მუსიკა | ცა

მე-20 საუკუნის ქართული ალბომები 003 | 69 ტრიუმფალური სვლა მზისკენ

Tsa.Music

ნოემბერი 17, 2022

„ბნელი“ 90-იანები, ამოუწურავი თემაა. ყველაზე მძიმე ტვირთად ეს ეპოქა ახალგაზრდებს დააწვათ და ამიტომაც, სწორედ მათი რეაქციების გამოვლინება გახდა ის ბარომეტრი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევიგრძნოთ იმ დეკადის მაჯისცემა. ვფიქრობ, ყველაზე მჭევრმეტყველად, ეს რეაქციები აირეკლა იმ ეპოქის ალტერნატიულ როკ მუსიკაში. ის წლები, მატერიალურად იმდენად კრიზისული და დუხჭირი იყო, რომ ამ მუსიკის უდიდესი ნაწილის ხარისხიანი ჩაწერა ვერ მოხერხდა, ხოლო რისი ჩაწერაც მოხერხდა და შემორჩა, იმდენად მცირეა, რომ ბოლომდე ვერ ასახავს რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო მაშინ ქართული მუსიკალური იატაკქვეშეთი, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგანაც სწორედ ამ იატაკქვეშეთში იქმნებოდა სწორედ 90-ის ნამდვილი დოკუმენტაცია, იმ კონტრავერსიული 90-იანების, რომელიც დღემდე არ გვანებებს თავს და დღემდე გვაწვალებს.  


უნდა აღინიშნოს, რომ ის დეკადა, სულაც არ იყო ერთგვაროვანი. მუსიკალური კუთხით თუ შევხედავთ, 1997-98 წლამდე, საერთოდ მკვდარი იყო ქართული პოპულარული საესტრადო ჟანრი. მუსიკის ეს სეგმენტი, იდეაში მასობრივ-გასართობია და ამიტომაც საორგანიზაციო კომერციული პრინციპით ფუნქციონირებს. მაშინდელ საქართველოში ეს წარმოუდგენლად რთული იყო, ხოლო როცა ასეთი მუსიკა(ანუ პაპსა) მასებამდე სათანადოდ ვერ მიდის, მისი წარმოება აზრს კარგავს, შესაბამისად ე.წ. "პაპსავიკებსაც" აქტიურობის არანაირი მოტივაცია და სტიმული არ აქვთ. სხვა სიტუაცია იყო ე.წ. სამამულო ალტერნატიულ-ანდერგრაუნდში.


ეს სივრცე, ისედაც არაა მასებზე ორიენტირებული, პლუს, ჩვენში, ამ სივრცის არტისტებისთვის, მუსიკის შექმნა, აუცილებელ სასიცოცხლო ქმედებად და ლამის თვითგადარჩენის ინსტინქტად გადაიქცა მაშინ, რათა არ ჩაძირულიყვნენ იმ ამორალურ ორომტრიალში, რომელიც სუფევდა მაშინ ქვეყანაში. 


ცხადია, კლასიკური, ტრადიციული როკის ნიმუშების შექმნის მცდელობებიც იყო, მაგრამ ასეთ მუსიკას, არ ქონდა რესურსი გამოეხატა ეპოქის რყევები და სულისკვეთება, გამოეხატა ემოციურად, მძაფრად და შეულამაზებლად, იმ ეპოქის ქართული მეინსთრიმი, უმთავრესად ჟღერდა არადამაჯერებლად და ყალბადაც კი. თანაც იყო თან აქ ერთი რთული მომენტი, ზოგადად ხარისხიანი როკ მეინსთრიმის შექმნა, ჩაწერა და შესრულება, გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ალტერნატივის. მეინსთრიმში ვერ შეინიღბები, ყველაფერი ზედაპირზე ტივტივებს, ფორმატია ასეთი. თუ არ გაქვს მომხიბლავი მელოდია, კარგი რიფი, კარგი მისამღერი, გამართული არანჟირება, ეს მუსიკა ყოველთვის გაცვეთილად, ბანალურად ჟღერს. პლუს ქართული ენის გამოწვევა, რომელიც გაცილებით უფრო რთულად ერგება ტრადიციულ პოპ-როკს, ვიდრე საავტორო ალტერნატიულს და ამიტომ მხოლოდ შინაარსიანი ტექსტით ფონს ვერ გახვალ. საჭირო ხდება ქართული სასიმღერო ინტონაციების უნარიანი ფლობაც. ეს კი ყოველთვის რთულად გადასალახი ბარიერი იყო ქართველი მეინსთრიმელებისთვის.

