კულტურა ლიტერატურა

მთელი ზაფხული რამდენიმე წიგნში

saba.com.ge

ივლისი 14, 2019

ამ ზაფხულს, ბებიის სახლის ძველისძველ წიგნის თაროზე თუ სოფლის დამტვერილ ბიბლიოთეკაში, უცხო ქალაქების წიგნების მაღაზიებში თუ საკუთარ, დავიწყებულ წიგნებს შორის მე და შენ ტექსტებს ვეძებთ, ტექსტებს სულს ვუდგამთ, ტექსტებს ვაღვიძებთ – არ აქვს მნიშვნელობა, ძველი გამოცემაა, სულ ახალთახალი თუ შენი ელექტრონული წამკითხველის მეხსიერებაში ინახება, ეს ზაფხული გართობის, დასვენების, შთაბეჭდილებების და წიგნებისაა, ბევრ წიგნს არ გირჩევ, რამდენიმესთვის კი დრო აუცილებლად უნდა მოიტოვო.

მაშ, ასე, დავიწყოთ!


სკოლამ და გაკვეთილების რუტინამ დაგღალა, ახლა შეგიძლია მდინარის პირას პლედი დაიფინო ან სულაც, რომელიმე ხის ტოტებზე მოკალათდე და საზაფხულო ლიტერატურული მოგზაურობა მოიწყო!

„ბაბუაწვერას ღვინო“,

რეი ბრედბერი

თუ შეიძლება წარმოიდგინო წიგნი, რომელიც ზაფხულის და ბედნიერებისთვისაა დაწერილი, ეს სწორედ „ბაბუაწვერას ღვინოა“, სინათლით, ციცინათელებით და ბედნიერებით აღსავსე წიგნი:

„ასე, მწყობრად იდგება ბაბუაწვერას ღვინო: მტვრის თხელი ფენის ქვეშ განთიადზე გაშლილი ყვავილები იბრწყინებენ და ივნისის მზეც უწყვეტად იბრჭყვიალებს მასში. გაიხედავ ჭურჭელში ზამთრის დღეს და დამდნარი თოვლი წამში ბალახად გადაიქცევა, შიშველი ხეები ჩიტებით, ფოთლებით, ყვავილებით დაიხუნძლება, თითქოს ყველაფერს პეპლების ფარფატით აღძრულმა ზღაპრულმა სიომ შემოუქროლაო. გაიხედავ ჭიქაში და ლითონისფერ ცას ლაჟვარდი გადაეკრობა.


შეძლებ, ჭიქაში ჩამოსხმული ზაფხული ხელში დაიკავო. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე პატარა ჭიქა იქნება, ყველაზე ციცქნა, ერთყლუპიანი წკრიალა ჭურჭელი, რაც კი მთელ სახლში მოიძებნება სპეციალურად ბავშვებისათვის. შეძლებ, ზაფხული ბაგესთან მიიტანო, ყელში გადაუშვა და სისხლძარღვებში აიჩუხჩუხო“

„ჩვენც სალტკროკელები ვართ“,

ასტრიდ ლინდგრენი

ეს ყველაზე, ყველაზე საზაფხულო წიგნია. ამბავი ახალი გარემოს პოვნასა და ათვისებაზე, ბავშვებსა და ოჯახზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, მზით განათებულ სალტკროკაზე, დურგლის სახლზე, რომელიც ჯერ უბრალოდ შეგიფარებს, მერე კი შენი სახლი ხდება. მეზობლებზე, რომლებიც გემრიელ ლუკმას მოგაწვდიან, მხიარულთვალებიან გოგო ჩორვენსა და მის ძაღლზე, ბოცმანზე, საუკეთესო ძაღლზე მსოფლიოში.


ყველაზე მეტი დადებითი ემოციით, თავგადასავლით, თამაშით, შთაბეჭდილებით და სიყვარულით სავსე ზაფხულისთვის აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს ნათელი და ბედნიერი წიგნი.


ჟიულ ვერნის ყველა წიგნი, რომელსაც იპოვი!

საფრანგეთის ქალაქ ნანტში დაბადებულმა ერთმა ჩვეულებრივმა ბიჭმა მრავალ ბავშვსა და მოზარდს აჩუქა წარმოუდგენელ ადგილებში მოგზაურობის საშუალება. წყალზე და წყლის ქვეშ, დედამიწაზე და დედამიწის სიღრმეებში, მთვარეზე და მთვარის გარშემო - ყველგან შეგიძლია იმოგზაუროთ, თუ თავბრუდამხვევი ფანტაზიის მწერალს - ჟიულ ვერნს დაემგზავრები.

