ლიტერატურა კულტურა

მერაბ მამარდაშვილი

"საბა"

სექტემბერი 15, 2019

1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი - მერაბ მამარდაშვილი!

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

მერაბ მამარდაშვილი - „მთლიანი ადამიანი


ჰაერი



"ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა. და სანაცვლოსაც ვღებულობთ. როცა 1988 წელს პირველად ჩავედი ამერიკაში, ნორმან კაზექსმა ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე მკითხა: "კარგი, მერაბ და, ერთი ეს ამიხსენი, რანაირად დარჩი ცოცხალი მთელი ეს ხანი, როგორ გადარჩი?" რაზედაც ვუპასუხე:"გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ."


ფოტო მერაბ მამარდაშვილის ფონდის არქივიდან


ყოველი ქართველი



"ყოველი ქართველი საკუთარი თავის მეუფე, ე.ი. თავის უფალი იყო! ამიტომაა, რომ ჩვენში, ფანტასტიური მრავალფეროვნების და განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც მთელი ისტორიის მანძილზე იქნა შენარჩუნებული ერთიანობის სიმბოლო."


დამოუკიდებლობა


"ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.”

ფოტო მერაბ მამარდაშვილის ფონდის არქივიდან


თავისუფლება


ჩემთვის თავისუფლება არის შემდეგი: ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავისი შინაგანი თავისუფლება საკუთარ თავთან და ადამიანთა საზოგადოებასთან ბრძოლაში. ამას მე ვხედავ დეკარტთან და პრუსტთან, რომლებიც უფრო მეტს მასწავლიან, ვიდრე მონობის მწარე თუ ნაღვლიანი მხილებაა. აი, ამიტომ არის ფილოსოფიის სწავლება ჩემთვის ის იშვიათი შესაძლებლობა, რომ მივაღწიო იმას, რასაც ამბობს მონტენი: „ყველაზე უმაღლესი - ეს არის იცხოვრო დროის შესაბამისად“. ადამიანები არსებობას ფიზიკური დაწოლით აღიქვამენ, რეაგირებენ სწორედ იმ ბიძგებზე, თავად არსებობის რისკით რომ არის გამოწვეული. როდესაც შენ რაიმეს წერ, შეგიძლია დაუბრუნდე ამ სამუშაოს, მოსაფიქრებელი დრო მისცე საკუთარ თავს, დროის კვალდაკვალ იმუშაო. მაგრამ ლაპარაკის დროს ეს გამორიცხულია; შენ ამ დროს მოქმედებ, არ შეგიძლია, ხელახლა დაიბრუნო, რამე შეცვალო ამ მომენტში; შენ უნდა ძალ-ღონე მოიკრიბო და ეს მოცემული წამი დაიჭირო. სწორედ ამიტომ, პეგი წერდა დე არტზე: ის იყო რაინდი, რომელიც ქვეყნად მტკიცე ნაბიჯით დადიოდა.


კულტურა



"ჩემთვის კულტურა, როგორც ასეთი, ეს არის შესაძლებლობა ან უნარი, ცხოვრებაში განახორციელო სირთულე და მრავალფეროვნება. მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვას - „განხორციელება“. კულტურა არ არის „ცოდნა“; კულტურული არიან მაშინ, როდესაც აქვთ ნიჭი პრაქტიკულად განახორციელონ სირთულე და სხვადასხვაობა ცოდნის გარეშე, ყველაფრის ცოდნის გარეშე და (რეალობასა და ქმედებასთან მიმართებაში) ერთი იდეის ან ერთი აბსტრაქტული კონცეპტის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე."