მათთვის გიტარა, კალაშნიკოვის ალტერნატივა იყო, ნამდვილი იარაღი, რომლის საშუალებითაც ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად მიეწვდინათ საკუთარი, ხშირად სასოწარკვეთილი ხმა თანატოლებისთვის. 

აი, სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა ქართული ბენდი „69“, რომელმაც ეს ბარიერი არათუ წარმატებით გადალახა, არამედ შექმნა ეპოქის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, რომანტიული, ოპტიმისტური, სევდიანი, შეიძლება ილუზორულიც, მაგრამ ოცნება უკეთეს მომავალზე, ეს ხომ ბუნებრივად დევს ყველაში, მით უმეტეს იმ ეპოქის ქართველ ახალგაზრდებში, ყველას ეიმედებოდა ხვალინდელი დღის და სწორედ ამ იმედების ლამაზად და პათეტიკურად გაჟღერება გახდა ბენდისთვის გადამწყვეტი ალბომში, „ტრიუმფალური სვლა მზისკენ“. აქ ოპტიმიზმი და პესიმიზმი თანაბრად ლეგიტიმურია,  მახინჯ რეალობას  სინათლისკენ, მზისკენ სწრაფვა უპირისპირდება, მზე, რომელსაც ხელეწიფება ტრიუმფალური გამარჯვება ისეთ აუტანელ რეალობაზეც კი, საიდანაც გამოსავალი თითქოს არც არის. დროის კონტექსტიდან გამომდინარე, ეს ტრადიციული ფორმატის, მეინსთრიმული პოპ-როკ ალბომი, როგორც მუსიკალურად, ასევე შინაარსობრივად,  ცალკე მდგომი ალბომია, რომელსაც წესით, უნდა დაეკავებინა სწორედ ის კვარცხლბეკი, რომელსაც ახალი ქართული მეინსთრიმ როკი ჰქვია. 


აი სწორედ ეს მომენტი აძლევს ამ ალბომს ისტორიულ დატვირთვას. ახლა კი სანამ უშუალოდ ალბომის ტრეკებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიმღერების უმეტესობა ალბომის გამოსვლამდე გაცილებით ადრე შეიქმნა, ჯერ კიდევ 90-იანების პირველ ნახევარში, კონცერტებზეც ასრულებდნენ, შემდგომში ბენდი დაიშალა, ხოლო მისმა ლიდერმა, ფრონტმენმა და ყველა სიმღერის მუსიკა-ტექსტის ავტორმა უჩა ჩაჩხიანმა ახალი შემადგენლობა შეკრა, ძველი სიმღერები დაარედაქტირა, რამდენიმე ახალი დაუმატა, რის შედეგადაც საბოლოოდ დაკომპლექტდა სტუდიური ალბომი, რომელიც ჩაიწერა და გამოვიდა უკვე 1998 წელს.

”ანას”

ე.წ. „ჩამბერ პოპ“ (chamber pop) ტრეკი, რომანტიული, ლირიკული, უაღრესად მელოდიური, ტრადიციული ხერხებით არანჟირებული, სადაც არ იკარგება სიმღერის არსი. ვოკალური ფრაზირება ზუსტად აჯდება მუსიკას, საიდენტიფიკაციო კოდებია ქართული და იმიტომ. 


განწყობა ოპტიმისტურია, ფაქტობრივად ეს არის სიმღერა-ლტოლვა, რათა გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც არის ყველა, ისინიც კი, ვინც ერთი შეხედვით კარგად გრძნობენ თავს. სახეზეა პოზიტივი, მაგრამ არა პაპსა-ყბადაღებული. 


ფინალის გაწელვა აპათეტიურებს ტრეკს და არ მატებს იმ ექსპრესიას, როგორიც ჩაფიქრებული იყო ალბათ. სხვა მხრივ, იდეალური ტრეკია, შეიძლება ალბომის საუკეთესოც კი, როგორც მუსიკალურად, ასევე ტექსტუალურად(მე დავწერ ზღაპარს, ზღაპარს ვუამბობ ქარს/ვიღაც დგას და მიყურებს მთვრალს/ალბათ ბევრს უკვე ვაბეზრებ თავს/....) 