იცი, რომ ბევრი რამ, რაც მან აღწერა, შედგომში მართლაც გამოიგონეს - მაგალითად, წყალქვეშა ნავი, აკვალანგი, ტელევიზია და ფრენა კოსმოსში - ამიტომ დიდი ფრანგი მწერალი ერთგვარი ლიტერატურული წინასწარმეტყველი გამოდის!


ჰოდა, რაა ზაფხული თავგადასავლების გარეშე? არაფერი, ამიტომ ჟიულ ვერნის წიგნები წაიკითხე!

„მოთხრობები“, რეზო ინანიშვილი

მასთან ყველაფერი სხვაგვარი შუქითაა განათებული. პატარა ბიჭი - ბიბო კარაქიან პურს ილუკმება და მამას ელოდება, სკოლისკენ მიაბიჯებს წითელლოყება გოგო - ეთერი, თავის ცეტებს შეჰხარის დედა, ფრთხილად სწყდება ხეს ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი, იყინებიან ზამთარში წივწივები, შრებიან ბებოს ამოვლებული კუკრუჭანები, სულ სხვაგვარად ხმიანობს და ლაპარაკობს თოვლი, წყალი, მიწა, მზე, სოფელი, ნისლი, ... მწერალს კი გულზე ნაწიბურები არ უშუშდება და არც მის მკითხველს...

მწერალი, რომელსაც ყველაზე გულწრფელად უყვარს სამყარო მის ირგვლივ და ამ სიყვარულს ყოველ სტრიქონში, სიტყვაში, მარცვალში გადასცემს თავის მკითხველს...


აავსე შენი ზაფხული სიყვარულით, გადაიკითხე რეზო ინანიშვილის მოთხრობები!


„უთავო მხედარი“, მაინ რიდი

არსებობს კი ისეთი მკითხველი, რომელსაც ამერიკის ველურ პრერიებში არ უჭენებია თავისი მუსტანგი? უთავო მხედრის აჩრდილის ან თეთრი ბელადის გმირული თავგადასავლებისთვის არ უდევნებია წარმოსახვითი თვალი? ულამაზესი კატალინა დე კრუსესის ან ქერა მარიონის მშვენიერებას არ აღუფრთოვანებია? ვის არ დასიზმრებია ოცეოლა ანდა ჟირაფებზე მონადირენი?


შენ ხარ ასეთი მკითხველი? ჯერ არ წაგიკითხავს ეს თავბრუდამხვევი, ქროლვით, ენერგიით, თავგადასავლებით სავსე წიგნი?


მაშინ სწორედ ის დროა, „უთავო მხედრით“ დაიწყე.

„რა შეემთხვა ძაღლს“,

მარკ ჰედონი

15 წლის ქროსტოფერ ბუნი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერია, მას ბევრი ისეთი რამ შეუძლია, რასაც სხვები ვერ ახერხებენ - მაგალითად, ერთმანეთზე გაამრავლოს მრავალნიშნა ციფრები და ამოხსნას ურთულესი ლოგარითმები. მაგრამ ზოგჯერ ადამიანთა გრძნობების, იუმორის, იდიომების გაგება უჭირს, ადამიანები ხომ ზოგჯერ მართლაც ძალიან რთულად და გაუგებრად მეტყველებენ. ბიჭს ასპერგერის სინდრომი აქვს, უყვარს მათემატიკა და მსოფლიოს მთელი რუკა პატარა თავში აქვს მოთავსებული...

მიუხედავად ამისა, ის ჩვეულებრივი მოზარდია, ჩვეულებრივი პრობლემებით - ოჯახური სირთულეები, ბულინგი, სოციალური ურთიერთობების პრობლემა, თავის პოვნისა და დამკვიდრების ურთულესი გზა... დიახ, ის ცოტათი ჰოლდენ კოლფილდიცაა, ავტორი რამდენჯერმე იყენებს ალუზიას "ჭვავის ყანიდან", ქრისტოფერი სწორედ ის ბავშვია, კლდის პირას, საშიშროების წინაშე...


სად იპოვის ეს პატარა, თანაგრძნობითა და სიყვარულით აღსავსე ბიჭი თავის თავს, სახლში? სადაც ატყუებენ? თუ ლონდონისაკენ მიმავალ მატარებელში, ან იქნებ მათემატიკის გამოცდაზე?


"რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები" ბრიტანელი მწერ­ლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. 


