კულტურა მუსიკა | ცა

ლუკა თოფურიას ტრიო შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე

21-23 აგვისტოს, ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

აგვისტო 22, 2020

სულ რამდენიმე საათში, შავი ზღვის ტერიტორიული წყლები და მისი მისადგომები აფრო-ამერიკული მუსიკის ენერგიით აივსება. ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერი, ალბათ მის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიანისტი ლუკა თოფურია და მისი ტრიოა, რომლის სახელის დამახსოვრებასაც აქედანვე გირჩევთ - იგი ამჟამად კვლავ კონსერვატორიის სტუდენტია, თუმცა სამომავლო გეგმებით ბევრად შორს მიდის. მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა, რამაც თითქოს თავიდანვე მოხაზა მისი მომავალი საქმიანობაც.

„ბებიაჩემი მუსიკის პედაგოგი იყო, შესაბამისად ჩემს ბავშვობას მდიდარი მელოდიზმი მუდამ თან გასდევდა. ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლისამ დავიწყე, მალევე მუსიკალურ შვიდწლედს მივაშურე, სადაც კლასიკურ მუსიკაზე გადავერთე. ჯაზისკენ კი მამამ და ბაბუამ მომაბრუნეს, რომლებმაც პირველად მომასმენინეს კიტ ჯარეტი და მიშელ პეტრუჩიანი - ეს ჩემი ბავშვობის მთავარი მუსიკალური შთაბეჭდილებაა, რომელიც დღემდე მომყვება

თუმცა ახალგაზრდა პიანისტი, ჯაზ კარიერამდე, რატომღაც ვოკალის პედაგოგთან, კომპოზიტორ ნატო თოთიბაძესთან მიიყვანეს, რომელმაც საკუთარ გამოცდილებას და მუსიკალურ ალღოს ენდო და ახალგაზრდა მუსიკოსის მომავალი ისევ ფორტეპიანოსკენ მიმართა. ამის შემდეგ იყო ერთი წელი, რომელიც ცნობილ ქართველ ჯაზმენთან, ოთარ მაღრაძესთან ერთად გაატარა, შემდგომ კი ზურა რამიშვილს მიებარა.

„თუ დღემდე მუსიკის შესახებ რამე ვიცი და რამეს წარმოვადგენ ამ სფეროში სწორედ ზურა რამიშვილის დამსახურებაა“


-ლუკა თოფურია

მოგვიანებით, კონსერვატორიაში სწავლისას კი მისმა მუსიკალურმა მისწრაფებამ, უფრო სრულყოფილი ორიენტირი მიიღო.

„ვფიქრობ კონსერვატორიაში მაღალი დონის მუსიკოსები და პედაგოგები გვასწავლიან, ყოველი  სტუდენტი ბევრს ვიღებთ მათგან. სწორედ აქ გავიცანი უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ვენაცვლებოდით ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფებში და ასე ჩაეყარა საფუძველი უამრავ ექსპერიმენტს



უნდა აღინიშნოს რომ ლუკაც იმ თანამედროვე ჯაზ მუსიკოსების ტალღის წარმომადგენელია, რომლებიც უკანასკნელ წლებში შლიან ყოველგვარ ზღვარს თანამედროვე მუსიკალურ სტილებთან მიმართებაში და ახალ თაობას, ჯაზ მუსიკის აღქმის გაფართოებულ დიაპაზონს სთავაზობენ. სწორედ მსგავსს პროექტში მიიღო ლუკამაც მონაწილეობა, როდესაც თბილისელ პროდიუსერის, მიშო ურუშაძის ახალ წამოწყებას დუღილი შეუერთდა.

„ბექა გოჩიაშვილი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პიანისტია, სწორედ მის ერთ-ერთ კონცერტზე მოვხვდი რამდენიმე წლის წინ, სადაც გავიცანი მიშო ურუშაძეც, რომლის მუსიკალური მრავალფეროვნება დღემდე მაკვირვებს. მოგვიანებით მასთან სახლში, ჯემ-სესიების დროს მოხდა ჩვენი კოლაბორაცია პროექტ „დუღული“-ს ფარგლებში, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ერთად მონაწილეობდნენ. დღეისთვის ჯაზთან მიმართებაში უამრავ ექსპერიმენტს ვხედავთ გარშემო, სადაც ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპი თუ სხვა დაახლოვებული სტილები ერთად ფიგურირებს

ბოლო წლებში ლუკას და ბევრი სხვა ჯაზ მუსიკოსის მუსიკალურ კუთხეს თბილისში მდებარე ჯაზ კლუბები ზინგერი და „კონკა“ წარმოადგენდა, სწორედ აქ მოახერხა ახალგაზრდა მუსიკოსმა საკუთარი იდეების მცირე, თუმცა საინტერესო აუდიტორიასთან გაზიარება - უკრავდა როგორც საკუთარი ტრიოს, ასევე რეზო კიკნაძის სიქსტეტის შემადგენლობაში.

წელს ჯაზ ფესტივალზე მისი ტრიო, მასობრივი აუდიტორიის წინაშე აღნიშნული შემადგენლობით პირველად წარდგება: ლუკა თოფურია (კლავიში), გიო კაპანაძე (დრამი), დათო გოგისვანიძე (ბასი) და სპეციალური სტუმრის სტატუსით თორნიკე აბულაძე (საქსაფონი). ისინი ლუკას ორიგინალურ კომპოზიციებს, ასევე ცნობილი ჯაზ სტანდარტების საკუთარ ინტერპრეტაციას გაგვიზიარებენ.

„როდესაც ჯაზ ფესტივალზე გამოსვლა შემომთავაზეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო, თან თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ, წელს ფესტივალის სამივე დღე ქართველი მუსიკოსებით იქნება დატვირთული, რაც დიდ დიდ სტიმულს მაძლევს - დარწმუნებული ვარ რომ სცენაზე არსებული მეგობრული მუხტი, მსმენელსაც გადაედება.“

მუსიკალურ მომავალს, როგორც სხვა მისი თანატოლნი, ჯაზის სამშობლოს უკავშირებს. ეს გზა უკვე რამდენიმე ქართველმა მუსიკოსმა წარმატებით გაიარა და ვფიქრობ ლუკასაც იგივე მომავალი ელოდება - როგორც დასაწყისში ავღნიშნე, მოინიშნეთ მისი სახელი.


„ვფიქრობ იქ ბევრად დიდი განვითარების შესაძლებლობა მექნება, შესაძლებლობა რომ ვიმუშაო ინდუსტრიის წამყვან მუსიკოსებთან - ამ ეტაპზე კი მთლიანად კონცენტრირებული ვარ ჯაზ ფესტივალის პროგრამაზე და მის სათანადო წარდგენაზე. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე, თუმცა მაინც ვფიქრობთ რომ არსებული ტრიოს შემადგენლობით მომავალში ჩანაწერიც გავაკეთოთ




ავტორი: ჯაბა შავიშვილი