„უდიდეს ნიჭს“

განსხვავებული ხასიათის სიმღერაა, იწყება ბას რიფით, მელოდიური თემა ეფექტურია, არანჟირება მინიმალური, მაგრამ ფუნქციონალურია. თანდათან ტრეკი როკ სიმძიმეში გადადის, პროგიც გაეძრო, იმპროვიზირება ელექტრო კლავიშებში. ყველა ინსტრუმენტი თავის ადგილზეა, არანაირი ზედმეტობები, აქ სიმღერის მესიჯია მთავარი, რომელიც არ უნდა დაზიანდეს ზედმეტი ინსტრუმენტალური მანევრებისგან, ამიტომაც ჟღერს გულწრფელად და ემოციურად დამაჯერებლად. ავტორი ალბომის თითქმის ყველა სიმღერაში, მისთვის ძვირფას ადამიანებს მიმართავს, ანდაც აპელირებს მათზე, ანუ თემატიკა ფაქიზია, ამიტომაც გადაკრავს მელოდრამატული ელფერი მთელ ალბომს. თუმცა „უდიდეს ნიჭში“ საგანგაშო განწყობაც იკვეთება, რას იზამ, დროა ასეთი, სახიფათო, როცა მაქსიმალურად უნდა დააზღვიო ახლობელი ხალხი.

„მე ვერ ვიტან ქალს“

ემოციურად მძაფრი, მწვავე სიმღერაა, იკვეთება უკიდურესი იმედგაცრუებაც, კონფრონტაციულიცაა, მაგრამ ღვარძლის გარეშე. მელოდიურად გამართული სიმღერაა, ინსტრუმენტალიც ეფექტურია, ხისტიც, ცოტა უხეშიც. მაგარია გიტარა (ზაზა სახამბერიძე), შესანიშნავია ფორტეპიანოს პარტიაც (კოტე ფალავანდიშვილი). 

სამივე საწყისი სიმღერა ხასიათით ერთმანეთისგან განსახვავებულია 

და ასე გრძელდება შემდგომშიც. 

„ქორწილის დღე“ 

მორიგი ტრეკი, უკვე ირონიული ფოქსტროტია, მოსვინგავე გიტარა „ვაუ ვაუ“ ეფექტით, ისმის კლარნეტიც, რაც მოსალოდნელი იყო. საინტერესოა, თუ როგორ ცდილობს ბენდი 60-ის პოპ ტრენდი (მელოდიურობა, ეკლექტურობა) შეათავსოს 70-იანების როკ ტრენდთან, როცა არანჟირებაზე კეთდებოდა გადამწყვეტი აქცენტი.


ამის მიზანი ცხადია ალბომის მუსიკალურ-თემატური გამრავალფეროვნებაა. აგერ ტრადიციული როკ ნ როლიც, ტრეკი-„ნუ მიშლი ხელს“, რომლისგანაც, ალბათ, ძალიან კარგი პანკ სიმღერა გამოვიდოდა, მაგრამ უჩა ჩაჩხიანი ხომ პანკი არ არის? ის უფრო კლასიკურ სოფთ-როკ ტერიტორიაზე მოძრაობს, ამიტომაც გამოვიდა ალბათ ეს ტრეკი ბანალური, ეფექტური გიტარაც კი ვერ ასწორებს საქმეს. 

„მტკივა ხმა“ 

შემოვიდა ახალი ინგრედიენტი, ფანკი. აშკარაა, რომ ფანკი არ არის არც ავტორების და არც მუსიკოსების კრედო, მაგრამ ცუდად მაინც არ ჟღერს, ჯერ ერთი, ამოსავალი მელოდიური ბაზაა კარგი, მეორეც ასეთი საუნდი აშკარად ინიცირებულია ტექსტით (მე არ ვიცნობ პრეზიდენტს, ალბათ მე არ დამიჭერს,/პარლამენტში პარტიებს უკერავენ მანტიებს/.... მე კი ისევ მშია, მე არ მინდა, რომ ვიყო ბრმა). თემა, სოციალურ კრიტიკულია და აი ეს ფანკ საუნდ არანჟირება, თითქოს ნერვიულ მუხტს სძენს სიმღერას, უფრო ამძაფრებს მომენტს. 

„მე მინდა შენთან“

„მე მინდა შენთან“ - სასიყვარულო როკ ბალადაა ფორტეპიანოს დომინანტით. მისამღერში თემა უკეთესი ხდება, არადა აკომპანიმენტი თითქოს არ იცვლება, უბრალოდ სიმებიანი პასაჟის დამატება კიდევ უფრო აკეთილშობილებს აკომპანიმენტს. მაღალ რეგისტრში დამატებული ვოკალი კი აპათეტურებს სიმღერას, მაგრამ ეს სულაც არ აფუჭებს საქმეს, პირიქით, ვნებათაღელვას უფრო აძლიერებს კიდეც. 