„მწვანეთითება ტისტუ“,

მორის დრიუონი

ზაფხული ბუნებასთან ზიარების დროა, ზღვის სტიქიასა თუ მთის იდუმალებასთან, ულამაზეს სიმწვანესა და განსხვავებულ გარემოსთან გაცნობის დრო.


თუ მეგზური გჭირდება, იქნებ ტისტუ წაიყოლო?


ერთი პატარა ბიჭი თითებს რომ მიწაში ჩაჰყოფს, ყვავილები და მცენარეები ამოჰყავს... ეს საოცარი ნიჭი პრობლემებსაც მრავლად უქმნის და ბედნიერებასაც ანიჭებს, მშვიდობასაც ამყარებს და ცისკენ ასასვლელ კიბესაც აპოვნინებს...

მორის დრიუონის "მწვანეთითება ტისტუ" მსოფლიოში ყველაზე პაცეფისტური ტექსტია, ამბავი იმაზე, როგორი სხვაგვარია სამყარო, როგორ არასწორად აღიქვამენ მას უფროსები და როგორი ადვილი და მშვენიერია ბავშვების ოცნებების ჰორიზონტი...


„პატარა ქალაქის ზღაპრები“,

გურამ პეტრიაშვილი, 

პატარა ქალაქი, რომელიც ყველაზე ზღაპრული და ამავე დროს, რეალურია, ამბები, რომლებიც ყველაზე მეტად გვინარჩუნებენ ბავშვს და ადამიანს გულში, ნაღვლიანი, თავისებური, საოცრად ნათელი, ღრმა ზღაპრები - უცნაური მსახიობი, რომელიც თაიგულად გადაიქცა, კაცი, რომელმაც ქარი მოითვინიერა, პეპლები, რომლებიც ფორტეპიანოზე უკრავენ, ქოლგიანი და უქოლგო, ღიმილიანი და მოღუშული, მხიარული და მოწყენილი ადამიანები...პატარა გოგონასა და სპილოს დიდი მეგობრობის ამბავი...


თუ სადმე, როგორც ჯადოსნურ კოლბაში, შეგიძლია ბავშვობა დაამწყვდიო და შეინახო, ეს გურამ პეტრიაშვილის საბავშვო წიგნების ჯადოსნური სამყაროა...


„დედა, მამა და რვა ბავშვი“,

ანე-კატარინე ვესტლი

ჯერ არ გიმოგზაურია საოცარ ნორვეგიაში მხიარულ, ბედნიერ და დიდ ოჯახთან ერთად? ჯერ მარტო 8 ბავშვის სახელის დამახსოვრება რაა და მერ მათი ჯადოსნური ამბების. ქალაქის თუ ტყის სახლის, ძაღლის, რომელსაც სამოვრის მილი ჰქვია, ბებიასი, სკოლის, საბარგო მანქანის, ოჯახის საოცარი ერთიანობის, სადაც ყველა ერთმანეთის გულშემატკივარია.


ზაფხულში არავინ არ უნდა იყოს მარტო, წაიკითხე ეს წიგნი და აავსე შენი სახლი და ეზო ბავშვების მხიარული ჟრიამულით!


„სამი მუშტეკერი“, ალექსანდე დიუმა

(სხვა წიგნებიც შეგიძლია ☺ )

ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც ჩვენში ისეთ მკითხველს აყალიბებს, წიგნის კითხვა რომ ყველაფერს ურჩევნია, ცნობილი ფრანგი მწერალი, ალექსანდრე დიუმაა.

აბა, გაიხსენე, რამდენი ღამე გაგითენებია ედმონ დანტესთან ერთად ცივ და პირქუშ ციხესიმაგრე იფში, როგორ ერთი ამოსუნთქვით წაგიკითხავს დარტანიანისა და მისი მეგობრების ამბავი, ბოროტი და მშვენიერი მილედის საიდუმლო, საფრანგეთის მეფის კარის ინტრიგები? ვიკონტ დე ბრაჟელონის საინტერესო თავგადასავალი?

ამბობენ, რომ თავად დიუმას საკუთარი პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად პორთოსი უყვარდა და ცრემლიც გვარიანად აღვარღვარა, როცა მისი გარდაცვალება აღწერა...

შენ ჯერ არ წაგიკითხავს?



მოკლედ, აიღე ეს თუ სხვა სია, ან სულაც, სიის მიღმა ამოარჩიე შენი საზაფხულო საკითხავი და გადაეშვი თავგადასავლების ზღვაში!

ბედნიერ ზაფხულს გისურვებ!