ადამიანი


"ადამიანი ის ქმნილებაა, რომელიც მუდამ საკუთარი თავის შექმნის მდგომარეობაშია და მთელი ისტორია ეს არის ადამიანად გახდომის მცდელობის ისტორია. ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება. ამით მე მსურს ვთქვა, რომ თქვენ, - დასავლეთის ადამიანები, და ჩვენ, - აღმოსავლეთის ადამიანები, ერთსა და იმავე ისტორიულ მომენტებში ვარსებობთ (ისტორიული მომენტები არ ემთხვევა ქრონოლოგიური მომენტების თანმიმდევრობას). ჩემთვის ხდება რაღაც იმავე ბუნებისა, რასაც აზრობრივად წარმომადგენინებს პირველი მსოფლიო ომი, რასაც თვალწინ მიყენებს მეორე მსოფლიო ომი - ჩვენ ვცხოვრობთ იმავე ზღვარზე, რაზედაც ეს კატასტროფები წარმოიშვა."


აზრი



"მაშ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც არც სიცოცხლისეული ძალები და არც ჭეშმარიტი აზრი რაციონალური ზრახვებით კონტროლს არ ექვემდებარება. საქმე ისაა, რომ აზრის გამოგონება ან შეთხზვა შეუძლებელია. აზრი იბადება და ეს არის მისი ბუნებრივი დაბადება ან დამოუკიდებლად იღვიძებს იმ ცალკეული სასიცოცხლო ანუ ორგანული ფორმებისაგან, რომლებიც არასდროს არიან რეალობასთან იდეის კონსტიტუციური მისადაგების შედეგი."


....

არ გადადო ძალისხმევა, იმოქმედე!

"იყავით ყურადღებით, არ გაუშვათ მომენტი, იმიტომ, რომ ეს მომენტი არ გაგრძელდება, მხოლოდ ერთი წამით არის მოცემული. თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს წამი, მხოლოდ ფიზიკურ სივრცესა და დროში კი არა, რაღაც შინაგან დროში და სივრცეში. როგორ გააფართოვოთ? - შრომით. მთელი თქვენი ძალების კონცენტრაციით, ყურადღებით, რაც მთავარია, შრომის არ გადადებით. 


არ უნდა გადადო! რაღაც მომეჩვენა, რაღაცამ გაიბრწყინა, შთაგონებაა, ან არ მცალია, არ მინდა მოვიცალო ამისთვის, რომ გავიგო, გავშიფრო, ან ვფიქრობ, რომ ხვალ უფრო ჯანზე ვიქნები და მოვჭკვიანდები და გავიგებ და მაშინ ვერაფერს ვერ გაიგებ, და სამუდამოდ არარაობაში წავა არსი და ყოფიერება. რადგან შენ არ იყავი შენს ადგილას, მთლიან კონცენტრაციაში, ყურადღებაში და ამით შენ შეიყვანდი იმას, რაც აკაკუნებდა არსებობის კარებზე, ამ კარზე აკაკუნებდა და ეს კარი დაკეტილი დახვდა, შენ ვერ შეიყვანე არსებობაში. 


აქ არის ნიშანი იმისა, და ეს მთავარი მომენტია - ადამიანის საკუთარი ძალისხმევა, როგორც რაღაცის არსებობაში შეყვანის კარი, ანუ გზა. თუ არ არის ეს ძალისხმევა, მაშინ - თავისთავად არაფერი არ არსებობს, არ არსებობს თვისთავად მოქმედი მექანიზმები, კანონები, გარანტიები. არაფერი არ სრულდება იმის გარეშე, თუ არ ხდება ჩართვა ჩვენი ძალისხმევისა."

აუდიოჩანაწერი და ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ელენა მამარდაშვილს.


"ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერება, ისევე როგორც უბედურება, მისივე ქმედების შედეგი იყოს და არა რომელიმე უტყვი, მისტიური, საიდუმლოდ მოვლენილი, ზებუნებრივი ანონიმური ძალის და მატერიის. ძალზედ მნიშვნელოვანია, ვგრძნობდეთ, ჩვენს მიჯაჭვულობას სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი, არა რომელიმე დიდი, ანონიმური ძალის თამაშია, არამედ სრულიად გააზრებულად მოგვეცემა, ჩვენი ქმედების და ქცევის შესაბამისად"



ავტორი: დიანა ანფიმიადი / saba.com.ge