„სიცოცხლის აღქმა“

ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი გამართულია, არის დრამაც, მაგრამ არა არის ინტრიგა, რადგანაც ყველაფერი პროგნოზირებადია და მოუქნელი. პლუს, ეს ხანგძლივი, 5 წუთიანი ქრონომეტრაჟიც აშკარად მოსაწყენს ხდის ტრეკს.

“მამის იავნანა“

საფორტეპიანო-სიმებიანი პოპ ბალადა, სენტიმენტალური, სევდიანი ძილისპირული, ალბათ ყველაზე ნათელი წერტილი ალბომში, თანაც სრულიად უპრეტენზიო, მაქსიმალურად ინტიმურია და ამით უფრო მომხიბლავი, მამა საკუთარ შვილს უმღერის იავნანას ბოლო-ბოლო. 

და ბოლოს შემაჯამებელი, ოპტიმისტური, „ტრიუფალური სვლა მზისკენ“ - იქ, სადაც სინათლეა, სითბოა, სიყვარული, პოზიტივი, იქ, სადაც ყველა არ არის ღირსი რომ მოხვდეს. ამ ტრეკში თავმოყრილია ყველაფერი ის, რითიც ძლიერია ეს ალბომი(მელოდიზმი, არანჟირება, მრავალფეროვნება, ზოგადი ამაღლებული განწყობა) და რითაც მოიკოჭლებს(როკ მეინსთრიმისთვის დამახასიათებელი გადამეტებული პათოსი, კეთილხმოვანებისკენ სწრაფვა და პოზიტივიზმის გადაფეტიშებაც კი).  

ეს ალბომი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილა მაშინ, ჟღერდა რადიოთი, ხოლო რამდენიმე სიმღერაზე გადაღებული კლიპი ტელევიზიითაც ტრიალებდა, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა რეზონანსული, ალბათ იმიტომ, რომ მისი პოზიციონირება იყო რთული. ტრადიციული პოპ მუსიკის მოყვარულთათვის, ეს მუსიკა არასაკმარისად სწორხაზოვანი და არც თუ ისე მოსახერხებელი იყო, ხოლო ე.წ. არტ ბოჰემისთვის, არა მოდური, არქაული და საუნდ-კონფორმისტულიც, ისეთი, როგორიც არ რეფლექსირებდა ნერვიულ, მძაფრ რეალობაზე, როგორც სოციალური, ასევე არტისტული კუთხით. 


და მართლაც, „69“ -ს მუსიკა, ადრეული, ტრადიციონალისტური როკ მუსიკისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკითაა გაჯერებული, რომელსაც აქტუალობის პრეტენზია არც აქვს, ეს მუსიკა მართლაც ანაქრონისტულია იმ დროში დომინირებად ტენდენციებთან მიმართებაში, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ალბომს მოვაქცევთ ზოგად მუსიკალურ კონტექსტში. აი იმ დროინდელი სამამულო რეალობა კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. 

ის, რაც გაცვეთილი და ბანალური იყო დასავლური კონტექსტით, განსხვავებული და მოულოდნელი იყო ქართული კონტექსტით. 

შეიძლება ითქვას, რომ ეს ალბომი დინების წინააღმდეგაც კი წავიდა იმ ტენდენციებთან მიმართებაში, რომელიც მაშინ დომინირებდა ქართულ აქტუალურ მუსიკაში. ის სოფთ-როკ პათოსიც, რაც თან ახლავს ამ ალბომს, ქმედითია და ფუნქციური. ფაქტობრივად, ეს ალბომიც ეპოქის სარკეა, ოღონდ სხვა რაკურსით რომ ირეკლავს მოვლენებს ისეთი, სადაც არ ხდება ოფსკურულობის ესთეტიზაცია, სადაც დომინირებს ანტი დეპრესიული, ანტი სტრესული განწყობა, სადაც ყველაფერი სევდიანი ჰეფი ენდით მთავრდება.


იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ეს „მეინსთრიმული“ ნამუშევარი, 90-იანების ქართული ალტერნატივის ალტერნატივაა, პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ პარადოქსები ვის უკვირს ჩვენს ქვეყანაში?

სრული ალბომი:

ავტორი: გია ხადური