარჯნების სამარე”.

მენჯი 1938 წელს რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. კურორტი 1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, საკურორტო სეზონი კი აქ უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.


დღეს მენჯი ნანგრევებადაა ქცეული. სამკურნალო წყალი კი, რომელმაც ეს ადგილი ერთ დროს “ყავარჯნების სამარედ” აქცია, მდინარე ცივში ჩაედინება. 

ავტორი: At.ge