ივნისი 13, 2023
KAY G – Blue Magic
ჰიპ-ჰოპ არტისტი Kay G წლების შემდეგ პირველი სრული ალბომით უბრუნდება მსმენელს, Blue Magic რეპერის და პროდიუსერის ახალი ჟღერადობის მქონე ტრეკების ნაკრებია, რომელზეც მუშაობა გასული წლის განმავლობაში იმპროვიზაციულად მიმდინარეობდა.
Gacha Bakradze – Forget
გაჩა ბაქრაძეს რთულად თუ უწოდებ ვეტერან მუსიკოსს, მაგრამ Apollo Records-ზე მისი პირველი EP-ს გამოშვებიდან უკვე 10 წელზე მეტი გავიდა, რაც ისედაც ხანმოკლე ქართული სცენისთვის საკმაოდ დიდი დროა. მისი ახალი EP თურქულ ლეიბლზე Oath გამოვიდა და ჟანრებში მოცურავე 5 ემოციური და დინამიურ კომპოზიციას აერთიანებს.
Levan Svanidze – Dead Soul’s Vacation
ლეგენდარული ქართული ბენდის, ამორალის წევრმა, ლევან სვანიძემ რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაგვტოვა. მას შემდეგ მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ლევანის გამოუცემელი მუსიკისთვის ხელი მოეკიდათ და ასე იხილა მზის სინათლე ალბომმა „Dead Soul’s Vacation” - სწორედ ასე ქვია რამდენიმე წლის წინ გამოშვებულ ფილმსაც, სადაც მთავარ როლს სწორედ ლევანი ასრულებს. ალბომის მოსმენის შემდეგ დავრწმუნდი რომ ლევანსი სახით კიდევ ერთი უნიკალური მუსიკოსი დავკარგეთ, რომელსაც საკმარისად ვერ მოვუფრთხილდით და დროულად ვერ დავაფასეთ.
Sir Jee – Faketivists
Sir Jee სერგი გვარჯალაძის ახალი პროექტია, რამდენიმე თვით ადრე მან პროექტის პირველი სინგლი Faketivists გამოსცა, რომელიც დასავლეთ ბენგალში მის 2009 წლის მოგზაურობას აღწერდა. მაისში კი აღნიშნულ სინგლზე ქართველი მუსიკოსების მიერ გაკეთებული რემიქს ვერSir Jee – Faketivists სიების EP გამოჩნდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ერეკლე გეწაძემ, ზაზა მარჯანიშვილმა, პროექტმა Ellarge და გიორგი ერგემლიძემ.
nerolikid - The Sounds Of Death
სიკვდილზე ყველა დაფიქრებულა, ამავე დროს მისი ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა ყოველთვის შორს გვეჩვენება ხოლმე, თუმცა კი ყოველთვის ასე არ ხდება - გული გოლიაძე პროექტ nerolikid-ის ახალი ალბომით სიკვდილის ხმოვანების აღმოჩენას ცდილობს.
GEORGINA BEASTLY - Vol.2 (In Walked Shota Sessions)
GEORGINA BEASTLY-ზე გასულ თვესაც დავწერეთ, ეს უნიკალური პროექტია, რომელიც სხვადასხვა ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსებს სრულიად განსხვავებულის კეთებისკენ უბიძგებს ხოლმე. ლევან ჯავახიშვილი, არჩილ „ფარჩილ“ ქელბაქიანი, ავთო გიგინეიშვილი და შოთა ხატოევი და კოსმიურ იმპროვიზაციული სესია შემოგვთავაზეს.
Psychonaut 4 - Scrapes From The Past
თბილისური მეტალ ბენდის დიდი დაბრუნება. „Scrapes From The Past“-ში ბევრ რამეს შეხვდებით, მათ შორის The Stooges, წერილის, Небо CCCP-ის სიმღერების ქავერ ვერსიებს, კოლაბორაციულ სიმღერას Vodka Vtraiom-თან და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. აუცილებლად მოსასმენი ყველა Metalhead-ისთვის.
HVL – Lightsail
გიგი ჯიქიას რიგით მეხუთე ალბომი, რომელსაც მუსიკოსი საკუთარ ლეიბლზე აქვეყნებს. 90-იანი წლების IDM-ის, ელექტროს და ემბიენთ-ტექნოს დამახასიათებელი ჟღერადობით, 19 კომპოზიციის ფარგლებში კომპლექსური და მდიდარი ხმოვანების პალიტრა იქმნება.
BLNDFLD/Tsott – Fusion
Unheard Records-ზე გამოცემული კოლაბორაციული EP, ორი ქართველი პროდიუსერის გურამ ღარიბაშვილის (BLNDFLD) და ცოტნე მამაცაშვილის (Tsott) ტრეკებს აერთიანებს.
Erekle Getsadze – Chiptunez
ერეკლე გეწაძე არ კმაყოფილდება იმ მუსიკალური ჟანრების მოცვით რაც მას მუსიკალურ კარიერაში დაუგროვდა და ამჯერად ექსპერიმენტებს 8-ბიტ მუსიკაზე ატარებს. Chiptunez-ში კი მას ამის მიღწევაში მეგობარი მუსიკოსები - პაპუნა შარიქაძე, გიგი ცინცაძე და ელენე კალანდაძე ეხმარებიან.
Chaos in the Attic - Enter the Attic
პროექტი „Chaos in the Attic“ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალურ აღმოჩენაა გასული წლიდან და ძალიან მაინტერესებს თუ ვინ დგას მის უკან. მაისში გამოცემულ ალბომში მუსიკოსები პოპულარულ ჯაზ სტანდარტებს განსხვავებული ჟღერადობით ავსებენ, რაც სრულიად განსხვავებული რამე რაც მათ ამ პერიოდამდე გამოუქვეყნებიათ. ველით ახალი მუსიკას!
kordz - Deep Thoughts
kordz-ის სინგლი „Deep Thoughts“ წლეებია უკვე ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და პოპულარული ქართული კომპოზიციაა, მუსიკოსი ამაზე არ გაჩერდა და კომპოზიციის დამატებით ორი ვარიაცია შემოგვთავაზა - პირველ რიგში აკუსტიკური ვერსია ბექა გოჩიაშვილთან და გიორგი ცაგარელთან ერთად, ამას კი კლუბ Mtkvarze-ზე შესრულებული ლაივ ვერსიაც ემატება.
Bedford Falls – Miende.
Bedford Falls ალბათ დღეს ყველაზე პოპულარული ქართული ინდი ბენდია, მათ ახალ ალბომს კი მსმენელი დიდი ხანი ელოდა. Miende. საინტერესო და მელოდიური ინდი-პოპ-როკ ჩანაწერია, რომლის რამდენიმე სინგლიც თვეებით ადრე გამოქვეყნდა და მსმენელის ყურადღებაც მიიპყრო.
Skazz – EGOIST
SKAZZ ახალ სინგლს და მასზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს. უკვე წელიწადზე მეტია რაც ბენდი აქტიურად უკრავს თბილისის, ქუთაისის და ქვეყნის გარეთ არსებულ სივრცეებში. ივნისში კი მათი ახალი ალბომის ჩაწერა იწყება, რომელსაც აქტიური მსმენელი ძალიან ელოდება.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი